ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი მერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იმხანად, ამბობს უფალი, ამოყრიან იუდას მეფეთა ძვლებს, მის მათავართა ძვლებს, მღვდელთა ძვლებს, წინასწარმეტყველთა ძვლებს და იერუსალიმის მკვიდრთა ძვლებს მათი საფლავებიდან;

1

მას ჟამსა შინა, - იტყჳს უფალი, - გამოიხუნენ ძუალნი მეფეთა იუდაჲსთანი და ძუალნი მთავართა მათთანი, და ძუალნი წინაწარმეტყუელთა მათთანი და დამკჳდრებულთანი იერუსალიმს საფლავთაგან მათთა.

2 და მიმოფანტავენ მზის, მთვარისა და ცის ვარსკვლავების წიჩაშე, რომლებიც უყვარდათ მათ, რომელთაც ემსახურებოდნენ, რომელთაც მისდევდნენ, რომელთაც ეკითხებოდნენ, რომელთაც თაყვანისცემდნენ. აღარ შეკრებენ და არ დამარხავენ; ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე. 2 და განაჴმნენ იგინი წინაშე მზისა და წინაშე მთოვარისა და წინაშე ყოველთა ვარსკვლავთა და წინაშე ყოვლისა მჴედრობისა ცისასა, რომელნი შეიყუარნეს, და რომელთა ჰმსახურეს, და რომელთასა ვიდოდეს შემდგომად მათსა, და რომელთა ერჩდეს და რომელთა თაყვანის-სცეს მათ. არავინ ეტყებდეს და არცა ტიროდენ, არა შეიკრიბნენ, არცა დაეფლნენ და იყუნენ სამაგალითოდ პირისაგან ქუეყანისა,
3 სიკვდილი სიცოცხლეზე უმჯობესი იქნება ყველა დანარჩომისთვის, ვინც კი დარჩება ამ ბოროტი მოდგმიდან ყოველ ადგილზე, სადაც კი გამიფანტავს ისინი, ამბობს ცაბაოთ უფალი. 3 რამეთუ აღირჩიეს სიკუდილი ვიდრე ცხოვრება და ყოველთა ნეშტთა დაშთომილთა ნათესავისა მისგან უკეთურისა ყოველსა შინა ადგილსა დაშთომილი, რომელსაცა განვჴადნე იგინი მუნ, - რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძალთა.
4 ეტყვი მათ: ასე ამბობს უფალი: განა ვინც დაცემულა, არ ამდგარა ან ვინც გაბრუნებულა, არ მობრუნებულა? 4 და ჰრქუა მათ: ვითარმედ ამას იტყჳს უფალი: ნუ დაცემული არ აღდგების? ანუ მიქცეული არ მოიქცევის?
5 რატომ განდგა ეს ხალხი, იერუსალიმო, სამუდამო განდგომით? სიცრუეს ებღაუჭებიან და აღარ უნდათ მობრუნება. 5 რაჲსათჳს მიაქცია ერმან ამან და ისრაილმან მიქცევითა ლიბრითა? და დაპყრობილ იქმნეს აღრჩევასა მათსა შინა და არა ინებეს მოქცევად?
6 ყური მივუგდე და ვუსმენდი, მაგრამ მართალს არ ლაპარაკობენ, არავინ ინანიებს თავის ავკაცობას, ეს რა ჩავიდინეო. ყველა თავის სარბიელზე გარბის, ბრძოლაში შევარდნილი ცხენივით. 6 ყურად-იღეთ და ისმინეთ, არა ესრეთ იტყოდიან: არა არს კაცი შემნანებელი უკეთურებისაგან მისისა მეტყუელი: რა ვყავ? არა მოაკლდა მსრბოლი სასრბოჲსაგან თჳსისა, ვითარცა ცხენი ოფლიერი ჴვივილსა შინა მისსა.
7 ყანჩამაც იცის ცაში თავისი დრო; გვრიტს, მერცხალსა და წეროს არ ეშლებათ მოფრენის ჟამი, ჩემმა ერმა კი არ იცის უფლის განგება. 7 და ასიდამან ცათა შინა ცნა ჟამი თჳსი. გურიტმან და მჭურინავმან და მერცხალმან, ველისა სირთა, დაიცვნეს ჟამნი შემოსლვისა მათისანი, ხოლო ერმან ჩემმან არა ცნა სასჯელნი უფლისანი.
8 როგორ ამბობთ: ბრძენები ვართ, რადგან უფლის რჯულიაო ჩვენთან? კეთილი. აჰა, სიცრუედ უქცევია იგი მწიგნობართა ცრუ კალამს! 8 ვითარ იტყჳთ, ვითარმედ ბრძენნი ვართ ჩუენ. და სჯული უფლისაჲ ჩუენ თანა არს? ამაოჲსა მიმართ იყო წილი მტყუარი მწიგნობართა.
9 თავი შეირცხვინეს ბრძენკაცებმა, დაიბნენ და გაიხლართნენ, აჰა, უარყვეს უფლის სიტყვები და რაღა სიბრძნე აქვთ? 9 ერცხჳნა ბრძენთა, და დაინაბნეს და მომედგრდეს, რამეთუ სიტყვა უფლისაჲ აგამოუცდელეს. სიბრძნე რაჲ არს მათ შორის?
10 ამიტომ მათი ცოლები სხვებს უნდა მივცე, მათი ყანები - ახალ პატრონებს, რადგან პატარიდან დიდამდე ყველა მომხვეჭელია, წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა ყალბისმქმნელია. 10 ამისთჳს მივსცნე ცოლნი მათნი სხუათა და აგარაკნი მათნი მემკჳდრეთა უცხოთა, რამეთუ მცირითგან მათით ვიდრე დიდადმდე მათა ყოველნივე ჰანგრობენ ანგარებასა, წინაწარმეტყუელთაგან ვიდრე მღდელამდე მათა ყოველივე იქმან სიცრუესა.
11 ზერელედ მკურნალობენ ჩემი ასულის, ჩემი ერის, ჭრილობებს და გაჰყვირიან: მშვიდობა, მშვიდობაო! მაგრამ არ არის მშვიდობა. 11

და ულხენდეს შემუსრვილებასა ასულისა ერისა ჩემისასა უპატიოდ და იტყოდეს: მშჳდობა, მშჳდობაჲ. და სადა არა არს მშჳდობა?

12 განა თუ რცხვენიათ, სიბილწეს რომ სჩადიან? არა! სულაც არ რცხვენიათ, არც კი წითლდებიან. ამიტომაც დაეცემიან დაცემულთა შორის, წაიფორხილებენ, როცა დავსჯი მათ, ამბობს უფალი. 12 რცხუენა, რამეთუ საძაგელ იქმნნეს, და სირცხჳლი არავე შეირცხჳნეს და კდემულება არა ცნეს. ამისთჳს დაეცნენ დაცემულთა თანა, ჟამსა მოხედვისა მათისასა მოუძლურდენ,-თქუა უფალმან, -
13

პირწმიდად გავცლი მათ, ამბობს უფალი, ერთა მტევანიც არ შერჩება ვაზს და ლეღვი - ლეღვისხეს; დაჭკნება ფოთოლი და, რაც მივეცი მათ, ხელიდან წაუვათ.

13 და შეჰკრებდენ ნაშრომთა მათთა, - იტყჳს უფალი, - არა არს ყურძენი ვენაჴთა შინა და არა არს ლეღჳ ლეღოანთა შორის. და ფურცელნი დამოსცჳვეს, რომელ მივეცით მათ, გარეწარჴდა.
14 რას ვუსხედვართ? თავი მოიყარეთ და წავიდეთ ციხე-ქალაქებში, რათა იქ დავიღუპოთ, რადგან უფალმა, ჩვენმა ღმერთმა გაგვწირა დასაღუპად; მოწამლული წყალი შეგვასვა, უფალს რომ შევცოდეთ. 14 რაჲსათჳს ვსხდეთ ჩუენ შეკრებულად? და შევიდეთ ქალაქებსა მაგართა, და შევცჳვეთ მუნ, რამეთუ ღმერთმან განმყარნა ჩუენ და მასუა ჩუენ წყალი ნავღლისა, რამეთუ ვცოდეთ წინაშე მისსა.
15 ველით მშვიდობას, არ არის სიკეთე, განკურნების ჟამს - და, აჰა, საშინელება! 15 შევკერბით მშჳდობისათჳს. და არა არიან კეთილნი ჟამსა კურნებისასა. და, აჰა, სწრაფაჲ.
16 დანიდან ისმის მისი ცხენების ჭიხვინი; მისი მერნების თქარათქურისგან იძვრის დედამიწა; მოდიან, რომ შთანთქან მთელი ქვეყანა, ქალაქები და მათი მკვიდრნი. 16 დანით გუესმა ჴმაჲ სიმახჳლისა ცხენთა მისთასა, ჴმისაგან ჴჳვილისა ცხენოსნობისა ცხენთა მისთასა შეიძრა ყოველი ქუეყანა, და მოვიდეს და შეჭამოს ქუეყანა და სავსება მისი, ქალაქი და შინა დამკჳდრებულნი მის შორის
17 აჰა, მოგისევთ მოუნუსხავ უნასებს და დაგგესლავენ, ამბობს უფალი. 17 მით, რამეთუ, აჰა, გამოვავლენ თქუენდამი გუელთა მაკუდინებელთა, რომელთა არა არს სახრვაჲ, და გკბენდენ თქუენ, - იტყჳს უფალი, -
18 დამძალა ვარამმა, გული შემიღონა. 18 უკურნებელად სალმობიერებითა გულისა თქუენისა უღონოქმნულისათა.
19 აჰა, მოთქვამს ჩემი ასული, ჩემი ერი, შორი ქვეყნიდან: ნუთუ აღარ არის უფალი სიონში? ნუთუ აღარ არის იქ მისი მეუფე? რატომ გამაჯავრეს თავიანთი კერპებით, უცხოთა ამაოებებით? 19 აჰა, ჴმაჲ ღაღადებისა ასულისა ერისა ჩემისა ქუეყანისაგან შორიელისა. ნუ უფალი არა არს სიონსა შინა, ანუ მეფე არა არს მუნ? მით, რამეთუ განმარისხეს მე, ქანდაკებულთა მათთჳს და ამაოთა მიერ უცხოთა.
20 მკის დრო გავიდა, გასრულდა ზაფხული, ჩვენთვის კი არ მოსულა ხსნა! 20 წარჴდა მკაჲ, და წარვიდა ლეწვაჲ, და ჩუენ ვერ განვერენით.
21 ჩემი ასულის, ჩემი ერის უბედურებამ გამაუბედურა, დავნაღვლიანდი, შიშმა შემიპყრო. 21 შემუსრვათა ზედა ასულისა ერისა ჩემისათა დაბნელდა შეცბუნებულობაჲ. მძლე მექმნეს მე, ვითარცა სალმობანი მშობიარისანი.
22 ნუთუ აღარ არის ბალსამონი გალაადში? ნუთუ აღარ არის იქ მკურნალი? რატომ არ უხორცდება ჭრილობა ჩემს ასულს, ჩემს ერს? 22 ნუ რიტინი არა არს გაალადს, ანუ მკურნალი არა არს მუნ? რაჲსათჳს არა აღვიდა კურნებად ასული ერისა ჩემისა?
23 ოჰ, ნეტავ თავი წყლად მექცეს და თვალები - ცრემლის წყაროდ! დღე და ღამ ვიტირებდი ჩემს დახოცილებს!    

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე