ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ ნათქვამი ყველა იუდაელზე, ვინც ეგვიპტის ქვეყანაში ცხოვრობდა - მიგდოლში, თახფანხესში, ნოფში და ფათროსის მხარეში.

1

სიტყუაჲ ქმნილი იერემიას მიმართ უფლისა მიერ ყოველთა ზედა იუდეანთა, დამკჳდრებულთა ეგჳპტეს შინა და მსხდომარეთა შორის ტაფნასა და მაადულოსა და მემფისა და ქუეყანასა შინა პათურისსა მეტყუელი:

2 ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თქვენ თავად ნახეთ ყველა უბედურება, რაც იერუსალიმს და იუდას ქალაქებს დავათიე. აჰა, უკვე დანგრეულია და უკაცრიელი 2 ესრეთ თქვა უცალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: თქუენ იხილენით ყოველნი ძჳრნი, რომელნი მოვჴადენ იერუსალემსა ზედა და ქალაქთა ზედა იუდაჲსთა, და აჰა, არიან უშენ დღესა ამას მკჳდრთაგან
3 იმ ბოროტების გამო, რასაც ჩემს გასაჯავრებლად ჩადიოდნენ, რომ უკმევდნენ და ემსახურებოდნენ უცხო ღმერთებს, რომელთაც არც თვითონ იცნობდნენ და არც მათი მამა-პაპა იცნობდა. 3 პირისაგან უკეთურებისა მათისა, რომელი ქმნეს განსამწარებელად ჩემდა წარსრულთა კუმევად და კუთნვად ღმერთთა სხუათა, რომელნი არ იცოდენით თქუენ და მამათა თქუენთა,
4 ვგზავნიდი მათთან ჩემს მორჩილთ, წინასწარმეტყველთ, გამუდმებით ვგზავნიდი და ვაბარებდი: ნუ ჩაიდენთ სიბილწეს, რომელიც მე მძულს-მეთქი; 4 და მივავლენდ თქუენდა ყრმათა ჩემთა წინაწარმეტყუელთა აღმსთობი და მიმავლენელი და მეტყუელნი: ნუ იქმთ საქმესა შეგინებისა ამისსა, რომელი მოვიძულე.
5 მაგრამ არ გაიგონეს და ყური არ მათხოვეს, რომ მოქცეულიყვნენ ბოროტებისგან და აღარ ეკმიათ უცხო ღმერთებისთვის. 5 და არა ისმინეს ჩემი, და არა მოყვეს ყური მათი მოქცევად უკეთურებისაგან მათისა, არკუმევისა ღმერთთა სხვათასა.
6 გადმოინთხა ჩემი რისხვა და წყრომა, და მოედო იუდას ქალაქებს და იერუსალიმის ქუჩებს; ნანგრევებად იქცნენ და გაუდაბურდნენ, როგორც დღეს არის. 6 და დასწუთა რისხვაჲ ჩემი და გულისწყრომაჲ ჩემი, და აღეტყინა ცეცხლი ბჭეთა შორის იუდაჲსათა და გარეშე იერუსალჱმსა და იქმნეს აღსაოჴრებელად და უგზოდ, ვითარცა დღესა ამას.
7 ახლა ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: რატომ სჩადიხართ დიდ ბოროტებას თქვენივე თავის წინააღმდეგ, რომ ამოგეძირკვოთ იუდადან მამრი და დედრი, ბავშვები და ძუძუმწოვრები, ისე რომ თქვენი ნატამალიც აღარ დარჩეს? 7 და აწ ესრეთ თქუა უფალმან საბაოთისამან, ღმერთმან ისრაჱლისმან: რაჲსათჳს თქუენ იქმთ ბოროტთა დიდთა სულთა ზედა თქუენთა? მოკუეთად თქუენი მამაცი და დიაცი, ჩჩჳლი და მწოარი შორისისაგან იუდაჲსასა არდატევებისათჳს თქუენგანსა არცა ერთსა,
8 რატომ მაჯავრებთ თქვენი ხელის ნამოქმედარით, რომ უკმევთ უცხო ღმერთებს ეგვიპტის ქვეყანაში, სადაც საცხოვრებლად მოხვედით? რად გინდათ რთმ ამოიძირკვოთ და შესაჩვენებელი და შესარცხვენელი გახდეთ ქვეყნის ყველა ხალხს შორის? 8 განმწარებისათჳს ჩემისა საქმეთა მიერ ჴელთა თქვენთაჲსა, კუმევითა ღმერთთა სხუათათა ქუეყანასა ეგჳპტისასა, სადა შეხუედით მსხემობად მუნ, რაჲთა აღმოიჭრნეთ და რაჲთა იქმნეთ საწყევარად და საყუედრელად წარმართთა შორის
9 ხომ არ დაგვიწყნიათ ბოროტებანი, რომელთაც თქვენი მამა-პაპა, იუდას მეფეები, მათი ცოლები, თქვენ და თქვენი ცოლები სჩადიოდით იუდას ქვეყანაში და იერუსალიმის ქუჩებში? 9 არდავიწყებითა თქვენგან ძჳრთა მამათა თქუენთასა, და ძჳრთა თქუენთა, და ძჳრთა მეფეთა იუდაჲსათასა, და ძჳრთა ცოლთა მათთასა და ძჳრთა ცოლთა თქუენთასა, რომელნი ქმნეს ქუეყანასა შინა იუდაჲსასა და გარეშე იერუსალჱმისა.
10 დღემდე არ გამტყდარან და არ შეშინებულან, არ შედგომიან ჩემს რჯულსა და წესს, რომელიც თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის მაქვს მიცემული. 10 და არა დასცხრეს ვიდრე დღისამდე ამის, და არ შეიშინეს, და არცა ერჩდეს შჯულთა ჩემთა, და არა ვიდოდეს უკანა ბრძანებათა ჩემთა, რომელნი მივსცენ წინაშე პირსა მამათა მათთასა და წინაშე პირსა მათსა.
11

ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი; აჰა, საუბედუროდ და ამოსაძირკვად მივაქცევ პირს მთელი იუდასკენ.

11

ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისა: აჰა, მე დავამტკიცებ პირსა ჩემსა თქუენ ზედა ბოროტთათჳს მოსრულება ყოვლისა იუდაჲსასა.

12 ავიყვან იუდას ნატამალს, რომელმაც პირი მიაქცია ეგვიპტეში წასასვლელად და იქ საცხოვრებლად, და გაწყდება ყველა ეგვიპტის ქვეყანაში. დაეცემიან მახვილით და შიმშილით გაწყდებიან; დიდიან-პატარიანად მახვილით და შიმშილით დაიხოცებიან; შესაჩვენებელი, შესაზარებელი, შესაგინებელი და შესარცხვენელი გახდებიან. 12 და მიიხუნენ დანაშთომნი იუდაჲსნი დამსხმელნი პირთა მათთანი შესლვად ქუეყანად ეგჳპტისა მსხემობად მუნ, წარწყმედისათჳს ყოველთა ნაშობთა იუდაჲსათა ეგჳპტესშინათა. და დაეცნენ მახჳლისა მიერ და სიყმილისა, და მოაკლდენ კნინითგან ვიდრე დიდადმდე, და მახჳლითა და სიყმილითა მოკუდენ, და იყუნენ საფიცად და წარსაწყმედელად, დასაწყევარად და საყუედრელად.
13 დავსჯი ეგვიპტის ქვეყანაში მცხოვრებლებსაც, როგორც იერუსალიმი დავსაჯე მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით. 13 და ზედმივიხილო მსხდომარეთა ზედა ეგჳპტეს შინა, ვითარცა ზედმივიხილე იერუსალჱმსა ზედა მახჳლისა მიერ და სიყმილისა და სიკუდილისა.
14 არავინ დარჩება იუდას ნატამალიდან, ვინც ეგიპტეში ჩავიდა საცხოვრებლად, რომ უკან დაბრუნდეს იუდას ქვეყანაში, საითკენაც ეწევა მათ გული, რომ დაბრუნდეს იქ დასასახლებლად; რადგან ვერავინ დაბრუნდება ლტოლვილთა გარდა. 14 და არა იყოს მათდა განრინებული, არცა დაშთომილი არცა ერთი ნეშტთაგანი იუდაჲსათა მოსრულთაჲ მსხემობად ქუეყანასა შორის ეგჳპტისასა, მიქცევად ქუეყანადვე იუდაჲსსა, რომელსა ზედა იგინი ესვენ სულითა მათითა მიქცევად მუნ, არა მიიქცენ თჳნიერ მხოლოდ განლტოლვილნი, ესე იგი არს, განრომილნი.
15 მაშინ კაცებმა, რომელთაც იცოდნენ, რომ მათი ცოლები უცხო ღმერთებს უკმევდნენ, და იქ დიდ ჯგუფად მდგარმა დედროვანმა - მთელმა ხალხმა, ვინც ეგვიპტის ქვეყანაში, ფათროსში ცხოვრობდა, მიუგეს იერემიას: 15 და მიუგეს იერემიას ყოველთა მამაკაცთა მეცნიერთა, ვითარ უკმევენ ცოლნი მათნი ღმერთთა სხვათა და ყოველთა დედათა მდგომარეთა, შესაკრებელმან დიდმან და ყოველმან ერმან მსხდომარეთა ქუეყანასა ეგჳპტისასა, ქუეყანასა პათოქსისასა, მეტყუელთა:
16 არ ვაპირებთ დავუჯეროთ შენს სიტყვას, რაც უფლის სახელით გვითხარი, 16 სიტყუაჲ, რომელ სთქუ ჩუენდამო სახელითა უფლისაჲთა, არა გისმინოთ შენ,
17 არამედ ყველაფერს ჩვენი სიტყვისამებრ გავაკეთებთ. კვლავაც ვუკმევთ საკმეველს ცის დედოფალს და საღვრელს დავუღვრით, როგორც ვაკეთებდით ჩვენ და ჩვენი მამა-პაპა, ჩვენი მეფეები და მთავრები იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში. ვძღებოდით პურით, კარგად ვიყავით და უბედურება არ გვინახავს. 17 რამეთუ მყოფელთა ვყოთ ყოველი სიტყუაჲ, რომელი გამოვიდეს პირისაგან ჩუენისა კუმევად მეფეას ცისასა და ზორვად მისსა საზორველთა, ვითარიგი ვყავთ ჩუენ, და მამათა ჩუენთა, და მთავართა ჩუენთა და მეფეთა ჩუენთა ქალაქთა შინა იუდაჲსათა და გამოსავალთა იერუსალჱმისათა, და აღვივსენით პურითა, და ვიქმნენით ტკბილ და ძჳრნი არ ვიხილენით.
18 რაც ცის დედოფლისადმი კმევა შევწყვიტეთ და საღვრელს აღარ ვუღვრით, ყველაფერი დაგვაკლდა და მახვილით და შიმშილით ვიხოცებით. 18 და ვითარცა მოვაკლეთ მკუმეველთა მეფიას ცისასა, და მზორველთა მისდა საზორველთასა ნაკლულევან ვიქმნენით ყოველნი ჩუენ, და მახჳლისა მიერ და სიყმილისა მოვაკლდით.
19 როცა ვუკმევთ ცის დედოფალს და საღვრელს ვუღვრით, განა ჩვენი ქმრების უჩუმრად ვუცხობთ მოხატულ კვერებს და ვუღვრით საღვრელს? 19 და დედათა თქუეს: და რამეთუ უკმევთ ჩუენ მეფეას ცისასა და უზორავთ მას საზორველთა, ნუ თჳნიერ ქმართა ჩუენთასა უქმენით მას მსუნევანნი, და უგენით მას საგებნი.
20 უთხრა იერემიამ მთელს ხალხს - მამროვანს და დედროვანს, და ყველას, ვინც ამგვარად უპასუხა მას: 20 და ჰრქუა იერემია ყოველსა ერსა ძლიერთა და დედებსა, და ყოველსა ერსა მიმგებელთა მისდა სიტყუათასა მეტყუელმან:
21

განა არ გაიხსენა უფალმა, განა არ მოაგონდა, რომ აკმევდით თქვენ და თქვენი მამა-პაპა, თქვენი მეფეები და მთავრები იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქაჩებში?

21

არა საკუმეველსა რომელსა აკუმევდით ქალაქთა შორის იუდაჲსათა და გამოსავალთა შორის იერუსალჱმისათა თქუენ და მამანი თქუენნი, და მეფენი თქუენნი, და მთავარნი თქუენნი და ერი ქუეყანისაჲ? მოიჴსენა უფალმან და აღვიდა გულსა ზედა მისსა.

22 აღარ შეეძლო უფალს მოეთმინა თქვენი ავი საქმეები და სისაძაგლენი, რასაც სჩადიოდით, და შეიქნა თქვენი ქვეყანა უდაბური, გატიალებული, დაწყევლილი და უკაცრიელი, როგორც დღეს არის. 22 და ვერ უძლებდა მერმე თავს-დებად უფალი პირისაგან უკეთურებისა სიმარჯუეთა თქუენთაჲსა და საძაგელებათა თქუენთაჲსა, რომელნი ჰქმნენით, და იქმნა ქუეყანაჲ თქუენი მოსაოჴრებელად, და უვალად და საწყევარად არყოფისა მიერ მკჳდრთასა, ვითარცა დღესა ამას პირისაგან,
23 იმის გამო, რომ აკმევდით და სცოდავდით უფალს, არ გესმოდათ უფლის ხმა და არ მისდევდით მის რჯულს, მის წესებს და დარიგებებს. ამის გამო გეწიათ თქვენ ეს უბედურება, დღეს რომ გჭირთ. 23 რომლითა უკუმევდით და რომლითა შესცოდეთ უფალსა, და არა ისმინეთ ჴმისა უფლისაჲ, და შჯულსა შინა მისსა და წამებათა შორის მისთა, და ბრძანებათა ზედა მისთა არა ხჳდოდეთ. და გპოვნეს თქუენ ბოროტთა ამათ, ვითარცა დღესა ამას.
24 უთხრა იერემიამ მთელს ხალხს და მთელს დედროვანს: ისმინე უფლის სიტყვა, მთელო იუდა, ვინც კი ხართ ეგვიპტის ქვეყანაში. 24 და ჰრქუა იერემია ყოველსა ერსა და დედებსა: ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველმან იუდამან ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა.
25 ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: დედროვანო რასაც თქვენი ბაგეები ამბობდნენ, თქვენი ხელებიც იმას აკეთებდნენ: აღთქმები უნდა შევასრულოთ, უნდა ვუკმიოთ ცის დედოფალს და საღვრელი უნდა დავუღვაროთო! კარგადაც დაგიცავთ აღთქმები, ბეჯითად შეგისრულებიათ! 25 ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ: თქუენ და ცოლთა თქუენთა სთქუთ პირითა თქუენითა, და ჴელითა თქუენითა აღასრულეთ მეტყუელთა: მყოფელთა ყვნეთ აღსაარებანი ჩუენნი, რომელნი აღვიარენით კუმევად მეფიას ცისასა, და სწრაფაჲ გებად მისსა საგებთა დადგრომილნი დაადგერით აღსარებათა თქუენთა, და მყოფელთა ჰყვენით აღთქმანი თქუენნი.
26 ამიტომ ისმინე უფლის სიტყვა, მთელო იუდავ, ეგვიპტის ქვეყნად მცხოვრებო! აჰა, ჩემს დიად სახელს ვფიცავ, ამბობს უფალი, თუ ამიერიდან ერთმა იუდაელმა მაინც ახსენოს მთელს ეგვიპტეში ჩემი სახელი, ისე უფალმა იცოცხლოსო. 26 ამისთჳს ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველმან იუდამან, მსხდომარეთა ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა: აჰა, მე ვფუცე სახელსა ჩემსა დიდსა, - თქუა უფალძან ღმერთმან: უკუეთუ იყოს მერმე სახელი ჩემი წოდებულ პირითა ყოვლისა იუდეანისა მეტყუელისაჲთა. ცხოველ არს უფალი ღმერთი ყოველსა შინა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
27 აჰა, თქვენს საუბედუროდ ვიზრუნებ თქვენზე, არა სასიკეთოდ, და მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დაილევა ეგვიპტეში მყოფი ყველა იუდაელი, ვიდრე საბოლოოდ არ დაილევიან. 27 რამეთუ მე ვიღჳძე ბოროტებად მათდა, და არა კვთილობად და მოაკლდეს ყოველი იუდაჲ, დამკჳდრებულნი ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა მახჳლისა მიერ და სიყმილისა, ვიდრემდის არა მოაკლდენ.
28 მახვილს გადარჩენილნი, ძალზე მცირენი, დაბრუნდებიან ეგვიპტიდან იუდას ქვეყნად; მაშინ გაიგებს იუდას ნატამალი, რომელიც ეგვიპტეში ჩავიდა, საცხოვრებლად, ვისი სიტყვა ახდება: ჩემი თუ მათი? 28 და განრინებულნი მახჳლისაგან მიიქცენ ქუეყანით ეგჳპტით, ქუეყანად იუდასასა კნინნი რიცხჳთა, და ცნან ყოველთა ნეშტთა იუდაჲსათა, მსხემთა ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა, სიტყუაჲ, თუ ვისი დაადგრეს - ჩემი ანუ მათი.
29 ეს იყოს იმის ნიშნად, ამბობს უფალი, რომ დაგსჯით ამ ადგილზე, რათა იცოდეთ, რომ უსათუოდ ახდება ჩემი სიტყვები თქვენდა საუბედუროდ. 29 და ესე თქუენდა სასწაულ, იხილო, რამეთუ მე ზედმოვიხილო თქუენ ზედა ადგილსა ამას შინა ბოროტებად, რათა სცნათ, ვითარმედ დადგრომით დაადგრენ სიტყვანი ჩემნი თქუენ ზედა ბოროტებად.
30 ასე თქვა უფალმა: აჰა, ჩავაგდებ ფარაონ ხოფრას, ეგვიპტის მეფეს, მისი მტრებისა და მესისხლეების ხელში, როგორც ციდკია იუდას მეფე ჩავაგდე ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის - მისი მტრისა და მესისხლის ხელში. 30 ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მე მივსცემ ფარაოს, უფროსსა მეფისა ეგჳპტისასა განცემულად ჴელებსა მტერთა მისთასა და ჴელებსა მეძიებელთა სულისა მისისათასა, ვითარცა მივეც სედეკია, მეფე იუდაჲსი, ჴელთა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვნისათა მტერისა მისისა და მეძიებელისა სულისა მისისათა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე