ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სიტყვები იერემიასი, ხილკიას ძისა, იმ მღვდელთაგან, ყანათოთში რომ იყვნენ, ბენიამინის ქვეყანაში,

1

სიტყუა ღმრთისაჲ, რომელი იქმნა იერემიას ზედა ექელკისისა მღდელთაგანისა, რომელი მკჳდრ იყო ანათოთს შინა. შორის ქუეყანასა ბენიამენისასა,

2 რომლის მიმართ იყო უფლის სიტყვა იუდას მეფის იოშია ამონის ძის დროს, მისი მეფობის მეცამეტე წელს. 2 რომელი იქმნა სიტყვა უფლისაჲ მისდა მიმართ დღეთა შინა იოსიასთა, ძისა ამონისთა, მეფისა იუდაჲსთა, წელსა მეათცამეტესა მეფობისა მისისასა,
3 და იუდას მეფის იეჰოიაკიმ იოშიას ძის დროს, და იუდას მეფის ციდკია იოშიას ძის, მეთერთმეტე წლის ბოლოს, იერუსალიმის გადასახლებამდე, მეხუთე თვეს. 3

და დღეთა შინა იოაკიმისთა, ძისა იოსიასთა, მეფისა იუდასთა, და მიაღსასრულთამდე მეათერთმეტისა წლისა სედეკიასისა, ძისა იოსიასსა, მეფისა იუდაჲსსა, ვიდრე ტყუეობამდე იერუსალიმისა, მეხუთესა შინა თთუესა.

4 იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: 4 და იყო სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
5 ვიდრე მუცელში გამოგსახავდი, გამოგარჩიე; ვიდრე საშოდან გამოხვიდოდი წმიდა გყავი, ხალხების ქადაგად დაგადგინე. 5 პირველ ჩემგან აღზელადმდე მუცელსა შინა გიცი შენ და პირველ გამოსლვისა შენისა საშოთ განგწმიდე შენ, წინაწარმეტყუელად ნათესავისა მიმართ დაგდევ შენ.
6 მე ვთქვი: ეჰ, უფალო ღმერთო! მე ხომ ლაპარაკი არ ვიცი, რადგან ბავშვი ვარ. 6 და ვარქუ: მყოფო მეუფეო, უფალო! აჰა, ვერ ზედმიმწდომ ვარ ზრახვად, რამეთუ უჭაბუკეს ვარ მე.
7 მითხრა უფალმა: ნუ ამბობ, ბავშვი ვარო, რადგან ყველგან წახვალ, სადაც კი მიგავლენ, და ყველაფერს ილაპარაკებ, რასაც გიბრძანებ. 7 და თქუა უფალმან ჩემდამო: ნუ იტყჳ, ვითარმედ უჭაბუკეს ვარ მე, რამეთუ ყოველთა მიმართ, რომელთაცა განგავლინო შენ, მიხჳდე და ყოველთაებრ, რაოდენნიცა გამცნნე, შენ იტყოდი.
8 ნუ გეშინია მათი, რადგან შენთან ვიქნები, რომ დაგიფარო. ამბობს უფალი. 8 ნუ შეშინდები პირისაგან მათისა, რამეთუ შენ თანა ვარ მე განრინებად შენდა, - იტყჳს უფალი.
9 გამოიწოდა ხელი უფალმა და შეეხო ჩემს ბაგეს; მითხრა უფალმა: აჰა, ჩამიდვია ჩემი სიტყვები შენს ბაგეებში. 9 და განყო უფალმან ჴელი მისი და შეახო პირსა ჩემსა და თქვა უფალმან ჩემდამო: აჰა, მიგცენ, სიტყვანი ჩემნი პირსა შენსა.
10 იცოდე, დამიდგენიხარ დღეს ხალხებზე და სამეფოებზე, რათა აღმოფხვრიდე. და ანადგურებდე, სპობდე და ამხობდე, აშენებდე და რგავდე. 10 აჰა, დაგადგინე შენ დღეს ნათესავსა ზედა და მეფობასა აღმოფხურად და აღთხრად და წარწყმედად და აღშენებად და დანერგვად.
11

იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ ნათქვამი; რას ხედავ, იერემია? მივუგე: ნუშის რტოს ვხვდავ.

11

და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: რასა ხედავ შენ, იერემია? და ვარქუ: არგანსა ნიგუზისასა ვხედავ მე.

12 მითხრა უფალმა: კარგად ხედავ, რადგან თვალს ვადევნებ ჩემს ნათქვამს, რომ აღსრულდეს იგი. 12 და თქუა უფალმან ჩემდამო: კეთილად იხილე მით, რამეთუ მღჳძარე ვარ მე სიტყუათა ზედა ჩემთა ქმნად მათდა.
13 იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი მეორეგზის: რას ხედავ? მივუგე: ათუხთუხებულ ქვაბს ვხედავ, ჩრდილოეთისკენ მიმართულს. 13 და იქმნა სიტყუა უფლისაჲ მეორედ ჩემდამო მეტყუელი: რასა ხედავ შენ? და ვარქუ: სიავსა ქუეშეთ მგზებარესა! და პირი მისი პირისაგან ჩრდილოჲსა.
14 მითხრა უფალმა: ჩრდილოეთიდან დაატყდება თავს უბედურება ქვეყნის ყველა მკვიდრს. 14 და თქუა უფალმან ჩემდამო: პირისაგან ჩრდილოსა აღეგზნნენ ბოროტნი ყოველთა ზედა დამკჳდრებულთა ქუეყანისათა,
15 რადგან, აჰა, მოვუხმობ ჩრდილოეთის სამეფოთა ყველა ტომს, ამბობს უფალი, მოვლენ და თითოეული ტახტს დაიდგამს იერუსალიმის კარიბჭეებთან, მის ყველა კედელთან ირგვლივ და იუდას ყველა ქალაქში. 15 რამეთუ, აჰა, მე მოუწოდო ყოველთა მეფობათა ჩრდილოჲსაგან ქუეყანისა, - იტყჳს უფალი, - და მოვიდენ და დადგნენ თითოეულმან სიყდარნი თჳსნი წინა კართა ზედა ბჭეთა იერუსალიმისათასა, და ყოველთა ზედა ზღუდეთა გარემოჲს მისსა და ყოველთა ზედა ქალაქთა იუდაჲსთა.
16 გამოვუტან მათ განაჩენს ყველა მათი უკეთურობის გამო, რომ დამივიწყეს, უცხო ღმერთებს რომ უკმევდნენ და თაყვანს სცემდნენ საკუთარ ნახელავს. 16 და ვიზრახო მათდა მიმართ მსჯავრისა თანა ყოვლისათჳს უკეთურებისა მათისა, ვითარ დამიტევეს მე, და უგეს ღმერთთა უცხოთა და თაყუანისსცეს ნაქმრებსა ჴელთა მათთასა.
17 შენ, კი წელზე სარტყელი შეირტყი, ადექი და ყველაფერი უთხარი მათ, რასაც გიბრძანებ. ნუ გეშინია მათი, არ შევაშინებინებ შენს თავს. 17 და შენ მოირტყენ წელნი შენნი და აღდეგ და თქუენ მათდამი ყოველთა, რაოდენთა გამცნებ მე შენ. ნუ შეიშინებ პირისაგან მათისა, ნუცა სწიწნეულობ წინაშე მათსა, რამეთუ შენ თანა ვარ მე განრინებად შენდა, - იტყჳს უფალი.
18 აჰა, დამიდგენიხარ დღეს ციხე-ქალაქად, რკინის სვეტად და სპილენძის ზღუდედ მთელი ქვეყნის წინააღმდეგ, იუდას მეფეთა, მის მთავართა და მღვდელთა წინააღმდეგ, ქვეყნის მკვიდრთა წინააღმდეგ. 18 აჰა, დაგდევ შენ დღეინდელსა შინა დღესა, ვითარცა ქალაქი ძნელი, და ვითარცა სუეტი რკინისა, და ვითარცა ზღუდე რვალისა ძლიერი, ყოველთა მეფეთა იუდასთად, და მთავართა მისთა და მდღელთა მისთა და ერისა ქუეყანისად.
19 შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან შენთანა ვარ, ამბობს უფალი, რომ დაგიფარო. 19 და გბრძოდიან შენ, და ვერ უძლებდენ შენდამი მით, რამეთუ მე შენ თანა ვარ განრინებად შენდა, - იტყჳს უფალი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე