ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი მეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ისმინე სიტყვა, რაც შენზე თქვა უფალმა, ისრაელის სახლო!

1

ისმინეთ სიტყუაჲ, რომელი თქვა უფალმან თქუენ ზედა, სახლო ისრაილისაო.

2 ასე თქვა უფალმა: ნუ გადაიღებთ სხვა ხალხთა ზნეს, ნუ შეგეშინდებათ ციური ნიშნებისა, როგორც სხვა ხალხებს ეშინიათ. 2 ამათ იტყჳს უფალი: გზათაებრ წარმართთასა ნუ ისწავებთ და სასწაულთაგან ცისათა ნუ გეშინისყე, რამეთუ ეშიშვიან იგინი პირისაგან მათისა,
3 რადგან ადამიანთა კერპები არარაობაა, მხოლოდ ტყეში მოჭრილი ხეა იგი, დურგლის ნახელავი. 3 რამეთუ სასჯელნი წარმართანი ამაოება, ძელ არს მოკუეთილი მაღნარით, ქმნილი ხუროსა.
4 ვერცხლითა და ოქროთი დაფერილი, და ლურსმანჩაქუჩით დამაგრებული, რომ არ ირყეოდეს. 4 და გამონადნობი, ვეცხლითა და ოქროთა შემკულნი არიან, კუერითა და სამსჭულებითა განამაგრნეს იგინი და არა შეიძრნენ (ვეცხლი წახნაგებული არს. არა ვიდოდის. ვეცხლი დასხმული არს თარშით, მოვიდა ოქროჲ ოფაზისაჲ).
5 ბოსტანში დადგმულ საფრთხობელასავით არიან, არ ლაპარაკობენ; ხელით დაატარებენ, რადგან სიარული არ შეუძლიათ. ნუ უფრთხით მათ, რადგან არც ბოროტება მოაქვთ, არც სიკეთე. 5 (და ოქრომჭედელთა ჴელი, საქმე ჴელოანთა ყოველნი) ჳაკინთსა და პორფირსა შეჰმოსენ მათ აღხუმით აღიხუნიან იგინი, რამეთუ ვერ ვლენედ. ნუ გეშინინყე მათგან, რამეთუ ბოროტი ვერ ქმნან, და კეთილი არა არს მათ შორის.
6 არავინ არის შენი მსგავსი, უფალო! დიდი ხარ, დიდია სიძლიერით შენი სახელი. 6 ვინ არს ვითარ შენ, უფალო? დიდ ხარ შენ და დიდ არს სახელი შენი ძალითა.
7 ვის არ შეეშინდება შენი, ხალხთა მეუფევ? შენ ერთს შეგშვენის ეს, რადგან არავინაა შენი მსგავსი ხალხთა ბრძენებს შორის და ყველა მათ სამეფოში. 7 ვის არა ეშინოდის შენდა, მეფეო წარმართთაო! რამეთუ შენნი არიან, რამეთუ ყოველთა შორის ბრძენთა წარმართთასა და ყოველთა შორის მეუფეთა მათთა ვინ არს, ვითარ შენ, უფალო?
8 ყველანი შეიშალნენ, გამოტვინდნენ, ხის კერპია მათი ჭკუისმასწავლებელი, 8 რამეთუ ერთგზის აღეგზნენ და მოუძლურდენ გულნი ამაოთანი. ძელი არს,
9 თარშიშის ვერცხლით და უფაზის ოქროთი მოჭედილი, დურგლის ნახელავი, გამომდნობელის ხელიდან გამოსული; ლურჯი და მეწამული სამოსელი მოსავთ, ოსგატთა ხელით დამზადებული. 9 ვეცხლ გამოჭედილი თარშით მოღებული და ოქრო ოფაზით ქმნული ხუროსაჲ, და ჴელთა ოქრომჭედელისათა იაკინთე, და ძოწეული სამოსლად მათა ქმნული ბრძენთაჲ.
10 უფალი კი ჭეშმარიტი ღმერთია, ის არის ცოცხალი ღმერთი და მარადიული მეფე. მისი რისხვისაგან ირყევა მიწა, ვერ უძლებენ მის წყრომას ხალხები. 10 ხოლო უფალი ღმერთი ჩუენი ჭეშმარიტ არს, ღმერთი ცხოველი და მეუფე საუკუნოჲ. გულისწყრომითა მისითა შეიძრას ქუეყანაჲ და არა ყონ წარმართთა რისხვაჲ მისი.
11 ასე უთხარი მათ: ღმერთი, რომელსაც არ შეუქმნია ცა და ქვეყანა, აღიგვება ქვეყნიდან და ამ ცისქვეშეთიდან. 11 ესრეთ არქუთ მათ: ღმერთთა რომელთა ცაჲ და ქუეყანაჲ არ შექმნეს, წარწყმდედ ქუეყანისაგან და ქუეშე კერძოსაგან ცისა ამის.
12 ვინც თავისი ძალით შექმნა ქვეყანა, თავისი სიბრძნით დაამყარა სამყარო, განართხა ცანი თავისი გონებით, 12 უფალმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ ძალისა მიერ თჳსისა და აღჰმართა მკჳდროანი სიბრძნისა მიერ მისისა, და ცნობისა მიერ თჳსისა გარდაართხა ცაჲ.
13 მის ხმაზე ხმაურობს წყლები ცაში, ის კრებს ღრუბლებს ქვეყნის კიდეებიდან, ის წარმოშობს საწვიმრად ჭექა-ქუხილს, აგზავნის ქარს თავისი საგანძურებიდან. 13 და ჴმისა მის მოცემისა მისისათა სიმრავლე წყლისა ცისა შორის, და აღმოიყვანნა ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაჲთ ელვანი წჳმად ქმნნა და გამოიყვანნა ქარნი და ნათელი საუნჯეთაგან მათთა.
14

ცოდნისგან გაბრიყვდა ადამიანი, თავს ირცხვენს მდნობელი თავისი კერპით, რადგან სიცრუეა მისი ქანდაკი, სული არ უდგას.

14

განასულელნა ყოველნი კაცნი მეცნიერებისაგან, სირცხჳლეულ იქმნა ყოველი ოქროჲსმჭედელი წახნაგებულთა თჳსთა ზედა, რამეთუ ცილი იგი გამოადნვეს. არა არს სული მათ თანა.

15 არარაობაა ისინი, დაცინვის საგანი, აღიგვებიან მათი განკითხვის დღეს. 15 ამაონი არიან საქმენი ნამღერნი ჟამსა შინა მოხილვისა მათისასა წარწყმდენ.
16 ასეთი არ არის იაკობის წილხვედრი, რადგან მისი ნასახია ყველაფერი და ისრაელი მისი სამკვიდროს შტოა. ცაბაოთ უფალია მისი სახელი. 16 არა არს ესე ნაწილი იაკობისი, რამეთუ შემოქმედისა ყოველთაჲსა თჳთ არს ნაწილ მისსა და ისრაილ კუერთხ მკჳდრობისა მისისა. უფალ ძალთა არს სახელი მისი.
17 აკრიფე მიწიდან შენი ბარგი, ციხე-ქალაქში მცხოვრებო! 17 შეკრიბე გარეშით გუამები, დამკჳდრებულო რჩეულთა შორის,
18 რადგან ასე თქვა უფალმა: აჰა, შურდულივით მოვისვრი ამჯერად ქვეყნის მცხოვრებლებს; შევაჭირვებ მათ, რომ მიპოვონ. 18 რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე უსაფრჴეებ დამკჳდრებულთა ქუეყანისა ამისთა ჭირისა მიერ. და ვაჭირვო მათ, რაჲთა იპოოს.
19 ვაი, უბედურო თავო, უკურნებელო წყლულო! ვფიქრობდი, გადავიტანდი ამ სნეულებას. 19 ვაება შემუსრვასა შენსა ზედა, სალმობიერ არს წყლული შენი. მეცა ვთქუ: ნანდჳლვე ესე არს წყლულება ჩემი.
20 დაცარიელდა ჩემი კარავი, დაწყვეტილია ყველა თოკი, შვილები წამივიდნენ; აღარავინ მყავს კარვის გამშლელი და ფარდების გამჭიმავი. 20 მეწია მე კარავი ჩემი, საარებულ იქმნა, წარწყმდა და ყოველნი ეზონი ჩემნი განირღუეს. ძენი ჩემნი და ცხოვარნი ჩემნი არა არიან. არა არს მერმე ადგილი კარვისა ჩემისაჲ, ადგილი ეზოთა ჩემთაჲ,
21 რადგან შეიშალნენ მწყემსები და აღარ ეკითხებიან უფალს, ამიტომაც უჭკუოდ იქცევიან და მთელი სამწყსო დაეფანტათ. 21 რამეთუ მწყემსთა იუცნობოეს და უფალი არ გამოიძიეს. ამისთჳს არა გულისხმა-ყო ყოველმან სამწყსომან და განიბნინეს
22 აჰა, ხმა მოდის და მიწა იძვრის ჩრდილოეთიდან, რომ უდაბნოდ და ტურების ბუნაგად აქციოს იუდას ქალაქები. 22 ჴმაჲ სასმენელისა, აჰა, მოვალს. და ძრვა დიდი ქუეყანისაგან ჩრდილოსა, დასხმად ქალაქთა იუდაჲსთა უჩინოსაქმნელად და საბუდრად სირთა.
23 ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს. 23 უწყი, უფალო, ვითარმედ არა კაცისა არს გზაჲ მისი, არცა მამაკაცი ვიდოდის, და წარჰმართოს სლვაჲ თჳსი.
24 დამსაჯე, უფალო, ოღონდ სიმართლით და არა რისხვით, რომ არარაობად არ მაქციო. 24 გუასწავლენ ჩუენ, უფალო, გარნა განკითხვისა და ნუ გულისწყრომისა მიერ, რაჲთა არა შემცირებულ-მყუნე ჩუენ.
25 გადმოანთხიე შენი რისხვა ხალხებზე, რომლებიც არ გცნობენ და ტომებზე, რომლებიც არ უხმობენ შენს სახელს, რადგან მათ შეჭამეს იაკობი, შეჭამეს იგი, ბოლო მოუღეს მას და გააპარტახეს მისი სადგომები. 25 გარდაასხ გულისწყრომაჲ შენი წარმართთა ზედა, არმეცნიერთა შენთა და მეფობათა ზედა, რომელთა სახელსა შენსა არა ხადეს, რამეთუ შეჭამეს იაკობი, და მოასრულეს ისრაილი და საძოარი მისი მოაოჴრეს.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე