ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იესო ნავეს ძე

თავი მეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როცა გაიგეს იორდანეს დასავლეთი ნაპირის მეფეებმა და ზღვისპირეთის ქანაანელმა მეფეებმა, რომ ამოაშრო უფალმა იორდანეს წყალი ისრაელიანთა წინაშე, ვიდრე გაღმა გამოვიდოდნენ, შეუდრკათ გული და მხნეობა წაუხდათ ისრაელიანთა გამო.

1

და იყო, ვითარ ესმა ყოველთა მათ მეფეთა ამორეველთა, რომელ იყვნეს წიაღ იორდანესა, და მეფეთა ფჳნიკისათა, რომელ იყვნეს ზღჳსკიდესა, რამეთუ განაჴმო უფალმან ღმერთმან იორდანე მდინარე წინაშე ძეთა ისრაჱლისათა წიაღსლვასა მას მათსა და დადნეს გულნი მათნი, და ივლტნეს და არღარა იყო მათ თანა გონებაჲ არცა ერთ პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა.

2 იმ დროს უთხრა უფალმა იესოს: გააკეთე კაჟის დანები და ერთხელ კიდევ წინდაცვითე ისრაელიანები. 2 მას ჟამსა შინა ჰრქუა უფალმან ისოს: იქმნენ შენ დანაკნი ქვისანი ქვისა ცისნატეხისანი და დაჯედ და წინადასცჳთე ძეთა ისრაჱლისათა მეორედ.
3 გააკეთა იესომ კაჟის დანები და წინდაცვითა ისრაელიანები გიბყათ-ჰაყარალოთის (წინდაცვეთის გორა) მახლობლად. 3 და შექმნნა ისო დანაკნი ცისნატეხისანი. და წინადასცჳთა ძეთა ისრაჱლისათა ადგილსა მას, რომელსა ერქუა ბორცჳ წინადაცუეთილთაჲ.
4 აი, რის გამო წინდაცვითა ისინი იესომ: ეგვიპტიდან გამოსული მთელი მამროვანი ერი, ყველა, ვისაც ბრძოლა შეეძლო, დაიხოცნენ უდაბნოს გზაზე ეგვიპტიდან გამოსვლისას. 4 და ვითარცა განწმიდნა ისო ძენი იგი ისრაჱლისანი, რომელნი-იგი იყვნეს ოდესმე გზასა ზედა და რომელნი იგი ოდესმე წინადაუცვეთელ იყვნეს გამოსრულთაგანნი ეგჳპტით. ყოველსა ამას წინადასცჳთა ისო ყოველსა გამოსრულსა ეგჳპტით წულსა ყრმასა, რამეთუ ყოველნი კაცნი მბრძოლნი მოსწყდეს მუნვე უდაბნოსა გზას შემდგომად გამოსლვისა მათისა ქუეყანით ეგჳპტით.
5 წინდაცვეთილი იყო მთელი ხალხი, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდა; მაგრამ ხალხი, რომელიც უდაბნოში, გზაში დაიბადა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, არ იყო წინდაცვეთილი. 5 რამეთუ წინადაცუეთილ იყო ყოველი იგი ერი, რომელ გამოსრულ იყო და ყოველი იგი ერი, რომელი ეშვა უდაბნოჲსა გზას შემგომად გამოსლვისა მათისა ქუეყანით ეგჳპტით, წინადასცჳთეს.
6 რადგან ორმოცი წელი დადიოდნენ უდაბნოში ისრაელიანები, ვიდრე არ გაწყდა ეგვიპტიდან გამოსული მთელი ხალხი, ბრძოლის შემძლებელი, რომელთაც არ გაიგონეს უფლის სიტყვა და რომელთაც დაემუქრა უფალი, რომ თვალით არ ანახვებდა იმ ქვეყანას. მათი მამა-პაპისთვის რომ ჰქონდა აღთქმული, ქვეყანას, სადაც რძისა და თაფლის ღვარი დის. 6 რამეთუ ორმეოცდაორ წელ იქცეოდა ისრაჱლი უდაბნოსა მას მადბარიტისადისასა. ამისთჳს წინადაუცუეთელ იყვნეს მრავალნი მბრძოლთა მათგანნი, რომელნი გამოსრულ იყვნეს ქუეყანით ეგჳპტით, რომელნი-იგი არა ერჩდეს ბრძანებათა ღმრთისათა, რომელნი-იგი განაჩინნა უფალმან არა ხილვად მათა ქვეყანა იგი, რომლისათჳს ეფუცა უფალი მამათა მათთა მოცემად ჩუენდა ქუეყანა, რომლისგან გამოსდის სძე და თაფლი.
7 მათ ნაცვლად კი მათი შვილები დაადგინა. სწორედ ესენი წინდაცვითა იესომ, რადგან წინდაუცვეთელნი იყვნენ, არ მიუღიათ წინდაცვეთა გზაში. 7 ამათ წილ დაადგინნა ძენი მათნი, რომელთა წინადასცჳთა ისო, რამეთუ წინადაუცუეთელ იყვნეს, რამეთუ იყვნეს იგინი გზასა ზედა წინადაუცვეთელ.
8 როცა წინდაიცვითა მთელმა ხალხმა, იქვე დარჩნენ ბანაკში ჭრილობის მოშუშებამდე. 8 და რაჟამს წინადაიცჳთეს ყოველთა მათ ნათესავთა, ყუედრებით იყვნეს მუნვე მსხდომარენი ბანაკსა მას შინა, ვიდრემდის განეგნეს.
9 უთხრა უფალმა იესოს: დღეს მოგწმინდეთ ეგვიპტის სირცხვილი. და უწოდა იმ ადგილს სახელად გილგალი და ასე ეწოდება დღემდე. 9

და ჰრქუა უფალმან ისოს: დღესდღესა შინა განგაშოვრე ყუედრებაჲ ეგჳპტელთა თქუენგან. და უწოდა სახელი მის ადგილისა გალგალა მოდღეინდელად დღედმდე.

10 იდგნენ ბანაკად ისრაელიანები გილგალს და დაამზადეს პასექი თვის მეთოთხმეტე დღეს საღამოხანს, იერიხონის დაბლობზე. 10 და დაიბანაკეს ძეთა ისრაჱლისათა გალგალს შინა. და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ზატიკი მეათოთხმეტესა დღესა თთჳსასა მწუხრითგან დასავალით კერძო იერიქოსა ველსა ზედა.
11

ჭამეს იმ ქვეყნის ნაყოფები პასექის მეორე დღეს - ხმიადები და ქუმელი - სწორედ ამ დღეს.

11 და ჭამეს იფქლისაგან ქუეყანისასა ხვალისაგან უფუველი და ახალი.
12 შეწყდა მანანა მას შემდეგ, რაც ჭამეს ქვეყნის ნაყოფი. აღარ ჰქონდათ ისრაელიანებს მანანა და ჭამდნენ ქანაანის ქვეყნის მოსავალს იმ წელს. და იკვებებოდნენ ქანაანის ქვეყნის მოსავლით იმ წელიწადს. 12 ამას დღესა შინა მოაკლდა მანანაჲ შემდგომად ჭამისა მის მათისა იფქლისაგან ქუეყანისასა. და არღარაჲ ეპოვა ძეთა ისრაჱლისათა მანანაჲ და დაიკრიბეს ნაყოფი იგი ფჳნიკელთა მას წელსა.
13 ერთხელაც, როცა იერიხონთან იყო იესო, გაიხედა და დაინახა მის წინ მდგარი კაცი, რომელსაც ხელში გაშიშვლებული მახვილი ეჭირა. მივიდა მასთან იესო და ჰკითხა: მტერი ხარ თუ მოყვარე? 13 და იყო, ვითარ იყო ისო იერიქოს, აღიხილნა თუალნი თჳსნი და იხილა კაცი ერთი მდგომარე წინაშე მისსა და მახჳლი ჴდილი ჴელთა შინა მისთა. და მოვიდა ისო და ჰრქუა მას: ჩუენი ხარ, ანუ მტერთა ჩუენთაჲ?
14 მიუგო: არა, უფლის მხედრობის თავი ვარ. ახლა მოვედი. პირქვე დაემხო იესო და თაყვანისცა. უთხრა: რას ეტყვის ჩემი ბატონი თავის მორჩილს? 14 და მან ჰრქუა მას: მე ვარ ერისთავი ძალისა უფლისაჲ და აწ მოსრულ ვარ.
    15 და ისო დავარდა პირსა თჳსსა ქუეყანასა ზედა, თაყუანის-სცა მას და ჰრქუა: უფალო, რაჲ უბრძანო შენსა მონასა?
15 უთხრა უფლის მხედრობის თავმა იესოს: ფეხსამოსი გაიძვრე ფეხზე, რადგან წმიდაა ეს ადგილი, სადაც დგახარ. ასეც მოიქცა იესო. 16 და ჰრქუა ერისთავმან უფლისამან ისოს: განიჴსნენ ჴამლნი შენნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა შენ სდგა, წმიდა არს. და ყო ეგრე ისო.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე