ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ოცდაერთი წლის იყო ციდკიაჰუ, როცა გამეფდა და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისის სახელი იყო ხამიტალი, იერემიას ასული, ლიბნადან.

1

ოცდაერთის წლის იყო სედეკია მეფობასა შინა მისსა. და ერთდაათ წელ იმეფა იერუსალიმს შინა, და სახელი დედისა მისისაჲ ამიტალ, ასული იერემიასი, ევლოვენნაჲთ.

2 უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში ისევე, როგორც იეჰოიაკიმი იქცეოდა. 2 და ქმნა ბოროტი წინაშე თუალთა უფლისათა, ვითარსახედ ქმნა იოაკიმ,
3 ამიტომ უფლის რისხვა იყო იერუსალიმზე და იუდაზე იქამდე, რომ მოიშორა ისინი თავისი პირიდან. აუჯანყდა ციდკიაჰუ ბაბილონის მეფეს. 3 რამეთუ გულისწყრომაჲ უფლისაჲ იქმნა ძჳნად იერუსალჱმისა და იუდაჲსსა, ვიდრემდის არა განსთხინა იგინი პირისაგან მისისა და განდგა სედეკია მეფისაგან ბაბილონისასა.
4 მისი მეფობის მეცხრე წელს, მეათე თვეს, თვის ათში, წამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, მთელი თავისი ლაშქრით იერუსალიმზე და გარსშემოეწყო მას, მიწაყრილები აღმართა მის ირგვლივ. 4 და იქმნა წელსა მეცხრესა მეფობისა სედეკიასსა, თთუესა მეათესა, ათსა თთჳსასა. მოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისა, და ყოველი ძალი მისი იერუსალჱმსა ზედა, და გარემოპატნეზა იგი და გარემოაშენა მას მოთხვითთა ქვათა მომრგულები.
5 ალყაში იყო ქალაქი მეფე ციდკიაჰუს მეთერთმეტე წლამდე. 5 და მიიწია ქალაქი იწროებად და ვიდრე მეათერთმეტედ წლამდე მეფისა სედეკიაჲსსა,
6 მეოთხე თვეს, თვის ცხრაში, გაძლიერდა შიმშილი ქალაქში და არ იყო პური ქვეყნის ერისთვის. 6 თთუესა მეოთხესა, მეცხრესა თთჳსასა, და განმტკიცნა სიყმილი ქალაქსა შინა, და არა იყუნეს პურნი ერსა შორის ქუეყანისასა.
7 გაანგრიეს ქალაქი და მთელი მხედრობა გაიქცა და გავიდა ქალაქიდან ღამით იმ კარიბჭით, ორ კედელს შუა რომ არის, მეფის ბაღთან (ქალდეველები კი ქალაქს ერტყნენ), და დაადგნენ უდაბნოს გზას. 7 და განიბძარა ქალაქი, და ყოველნი კაცნი მებრძოლნი ივლტოდეს, და გამოვიდეს ქალაქისაგან ღამე გზასა ბჭისა საშუალისა ზღუდეთაჲსასა და წინმოზღუდვილობისასა, რომელი იყო მტილსა თანა მეფისასა და ქალდეველნი ქალაქსა ზედა გარემოჲს. და წარვიდეს გზასა ისრაელისასა.
8 დაედევნა ქალდეველთა ლაშქარი მეფეს და მიეწივნენ ციდკიაჰუს იერიხონის ვაკეებზე, და გაეფანტა მთელი ლაშქარი. 8 და სდევნა ძალმან ქალდეველთამან უკანა მეფისა, დაეწინეს მეფესა სედეკიას წიაღ იერიქოჲსა, უდაბნოს შინა, და ყოველნი ყრმანი მისნი განიბნინეს მისგან.
9 შეიპყრეს მეფე და მიჰგვარეს ბაბილონის მეფეს რიბლაში, ჰამათის ქვეყანაში, და გამოუტანა განაჩენი. 9 და შეიპყრეს მეფე სედეკია, და მოიყვანეს იგი მეფისა მომართ ბაბილონისა, დევლათად, ქუეყანად ემათისა, და ეზრახა მეფე ბაბილონისაჲ სასჯელისა თანა სედეკიას.
10 თვალწინ დაუკლა ბაბილონის მეფემ შვილები ციდკიაჰუს და იუდას ყველა მთავარიც დაკლა რიბლაში. 10 და მოსწყჳდნა მეფემან ბაბილონისამან ძენი სედეკიასნი წინაშე თუალთა მისთა, და ყოველნი მთავარნი იუდაჲსნი მოსწყჳდნა დევლათას შინა.
11 ციდკიაჰუს თვალები დათხარა, ბორკილები დაადო, წაიყვანა ბაბილონის მეფემ ბაბილონს, საპყრობილეში. 11

და თუალნი სედეკიაჲსნი დააბრმნა, და შეკრა იგი ბორკილებითა, და მიიყვანა იგი მეფემან ბაბილონისამან ბაბილონად, და მისცა იგი სახიდ წისქვილისა ვიდრე დღედმდე, რომელსა მოკუდა.

12

მეხუთე თვეს, თვის ათში - ეს იყო ნაბუქოდონოსორ ბაბილონის მეფის მეცხრამეტე წელი - მოვიდა ნებუზარადანი, ქონდაქართუხუცეხი, ბაბილონის მეფის წინაშე მდგომელი, იერუსალიმში.

12 და თთუესა მეხუთესა, მეათესა თთჳსასა. ესე წელიწადი ცხრა და მეათე ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონისა, მოვიდა ნაბუზარდან, მთავარქონდაქარი მდგომი წინაშე პირსა მეფისა ბაბილონისასა, იერუსალიმდ.
13 გადაწვა უფლის სახლი, მეფის სახლი და იერუსალიმის ყველა სახლი; ყველა დიდი სახლი ცეცხლში დაწვა. 13 და დაწუა სახლი უფლისაჲ, და სახლი მეფისაჲ, და ყოველნი სახლნი ქალაქისანი, და ყოველი სახლი დიდი მოცეცხლა ცეცხლითა;
14 მთელი კედელი იერუსალიმისა ირგვლივ დაანგრია ქალდეველთა ლაშქარმა, რომელიც ქონადაქართუხუცესს ახლდა. 14 და ყოველი ზღუდე იერუსალიმსა გარემოს დაარღჳა ძალმან ქალდეველთა მთავარქონდაქართამან.
15 ერის ღატაკთაგანნი, ერის დანაშთომი, რომელიც ქალაქში დარჩა, ბაბილონის მეფის მხარეზე გადასულნი და დანარჩენი სიმრავლე ხალხისა გადაასახლა ნებუზარადანმა ქონდაქართუხუცესმა. 15 ხოლო დავრდომილთაგანი ერისათანი და ნეშტი ერისაჲ და დაშთომილნი ქალაქსა შინა და მილტოლვილნი იგი შევრდომილნი მეფისა მიმართ ბაბილონისა და ნეშტი სიმრავლისაჲ განსახლნა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან.
16 ქვეყნის მდაბიორთაგან ნაწილი დასტოვა ნებუზარადინმა, ქონდაქართუხუცესმა, მევენახეებად და მხვნელ-მთესველებად. 16 ხოლო დავრდომილთაგან ქუეყანისათა დაუტევნა ნაბუზარდინ, მთავარქონდაქარმან, ვენაჴისმოქმედად და ქუეყანისმოქმედად.
17 სპილენძის სვეტები, უფლის სახლს რომ ჰქონდა, კვარცხლბეკები და სპილენძის ზღვა, უფლის სახლში რომ იყო, დალეწეს ქალდეველებმა და მთელი მათი სპილენძი ბაბილონში გაზიდეს. 17 და სუეტნი რვალისანი სახლისა უფლისანი, და ხარისხნი და ზღუაჲ რვალისაჲ სახლსა შინა უფლისასა შეჰმუსრეს ქალდეველთა, და მიიღეს ყოველი რვალები მათი ბაბილონად.
18 ქვაბები, აქანდაზები, დანები, თასები, კოვზები და ყოველი სპილენძის ჭურჭელი, სამსახურებელი, გაზიდეს. 18 და ხჳრები, და საპყრობელები, და გჳრგჳნი, და სავსები, და ფიალები, და ფუცხუები, და ყოველნი ჭურჭელნი რვალისანი, რომელთა მიერ შემწირველობდეს მათ მიერ, წარიხუნეს.
19 თეფშები, მარწუხები, სასხურებლები, ქვაბები, ლამპრები, სასაკმეველები, საწდები, რაც ოქროსი და ვერცხლის იყო, გაზიდა ქონდაქართუხუცესმა. 19 და სასაკუმეველნი და ვეხნები, და საპფოთნი, და მაზმაროთნი, და საწურველები, და სასანთლეები და სამსხუერპლოები, და ჭაშაკები, რომელნი იყვნეს ოქროსანი და რომელნი იყვნეს ვეცხლისანი მიიხუნა მთავარქონდაქარმან.
20 ორი სვეტი, ერთი ზღვა და თორმეტი ხარი სპილენძისა საკვარცხლბეკედ, რომლებიც მეფე სოლომონმა გააკეთა უფლის სახლისთვის - ამ ჭურჭლის სპილენძს წონა არ ჰქონდა. 20 და სუეტთა ორთაჲ და ზღჳსა ერთისაჲ და ზუარაკთა ათორმეტთა რვალისათა ქუეშე კერძოთა ზღჳსათა, რომელნი ქმნნა მეფემან სოლომონ სახლსა შინა უფლისასა, არა იყო სასწორი რვალისა ყოველთა ამათ ჭურჭელთა.
21 თითოეული სვეტი თვრამეტი წყრთა იყო სიმაღლით და თორმეტი წყრთა ძაფი ჰქონდა ირგვლივ შემოვლებული; სისქე ოთხი თითის დადება ჰქონდა და ღრუ იყო. 21 და სუეტთაჲ, ოცდაათხუთმეტ წყრთა იყო სიმაღლე სუეტისა ერთისაჲ, და საბელი ათორმეტთა წყრთათაჲ გარეშესწუდებოდა მას და სისქე ოთხთა თითთაჲ გარემოჲს
22 სპილენძის გვირგვინი მათზე, გვირგვინის სიმაღლე ხუთი წყრთა იყო; ცხაური და ბროწეულები გვირგვინზე ირგვლივ - ყველაფერი სპილენძისა; ასეთივე იყო მეორე სვეტი ბროწეულებითურთ. 22

და სუეტისთავი მათ ზედა რვალისაჲ, და სიმაღლე სუეტისთავისა ერთისა ხუთ წყრთა. და ბადე და ბროწეულები სუეტისთავსა ზედა გარემოჲს ყოველნი რვალისანი, და ამათებრვე მეორესაცა სუეტსა რვაჲ ბროწეული (წყრთეულად ათორმეტთა წყრთათაჲ).

23

ბროწეულები ოთხმოცდათექვსმეტი იყო ყოველ მხარეს; სულ ასი იყო ბროწეული ცხაურზე, ირგვლივ.

23 და იყვნეს ბროწეულნი ოთხმეოცდაათექუსმეტ კერძოსა ერთსა, და იყვნეს ყოველნი ბროწეულნი ას ბადესა ზედა გარემოჲს.
24 წაიყვანა ქონდაქართუხუცესმა სერაია მღვდელმთავარი და სოფონია, მეორე მღვდელი, და სამი ზღურბლის მცველი. 24 და წარიყვანა მთავარქონდაქარმან სარეა, მთავარმღდელი პირველი, და სოფონია მღდელი მეორე და სამნი მცველნი გზათანი.
25 ქალაქიდან წაიყვანა ერთი საჭურისი, რომელიც მეომართა ზედამხედველად იყო, შვიდი კაცი, მეფის პირის მჭვრეტელი, რომლებიც ქალაქში აღმოჩნდნენ, მთავარი მწერალი მხედართმთავრისა, ქვეყნის ერის ჯარში გამწვევი, და სამოცი კაცი ქვეყნის ერიდან, ვინც ქალაქში აღმოჩნდნენ. 25 და ქალაქისაგან წარიყვანა საჭურისი ერთი, რომელი იყო ზედამდგომელი კაცთა მებრძოლთა და შჳდნი კაცნი სახელოანნი პირისწინაშენი მეფისანი, პოვნილნი ქალაქსა შინა, და მწიგნველი მთავარი ძლიერთაჲ, მწიგნველი ერისა მის ქუეყანისაჲ და სამეოცნი კაცნი ერისაგან ქუეყანისაჲსა, პოვნილნი შორის ქალაქისა.
26 წაიყვანა ისინი ნებუზარადან ქონდაქართუხუცესმა და მიჰგვარა ისინი ბაბილონის მეფეს რიბლაში. 26 და მიყვანნა იგინი ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან და მიიყვანნა იგინი მეფისა ბაბილონისაჲსა დევლათად.
27 დასაჯა ისინი ბაბილონის მეფემ და მოაკვდინა ისინი რიბლაში, ხამათის ქვეყანაში. გადასახლდა იუდა თავისი მიწა-წყლიდან. 27 და მოსწყვდნა იგინი მეფემან და მოაკუდინნა იგინი დევლათას შინა, ქუეყანასა ემათისასა, და განსახლულ იქმნა იუდა ზედაკერძოჲსაგან ქუეყანისა მისისა.
28 აჰა, ხალხი, რომელიც გადაასახლა ნაბუქოდონოსორმა: მეშვიდე წელს სამიათას ოცდასამი იუდაელი. 28 და ესე ერი, რომელი განასახლა ნაბუქოდონოსორ წელსა მეშჳდესა, იუდეანნი - სამ ათასნი და ოცნი და სამნი,
29 ნაბუქოდონოსორის მეჩვიდმეტე წელს იერუსალიმიდან რვაას მეტი სული. 29 წელსა რვა და მეათესა ნებუქოდონოსორისსა, იერუსალიმით სულნი რვაასოცდაათორმეტნი.
30 ნაბუქოდონოსორის ოცდამესამე წელს გადაასახლა ნებუზარადან ქონდაქართუხუცესმა შვიდასორმოცდახუთი სული იუდაელი; სულ ორმოციათას ექვსასი სული. 30 წელსა შინა სამ და მეოცესა ნაბუქოდონოსორისსა განასახლნა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან იუდეანთა სულები რვაასდაორმოც და ხუთნი, ყოველნი სულნი ოთხ ათას ექუსასნი.
31 იუდას მეფის იეჰოაქინის გადასახლების ოცდამეჩვიდმეტე წელს, მეთორმეტე თვეს, თვით ოცდახუთში, ევილ-მეროდაქმა, ბაბილონის მეფემ, თავისი გამეფების წელს თავი აუწია იეჰოაქინს, იუდას მეფეს, და გამოიყვანა ის სატუსაღოდან. 31

და იქმნა ოცდამეათშჳდმეტსა შინა წელსა განსახლვასა იოაკიმ მეფისა იუდაჲსსა. მეათესა თთუესა, მეოთხე და მეოცესა თთჳსასა, გამოიყვანა უკუეცა ულამედარახ მეფემან ბაბილონისამან წელსა შინა, რომელსა განმეფნა თავი იოაკიმისი, მეფისა იუდაჲსი, და გამოიყვანა იგი სახლისაგან, რომელსა შინა იცვებოდა.

32 კეთილად ელაპარაკა მას და დაუდგა ტახტი იმ მეფეთა ტახტზე მაღლა, რომლებიც მას ახლდნენ ბაბილონში. 32 და ეზრახა მას ტკბილთა და მისცა საყდარი მისი ზეშთა საყდრებსა მეფეთა მისთანათასა ბაბილონსა შინა.
33 გამოიცვალა სატუსაღო სამოსი და სულმუდამ მის წინაშე ჭამდა პურს, ვიდრე ცოცხალი იყო. 33 და უცვალა სამოსელი პყრობილებისა მისისაჲ, და ჭამდა პურსა მარადის წინაშე პირსა მისსა ყოველთა დღეთა, რომელთა ცოცხალ იყო.
34 შეუწყვეტელი სარჩო ეძლეოდა ბაბილონის მეფისგან ყოველდღიურად სიკვდილის დღემდე, ვიდრე ცოცხალი იყო. 34 და ჭამადი მისი ჭამადი მიმდემადი მიეცემოდა მას მეფისა მიერ ბაბილონისა დღისაგან დღისამდე ვიდრე დღისამდე, რომელსა მოკუდა ყოველთა დღეთა სიცოცხლისა მისისათა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე