ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ყამონიანებზე. ასე ამბობს უფალი, ნუთუ შვილები არა ჰყავს ისრაელს? ნუთუ არა ჰყავს მემკვიდრე? აბა რატომ დაიმკვიდრა მალქომმა გადი და დასახლდა მისი ხალხი გადის ქალაქებში?

1

ძეთა ამმონისთა. ესრეთ თქუა უფალმან: ნუ ძენი არა არიან ისრაჱლსა შორის? ანუ დამპყრობელი არა არს მათ შორის? რაჲსათჳს დაიპყრა მელქომ გალადი? და ერი მათი ქალაქთა მათთა შინა მკჳდრ არს.

2 ამიტომაც, აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა ომის ყიჟინას გავაგონებ ყამონიანთა რახათს და უკაცრიელ ბორცვად გადაიქცევა; მისი დაბა-სოფლები ცეცხლში გადაიბუგება. ისრაელი დაიმკვიდრებს მათ სამკვიდრებელს, ამბობს უფალი. 2 ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და ვასმინო რაბათსა ზედა ძეთა ამმონისთასა შფოთი ბრძოლათა და იყოს უვალად და წარსაწყმედელად და ბომონნი მათნი ცეცხლისა მიერ დაიწუედ. და დაიპყრას ისრაჱლმან მთავრობაჲ მისი, თქუა უფალმან.
3 მოთქვამდე, ხეშბონო, რადგან გაძარცულია დაი. ჰკიოდეთ, რაბათელო ქალებო, ჩაიცვით ჯვალო, მოთქვამდეთ და ფარეხ-ფარეხ წანწალებდეთ! რადგან ტყვეობაში წავა მალქომი და მისი ქურუმები და მთავრები მასთან ერთად. 3 ღაღადებდ, ესებონ, რამეთუ მოისპო ძალი გაისაჲ. ღაღად-ყავთ, ასულნო რაბბათისანო, მოირტყთ ძაძები და იპყრობვოდეთ და იტყებდით და რბიოდეთ ზღუდეთა ზედა, რამეთუ მელქომ ტყუეობად ვალს, მღდელნი მისნი და მთავარნი მისნი ერთბამად,
4 რად იკვეხნი შენს ხეობებს? წაილეკა შენი ხეობები, განდგომილო ასულო, საგანძურების იმედი რომ გაქვს, ვინ მოვაო ჩემთან? 4 რამეთუ სიხარული ველთა შორის ენაკიმისთა, განკფდეს ველნი შენნი, ასულო უგლიმობისაო, მოსავობაჲ საუნჯეთა ზედა მისთა, მეტყუელი: ვინ ზედმოვიდეს ჩემ ზედა.
5 აჰა, დაგცემ შიშის ზარს, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ყოველის მხრიდან; ყველანი ცალ-ცალკე განიდევნებით და ვეღარავინ შეგკრებთ გზადაკარგულებს. 5 აჰა, მე მოვიღო შიში შენ ზედა, - თქუა უფალმან ძალთამან, - ყოველთაგან გარემოსმყოფთა შენთა და განიწესოს კაცადი პირისა კერძ თჳსისა და არა არს, რომელმან შეკრიბოს ტყუექმნილი
6 მერე კი დავაბრუნებ ყამონიანთა ტყვეებს, ამბობს უფალი. 6 და ამის შემდგომად მოვაქციო ტყუეობაჲ ძეთა ამმონისთაჲ, - თქუა უფალმან,
7 ედომზე. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ნუთუ აღარ არის სიბრძნე თემანში? ნუთუ გაცუდდა გონიერთა თათბირი და დაიკარგა მათი სიბრძნე! 7 იდუმეასა, ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ: არღა არს მერმე სიბრძნე შორის თემანსა, წარწყმდა განზრახვაჲ გონიერთაგან, წარჴდა სიბრძნე მათი,
8 გაიქეცით, გაბრუნდით, ქვაბებში შეიხიზნეთ, დედანის მკვიდრნო! რადგან უბედურება მომაქვს ესავისთვის, მისი განკითხვის ჟამი. 8 დაითრგუნა ადგილი მათი, დააღრმეთ თქუენდად დასაჯდომელად მკჳდრთა დედანისათა, რამეთუ ძნელნი ქმნნა. მივავლინე მას ზედა ჟამსა შინა, რომელსა ზედმივჰხედე მას.
9 ყურძნის მკრეფავნიც რომ შემოგსეოდნენ, ორიოდე კუფხალი მათაც გადარჩებოდათ, ღამის ქურდები მხოლოდ თავის სამყოფს დაიტაცებდნენ. 9 რამეთუ მესთულენი მოვიდეს შენდა, რომელთა არ დაგიშთინონ შენ მოსაკუფხლველი, ვითარცა მპარავთა ღამესა შინა დადვან შენ ზედა ჴელი მათი.
10 რადგან მე გავძარცვე ესავი, გამოვამზეურე მისი დარანები, რომ ვეღარ დაიმალოს. განადგურდა მისი მოდგმა, მისი ძმები და მეზობლები, არავინ დარჩა. 10 რამეთუ მე შთამოვამჴუ ესავი, გამოვაცხადენ დაფარულნი მათნი. დაფარვად ვერ უძლონ, წარწყმედად თესლი მისი ჴელითა ძმისა მისისათა და მეზობლისათა.
11

დასტოვე შენი ობლები, მე ვარჩენ მათ; ჩემი იმედი ჰქონდეთ შენს ქვრივებს.

11

და არა არს მეტყუელი დატევებასა ობლისა შენისასა, რაჲთა ცხოვნდეს, და მე ვაცხოვნო იგი. და ქურივნი შენნი ჩემდამო ესვიდენ,

12 რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, იმან დასცალა თასი, ვისაც მისი შესმა არ ედო ვალად, შენ კი გინდა დაუსჯელი დამრჩე? არ დარჩები დაუსჯელი, უეჭველად შესვამ. 12 რამეთუ ამათ იტყჳ უფალი, - აჰა, რომელთა არა იყო შჯულ სუმად სასუმელი, მსუმელთა სუეს, და შენ უბრალოქმნილი არა უბრალო იქმნე, რამეთუ მსუმელი სუამს.
13 რადგან ჩემს თავს ვფიცავ, ამბობს უფალი, რომ შესაზარი, სამარცხვინო, უკაცრიელი და შესაჩვენებელი გახდება ბოცრა და უდაბნოდ გადაიქცევიან მისი დაბა-სოფლები სამარადისოდ. 13 რამეთუ თავისა მიმართ ჩემისა ვფუცე, - იტყჳს უფალი, - ვითარმედ უვალად და საყუედრელად და საწყევარად იყო შორის მისსა, და ყოველნი ქალაქნი მისნი იყვნენ ოჴერ უკუნისამდე.
14 ხმა მომწვდა უფლისგან და მაცნეები დაეგზავნათ ხალხებს: შეიკრიბეთ და წადით მის წინააღმდეგ, აღდექით საბრძოლველად! 14 სასმენელი მესმა უფლისაგან. და მიმთხრობელნი წარმართთა მიმართ მიავლინნა: შეკერბით და მოვედით მისსა, და არ დააცალონ ბრძოლად მის ზედა,
15 რადგან, აჰა, დაგამცირე ხალხთა შორის, საძულველი ხარ ადამის მოდგმაში. 15 რამეთუ, აჰა, კნინღა მიგეც შენ წარმართთა შორის და ადვილ საწუნელ კაცთა შორის.
16 შენმა კერპმა შეგაცდინა, შენმა გულზვიადობამ; კლდის ნაპრალებში დასახლებულხარ, მაღლა მათაზეა შენი სადგომი. არწივივით მაღლაც რომ მოიიწყო ბუდე, იქიდანაც ჩამოგაგდებ, ამბობს უფალი. 16 ლაღობამან გულისა შენისამან გიწყნა შენ ესენი, უგლიმობამან გულისა შენისამან მყოფ გქმნა ჴურელებსა კლდეთასა. შეიპყრა ძალი ბორცჳსა მაღლისა, რამეთუ აღამაღლო თუ, ვითარცა არწივმან, ბუდებნი, მიერ გარდამოაგდებენ, - თქვა უფალმან.
17 შესაზარი გახდება ედომი, შეძრწუნდება ყოველი ჩამვლელი და სტვენას მოჰყვება, მისი ჭრილობების შემხედვარე. 17 და იყოს იდუმეაჲ უვალად, ყოველი თანწარმავალი მის ზედა განჰკრთეს და დაისტჳნოს ყოველსა ზედა წყლულსა მისსა,
18 როგორც დაიქცნენ სოდომი და გომორა და მისი მეზობელი დაბები, ამბობს უფალი, ასევე კაციშვთლი არ გაჩერდება იქ და არც არავინ დასახლდება. 18 ვითარცა დაიქცა სოდომაჲ და გომორრაჲ და მოზღვრენი მათნი, - თქვა უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, არა დაჯდეს მუნ კაცი და არ დაიმკჳდროს მუნ ძემან კაცისამან.
19 აჰა, ლომივით გამოდის იგი იორდანეს ჭალებიდან ნოყიერი საძოვრებისკენ. წამისყოფაში გავაქცევ ქვეყნიდან და ჩემს რჩეულს ჩავაბარებ მას. რადგან ვინ არის ჩემი მსგავსი? ვინ რას მიბრძანებს? რომელი მწყემსია, წინ რომ დამიდგეს? 19 აჰა, ვითარცა ლომი აღმოვიდეს საშუალით იორდანისაჲთ ადგიდ ეთამისა, რამეთუ მსთუად განვდევნნე იგინი მისგან და ჭაბუკნი დაადგინენით მის ზედა. ვინ არს რჩეულ მისსა მიმართ? მე ვიხილო, რამეთუ ვინ არს ვითარ მე, და ვინ წინა აღმიდგეს მე, და ვინ ესრეთ მწყემსი, რომელი დადგეს წინაშე პირსა ჩემსა?
20 ამიტომ მოისმინეთ უფლის განაჩენი, რომელიც ედომს განუჩინა და ზრახვანი, რაც თემანის ხალხზე განიზრახა: ნახეთ, თუ არ წაათრიონ ისინი მწყემსის ბიჭებე, თუ თავზე არ დაუმხონ ფარეხები! 20 ამისთჳს ისმინეთ განზრახვა უფლისაჲ, რომელი განიზრახა იდუმეას ზედა და გულისსიტყუაჲ მისი, რომელი სიტყუა დამკჳდრებულთა ზედა თემანისათა? არა თუ თანაღირიცხუნენ მათსა უუნდოესნი ცხოვართანი? არა თუ უვალ იქმნნეს მათ ზედა სავანე მათი?
21

მათი დაცემის ხმა მიწას შეარყევს, მისი კივილი მეწამულ ზღვას მისწვდება.

21

რამეთუ ჴმისაგან დაცემულებისა მათისა შეირყია ქუეყანა, და ღაღადება შენი ზღვისა შორის მეწამულისა ისმა.

22 აჰა, აიწევა როგორც არწივი, გაფრინდება და ფრთებს გადმოშლის ბოცრაზე. ედომელ ვაჟკაცთა გული მშობიარე დიაცთა გულივით გახდება იმ დღეს. 22 აჰა, ვითარცა არწივი აღვიდეს და იხილვოს და განმარტნეს ფრთენი თჳსნი სიმაგრეთა ზედა მისთა, და იყოს გული ძლიერთა იდუმეასათა მას დღესა შინა, ვითარცა გული დედაკაცისა მლმობიარისა.
23 დამასკოზე გაწბილდნენ ხამათი და არფადი, რადგან ცუდი ამბები მოუვიდათ. შეშფოთდნენ; ზღვაზე ღელვაა და ვერ ისვენებენ. 23 დამასკოსა: ჰრცხუენა ემათსა და არფათსა, რამეთუ სასმენელი ბოროტი ესმაყე, განჰკრთეს ზღჳსა შორის, გულმწყრალ იქმნეს, განსუენებად ვერ შეუძლონ.
24 შედრკა დამასკო, ზურგი იბრუნა და გაიქცა, კანკალმა აიტანა, ტკივილმა და კრუნჩხვამ დაუარა მშობირე ქალივით. 24 მოკლებულ იქმნა დამასკოჲ. მიიქცა სივლტოლად და განვარდა, ძრწოლამან შეიპყრა იგი, სალმობამან მოიცვა, ვითარცა მშობი.
25 როგორ ვერ გადარჩა დიდების ქალაქი, ჩემი მხირული სადგომი! 25 ვითარ არა დაუტევა ქალაქი ჩემი, დაბაჲ შეიყვარა?
26 ამიტომაც დაეცემიან ჭაბუკები მის მოედნებზე და ყველა მებრძოლი გაწყდება იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი. 26 ამისთჳს დაეცნენ ჭაბუკნი შენნი უბანთა შენთა ზედა, და ყოველნი კაცნი შენნი მბრძოლნი დაეცნენ მას დღესა შინა, - ჰრქვა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან, -
27 ცეცხლს წავუკიდებ დამასკოს გალავანს და შეჭამს იგი ბენ-ჰადადის პალატებს. 27 და აღვაგზნა ცეცხლი ზღუდეთა ზედა დამასკისათა, და შეჭამნეს ურაკნი ძისა ადერისნი.
28 კედარზე და ხაცორის სამეფოებზე, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ დაამარცხა, ასე ამბობს უფალი: აღდექით და დალაშქრეთ კედარი და გაძარცვეთ აღმოსავლელნო. 28 კიდარს, მეფისა ეზოჲსსა, რომელი მოსრა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, ესრეთ ჰრქუა უფალმან: აღდეგით და აღვედით კიდარსა ზედა, დაწყლენით ძენი კედემისნი,
29 წაიღებენ მათ კარვებსა და ცხვარს, დაიტაცებენ მათ კრეტსაბმელებს, ჭურჭლეულს და აქლემებს. თან მიაყვირებენ: შიშია ირგვლივ! 29 კარავნი მათნი და ცხოვარნი მათნი წარიხუენ, სამოსელნი მათნი და ყოველნი ჭურჭელნი მათნი და აქლემნი მათნი მიიყვანენ თავისა მათისად, და მოუწოდეთ მათ ზედა წარწყმედასა გარემოს,
30 გაიქეცით, იჩქარეთ, ქვაბებში შეიხიზნეთ, ხაცორის მკვიდრნო! ამბობს უფალი, რადგან თათბირი ქნა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ თქვენს წინააღმდეგ და განზრახვა განიზრახა თქვენს წინააღმდეგ. 30 ივლტოდეთ ფრიად, განჰკერთით, დააღრმეთ შთასაჯდომელად მსხდომარეთა ეზოსა შინა, - იტყჳს უფალი, - რამეთუ განიზრახა თქუენ ზედა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, განზრახვაჲ და ისიტყუა თქუენ ზედა გულისსიტყვა.
31

ადექით, დალაშქრეთ უზრუნველი ხალხი, იმედიანად მცხოვრებნი, ამბობს უფალი. არც კარები აქვთ, არც ურდული; მარტოდმარტო სახლობენ.

31

აღდეგით, აღვედით ნათესავსა ზედა კეთილმდგომსა და მყუდროსა და მჯდომარესა განსუენებულად, - იტყჳს უფალი, - რომლისა არა არიან კარებ, არა ვალანებ, არა მოქლონებ, მარტონი მევანეობენ.

32 დაიტაცებენ მათ აქლემებს და ნადავლად წაასხამენ ურიცხვ საქონელს; ოთხივ ქარისკენ გავფანტავ საფეთქელშეკრეჭილებს და ყოველს მხრიდან მოვუვლენ უბედურებას, ამბობს უფალი. 32 და იყვნენ აქლემნი მათნი სათავისო და სიმრავლე საცხოვართა მათთაჲ წარსაწყმედელ, და განუფიწლნე იგინი ყოველსა ქარსა, განრყუნილ პირნი მათნი. და ყოვლისაგან წიაღ კერძოჲსა მათისა ვყო ძლეულება მათი, - თქუა უფალმან,
33 ტურების ბუნაგად იქცევა ხაცორი, უდაბურ ადგილად უკუნისამდე! არ იცხოვრებს იქ კაციშვილი და ადამიანი აღარ დასახლდება. 33 და იყოს ეზო მათი საყოფელ სირთა და უგზო საუკუნომდე. არ დაემკჳდროს მუნ კაცი და არ დაჯდეს მუნ ძე მიწისნაშობისაჲ.
34 უფლის სიტყვა, რომელიც იყო იერემია წინასწარმეტყველის მიმართ ნათქვამი ელამზე იუდას მეფის, ციდკიას მეფობის დასაწყისში. 34 სიტყუა, რომელი იქმნა უფლისა მიერ იერემიაჲს მიმართ წინაწარმეტყუელისა, ელამისათჳს დასაბამსა მეფობისა სედეკიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა და თქუა:
35 ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, დავლეწავ ელამის მშვილდს, მისი ძლიერების დასაბამს; 35 ამათ იტყჳს უფალი ძალთა: აჰა, ესერა, შევჰმუსრო მშჳლდი ელამისა, დასაბამი მძლავრებისა მათისა.
36 მივუშვებ ელამზე ოთხ ქარს ცის ოთხივე კიდიდან და ამ ოთხივ ქარისკენ გავფანტავ მათ. არ იქნება ისეთი ხალხი, რომელთანაც არ მივიდეს გაფანტული ელამი. 36 და მოვხადო ელამსა ზედა ოთხთა ქართა, ოთხთაგან მწუერვალთა ცისათა და განვთესნე იგინი ყოველთა მიმართ ქართა ცისათა და არა იყოს ნათესავი, რომელ არა მოვიდეს მუნ განმაგაარებელნი ელამისნი,
37 შიშის ზარს დავცემ მათ მტრებისა და მესისხლეთა წინაშე; მოვუვლენ უბედურებას, ჩემს ცეცხლოვან რისხვას, ამბობს უფალი. მახვილს დავადევნებ უკან, ვიდრე არ მოვუღებ ბოლოს. 37 და შიშნეულ-ვყუნე იგინი წინაშე მტერთა მათთა, რომელნი ეძიებდეს სულთა მათთასა და მოვაწიო მათ ზედა რისხვისაებრ გულისწყრომისა ჩემისა, - იტყჳს უფალი, - და ზედმივავლინო უკუანა მათსა მახჳლი ჩემი, ვიდრე მოსპოლვადმდე მათდა.
38 ელამში დავიდგამ ტახტს და აღვგვი იქიდან მეფეებს და მთავრებს, ამბობს უფალი. 38 და დავდვა ელამს შინა საყდარი ჩემი და წარვწყმიდო მუნით მეფე და დიდ-დიდნი, - თქუა უფალმან,
39 ბოლოს კი დავაბრუნებ ელამელ ტყვეებს, ამბობს უფალი. 39 და იყოს უკანასკნელთა დღეთა, ზემოვაქციო ტყუეობა ელამისა, - იტყჳს უფალი, დაწყებასა მეფე-ყოფისა სედეკია მეფისასა იყო სიტყუა ესე ელამისთჳს ბაბილოვნელთა ზედა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე