ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი მეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან თქმული:

1

სიტყუა, რომელი იყო იერემიას მიმართ უფლისა მიერ და ჰრქუა:

2 დადექი უფლის სახლის კარიბჭესთან და გამოაცხადე იქ ეს სიტყვა, თქვი: ისმინე უფლის სიტყვა, მთელო იუდა, ვინც ამ კარიბჭეებით შემოდიხართ უფლის თაყვანისსაცემად. 2 დადეგ ბჭეთა სახლისა უფლისათა და აღმოიკითხე სიტყუა ესე და არქუ: ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველმან იუდეამან, რომელნი შეხუალთ ბჭეთა ამათ თაყუანის-ცემად უფლისა.
3 ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: გამოისწორეთ თქვენი ზნე და საქციელი, რათა მტკიცედ დაგასახლოთ ამ ადგილზე. 3 ამათ იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა: განჰმართლენით გზანი თქუენნი და სიმარჯუენი თქუენნი, და დაგამკჳდრნე თქუენ შორის ადგილსა ამას.
4 ნუ დაენდობით ცრუ სიტყვებს, რომ ამბობენ: უფლის ტაძარია, უფლის ტაძარია, უფლის ტაძარიაო აქ! 4 ნუ ესავთ თავთა თჳსთა სიტყუათა ზედა მტყუართა, ვითარმედ რაჲთურთით არას მარგებენ ჩუენ მეტყველნი: ტაძარი უფლისაჲ, ტაძარი უფლისაჲ, ტაძარი უფლისაჲ არს,
5 თუ გამოისწორებთ ზნესა და საქციელს, თუ სამართლიანად მოექცევით ერთმანეთს, 5 რამეთუ უკუეთუ განმმართებელთა განჰმართნეთ გზანი თქუენნი და სიმარჯუენი თქუენნი, და მყოფელთა ჰყოთ მსჯავრი შორის კაცისა და შორის მოყუსისა მისისა,
6 არ შეავიწროვებთ ხიზანს, ობოლსა და ქვრივს, არ დაღვრით უბრალო სისხლს ამ ადგილზე, არ გაჰყვებით უცხო ღმერთებს თქვენდა საზიანოდ, 6 და მწირსა და ობოლსა და ქურივსა არა ჰმძლავრობდეთ, და სისხლსა უბრალოსა არა დასთხევდეთ ადგილსა ამას შინა, და შემდგომად ღმერთთა უცხოთასა არა ხჳდოდით განბოროტებად თქუენდა.
7 მაშინ დაგასახლებთ ამ ადგილზე, ქვეყანაში, რომელიც მივეცი თქვენს მამა-პაპას უკუნითი უკუნისამდე. 7 და დაგამკჳდრნე თქუენ ადგილსა შინა თქუენსა, ქუეყანასა ზედა, რომელი მივეც მამათა თქუენთა საუკუნითგან და ვიდრე საუკუნომდე.
8 თქვენ კი დანდობილხართ ცრუ სიტყვებს, რომელთაც სარგებლობა არ მოაქვს. 8 ხოლო უკუეთუ თქვენ ესვიდეთ სიტყვათა მიმართ ცუდთა, ვინაჲ არას ირგებთ.
9 ქურდობთ, კაცისმკვლელობთ, ბოზობთ, ცრუდ იფიცავთ, ბაალს უკმევთ, მისდევთ უცხო ღმერთებს, რომელთაც არც იცნობდით, 9 და ჰმკლველობდეთ და იმრუშებდეთ და იპარვიდეთ. და ჰფუცვიდეთ უსამართლოსა ზედა, და უკუმევდეთ ბაალსა, და ხჳდოდით შემდგომად ღმერთთა უცხოთა, რომელთა არა უწყით (ბოროტ-ყოფაჲ თქუენდად).
10 მერე კი მოდიხართ, დგებით ჩემს წინაშე ამ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, და ამბობთ; გადავრჩითო, რათა კვლავ აკეთოთ ყველა ეს სისაძაგლე. 10 და მოხუედით და დასდეგით წინაშე ჩემსა სახლსა შინა, სადა წოდებულ არს სახელი ჩემი მას ზედა და სთქუთ: განვეშორენით ქმნად ყოველთა ამათ საძაგელებათა.
11 ავაზაკების ბუნაგი ხომ არ გგონიათ ეს სახლი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება? აჰა, მეც ვხედავ, რომ ასეა, ამბობს უფალი. 11 ნუ ქუაბ ავაზაკთა სახლი ჩემი? რომელსა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი მას ზედა მუნ წინაშე თქუენსა, და, აჰა, ვიხილე, - იტყჳს უფალი,
12

აბა, წადით ჩემს ადგილზე, სილოამში, სადაც თავდაპირველად დავამკვიდრე ჩემი სახელი, და ნახეთ, რა დავმართე მას ჩემი ერის, ისრაელის, უკეთურების გამო.

12

რამეთუ ხჳდოდით ადგილსამი ჩემსა სილომსშინაჲსა, რომელსა დაიკარგა სახელმან ჩემმან მის ზედა მუნ უწინარეს, და იხილეთ, რანი უყვენ მას პირისაგან უკეთურებისა ერისა ჩემისა ისრაჱლისა.

13 ახლა, რაკი ყველაფერს ამას სჩადიხართ, ამბობს უფალი, არ გესმით, რასაც დილიდან გელაპარაკებით, გეძახით და პასუხს არ მაგონებთ, 13 და აწ ამის წილ, რომელ ჰქმნენით ყოველნი ესე საქმენი, და ვიტყოდე თქუენდამი, განთიად ვიტყოდი, და არა ისმინეთ ჩემი, - თქუა უფალმან, - და გიწოდეთ თქუენ, და არა მომიგეთ.
14 რაც სილოამს დავმართე, იმასვე დავმართებ ამ სახლს, რომელიც ჩემი სახელით იწოდება რიშელსაც ესავთ, და ამ ადგილს, რომელიც მოგეცით თქვენ და თქვენს მამა-პაპას. 14 მეცა უკუე უყო სახლსა ამას, რომელსა წოდებულ არს სახელი ჩემი მას ზედა, რომლისამი თქუენ ესავთ მის ზედა და ადგილისა, რომელი მიგეც თქუენ და მამათა თქუენთა, ვითარ-იგი უყავ სილომსა.
15 მოგისვრით ჩემს თვალთაგან, როგორც ყველა შენი ძმა, ეფრემის მთელი მოდგმა მოვისროლე. 15 და განგყარნე თქუენ პირისაგან ჩემისა, ვითარცა განვყარენ ძმანი თქუენნი, - ყოველი თესლი ეფრემისი.
16 შენ კი, ნუ ილოცებ ამ ხალხისთეის, ნუ აღავლენ ლოცვა-ვედრებას, ნუ შემეხვეწები, რადგან არ მოგისმენ. 16 და შენ ნუ ილოცავ მწედ ერისა ამის და ნუ იოხ შეწყალებად მათდა, და ნუ ილოცავ და ნუ მოხუალ ჩემდა ამათთჳს, რამეთუ არა ვისმინო.
17 განა ვერ ხედავ, რას სჩადიან იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში? 17 ანუ არა ჰხედავ, რასა ეგენი ჰყოფენ ქალაქთა შორის იუდაჲსთა და გზათა შორის იერუსალჱმისათა?
18 შვილები შეშას აგროვებენ, მამები ცეცხლს ანთებენ, დედაკაცები ცომს ზელენ ცის დედოფლისთვის კოტორების გამოსაცხობად; საღვრელს უღვრიან უცხო ღმერთებს ჩემს გასაჯავრებლად. 18 ძენი მათნი შეჰკრებენ შეშათა და მამანი მათნი აღატყინებენ ცეცხლსა, და ცოლნი მათნი ნაყენ ცმელსა ქმნად ხავონანი ძალთა ცისათასა, და უგნეს საგებნი ღმერთთა უცხოთა, რაჲთა განმარისხონ მე.
19 განა მე მაჯავრებენ, ამბობს უფალი, უფრო თავის თავს არცხვენენ. 19 ნუ მე განმარისხებენა იგინი? - თქუა უფალმან, - არა თავთა თჳსთა, რაჲთა ჰრცხუენნეს პირთა მათთა.
20 ამიტომაც, ასე თქვა უფალმა ღმერთმა, აჰა, გადმოინთხევა ჩემი რისხვა და ბრაზი ამ ადგილზე, ადამიანზე და პირუტყვზე, მინდვრის ხეებზე და მიწის ნაყოფზე, აბრიალდება და არ ჩაქრება. 20 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, რისხვა და გულისწყრომაჲ ჩემი განეფინოს ადგილსა ამას ზედა და კაცთა ზედა საცხოვართა და ყოველსა ზედა ხესა ველისასა და ყოველთა ზედა ნაშრომთა ქუეყანისათა, და აღეგზნას და არა დაშრტეს.
21 ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: მიუმატეთ აღსავლენი სხვა საკლავს და ჭამეთ ხორცი. 21 ამათ იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა: ყოვლადდასაწუელნი თქუენნი შეკრიბენით მსხუერპლთა თქვენთა თანა და ჭამეთ ჴორცი.
22 რადგან არაფერი მითქვამს თქვენი მამა-პაპისთვის, არ მომითხოვია მათგან აღსავლენი და საკლავი, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ისინი. 22 რამეთუ არა ვთქუ მამათა მიმართ თქუენთა და არა ვამცენ მათ: დღესა, რომელსა შინა აღმოვიყუანენ იგინი ქუეყანისაგან ეგჳპტისა ყოვლადდასაწუელთათჳს და მსხუერპლთა,
23

მხოლოდ ეს ვუბრძანე: გაიგონეთ ჩემი ხმა და მე ვიქნები თქვენი ღმერთი-მეთქი, ხოლო თქვენ ჩემი ერი იქნებით; იარეთ ყველა გზაზე, რომელსაც მიგასწავლით, რათა სიკეთეს ეწიოთ-მეთქი.

23

არამედ ესე სიტყუაჲ ვამცენ მათ მეტყუელმან: დღესა, რომელსა შინა აღმოვიყვანენ, ისმინეთ ჴმისა ჩემისა, და ვიყო მე თქვენდა ღმრთად, და თქუენ იყუნეთ ჩემდა ერად. და ვიდოდეთ ყოველთა ზედა გზათა ჩემთა, რომელნიცა გამცნენ თქუენ, რაჲთა იყოს თქუენდა.

24 არ გამიგონეს, ყური არ მათხოვეს, აჰყვნენ თავიანთ ზრახვებსა და ბოროტ გულისთქმას; უკან წავიდნენ და არა წინ. 24 და არა ისმინეს ჩემი, არცა მოყვეს ყური მათი, არამედ ვიდოდეს მოგონებათა შინა გულისა მათისა ბოროტისათა, და იქმნეს უკუმართთამი და არა წამართთამი.
25 იმ დღიდან, რაც თქვენი მამა-პაპა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიდა, დღემდე გიგზავნით და გიგზავნით გამუდმებით ჩემს მორჩილთ - წინასწარმეტყველებს. 25 დღითგან, რომლით გამოვიდეს მამანი მათნი ქუეყანით ეგჳპტით და ვიდრე დღისამდე ამის, და გამოვავლინენ თქუენდამო ყოველნი მონანი ჩემნი წინაწარმეტყუელნი დღისი და ცისკარსა მივავლინე.
26 მაგრამ არ მიგონებდნენ და ყურს არ მათხოვებდნენ, ჯიუტობდნენ და თავიანთ მამებზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ. 26 და არა ისმინეს ჩემი, და არა მოყვეს ყური მათი და განიფიცხეს ქედი მათი უფროს მამათა მათთასა.
27 ეტყვი მათ ყველა ამ სიტყვას, მაგრამ არ მოგისმენენ; დაუძახებ და არ გაგაგონებენ. 27 და ჰრქუა მათ სიტყუაჲ ესე და არა ისმინონ შენი, ხადოდი მათ და არარაი მიგიგონ შენ.
28 უთხარი მათ: ეს არის ხალხი, რომელსაც უფლის, თავისი ღვთის ხმა არ ეყურება და ჭკუას არ სწავლობს. სიწრფელე გაქრა, წაერთვა მათ ბაგეებს. 28 და ჰრქუა მათ: ესე ნათესავი, რომელმან არა ისმინა ჴმისა უფლისა ღმრთისა მისისა, არცა შეიწყნარა წურთილებაჲ, მოაკლდა სარწმუნოება და მოღებულ არს ჭეშმარიტებაჲ პირისაგან მათისა.
29 თმა მოიკვეცე და გადაუარე; გლოვა გამართე ხმელგორებზე, რადგან უფალმა უარყო და მიატოვა მისგან შერისხული მოდგმა. 29 აღპარსე თავი შენი და განაგდე და აღიღე ბჭეთა ზედა გლოაჲ, რამეთუ აგამოუცდელა უფალმან და განიშორა ნათესავი მოქმედი ამათი.
30 რადგან ბოროტებას სჩადიან იუდაელნი ჩემს თვალში, ამბობს უფალი; თავიანთი სიბილწეები შეიტანეს სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, რათა წაბილწონ. 30 რამეთუ ქმნეს ძეთა იუდაჲსთა ბოროტი წინაშე ჩემსა, - იტყჳს უფალი, - და აწ ესმნეს საძაგელნი მათნი შორის სახლისა, რომლისა წოდებულ არს სახელი ჩემი მის ზედა შეგინებად მისსა.
31 ააშენეს თოფეთის საკერპო ბენ-ჰინომის ველზე, რათა თავიანთი ვაჟები და ასულები მსხვერპლად დასწვან, რაც არ მიბრძანებია მათთვის და ფიქრადაც არ მომსვლია. 31 და აღაშენეს ბომონი ტაფეთისი, რომელ არს ჴევსა შინა ძისა ენნომისსა, დაწუად ძეთა მათთა და ასულთა მათთა ცეცხლისა მიერ, რომელი არა ვამცენ მათ, არცა მოვიდა გულსა შინა ჩემსა.
32 ამიტომაც დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღარ ერქმევა ამ ადგილს თოფეთი და ბენ-ჰიმონის ველი, არამედ სასაკლაო ველი, თოფეთში დამარხავენ მკვდრებს უადგილობის გამო. 32 ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და არღა თქუან მერმე ბომონი ტაფეთისი და ჴევი ძისა ენნომესი, არამედ ჴევი მოწყუედილთა და დაჰფლნენ ტაფეთს შინა არყოფისათჳს ადგილისა.
33 ამ ხალხის გვამები ცის ფრინველთა და ველის მხეცთა საჯიჯგნი გახდება, და არავინ იქნება მომგერიებელი. 33 და იყვნენ მკუდარნი ამის ერისანი საჭმელ მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა, და არა იყოს წარმდევნელი.
34 გავაუქმებ იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში ხმას მხიარულებისას და ხმას სიხარულისას, ხმას სიძისას და ხმას პატარძლისას, რადგან გაუდაბურდება მთელი ქვეყანა. 34 და მოვაკლო ქალაქთაგან იუდაჲსთა და საგზაურთაგან იერუსალიმისათა ჴმაჲ კეთილმშუებიარისა და ჴმაჲ მოხარულისა, ჴმაჲ სიძისა და ჴმაჲ სძლისაჲ, რამეთუ მოსაოჴრებელად იყოს ყოველი ქვეყანა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე