ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გამოსვლა

თავი მეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 უთხრა უფალმა მოსეს: წადი ფარაონთან და ელაპარაკე. ასე ამბობს-თქო უფალი, ებრაელთა ღმერთი: გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახურონ. 1 და ჰრქუა უფალმან მოსეს: გუალე შენ, შევედ ფარაოჲსა და არქუ მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ებრაელთაჲ: გამოუტევე შენ ერი ეგე ჩემი, რათა გამოვიდენ უდაბნოდ და მმსახურონ მე.
2 თუ უარს იტყვი მათ გაშვებაზე და კიდევ დააკავებ, 2 უკუეთუ არა გინდეს გამოტევებაჲ ერისა მაგის ჩემისა, მერმეცა იპყრობდე მას,
3 დაჰკრავს უფლის ხელი შენს საქონელს, მინდვრად რომ გყავს - ცხენებს, სახედრებს, აქლემებს, ცხვარ-ძროხას. გაჩნდება საშინელი ჭირი. 3 აჰა ეგერა, ჴელი უფლისა იყოს ყოველსა ზედა საცხოვარსა შენსა ველისასა და ყოველთა ზედა ჰუნეთა შენთა და ყოველსა ზედა კარაულებსა შენსა და აქლემებსა შენსა და ზედა ზროხასა და ცხოვარსა შენსა სიკუდილი სასტიკი და ფრიადი.
4 გამოარჩევს უფალი ისრაელიანთა საქონელს ეგვიპტელთა საქონელისაგან და არაფერი დაეხოცებათ ისრაელიანებს. 4 და ვისაკვირველო მე მას ჟამსა შინა ქუეყანა იგი ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანასა მას ზედა ეგჳპტელთასა, რათა საცხოვრისა მათისაგანი არა მოკუდეს არცაღა ერთი და საცხოვრისა მისგან ეგჳპტელთასა არა დაშთეს არცაღა თუ ერთ.
5 დანიშნა დრო უფალმა და თქვა: ხვალ აღასრულებს ამ საქმეს უფალი ქვეყანაში. 5 და დრო-უყო ღმერთმან და თქუა: ხვალისა დღესა ყოს ღმერთმან სიტყუაჲ ესე ქუეყანასა ზედა.
6 აღასრულა უფალმა ეს საქმე მეორე დღეს და გაწყდა ეგვიპტელთა საქონელი, ხოლო ისრაელიანთა საქონელში არც ერთი სული არ დაღუპულა. 6 და ხვალისაგან ყო უფალმან სიტყუაჲ იგი და მოიწია სიკუდილი ყოველსა ზედა პირუტყუსა ეგჳპტელთასა და პირუტყუთა მათგან ძეთა ისრაჱლისათა არა განეჴუა არცაღა ერთ.
7 გაგზავნა ამბის გასაგებად ფარაონმა და, აჰა, არც ერთი სული არ იყო დაღუპული ისრაელის საქონელში. გაისასტიკა გული ფარაონმა და არ გაუშვა ხალხი. 7 იხილა რაჲ ფარაო, რამეთუ საცხოვათა მათგანი ძეთა ისრაჱლისათაჲ არა განეჴუა არცაღა ერთი, განიფიცხა გული თჳსი და არა გამოუტევა ერი იგი.
8 უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: აიღეთ სავსე პეშვი ქურის ნაცარი და ცისკენ ააფრქვიოს მოსემ ფარაონის თვალწინ. 8 და ჰრქუა უფალმან მოსეს და აჰრონს: აღიღეთ თქუენ და აღივსენით ჴელნი თქუენნი ნაცრითა თორნისათა და აღაფქურიეთ ცად აღმართ წინაშე ფარაოსა, წინაშე ყოვლისა მის ერისა მისისა.
9 მტვრად მოეფინება იგი მთელს ეგვიპტის ქვეყანას და ყვავილის მუწუკებად გამოეყრება კაცსა და პირუტყვს მთელს ეგვიპტის ქვეყანაში. 9 და იყოს მტუერი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და აღმოესხას ყოველსა კაცსა და ყოველსა საცხოვარსა ფაქლი გამომტკუფოლვარე გამოსხმით ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა.
10 აიღეს ქურის ნაცარი და წარუდგნენ ფარაონს. ააფრქვია მოსემ ნაცარი ცისკენ და გამოეყარა კაცსა და პირუტყვს ყვავილის მუწუკები. 10 და მოიღეს ნაცარი იგი თორნისაჲ და აღაცცა მოსე ზეცად წინაშე ფარაოსა და იწყო გამოსხმად ფაქლმან და აღდუღებად ნატკუფოლავსა მას ზედა კაცსა და პირუტყუსა.
11 ვერაფერს გახდნენ გრძნეულები მოსესთან, რადგან გამონაყარი ჰქონდათ გრძნეულებსაც და მთელს ეგვიპტეს. 11 და ვერღარა დაუდგებოდეს გრძნეულნი იგი წინაშე მოსესა ფაქლისა მისთჳს, რომელი-იგი გამოსხმულ იყო მათ ზედა, რამეთუ ეგრე სასტაკად გამოესხმოდა პირველად გრძნეულთა მათ და მერმეღა ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.
12 გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ უსმინა მათ ფარაონმა, როგორც ნათქვამი ჰქონდა მოსესთვის უფალს. 12 და განუფიცხა უფალმან გული ფარაოსი და არა ერჩდა მათ, ვითარცა-იგი უბრძანებდა უფალი.
13 უთხრა უფალმა მოსეს: ადექი დილაადრიანად, წარუდექი ფარაონს და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი, ებრაელთა ღმერთი: გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახუროს. 13 და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღიმსთუე შენ ცისკარსა წინაშე ფარაოჲსა და არქუ ესრე: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ებრაელთა: გამოუტევე ერი ჩემი და მმსახურონ მე ამას ჟამსა.
14 თორემ ამჯერად ყოველგვარ სენს შევყრი შენს გულს, შენს მორჩილთ და შენს ხალხს, რათა გეცოდინოთ, რომ არავინ არის ჩემი სწორი მთელს ქვეყანაზე. 14 და მე მიუტეო ყოველი შესამთხუეველი, რაჲ-იგი შეგემთხჳოს გულსა შენსა და გულსა მონათა შენთასა და ყოვლისა ერისა შენისასა, რათა უწყოდით, რამეთუ არა ვინ არს სხუა ჩემებრ ყოველსა ზედა ქუეყანასა.
15 აი, ახლავე მოვიღერებდი ხელს და მოგსპობდით შავი ჭირით შენ და შენს ხალხს, და წარიხოცებოდით ამ ქვეყნიდან. 15 რამეთუ აწ მივყო ჴელი ჩემი და გგუემო შენ გუემითა მრავლითა და ერი ეგე შენი მოვსრა სიკუდილითა და აღგჴოცო შენ ქუეყანისაგან.
16 მაგრამ მხოლოდ იმისთვის დაგარჩენ, რომ გიჩვენო ჩემი ძალა და ემცნოს ჩემი სახელი მთელს ქვეყანას. 16 რამეთუ ამისთჳს დაგმარხე შენ მოაქამდე, რათა შენ ზედა ვაჩუენო ძლიერებაჲ ჩემი, რათა მიეთხრას სახელი ესე ჩემი ყოველსა ქუეყანასა.
17 აქამდე აბუჩად იგდებ ჩემს ერს და არ უშვებ. 17 აწ უკუე შენ იპყრობვეღა ერსა მაგას ჩემსა და არა გამოუტევებ მაგათ.
18 აჰა, ჩამოვყრი ხვალ ამ დროს მაგარ სეტყვას, რომლის მსგავსი არ უნახავს ეგვიპტის ქვეყანას მისი დაფუძნებიდან დღემდე. 18 აჰა ეგერა, ვაწვიმებ მე ამას ჟამსა ხვალე სეტყუასა ფრიად სასტიკსა, რომელ ეგევითარი არასადა ყოფილ არს ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა ჟამითგან დაბადებისა მისისათ მოაქამომდე.
19 ახლა მიხედე შენს საქონელს და ყველაფერს, რაც მინდვრადა გყავს; ყოველი კაცი და პირუტყვი, რაც კი გარეთ დარჩება და ჭერს არ შეეფარება, დაისეტყვება და მოისპობა. 19 აწ უკვე სწრაფით უბრძანე შემოკრებად საცხოვრისა, რომელ-იგი იყოს ველსა გარე, რამეთუ ყოველი კაცი და პირუტყჳ, რომელ იპოოს ველსა და არა შევიდეს სახიდ, დაეცემოდის მას ზედა სეტყუაჲ იგი და მოსპოლვიდეს მას.
20 ვინც შეუშინდა ფარაონის მორჩილთაგან უფლის სიტყვას, ჭერქვეშ შეაფარა თავისი ყმები და საქონელი. 20 და ყოველთა, რომელთა შეეშინა სიტყჳსა მისგან უფლისა მონათა მისთაგან ფარაოსთა, შემოკრიბეს საცხოვარი იგი მათი სახლებსა და განერა.
21 ხოლო ვინც არად ჩააგდო უფლის სიტყვა, მინდორში დატოვა თავისი ყმები და საქონელი. 21 და რომელთა-იგი არა მიხედეს სიტყუასა მას უფლისასა, დაუტევეს ველსა გარე და მოისრა.
22 უთხრა უფალმა მოსეს: ცისკენ მოიღერე ხელი და დაისეტყვება მთელი ეგვიპტე, კაცი, პირუტყვი და მინდვრის ბალახი ეგვიპტის ქვეყანაში. 22 და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღყავ ჴელი ეგე შენი ზეცად და მოჴდეს სეტყუაჲ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა ზედა კაცთა, საცხოვართა და ყოველსა ზედა თივასა, რომელ არს ველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
23 ცისკენ მოიღერა მოსემ თავისი კვერთხი და გამოსცა უფალმა გრგვინვა და სეტყვა. ცეცხლმა დაუარა დედამიწას და დასეტყვა უფალმა ეგვიპტის ქვეყანა. 23 აღირთხა მოსე ჴელი თჳსი ცად და უფალმან მოსცა ჴმაჲ ზეცით გარდამო და იყო ქუხილი და მოჴდა სეტყუაჲ იგი სასტიკი და რბიოდა ნაბერწყალები ზედა ქუეყანასა მას. და აწჳმა უფალმან სეტყუაჲ იგი სასტიკი ყოველსა მას ზედა ქუეყანასა ეგჳპტელთასა.
24 მოდიოდა სეტყვა და ცეცხლი გიზგიზებდა სეტყვაში, ძალზე მაგარი იყო სეტყვა, მისი მსგავსი არ მოსულა ეგვიპტის ქვეყანაში, რაც იქ ხალხი სახლობს. 24 და სეტყუდა სეტყუაჲ იგი და შესტუსვიდა ცეცხლი შორის სეტყუასა მას და იყო სეტყუაჲ იგი სასტიკ ფრიად, რომელ არა ოდეს ყოფილ იყო ეგევითარი დასაბამითგან ჟამთა ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.
25 ყველაფერი გაანადგურა სეტყვამ ეგვიპტის ქვეყნად, რაც კი გარეთ დარჩა, კაციდან პირუტყვამდე; მინდვრის მთელი ბალახი გაანადგურა სეტყვამ და მინდორში მდგარი ყველა ხე დალეწა. 25 და გუემა სეტყუამან ყოველი იგი ქუეყანაჲ ეგჳპტელთა მათ კაცითგან მიპირუტყუთადმდე. და ყოველი თივაჲ ველისა მოსპო სეტყუამან მან და ყოველი ხე ველისაჲ შემუსრა.
26 მხოლოდ გოშენის მხარე არ დასეტყვილა, სადაც ისრაელიანები ცხოვრობდნენ. 26 გარნა ქუეყანასა მას ხოლო გესემისასა, სადა-იგი იყუნეს ძენი ისრაჱლისანი, არა იყო სეტყუაჲ იგი.
27 დაიბარა ფარაონმა მოსე და აარონი და უთხრა: ახლა კი ვხედავ, რომ შემიცოდავს; მართალია უფალი - დავაშავეთ მე და ჩემმა ხალხმა. 27 მიავლინა ფარაო და მოუწოდა მაოსეს და აჰრონს და ჰრქუა მათ: აწ შეცოდებულ ვარ მე ამიერითგან, რამეთუ უფალი მართალ არს, მე და ერი ჩემი ცრუ ვართ.
28 შეევედრეთ უფალს, შეწყდეს ღვთის გრგვინვა და სეტყვა, და გაგიშვებთ; მეტს აღარ დაყოვნდებით. 28 ილოცეთ ჩუენთჳს უფლისა მიმართ ღმრთისა და დასცხრეს ჴმაჲ ესე სეტყჳსა და ცეცხლისაჲ და ნაბერწყალი ესე და განგავლინნე თქუენ, რათა მერმე არღარა დაჰყუდნეთ.
29 უთხრა მოსემ: როგორც კი გავალთ ქალაქიდან, ხელს გავიწვდი უფლისკენ და შეწყდება გრგვინვა და გადიღებს სეტყვაც, ვინძლო მიხვდე, რომ უფლისაა ეს ქვეყანა. 29 ჰრქუა მას მოსე: აწ ვითარცა განვიდე ქალაქსა ამას, განვიპყრნე ჴელნი ჩემნი უფლისა მიმართ ღმრთისა. და ჴმაჲ ეგე ქუხილისა მაგის დაყუდნეს და სეტყუაჲ ეგე დასცხრეს და დადგეს წჳმაჲ ეგე, რათა უწყოდი, რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ.
30 მაგრამ ვიცი, რომ ჯერ კიდევ არ შეუშინდებით უფალ ღმერთს შენ და შენი მორჩილნი. 30 არამედ შენ და ერი ეგე შენი, ესოდენ უწყი, ვითარმედ არღა გეშინის უფლისა.
31 განადგურდა სელი და ქერი, რადგან ქერი ათავთავებული იყო და სელი ყვაოდა. 31 რამეთუ სელი იგი და ქრთილი იგუემა, რამეთუ ქრთილი იგი გოდლოოდა ოდენღა და სელი თესლოოდა.
32 ხორბალი და ასლი არ განადგურებულა, რადგან საგვიანო იყო. 32 ხოლო იფქლი იგი და ასლი არა იგუემა, რამეთუ მცხუედ იყო.
33 გავიდა მოსე ფარაონისგან ქალაქის გარეთ და გაიწოდა ხელი უფლისაკენ. შეწყდა გრგვინვა და სეტყვა და წვიმის წვეთიც აღარ დაცემულა მიწაზე. 33 და გამოვიდა მოსე ფარაოჲსაგან ქალაქსა მას, აღიპყრა ჴელნი თჳსნი უფლისა მიმართ და ქუხილნი იგი და ელვანი, წჳმაჲ იგი და სეტყუაჲ დასცხრეს და არღარა დასწუთა ნაწუეთი ერთი ქუეყანასა ზედა.
34 დაინახა ფარაონმა, რომ შეწყდა წვიმა, გრგვინვაც და სეტყვაც, და კვლავ შესცოდა. გაიქვავეს გული მან და მისმა მორჩილებმა. 34 იხილა რაჲ ფარაო. რამეთუ დასცხრეს წჳმანი იგი და სეტყუაჲ და დაყუდნეს ჴმანი იგი ქუხილისანი მის, შე-ვეღა-სძინა შეცოდებაჲ.
35 გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ გაუშვა ისრაელიანები, როგორც ნათქვამი ჰქონდა მოსესთვის უფალს. 35 და განიფიცხა გული მისი და გული ერისა მისისა და არღარა განუტევნა ძენი ისრაჱლისანი. ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე