ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იუდას მეფის, იეჰოაკთმ იოშიას ძის მეფობის დასაწყისში ეს სიტყვა იყო ნათქვამი უფლისგან.

1

დასაბამსა მეფისა იოაკიმისსა, ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა, იქმნა სიტყვა ესე უფლისა მიერ მეტყველი.

2 ამბობს უფალი: დადექი უფლის სასახლის ეზოში და ამცნე უფლის სახლში თაყვანისსაცემად იუდას ქალაქებიდან მოსულებს ეს სიტყვები, რომელიც გამოგიცხადე მათთვის სათქმელად. ერთი სიტყვაც არ დააკლო. 2 ესრეთ თქვა უფალმან: დადეგ ეზოსა შინა სახლისა უფლისასა და აუწყო ყოველსა იუდასა მომავალთა თაყვანის-ცემად შორის სახლისა უფლისა. ყოველნი სიტყუანი, რომელნი გიბრძანენ შენ უწყებად მათდა, ნუ დააკლებ სიტყვასა.
3 იქნებ გაიგონ და მოიქცნენ თავიანთი ბოროტი გზიდან და მეც თავს შევიკავებ ბოროტისგან, რასაც მათ ვუპირებდი მათი ბოროტი საქმეების გამო. 3 ნუუკუე ისმინონ და მოიქცენ კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა და დავსცხრე მე ბოროტთაგან, რომელთა ვსიტყუავ მე ყოფად მათდა ბოროტთათჳს სიმარჯვეთა მათთა.
4 უთხარი მათ: ასე ამბობს უფალი; თუ არ გამიგონებთ და არ მოიქცევით ჩემი რჯულის თანახმად, როგორც დამიწესებია თქვენთვის, 4 და სთქვა მათდა მიმართ: ესრეთ იტყჳს უფალი: არა თუ ისმინოთ ჩემი სლვად შჯულთა შინა ჩემთა, რომელნი მივსცენ წინაშე პირთა თქუენთა,
5 თუ არ გაუგონებთ ჩემს მორჩილთ - წინასწარმეტყველებს, რომელთაც გამუდმებით გიგზავნიდით და გიგზავნიდით, მაგრამ არ უგონებდით მათ, 5 სმენად სიტყუებსა ყრმათა ჩემთა წინაწარმეტყუელთასა, რომელთა მე მივავლენ თქუენდა განთიად, და მივავლინენ და არა ისმინეთ
6 ისევე მოვექცევი ამ სახლს, როგორც სილოამს მოვექეცი: დედამიწის ყველა ხალხის შესაჩვენებლად გავხდი ამ ქალაქს. 6 და მივსცე სახლი ესე, ვითარცა სილომი, და ქალაქი ესე მივსცე საწყევარად ყოველთა წარმართთა ყოვლისა ქუეყანისათა.
7 უსმენდნენ მღვდლები და წინასწარმეტყველნი იერემიას. როცა ის ამბობდა ამ სიტყვებს უფლის სახლში. 7 და ისმინეს მღდელთა და ცრუწინაწარმეტყუელთა და ყოველმან ერმან იერემიასაგან თქმასა ამათ სიტყუათასა სახლსა შინა უფლისასა.
8 როცა დაასრულა იერემიამ ყველაფრის თქმა, რაც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის უფალს, რომ ხალხისთვის ეთქვა, შეიპყრეს იგი მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა, მთელმა ხალხმა ყვირილით, მოსაკლავი ხარ! 8 და იყო, და-რაჲ-სცხრა იერემია მეტყუელი ყოველთაჲ, რომელნი უბრძანნა მას უფალმან თხრობად ყოვლისა ერისა, და შეიპყრეს იგი მღდელთა და ცრუწინაწარმეტყუელთა და ყოველმან ერმან მეტყუელმან: სიკუდილითა მოკუდეს,
9 რატომ ქადაგობ უფლის სახელით, რომ ამბობ, სილოამივით დაინგრევაო ეს სახლი და ეს ქალაქიც გაოხრდება და გაუკაცრიელდებაო? შემოადგა მთელი ერი იერემიას უფლის სახლში. 9 რამეთუ წინაწარმეტყუელებდი სახელითა უფლისათა მეტყუელი: ვითარცა სილომი იყოს სახლი ესე, და ქალაქი ესე მოოჴრდეს მკჳდრთაგან და განკრბა ყოველი ერი ირემიას ზედა, სახლსა შინა უფლისასა.
10 გაიგეს ეს ამბავი იუდას მთავრებმა, ავიდნენ სამეფო სახლიდან უფლის სახლში და დასხდნენ უფლის ახალი კარიბჭის შესასვლელთან. 10 და ესმა მთავართა იუდაჲსთა სიტყუათა ამათ, და აღვიდეს სახლისაგან მეფისა სახლად უფლისა, და დასხდეს წინა კართა ბჭეთა კარვისა უფლისათასა.
11 მოახსენეს მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა მთავრებსა და მთელს ერს: სასიკვდილოა ეს კაცი, რადგან ამ ქალაქის საბოროტოდ ქადაგობს, როგორც თქვენი ყურით გაიგონეთ. 11 და თქუეს მღდელთა და ცრუწინაწარმეტყუელთა მთავართა მიმართ და ყოვლისა ერისა მეტყუელთა: სასჯელი სიკუდილისაჲ კაცსა ამას, რამეთუ იწინასწარმეტყუელა ძჳნად ქალაქისა ამის, ვითარცა გესმა ყურითა თქუენითა.
12 უთხრა იერემიამ ყველა მთავარს და მთელს ერს: უფალმა მომავლინა, რომ ამ ქალაქის წინააღმდეგ მექადაგნა ყველა ეს სიტყვა, რაც გაიგონეთ. 12 და თქუა იერემია მთავართა მიმართ და ყოვლისა ერისა მეტყუელმან: უფალმან მომავლინა მე წინაწარმეტყუელებად სახლსა ამას ზედა და ქალაქსა ამას ზედა ყოველთა ამათ სიტყუათა, რომელნი გესმნესყე.
13

ამიერიდან გამოისწორეთ ზნე და საქციელი და გაიგონეთ უფლის, თქვენ ღვთის ხმა. უფალიც თავს შეიკავებს ბოროტისგან, რასაც გიპირებთ.

13

და აწ უმჯობეს-ყვენით გზანი თქუენნი და საქმენი თქუენნი და ისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ, და დასცხრეს უფალი ძჳრთაგან, რომელნი თქუნა თქუენ ზედა.

14 მე კი, აჰა, თქვენს ხელთა ვარ. რასაც სწორად და სამართლიანად მიიჩნევთ, ის მიყავით. 14 და, აჰა, მე ჴელთა შინა თქუენთა, მიყავთ მე, ვითარ შეჰგავს, და ვითარ უმჯობეს-გიჩნსყე თქუენ.
15 ოღონდ იცოდეთ, თუ მომკლავთ, უბრალო სისხლს დაიდებთ თქვენ, მთელი ქალაქი და მისი მკვიდრნი. რადგან ნამდვილად უფალმა მომავლინა, რომ თქვენს გასაგონად მელაპარაკნა ეს სიტყვები. 15 არამედ მცნობელთა ცანთ, მო-თუ-მკლათ მე, ვითარმედ სისხლსა უბრალოსა თქუენ მისცემთ თქუენ ზედა და ქალაქსა ამას და დამკჳდრებულთა ზედა მას შინა, რამეთუ ჭეშმარიტებით მომავლინა მე უფალმან თქუენდა მიმართ თქუმად ყურთა შორის თქუენთა ყოველთა ამათ სიტყუათა.
16 უთხრეს მთავრებმა და მთელმა ერმა მღვდლებსა და წინასწარმეტყველთ: არ არის ეს კაცი სასიკვდილო, რადგან უფლის, ჩვენი ღვთის სახელით გველაპარაკება. 16 და თქუეს მთავართა და ყოველმან ერმან მღდელთა მიმართ და ცრუწინაწარმეტყუელთა მიმართ: არა არს კაცისა ამის სასჯელი სიკუდილისა, რამეთუ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა იტყოდა ჩუენდამო.
17 წამოდგნენ ქვეყნის უხუცესთაგანნი და უთხრეს ხალხის მთელს კრებულს: 17 და აღდგეს კაცნი მოხუცებულთა ქუეყანისათანი და თქუეს ყოველსა შესაკრებელსა ერისასა მეტყუელთა:
18 მიქა მორეშეთელიც წინასწარმეტყველებდა იუდას მეფის, ხიზკიას დროს და ეუბნებოდა მთელს იუდას: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ყანად გადაიხნებაო სიონი და ქვის გროვად იქცევაო იერუსალიმი და ტაძრის მთა ტყის ბორცვადო. 18 მიქეა მორათელი იყო წინაწარმეტყუელ დღეთა შინა ეზეკია მეფისა იუდაჲსთა, და ჰრქუა ყოველსა ერსა იუდაჲსსა მეტყუელმან: ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან: სიონი, ვითარცა ყანაჲ, მოერქუნოს და იერუსალემი, ვითარცა ხილისსაცავი, იყოს, და მთაჲ სახლისაჲ იყოს სერტყ მაღნარისა.
19 განა მოუკლავთ იგი იუდას მეფეს ხიზკიას და მთელს იუდას? ხომ შეეშინდათ უფლისა და დაუწყეს ვედრება უფალს, და უფალმაც ხომ თავი შეიკავა ბოროტისგან, რასაც უპირებდა მათ. ჩვენ კი დიდ ბოროტებას ჩავდივართ ჩვენივე თავისთვის. 19 ნუ მომკლველმან მოკლა იგი ეზეკია, მეფემან იუდაჲსმან, და ყოველმან იუდამან? არა, რამეთუ შეიშინეს უფლისა და რამეთუ ევედრნეს პირსა უფლისასა, და დასცხრა უფალი ბოროტთაგან, რომელნი თქუნა მათ ზედა, და ჩუენ ვქმნენით ძჳრნი დიდნი სულთა ჩუენთა ზედა.
20 ერთი ვინმეც წინასწარმეტყველებდა უფლის სახელით - ურია შემაყიას ძე, კირიათ-იეყარიმიდან. წინასწარმეტყველებდა ამ ქალაქისა და ამ ქვეყნის წინააღმდეგ სწორედ იერემიას სიტყვებით. 20 და კაცი ვინმე იყო მწინაწარმეტყუელებელი სახელითა უფლისათა, ურია, ძე სამეასი, კარიათიარიმით, და წინაწარმეტყუელებდა ქალაქსა ამას ზედა და ქუეყანისა ამისთჳს ყოველთაებრ სიტყუათა იერემიასთა.
21 როცა გაიგეს მისი ნათქვამი მეფე იეჰოაკიმმა, მისმა მოყმეებმა და მთავრებმა, მოსაკლავად დაუწყო ძებნა მეფემ. გაიგო ურიამ, შეშინდა და ეგვიპტეში გაიქცა. 21 და ესმა მეფესა იოაკიმს და ყოველთა ძლიერთა მისთა და ყოველთა მთავართა სიტყუანი მისნი, და ეძიებდეს მოკლვად მას. და ესმა ურიას და შეეშინა, და ივლტოდა და შევიდა ეგჳპტედ.
22 გააგზავნა მეფე იეჰოაკიმმა კაცები - ელთანან ყაქბორის ძე და სხვები მასთან ერთად ეგვიპტეში. 22 და განავლინნა მეფემან იოაკიმ იელდათარ, ძე ოხრისი, და კაცნი მის თანა ეგჳპტედ.
23 გამოიყვანეს ურია ეგვიპტიდან და მიჰგვარეს მეფე იეჰოაკიმს, რომელმაც მახვილს მისცა იგი და მისი გვამი მდაბიორთა სასაფლაოზე გადააგდებინა. 23 და გამოიყვანეს იგი მიერ და მოიყვანეს იგი მეფისა მიმართ იოაკიმისსა. და მოკლა იგი მახჳლითა და შთააგდო იგი სამარესა ძეთა ერისა მისისათასა,
24 ხოლო იერემიას ახიკამ შაფანის ძის ხელი იფარავდა, რომ ხალხის ხელში არ ჩავარდნილიყო და არ მოეკლათ. 24 გარნა ჴელი აქიკამისი, ძისა საფანისი, იყო იერემიაჲს თანა არამიცემად, იგი ჴელთა ერისათა, არმოკლვად იგი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე