ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იგავნი სოლომონისა

თავი მეოცე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ღვინო კაცს ამასხრებს, ლუდი შფოთს ატეხინებს, ვინც მათ ეტანება, უგუნურია.

1

უძღებ არს ღვინო და შემაგინებელ სიმთრვალე, ხოლო ყოველნი უგუნურნი ეთანადებიან.

2 მეფის მუქარა ლომის ბრდღვინვასა ჰგავს, მისი განმარისხებელი თავს დაიღუპავს. 2 ზახილი ლომთა აშინებს პირუტყვთა და რისხვა მეფისა კაცთა, ხოლო რომელმან გახარისხოს, ავნოს სულსა თვისსა.
3 შუღლის აღკვეთა კაცის ღირსებაა, ყველა უმეცარი კი შფოთის ამტეხია. 3 დიდება კაცისა არს შორს-ყოფა შფოთთაგან, ხოლო უგუნურნი ყოველნი აღერევიან.
4 ზარმაცს სიცივეში ხვნა ეზარება, სთვლობას კი მოიკითხავს, მაგრამ არაფერი ექნება. 4 მცონარი კაცი არა შვრებინ ჴნულსა. და გაზაფხულ ითხოვნ იფქლსა და არავინ მისცის.
5 კაცის გულის ზრახვები ღრმა წყალია, გონიერი კაცი იქიდან ხაპავს. 5 წყალი ღრმა არს გონება კაცისა, ხოლო ბრძენმან კაცმან აღმოწბას იგი.
6 ბევრი გაიძახის თავის სიკეთეს, მაგრამ ერთგულ კაცს ვინ იპოვის? 6 დიდ არს კაცი და პატიოსან კაცი მოწყალე, ხოლო კაცი სარწმუნო ძნიად იპოოს.
7 მართალი თავის უმწიკვლოებით დადის, ბედნიერნი არიან მისი შვილები მის შემდეგ! 7 რომელი იქცევინ სამართალსა უბიწოდ, სანატრელნი შვილნი დაუტევნის;
8 მსაჯულის ტახტზე მჯდომი მეფე ყოველ ბოროტებას საკუთარი თვალებით ფანტავს. 8 რამეთუ, რაჟამს მეფჱ მართალი დაჯდეს საყდართა სასჯელისათა, არა დამდგომ არს წინაშე თუალთა მისთა ყოველი უკეთური.
9 ვინ იტყვის: სუფთა გული მაქვს და ცოდვისაგან განვიწმიდეო? 9 ვინმე იქადოს გულითა წმიდა-ქონებად? ანუ ვინმე იკადროს თქმად, ვითარმედ: წმიდა ვარ ცოდვისაგან?
10 მტყუანი საწონი და მტყუანი საწყაო - ერთიც და მეორეც სიბილწეა უფლისათვის. 10 სასწორი დიდი და მცირე და საწყაული ორი საძაგელ არს წინაშე უფლისა (და რომელთა ყონ იგი, მითვე უბრკუმეს და შებრკოლდეს კაცი).
11 ყმაწვილსაც კი შეიცნობ თავისი საქციელით, თუ წრფელად აკეთებს, რასაც აკეთებს. 11 ჭაბუკი, რომელი სიწმიდით ხოლო ვალნ, მართალ არიედ ეზონი მისნი.
12 ყურს ესმის და თვალი ხედავს - ერთიც და მეორეც უფალმა შეჰქმნა. 12 ყურთა ესმინ, თუალთა ხედავნ. და უფალსა შეუქმნიან ორნივე.
13 ძილი ნუ გეყვარება, თორემ გაღატაკდები. თვალები გაახილე და პურით დანაყრდები. 13 ნუ გიყუარნ ძჳრისსიტყუაჲ, რათა არა შეიმუსრო; აღიხილენ თუალნი შენნი და განსძღე პურითა.
14 ცუდია, ცუდიაო, ამბობს მყიდველი. როცა კი წავა, ქებას მოჰყვება. 14 ძჳრსა უკეთურად იტყჳნ, რომელი ვალნ მას შინა, და წარმდებებით იქადინ.
15 მრავლად არის ოქრო და მარგალიტი, მაგრამ ძვირფასი საჭურჭლე კი ცოდნის ბაგეა. 15 არს ოქროჲ სიღრმე უფსკრულთა, ხოლო ჭურ პატიოსან არიან ბაგენი მეცნიერნი.
16

აიღე მისი სამოსელი, რადგან უცხოს დაუდგა თავდებად. უცხო ქალის სანაცვლოდ გამოართვი ნახუთევი.

16

განეშორე მისგან, რომელი თავს-მდებ ექმნეს უცხოსა და სტუმართათჳს დაწინდულ იქმნას.

17 სიცრუის პური ეტკბილება კაცს, მერე კი მისი ღორღით აევსება პირი. 17 დაუტკბნა კაცსა პურნი სიცრუვისანი და აღავსო პირი მისი შანთითა მჴურვალითა.
18 გეგმები ბჭობაში მტკიცდება; გონივრულად გაემზადე საომრად. 18 გულისზრახვანი შეკრებულთაგან განირჩევიან და ბრძოლანი სიბრძნით განემზადებიან.
19 ჭორიკანა კაცი საიდუმლოს გამტეხია, პირმორღვეულს ახლოს ნუ გაეკარები. 19 რომელი განმცხადებელ არს ხვაშიადთა, ზაკვით ვალს და მაცთურობით აღახვამს ბაგეთა, ხოლო შენ ნუ მიახლები.
20 დედ-მამის მაგინებელს უკუნეთ ღამეში ჩაუქრება ლამპარი. 20 რომელმან განგმოს მამა-დედანი, დაუშრტეს ნათელი და გუგანი თვალთანი დაუბნელდეს.
21 თავიდან იოლად შეძენილი ქონება საბოლოოდ კურთხეული აღარ იქნება. 21 ხვედრი, სურვილით აღებული, აღსასრულსა არა იკურთხოს.
22 ნუ იტყვი, ბოროტებას სანაცვლოს მივაგებო, უფალს მიენდე და ის გიშველის. 22 ნუ იტყვი: რათა შურ-ვაგო მტერსა, არამედ მოითმინე უფლისათჳს, რათა შემწე გეყოს.
23 უთანასწორო საწონები სიბილწეა უფლის წინაშე და მატყუარა პინები არ არის კარგი. 23 ბილწ არიან წინაშე უფლისა საწყავნი ორრიგნი და სასწორი ზაკული არა კეთილ მის წინაშე.
24 უფლისგან არის კაცის ნაბიჯები; როგორღა გაიგნოს კაცმა თავისი გზა-კვალი? 24 უფლისაგან არს წარმართება - სლვა კაცისა, ხოლო მოკვდავთა ვითარ ცნან გზანი თვისნი?
25 კაცისთვის ხაფანგია დაუფიქრებლად რაიმეს სიწმიდედ შერაცხვა და აღთქმათა მიცემის შემდეგ გამოჩხრეკა. 25 მახე იჩქითი არს განმწარება წმიდათა, ხოლო შემდგომად შეწირონ და ინანონ.
26 ბრძენი მეფე ფანტავს ბოროტეულთ და მათ თავზე ბორბალს ატრიალებს. 26 განბნევა უღმრთოთა არს მეფე ბრძენი, რომელი ავლინებს მათ ზედა ურმისთვალთა.
27 კაცის ხელი უფლის ლამპარია, მისი შიგანის გამომკვლეველი. 27 ნათელი უფლისა ბრწყინავს კაცთა ზედა, რომელი გამოიკვლევს საუნჯეთა გულისათა.
28 მადლი და ჭეშმარიტება იცავს მეფეს და სიმართლით უპყრია მას თავისი ტახტი. 28 წყალობა და ჭეშმარიტება მცველ არს მეფეთა და გარეშემზღუდველ საყდართა მისთა სიმართლე.
29 ჭაბუკთა დიდება მათი ჯანია, მოხუცთა პატივი კი - ჭაღარა. 29 სამკაული ჭაბუკთა - სიბრძნე თჳსი და დიდება მოხუცებულთა - მჴცოვანებანი.
30 ნაცემის ჭრილობა მოაქცევს უკუღმართს და დარტყმები განწმედს მის შიგანს. 30 კვეთა და წყლვა შეემთხვიოს ბოროტსა, ხოლო ტანჯვანი საუნჯეთა მუცლისა მისისათა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე