ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იესო ნავეს ძე

თავი მერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

უთხრა უფალმა იესოს: ნუ შეგეშინდება და ნუ შედრკები; თან წაიყვანე მთელი მეომარი ხალხი, ადექი და დაეცი ჰაღაის, იცოდე, შენს ხელში ჩამიგდია ჰაღაის მეფე, მისი ხალხი, მისი ქალაქი და მისი ქვეყანა.

1

და ჰრქუა უფალმან ისოს: ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდები! წარიყვანენ შენ თანა ყოველნი კაცნი მბრძოლნი. აღდეგ და აღვედ გაიდ. აჰა, ესერა, მე მიმიცემიეს ჴელთა შენთა მეფე გაისაჲ და ქუეყანაჲ მისი.

2 ისე მოექეცი ჰაღაის და მის მეფეს, როგორც იერიხონს და მის მეფეს მოექეცი. ოღონდ ნადავლი და პირუტყვი წამოასხით თქვენთვის. ქალაქის უკან საფარი მოიწყვეთ. 2 და ჰყო გაი და მეფე მისი, ვითარცა ჰყავ იერიქოსა და მეფესა მისსა. და ნატყუენავი მისი და ცხოვარი მისი მოიტყუენო შენდად, ხოლო დაადგინენ შენ მზირნი უკუანა ქალაქისა.
3 ადგა იესო და მთელი მეომარი ხალხი ჰაღაიზე გასალაშქრებლად; ამოარჩია იესომ ოცდაათი ათასი მაგარი ვაჟკაცი და გაგზავნა ღამით. 3 და აღდგა ისო და ყოველი ერი მბრძოლი აღსლვად გაიდ და წარარჩია ისო ოცდაათი ათასი კაცი ძლიერი ძალითა და წარავლინნა იგინი ღამე.
4 ასე უბრძანა მათ: იცოდეთ, საფარში უნდა ისხდეთ ქალაქის უკან, შორს არ გასცდეთ ქალაქს და მზად იყავით. 4 ამცნო მათ და ჰრქუა: თქუენ უმზირდით უკუანა ქალაქსა და ნუ განეშორებით ქალაქსა და მზა იყვენით ყოველნი. და მე
5 მე და დანარჩენი ხალხი, ვინც კი მახლავს, ქალაქს მივადგებით. როგორც კი მაშინდელივით გამოვლენ ჩვენს დასახვედრად, გავექცევით მათ. 5 და ყოველი ერი ჩემ თანაჲ მიუჴდეთ ქალაქსა. და იყოს ვითარ გამოვიდენ მკჳდრნი გაისანი შემთხუევად ჩუენდა, ვითარცა-იგი პირველად იყო, და ვივლტოდით ჩუენ პირისაგან მათისა.
6 უკან გამოგვყვებიან და ასე გამოვიტყუებთ ქალაქიდან; რადგან იფიქრებენ, მაშინდელივით გაგვირბიანო. და ჩვენც გავექცევით. 6 და რაჟამს გამოვიდენ უკუანა ჩუენსა, განვაშორნეთ ქალაქსა და მათ თქუან: ივლტიან ესენი პირისაგან ჩუენისა, ვითარცა-იგი პირველად.
7 მაშინ წამოიშალეთ საფარიდან და აიღეთ ქალაქი. ხელში ჩაგაგდებინებთ მას უფალი, თქვენი ღმერთი. 7 და თქუან: აღსდგეთ სადარანოჲსა მისგან და შეხჳდეთ ქალაქად და მოსრათ ქალაქი იგი. და მოგცეს იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან, ჴელთა თქუენთა.
8 როცა ქალაქს დაიკავებთ, ცეცხლი წაუკიდეთ ქალაქს. უფლის სიტყვისამებრ მოიქეცით. იცოდეთ, მე გიბრძანებთ. 8 და რაჟამს დაიპყრათ ქალაქი იგი, აღუდვათ მას ცეცხლი და მსგავსად მის სიტყჳსა ყავთ. აჰა, ესერა, გამცნებ თქუენ.
9 გაგზავნა ისინი იესომ და წავიდნენ საფარში. ჩასხდნენ ბეთელსა და ჰაღაის შორის, დასავლეთით. იესომ კი თავის ხალხთან გაათია ის ღამე. 9 და წარავლინნა იგინი ისო ღა მივიდეს სადარანოდ დაიმალნეს საშუვალ ბეთელსა და საშუვალ გაისა ზღჳთგან გაისით. და ისო იყო მას ღამესა საშუვალ ერსა მას.
10 ადგა დილაადრიანად იესო, დაათვალიერა ხალხი და ისრაელის უხუცესებთან ერთად ჰაღაისკენ წაუძღვა ხალხს. 10 და აღიმსთო ისო განთიად და აღიხილა ერი. და აღვიდა იგი და მოხუცებულნი ისრაჱლინი პირისპირ ერისა მის გაის ზედა.
11

მეომრები, ვინც მას ახლდნენ, ავიდნენ, მიუახლოვდნენ და გაუსწორდნენ ქალაქს, და დაიბანაკეს ჰაღაის ჩრდილოეთით. ხევი იყო მათსა და ჰაღაის შორის.

11

და ყოველი ერი მბრძოლი მის თანა აღვიდა, მივიდეს და მიიწინეს წინაშე ქალაქსა მას აღმოსავალით კერძო. და დადარნებულნი იგი ქალაქსა ზღჳთ კერძო იყვნეს. და დაიბანაკეს ჩრდილოთ კერძო გაისსა.

12 გამოარჩია ხუთიათასამდე კაცი და ჩაასაფრა ბეთელსა და ჰაღაის შორის, ქალაქის დასავლეთით. 12 და იყო ჴევი საშუვალ მათსა გაისსა. და წარიყვანა ხუთი ათასი კაცი, დამალნა იგინი საშუვალ ბეთნავსა და საშუვალ ზღუასა გაისსა.
13 მოაწყო ხალხმა მთელი ბანაკი, ქალაქის ჩრდილოეთით რომ იყო, და მისი ქუსლი ქალაქის დასავლეთით მოაქცია. გავიდა იმ ღამით იესო შუაგულ ველზე. 13 და დაიბანაკა ერმან ყოველი ბანაკი ჩრდილოთ კერძო ქალაქისა მის. წიაღჴდა ისო მას ღამესა ჴევსა მას.
14 როგორც კი ეს დაინახა ჰაღაის მეფემ, სასწრაფოდ აიმართნენ ქალაქის მამაკაცები და გავიდნენ ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად, ის და მთელი მისი ხალხი, დათქმულ ადგილას, დავაკებაზე. არ იცოდა, თუ მტერი იყო ჩასაფრებული ქალაქის უკან. 14 და იყო, ვითარ იხილა მეფემან მან გაისამან, ისწრაფა, აღიმსთო და გამოჴდა შემთხუევად მათა პირისპირ ბრძოლად, იგი და ერი მისი. და მან არა უწყოდა, რამეთუ დადარანებულ იყვნეს მისთჳს უკუანა ქალაქსა მას.
15 თითქოს დამარცხდნენო, უდაბნოსკენ უკუიქცა მათგან იესო და მთელი ისრაელი. 15 და იხილა და ივლტოდა ისო და ყოველი ისრაჱლი პირისაგან მათისა და ევლტოდეს გზასა უდაბნოჲსასა.
16 ყიჟინა დასცა ქალაქში მყოფმა ხალხმა და უკან დაედევნა მათ, დაედევნენ იესოს და მოსწყდნენ ქალაქს. 16 და ისწრაფა ყოველმან ერმან შედგომად კუალსა მათსა და სდევდეს ძეთა ისრაჱლისათა და განაშორნეს იგინი ქალაქსა.
17 კაციშვილი არ დარჩენილა ჰაღაიში და ბეთელში, ისრაელს რომ არ გაჰკიდებოდა უკან. ღია დატოვეს ქალაქი და დაედევნენ ისრაელს. 17 არა დაშთა არავინ გაისს შინა, რომელმან არა დევნა-უყო უკუანა ისრაჱლსა და დაუტევეს ქალაქი იგი განღებული და სდევდეს უკუანა ისრაჱლსა.
18 უთხრა უფალმა იესოს: ჰაღაის მოუღერე შუბი, ხელში რომ გიჭირავს, რადგან ხელში ჩაგაგდებინებ მას. მოუღერა შუბი, ხელში რომ ეჭირა, იესომ ქალაქს. 18 და ჰრქუა უფალმან ისოს: მიყავ ჴელი შენი გეონითა, ლახურითა, ჰორლითა, რომელ არს ჴელსა შინა შენსა ქალაქსა ზედა. რამეთუ ჴელთა შენთა მიმიცემიეს იგი (დადარანებულნი იგი აღდგენ ადრე ადგილით მათით). და მიყო ისო გეონი და ჴელი მისი ქალაქსა ზედა.
19 საჩქაროდ წამოიშალნენ ადგილიდან ჩასაფრებულნი და გაეშურნენ მისი ხელის მოღერებაზე. შევიდნენ ქალაქში, აიღეს და დაუყოვნებლივ ცეცხლს მისცეს იგი. 19 და დადარანებულნი იგი აღდგეს ადგილით მათით. და გამოჴდეს, ვითარცა განყარა ჴელი, და შევიდეს ქალაქად და დაიპყრეს იგი, და ისწრაფეს და მოწუეს ქალაქი იგი ცეცხლითა.
20 უკან მოიხედეს ჰაღაელებმა და დაინახეს, რომ კვამლი ასდიოდა ქალაქს. გასაქცევი ადგილი არ დარჩათ, არც აქეთ, არც იქეთ. უდაბნოში გაქცეული ხალხი უკან გამოენთო მდევრებს. 20 და უკუნიხილეს მკჳდრთა გაისთა უკუანა მათსა და ხედვიდეს კუამლსა აღმავალსა ქალაქისასა ზეცად. და არღარა უღირდა, ვიდრემცა ივლტოდეს აქა, ანუ იქი და ერი იგი, რომელ ივლტოდა უდაბნოდ, აღდგეს მდევართა მათ ზედა.
21

დაინახა იესომ და მთელმა ისრაელმა, რომ აღებული აქვს ქალაქი ჩასაფრებულ ჯარს და კვამლი ასდის ქალაქს, და მობრუნდნენ და დასცხეს ჰაღაელებს.

21

და ისო და ყოველმან ისრაჱლმან იხილეს, რამეთუ დაიპყრეს დადარანებულთა ქალაქი და რამეთუ აღჴდა კუამლი ქალაქისა ზეცად, მოაქციეს და მოსრნეს კაცნი იგი გაისისანი.

22 ისინიც გამოვიდნენ ქალაქიდან მათ დასახვედრად და ისრაელს შორის მოექცნენ ჰაღაელები. დასცხეს მათ და არავინ გაუშვიათ ცოცხალი. 22 და იგინი გამოჴდეს ქალაქისაგან და მიეგებვოდეს და იქმნეს იგინი საშუვალ ბანაკსა, ესენი ერთკერძო და ესენი ერთკერძო. და მოსრნეს იგინი, ვიდრემდის რაჲთურთით არა დაშთა მათი განრინებული და მეოტი.
23 ხოლო ჰაღაელთა მეფე ცოცხლად შეიპყრეს და იესოს მიჰგვარეს. 23 და მეფე გაისაჲ შეიპყრეს ცოცხალი და მოჰგუარეს ისოს
24 როცა მოათავა ისრაელმა ჰაღაის მცხოვრებთა ხოცვა-ჟლეტა ველზე, უდაბნოში, სადამდეც მორეკეს ისინი, და ყველანი უკლებლივ დაეცნენ მახვილისგან, მაშინ გაბრუნდა მთელი ისრაელი ჰაღაიში და მახვილით ამოწყვიტა დანარჩენი ხალხი. 24 და ვითარ დააცადეს ძეთა ისრაჱლისათა მოსრვაჲ ყოველთა მყოფთა გაისა და რომელ იყვნეს ველთა და მთისა დამოსავალთა, ვიდრემდის სდევდეს მათ. და შევიდეს ყოველნი პირსა მახჳლისასა სრულიად. და მოიქცა ისო გაისად და მოსრნა იგინი პირითა მახჳლისათა.
25 ამოწყდა იმ დღეს ჰაღაის მცხოვრებთაგან სულ თორმეტი ათასი სული - კაცი და ქალი. 25 და იყვნეს ყოველნი დაცემულნი მას დღესა შინა მამაკაცითგან მიდედაკაცადმდე ათორმეტ ათას ყოველნი მკჳდრნი გაისნი, გარნა საცხოვრისა.
26 იესოს არ ჩამოუღია ხელი, რომლითაც შუბი ჰქონდა მოღერებული, ვიდრე არ ამოწყვიტა მთელი ჰაღაი. 26 და ისო არა გარემოაქცია ჴელი თჳსი, რომელ მიყო გეონითა ვიდრე შეჩუენებადმდე ყოველთა მკჳდრთა გაისათა.
27 მხოლოდ პირუტყვი და ნადავლი დაიტაცა ამ ქალაქიდან ისრაელმა, თანახმად უფლის სიტყვისა, რომელიც ნაბრძანები ჰქონდა იესოსთვის. 27 და ნატყუენავი, რომელ იყო ქალაქსა შინა, აღიჭდეს ძეთა ისრაჱლისათა ბრძანებითა უფლისათა, ვითარცა უბრძანა უფალმან ისოს.
28 გადაწვა იესომ ჰაღაი და სამარადისო ნანგრევებად, უკაცრიელ ადგილად აქცია დღევანდლამდე. 28 და მოწუა ისო ქალაქი იგი ცეცხლითა და ქმნა იგი ბორცუ მიწის უშენებელ უკუნისამდე მოდღენდელად დღედმდე.
29 ხოლო ჰაღაის მეფე ხეზე ჩამოკიდა საღამომდე. მზის ჩასვლისას ბრძანა იესომ და ხიდან ჩამოხსნეს გვამი და ქალაქის კარიბჭესთან დააგდეს, და ზედ ქვების დიდი ყორე აღმართეს, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. 29 და მეფე გაისაჲ დამოჰკიდეს ძელსა ბორჯღლედსა და იყო ძელსა მას ზედა დამოკიდებულ მიმწუხრადმდე. და დასლვასა მზისასა უბრძანა ისო და გარდამოიღეს გუამი მისი ძელისა მისგან და შთააგდეს იგი გუბსა ბჭეთა თანა ქალაქისათა და აღადგინეს მის ზედა ღუერფი დიდი ქჳშისაჲ მოდღენდელად დღედმდე.
30

მაშინ აუგო იესომ სამსხვერპლო უფალს, ისრაელის ღმერთს, ღებალის მთაზე,

30

მაშინ აღაშენა ისო საკურთხეველი უფლისა ღმრთისა ისრაელისა მთასა შინა გებალსა.

31 როგორც ჰქონდა ნაბრძანები ღვთის მორჩილს, მოსეს, ისრაელიანთათვის, როგორც ეწერა მოსეს რჯულის წიგნში, სამსხვერპლო მთლიანი ლოდებისგან, რომლებისთვისაც რკინა არ მოუქნევიათ. აღუვლინეს მასზე უფალს აღსავლენი და შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი. 31 რამეთუ ამცნო მოსე, მონამან უფლისამან, ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა წერილ არს შჯულსა მოსესსა, საკურთხეველი ქვათა ცოცხალთაჲ, რომელთა ზედა არა დაცემულ არს რკინაჲ. და შეწირა მუნ მრგულიად დასაწველი უფლისა და მსხუერპლი ცხორებისაჲ.
32 იქ გადაწერა იესომ ქვებზე მოსეს რჯული, რომელიც დაწერილი ჰქონდა მოსეს ისრაელიანთა წინაშე. 32 და დაწერა ისო ქვათა მათ ზედა მეორე შჯული, შჯული მოსესი, რომელ დაწერა წერითა ისრაჱლისათა.
33 მთელი ისრაელი, მისი უხუცესობა, გამრიგენი და მისი მსაჯულები აქეთ-იქით ედგნენ კიდობანს ლევიანი მღვდლების, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთა საპირისპიროდ, როგორც მდგმურნი, ისე მკვიდრნი, ერთი ნახევარი - გარიზიმის მთის მიმართულებით, მეორე ნახევარი - ღებალის მთის მიმართულებით, როგორც ადრევე ჰქონდა ნაბრძანები მოსეს, უფლის მორჩილს, რათა კურთხეული ყოფილიყო ისრაელის ერი. 33 და ყოველი ისრაჱლი და მოხუცებულნი მათნი და მსაჯულნი მათნი და მწიგნობარნი მათნი თანაუვიდოდეს იმიერ და ამიერ წინაშე კიდობნისა. და მღდელთა ლევიტელთა აღიღეს კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და მოქცეულნი და მკჳდრნი, და იყვნეს ზოგნი მახლობელად მთასა ბარიზინსა და ზოგნი მათნი მახლობელად მთასა გებალსა, ვითარცა ამცნო მოსე, მონამან უფლისამან, კურთხევად უფლისა ისრაჱლისა პირველად.
34 ამის მერე წაიკითხა რჯულის სიტყვები, კურთხევა და შეჩვენება, როგორც ეწერა რჯულის წიგნში. 34 და ამისა შემდგომად წარიკითხნა ყოველნი სიტყუანი ამის შჯულისანი, კურთხევანი და წყევანი რაჲთურთით, დაწერილნი შჯულსა შინა მოსესსა.
35 არაფერი დარჩენილა მოსეს ნაბრძანებიდან, რომ არ წაეკითხოს იესოს ისრაელის მთელი კრებულის წინაშე, ქალებისთვის, ბავშვებისთვის და მდგმურებისთვის, მათთან რომ იყვნენ მოსულნი საცხოვრებლად. 35 არა იყო სიტყუაჲ ყოველთაგან, რომელ ამცნო მოსე ისოს, რომელ არა აღმოიკითხა ისო ყურთა ყოვლისა კრებულისა ისრაჱლისათა, მამათასა და დედათასა და ყრმათასა და მოქცეულთა, რომელნი მოადგებოდეს ისრაჱლსა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე