ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გოდება იერემიასი

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როგორ დანისლა უფალმა სიონის ასული თავისი რისხვით! ციდან მიწაზე ჩამოამხო ისრაელის მშვენება და არ გახსენებია თავისი კვარცხლბეკი თავის რისხვის დღეს.

23

ალეფ. ვითარ დაალმურა რისხვითა მისითა უფალმან ასული სიონისაჲ, გარდამოაგდო ცით ქუეყანად დიდებულება ისრაილისაჲ და არ მოიჴსენა კუარცხლბეკი ფერჴთა მისთაჲ დღესა შინა რისხვისა მისისასა.

2 შემუსრა, არ დაინდო უფალმა იაკობის სამკვიდრებელნი, დააქცია თავისი წყრომით იუდას ასულის ციხე-სიმაგრენი, მიწასთან გაასწორა; უპატიოჰყო სამეფო და მისი მთავრები. 24 ბეთ. დაანთქნა უფალმან არმრიდებელმან ყოველნი შუენიერნი იაკობისნი, დაამჴუნა გულისწყრომისა მიერ მისისა სიმაგრენი ასულისა იუდაჲსნი, აღაქუნა იგინი ქუეყანადმი, შეამწიკულა მეფე მისი და მთავარნი მისნი.
3 მოსტეხა მთელი რქა ისრაელს მძვინვარე რისხვით; მტერს მოარიდა თავისი მარჯვენა და აგიზგიზდა იაკობში როგორც ცეცხლი, ყოვლის მჭამელი. 25 გიმელ. შემუსრა გულისწყრომითა რისხვისა მისისათა ყოველი რქაჲ ისრაილისაჲ, გარემიიქცია უკუანა მარჯუენისა მისისა პირისაგან მტერისა, და აღაგზნა იაკობსა შორის ცეცხლი შემწველი, და შეჭამნა ყოველნი გარემოჲსნი მისნი.
4 როგორც მტერმა, მოზიდა მშვილდი, აღმართა მარჯვენა დუშმანივით და მოკლა მისი თვალის სიხარული; ცეცხლივით დაანთხია თავისი რისხვა სიონის ასულის კარავში. 26 დალეთ. მოირთხა მშჳლდი მისი, ვითარცა მტერმან, განამტკიცა მარჯუენე მისი, ვითარცა წინააღმდგომმან, და მოსრნა ყოველნი გულისათქმელნი თვალთა ჩემთანი, კარავსა შინა ასულისა სიონისასა გარდაჰფინა, ვითარცა ცეცხლი, გულისწყრომაჲ.
5 მტერივით გახდა უფალი, შემუსრა ისრაელი, შემუსრა მისი პალატები, დაუქცია ციხე-სიმაგრენი და მოაწია იუდას ასულზე ოხვრა და კვნესა. 27 ჱე. იქმნა უფალი, ვითარცა მტერი, დაანთქა ისრაილი, დააქცია ყოველი ტაძრები მისი, განხრწნნა ყოველნი სიმაგრენი მისნი, და განამრავლა ასულისა იუდაჲს დამდაბლებული და დამდაბლებულაჲ.
6 დაანგრია მისი ბაღი და კარავი, დააქცია მისი სადღესასწაულო ადგილი; დაავიწყებინა უფალმა სიონში დღესასწაული და შაბათი, შეიძულა თავის მძვინვარე რისხვაში მეფე და მღვდელი. 28 ვავ. აღფხურა ვითარცა ვენაჴი, კარავი თჳსი, განხრწნა დღესასწაული მისი; დაივიწყა უფალმან, რომელი ქმნა შორის სიონსა დღესასწაულისა შაბათთაჲსა, და განაძჳნა მკსინვარებითა რისხვისა მისისაჲთა _ მეფე და მღდელი და მთავარი.
7 შერისხა უფალმა თავისი სამსხვერპლო, შეაჩვენა თავისი საწმიდარი, მტერს ჩაუგდო ხელში მისი პალატების კედლები; ხმა გაიღეს უფლის სახლში, როგორც დღესასწაულზე. 29 ზაინ. განაშორა უფალმან საკურთხეველი თჳსი, განაბნია სიწმიდე თჳსი, შემუსრა ჴელითა მტერისაჲთა ზღუდე ტაძართა მისთაჲ, ჴმაჲ ბრძოლისა მოსცა სახლსა შინა უფლისასა, ვითარცა დღესა შინა დღესასწაულისასა.
8 გადაწყვიტა უფალმა, დაენგრია სიონის ასულის კედლები, გაჭიმა ძაფი, ხელი არ აიღო განადგურებაზე; დააქცია ზღუდე და კედელი - ერთად არიან დაქცეულნი. 30 ეთ. იგულისსიტყუა უფალმან განხრწნაჲ ზღუდესა ასულისა სიონისასა. საზომიერად, და არ გარეაქცია ჴელი თჳსი დასათრგუნველობისაგან მისისა. და იგლოვა წინმოზღუდვილობამან, და ზღუდე ერთბამად მოუძლურდა.
9 მიწაში ჩაეფლო მისი ჭიშკრები, მან დალეწა და შემუსრა მისი ურდულები; მისი მეფე და მთავრები წარმართთა შორის არიან; აღარ არის რჯული და მის წინასწარმეტყველებსაც შეუწყდათ უფლისგან ხილვები. 31 ტეთ. დაეკუეთნეს ქუეყანად ბჭენი მისნი, წარწყმიდნა და შემუსრნა მოქლონნი მისნი, მეფე მისი და მთავარი მისი წარმართთა შორის, და არა არს შჯული, და წინაწარმეტყუელთაცა მისთა არ პოვეს ხილვაჲ უფლისა მიერ.
10 მდუმარედ სხედან მიწაზე სიონის ასულის უხუცესნი, თავზე ნაცარი აყრიათ და ჯვალოთი არიან შემოსილი; მიწამდე დაუხრიათ თავი იერუსალიმის ქალწულებს. 32 იოთ. დასხდეს ქუეყანად, დადუმნეს მოხუცებულნი ასულისა სიონისანი, აღიღეს მიწაჲ თავსა ზედა მათსა, მოირტყნეს ძაძანი, შთაიყვანნეს ქუეყანად წინამძღუარნი ქალწულისა ასულისა იერუსალიმისანი.
11 ცრემლებმა დამიშრიტეს თვალისჩინი, მეწვის გულ-ღვიძლი, მიწაზე დაიღვარა ჩემი ნაღველი ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო, რადგან ღონემიხდილნი ყრიან ყმაწვილები და ძუძუთა ბავშვები ქალაქის ქუჩებში. 33 ხაფ. მოაკლდეს ცრემლთა მიერ თვალნი ჩემნი, შეშფოთნა მუცელი ჩემი, დაითხია ქუეყანად დიდებაჲ ჩემი შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა, დაჴსნასა ჩჩჳლთა და მწოართასა უბნებსა შინა ქალაქისასა.
12

დედებს შებღავიან: სად არის პური და ღვინო? და იკრუნჩხებიან დაჭრილებივით ქალაქის ქუჩებში და სულს ღაფავენ დედის კალთებში.

34 ლამედ. დედათა მათთა ეტყოდეს: სადა იფქლი და ღჳნოჲ დაჴსნასა შინა მათსა, ვითარცა-რაჲ წყლულთა უბნებსა შორის ქალაქისასა, აღმობერვასა შინა სულთა მათთასა შორის წიაღთა დედათა მათთაჲსა.
13 რა ვთქვა შენზე, რას შეგადარო, იერუსალიმის ასულო? რას მიგამსგავსო, რომ განუგეშო, სიონის ქალწულო ასულო? რადგან ზღვასავით დიდია შენი დაქცევა, ვინ არის შენი განმკურნებელი? 35

მემ. რაჲ გიწამო შენ, ანუ რასა გამსგავსო შენ, ასულო იერუსალიმისაო? ვინ გაცხოვნოს შენ, ანუ ვინ ნუგეშინის-გცეს შენ, ქალწულო სიონისაო! რამეთუ განდიდნა სასუმელი შემუსრვისა შენისაჲ, ვინ განგკურნოს შენ?

14 შენი წინასწარმეტყველნი ცრუ და სულელურ ხილვებს ხედავდნენ შენთვის, არ გიმხელდნენ შენს შეცოდებებს დაკარგულის დასაბრუნებლად; მხოლოდ ცრუსა და მაცთუნებელ განაჩენს ხედავდნენ შენთვის. 36 ნონ. წინაწარმეტყუელთა შენთა იხილეს შენი ამაოებაჲ და უცნობელობა, და არა განაცხადეს უსამართლოება შენი მოსაქცეველად ტყუეობისა შენისა, და იხილნეს შენნი ნეშტნი ამაონი, და განგაგარეეს შენ.
15 ტაშს შემოჰკრავს შენზე ყოველი გზად ჩამვლელი, დაუსტვენს და თავს გააქნევს იერუსალიმის ასულზე: ეს არის ქალაქი, რომელზეც ამბობდნენ სრულქმნილი მშვენებააო, მთელი ქვეყნის სიხარულიაო? 37 სარეხ. შეიტყუელნეს შენ ზედა ჴელნი ყოველთა თანაწარმავალთა გზისათა, დაისტჳნეს და შეხარეს თავი მათი ასულსა ზედა იერუსალიმისასა, უკუეთუ ესე არს ქალიქი თქუენი, გჳრგჳნი დიდებისაჲ, კეთილი შუენიერებაჲ, საშუები ყოვლისა ქუეყანისაჲ.
16 ხახა დააღეს შენზე შენმა მტრებმა, უსტვენენ, კბილებს ახრჭიალებენ, ყვირიან: ჩავყლაპეთ უკვე! აჰა, ეს დღე, რომელსაც ველოდით, მოვესწარითო, ვხედავთო მას! 38 აინ. აღაღეს შენ ზედა პირი მათი ყოველთა მტერთა შენთა, და ისტჳნეს და დაიღრჭინეს კბილნი მეტყუელთა: შთავნთქათ იგი, გარნა ესე არს დღე, რომელსა მოველოდეთ, ვპოეთ და ვიხილეთ იგი.
17 აღასრულა უფალმა განზრახული; აახდინა თავისი ნათქვამი, რაც ჰქონდა ნაბრძანები ძველთაგანვე; დააქცია და არ შეიბრალა; მტერი გაახარა შენზე, რქა აღუმაღლა შენს დუშმანებს. 39 ჳე. ქმნა უფალმან, რომელნი თქუნა და მოიგონნა, აღასრულნა სიტყუანი მისნი, რომელნი ამცნნა დღეთაგან პირველთა, დაამჴუა და არა ჰრიდა, და განიშუა შენ ზედა მტერმან, აღამაღლნა თავნი მაჭირვებელისა შენისანი.
18 მათი გული უფალს შეჰღაღადებს: სიონის ასულის კედლებო, ნიაღვარივით ღვარეთ ცრემლი დღედაღამე; შვებას ნუ მოიცემთ, ნურც შეშრება თქვენი თვალის გუგები. 40 სადე. ღაღად-ყო გულმან მათმან უფლისა მიმართ, ზღუდემან ასულისა სიონისამან, დამოადინენ, ვითარცა ღუარნი, ცრემლნი დღე და ღამე. ნუ სცემ განფრთხობასა თავსა შენსა, ნუ დადუმდებიედ გუგანი თვალთა შენთანი.
19 ადექი, იღაღადე ღამით, ყოველ სახმილავზე, წყალივით დაღვარე შენი გული უფლის წინაშე; გაიწოდე ხელები მისკენ შენი ჩვილების სიცოცხლისთვის, შიმშილით რომ იხოცებიან გზაჯვარედინებზე. 41 კოფ. აღდეგ, ჭრტინევდ ღამესა შინა დასაბამსა საჴმილავთა შენთასა, განჰფინე, ვითარცა წყალი, გული შენი წინაშე პირსა უფლისასა. აღიხუენ მისდამი ჴელნი შენნი სულებისათჳს ჩჩჳლთა შენთაჲსა შეყმედილთა სიყმილისა მიერ დასაბამსა ზედა ყოველთა გამოსლვათასა.
20 მოიხედე, უფალო, და დაინახე, ვის მოექეცი ასე? თუ უჭამიათ დედაკაცებს თავიანთი ნაყოფი, ნალოლიავები ბავშვები? თუ დახოცილან უფლის საწმიდარში მღვდელი და წინასწარმეტყველი? 42 რეს. იხილე, უფალო, და ზედმოიხილე ვისდად მომკუფხლე ესრეთ, უკეთუ ჭამონ დედათა ნაყოფი მუცლისა მათისა. მოკუფხლვა-ყო მზარაულმან, დაიკლნენ ჩჩჳლნი, მწოვნელნი ძუძუთა, უკეთუ მოჰკლავ სიწმიდესა შინა უფლისასა მღდელსა და წინასწარმეტყუელსა.
21 ყრიან ქუჩის მტვერში ყმაწვილი და მოხუცი, ჩემი ქალწულები და მოყმეები მახვილით დაეცნენ; დახოცე შენი რისხვის დღეს, დაკალი, არ დაინდე. 43 სინ. დაიძინეს ქუეყანად გამოსავალთა ყრმამან და მოხუცებულმან. ქალწულნი ჩემნი და ჭაბუკნი ჩემნი წარვიდეს ტყუეობადმი. მოასრულენ დღესა შინა რისხვისა შენისასა, ამზარეულენ, არა ჰრიდენ.
22 შენ მოიწვიე, როგორც დღესასწაულზე, ჩემი შიშისზარნი ყოველი მხრიდან; და არავინ გაქცეულა, არავინ გადარჩენილა უფლის რისხვის დღეს; ვინც მე ვანებივრე და გავზარდე, მტერმა მოუღო მას ბოლო. 44 თავ. მოუწოდეს ვითარცა დღედ დღესასწაულისა. მსხემთა ჩემთა გარემოჲს, და არა იყო დღესა შინა რისხვისა უფლისასა განრინებული, და დატევებული განვზარდენ, და ვიპყრენ და განვამრავლენ, და მტერმან ჩემმან ყოველნი მოასრულნა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე