ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იესო ნავეს ძე

თავი მეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ხელჰყვეს ისრაელიანებმა დარისხებული. აიღო ყაქანმა, ძემ ქარმისა, ძისა ზაბდისა, ძისა ზარახისა, იუდაელმა, დარისხებულიდან წილი და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელიანებზე.

1

და ცოდეს ძეთა ისრაჱლისათა ცოდვაჲ. და იპარეს შენაჩუენებისა მისგანი: და აღიღო აქარ, ძემან ქარმისმან, ძისა ზამბრისმან, ძისა ზარასმან, ნათესავისაგან იუდასმან, შენაჩუენებისა მისგან. და განრისხნა გულისწყრომით უფალი ძეთათჳს ისრაჱლისათა.

2 გაგზავნა იესომ კაცები იერიხონიდან ჰაღაიში, ბეთავენთან რომ არის, ბეთელის აღმოსავლეთით, და დააბარა: ადით და დაზვერეთ ქვეყანა. ავიდნენ კაცები და დაზვერეს ჰაღაი. 2 და წარავლინნა ისო კაცნი იგი იერიქოთ გაიდ, რომელ არს პირისპირ ბეთელისა, და ჰრქუა მათ: აღვედით და მოისტუანეთ გაიდ. და აღვიდეს კაცნი იგი და მოისტუანეს ქუეყანაჲ გაისაჲ.
3 ჩამობრუნდნენ იესოსთან და მოახსენეს: ნუ ავა მთელი ხალხი, ორიათასამდე ან სამიათასამდე კაცი ავიდეს და სძლევენ ჰაღაის. ნუ გასარჯავ მთელს ერს, რადგან ცოტანი არიან ისინი. 3 და მოიქცეს ისოჲსა და ჰრქუეს მას: ნუ აღმოვალნ ყოველი ერი! არამედ ვითარ ორ ათას ოდენ, ანუ სამ ათას კაც აღვიდედ და მოიცვან ქალაქი. ნუ აღიყვანებთ მუნ ყოველსა ერსა, რამეთუ მცირედ არიან.
4 წავიდა ხალხიდან სამიათასამდე კაცი, მაგრამ უკუექცნენ ჰაღაის ხალხს. 4 და აღვიდეს მუნ ვითარ სამ ათას კაც. და ივლტოდეს პირისაგან კაცთა გალილეველთასა.
5 დახოცეს მათგან ჰაღაიელებმა ოცდათექვსმეტამდე კაცი და დაედევნენ კარიბჭიდან შებარიმამდე და გაწყვიტეს ისინი ფერდობზე. შედრკა მათი გული, წყალივით გახდა. 5 და მოსწყჳდნეს მათგანნი კაცთა გაისათა ოცდაათექუსმეტ კაც და დევნა-უყვეს მათ ბჭითგან, ვიდრემდის შემუსრნეს იგინი შთამართებსა და შეძრწუნდა გული ერისა მის და იქმნა, ვითარცა წყალი.
6 შემოიხია იესომ სამოსელი, პირქვე დაემხო მიწაზე უფლის კიდობნის წინ და ასე იყვნენ საღამომდე ის და ისრაელის უხუცესობა; თავზე მტვერი დაიყარეს. 6 და ჩამოიპო ისო სამოსელი თჳსი და დავარდა ქუეყანასა ზედა პირსა ზედა თჳსსა წინაშე უფლისა მიმწუხრადმდე, იგი და მოხუცებულნი ისრაელისანი და გარდაისხეს მიწაჲ თავსა ზედა მათსა.
7 თქვა იესომ: ეჰა, უფალო ღმერთო! რისთვის გამდმოგყავდა ეს ხალხი იორდანეზე, თუ ამორეველთა ხელში ჩააგდებდი და დაღუპავდი. ნეტავ, იორდანეს გაღმა დავრჩენილიყავით! 7 და თქუა ისო: გევედრები, უფალო, უფალო! რაჲსათჳს წიაღმოიყუანა მონამან შენმან ერი ესე იორდანესა მიცემად იგი ამორეველსა და წარწყმედად ჩუენდა? და-თუმცა-ვეშენენით და დავემკჳდრენით წიაღ იორდანესა
8 ოჰ, უფალო! რაღა მეთქმის, როცა ისრაელმა ზურგი შეაქცია მტერს. 8 და რაჲ ვთქუათ? რამეთუ მოიდრიკა ისრაჱლმან ქედი წინაშე მტერთა მისთა
9 გაიგებენ ამას ქანაანელები და ამ ქვეყნის ყველა მცხოვრები, გარს მოგვადგებიან და გააქრობენ ქვეყანაზე ჩვენს სახსენებელს. რას უზამ მაშინ შენს დიად სახელს? 9 და ესმას ესე ქანანელთა და ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა, გარემოგუადგენ ჩუენ და მოგუსრნენ ჩუენ ქუეყანით. და ვითარ ჰყო სახელი იგი შენი დიდი?
10 უთხრა უფალმა იესოს: ადექი, რატომ ხარ პირქვე დამხობილი? 10 და ჰრქუა უფალმან ისოს: აღდეგ! რაჲსათჳს-ეგე დაცემულ ხარ შენ პირსა ზედა შენსა?
11

შესცოდა ისრაელმა და დაარღვია კიდეც ჩემთან დადებული აღთქმა: აიღეს კიდეც დარისხებული, მოიპარეს, გადამალეს და თავის საქონელთან დადეს.

11

ცოდა ერმან მაგან და გარდაჴდა შჯულსა ჩემსა რომელ დავდევ მათა მიმართ. და იპარეს შესაჩუენებელისა მისგან და შთაიდვეს ჭურჭელსა მათსა.

12 ვერ გაუმკლავდებიან მტრებს ისრაელიანები და ზურგს შეაქცევენ მათ, რადგან დარისხებულნი არიან. აღარ ვიქნები თქვენთან, თუ არ მოსპობთ თქვენს შორის დარისხებულს. 12 ვერ უძლონ ძეთა ისრაჱლისათა დადგომად წინაშე პირსა მტერთა მათთასა. და დაიდრიკონ ქედი მათი წინაშე მტერთა მათთასა, რამეთუ შეჩუენებულ იქმნნეს. არღარა შევსძინო მერმე ყოფად თქუენ თანა, არა თუ განიშოროთ თქუენგან შესაჩუნებელი იგი.
13 ადექი, განწმიდე ხალხი და უთხარი: განიწმიდეთ ხვალისათვის, რადგან ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი დარისხებული გყავს შენს შორის, ისრაელო. ვერ გაუმკლავდები მტერს, თუ არ მოიშორებ დარისხებულს. 13 აღდეგ და განწმიდე ერი ეგე და არქუ წმიდა-ყოფად ხვალისა, რამეთუ ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: შენაჩუენები თქუენ შორის არს ისრაჱლ. ვერ შეუძლოთ წინადადგომად წინაშე მტერთა თქუენთა, ვიდრემდის არა მოსპოთ შენაჩუენები იგი თქუენგან.
14 თითო-თითო შტო მოდექით ხვალ დილით; რომელ შტოსაც დაიჭერს უფალი, თითო-თითო საგვარეულო მოდგეს მისგან; რომელ საგვარეულოსაც დაიჭერს უფალი, თითო-თითო სახლი მოდგეს მისგან; რომელს სახლსაც დაიჭერს უფალი, თითო-თითო კაცი მოდგეს მისგან. 14 და შეკრიბენით ყოველნი დილითი ნათესავად-ნათესავადი თქუენი. და იყოს, ნათესავი, რომელი გამოირჩიოს უფალმან, წარმოადგინოთ ნათესავად-ნათესავად სახლად. და სახლი, რომელ გამოირჩიოს უფალმან, წარმოადგინოთ კაცად-კაცადი.
15 ვინც დაჭერილი იქნება დარისხებულის წაღებაში, ცეცხლს უნდა მიეცეს იგი მთელი თავისი საბადებელითურთ, რადგან დაარღვია უფლის აღთქმა და უწმიდურება ჩაიდინა ისრაელში. 15 და იყოს, რომელი გამოჩნდეს შენაჩუენებსა მას ზედა, დაიწუას ცეცხლითა იგი და ყოველი, რაჲცა არს მისი, რამეთუ გარდაჰჴდა აღთქუმასა უფლისასა და ყო ურჩულოებაჲ შორის ისრაჱლისა.
16 ადგა იესო დილაადრიანად და გამოაყვანინა ისრაელიდან თითო-თითო შტო; დაჭერილი იქნა იუდას შტო. 16 და აღიმსთო ისო განთიად და წარმოადგინა ერი იგი ნათესავად-ნათესავად მათად. და გამოჩნდა ნათესავი იუდასი.
17 მოაყვანინა იუდას შტო და დაჭერილი იქნა ზარახის საგვარეულო; მოაყვანინა ზარახის საგვარეულოდან თითო-თითო კაცი და დაჭერილი იქნა ზაბდი. 17 და წარმოადგინეს ტომად-ტომადი იუდაჲსი: და გამოჩნდა ტომი ოზარაჲსი და წარმოადგინეს ტომი ოზარაჲსი სახლად-სახლად და გამოჩნდა სახლი ზამბრისი.
18 მოაყვანინა თითო-თითო კაცი მისი სახლიდან და დაჭერილი იქნა ყაქანი, ძე ქარმისა, ძისა ზაბდისა, ძის ზარახისა, იუდას შტოდან. 18 და წარმოადგინეს სახლი მისი კაცად-კაცადი. და გამოჩნდა აქარ, ძე ქარმისი, ძისა ზამრისი, ძისა ზარაჲსი, ნათესავისაგან იუდაჲსისა.
19 უთხრა იესომ ყაქანს: შვილო, პატივი მიაგე დღეს უფალს, ისრაელის ღმერთს და აღსარება უთხარი, გამიცხადე, რა გააკეთე, ნუ დამიმალავ. 19 და ჰრქუა ისო აქარს: შვილო, მიეც დიდებაჲ უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა, და ეც აღსარებაჲ, და მითხარ მე, რაჲ ჰყავ, და ნუ დაჰმალავ ჩემგან.
20

მიუგო ყაქანმა იესოს და უთხრა: ნამდვილად შევცოდე უფალს, ისრაელის ღმერთს. ასე და ასე გავაკეთეო.

20

და მიუგო აქარ ისოს და ჰრქუა: ჭეშმარიტად მე ვცოდე წინაშე უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, ესრე და ესრე ვყავ.

21 დავინახე ნადავლში ერთი მშვენიერი შინყარული წამოსასხამი, ასი შეკელი ვერცხლი და ორმოცდაათშეკელიანი ოქროს ზოდი, დავხარბდი და ავიღე. აჰა, მიწაში მაქვს დაფლული კარვის შუაგულში, ვერცხლია მის ქვეშ. 21 ვიხილე ტყუენვასა მას შინა შატროვანი ერთი ჭრელი და ორასი სატირი ვეცხლი და ენაჲ ერთი ოქროჲსაჲ ერგასის სატირ სასწორით. გულმან მითქუა მათგანი და მოვიღე. და აჰა, ესერა, ესე დამიმალავს მიწასა ქუეშე კარავსა შინა ჩემსა და ვეცხლი იგი დამიმალავს ქუეშე მათსა.
22 გაგზავნა იესომ კაცები და მათაც ისწრაფეს კარვისკენ. აჰა, ნახეს კარავში დაფლული. მის ქვეშ იყო ვერცხლი. 22 და მიავლინნა ისო მოციქულნი. და მირბიოდეს კარავსა მას ბანაკად და ესე დამალულ იყო კარავსა შინა მისსა და ვეცხლი იგი ქუეშე მათსა.
23 წამოიღეს კარვიდან და მოუტანეს იესოს და მთელს ისრაელობას, და დაყარეს უფლის წინ. 23 და გამოიღეს იგი კარვით და მოიღეს იგი ისოსა. და მოხუცებულთა ისრაჱლისათა დადვეს იგი წინაშე უფლისა.
24 გამოიყვანა იესომ ყაქან ზარახის ძე ვერცხლით, წამოსასხამითა და ოქროს ზოდითურთ, გამოიყვანა მისი ვაჟები და ქალიშვილები, ხარები, სახედრები და ცხვრები, მისი კარავი, მთელი მისი საბადებელი, და მთელი ისრაელის თანხლებით წაიყვანა ყაქორის ველზე. 24 და მოიყვანა ისო აქარ, ძე ზარაჲსი, და აღიყვანა იგი ჴევსა აქორისასა, და ძენი მისნი და ასულნი მისნი, და ზროხანი მისნი და კარაულნი მისნი, და ცხოვარი მისი და კარავი მისი და ყოველი ნაყოფი მისი და ყოველი ისრაჱლი მის თანა. და აღიყვანეს იგი სურმექარონდ.
25 თქვა იესომ: რაკი უბედურებას შეგვყარე, დღესვე უბედურება დაგატეხოს უფალმა. და ქვით ჩაქოლა იგი მთელმა ისრაელმა. ცეცხლი წაუკიდეს ყველას და ზედ ქვები დაახვავეს. 25 და ჰრქუა ისო: რად აღგუჴოცენ ჩვენ? და აღგჴოცოს შენ უფალმან ვითარცა-ესე დღეს. და განტჳნა იგი ყოველმან ისრაჱლმან ქვითა და დაწვეს იგი ცეცხლითა.
26 აღმართეს ზედ ქვების დიდი გროვა, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. დაცხრა უფლის რისხვა. ამიტომ ეწოდება დღემდე ამ ადგილს ყაქორის ველი (რისხვის ველი). 26 და აღდგეს მის ზედა ჭორტი ქვისაჲ დიდი მოდღენდელად დღედმდე. და დასცხრა უფალი რიცხვისაგან გულისწყრომისაჲსა, ამისთჳს უწოდეს მას ემეკაქორ მოაქადღედმდე.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე