ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იგავნი სოლომონისა

თავი ოცდამეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სიტყვები აგურ იაკეს ძისა, მასაელისა. ამ კაცის ნათქვამი იეთიელის, იეთიელისა და უქალის მიმართ:

1

ესრეთ ჰრქჳს კაცმან მორწმუნეთა ღმრთისათა, ვითარმედ: ვდუმნე. რამეთუ უსულელჱს ვარ ყოველთა კაცთა

2 კაცთაგან ყველაზე უმეცარი ვარ და ადამიანური გონება არ გამაჩნია. 2 და სიბრძნე კაცობრივი არა არს ჩემ თანა.
3 ვერ ვისწავლე სიბრძნე და ღვთიურისა არაფერი გამეგება. 3 ღმერთმან მასწავა მე სიბრძნე და მეცნიერება წმიდათა გულისჴმა-ვყავ და ვიცი სიწმიდჱ.
4 ვინ ავიდა ზეცად და ვინ ჩამოვიდა? ქარი ვინ შეკრიბა თავისი პეშვით? სამოსელში ვინ გამოხვია წყალი? ვინ დაადგინა ქვეყნის ყველა საზღვარი? რა არის მისი სახელი? მის ძეს რა ჰქვია? იცი ეს? 4 ვინ აღჴდა ცად და გარდამოჴდა? ვინ შვკრიბნა ქარნი უბეთა თჳსთა, ანუ ვინ შეიკრძალნა წყალნი სამოსელსა თჳსსა? ვინ დაიპყრნა კიდენი ქუეყანისანი? რა არს სახელი მისი, ანუ რა არს სახელი ძისა მისისა, რათა უწყოდი?
5 უფლის ყოველი სიტყვა სარწმუნოა; იგი ფარია მის მოიმედეთათვის. 5 რამეთუ ყოველნი სიტყუანი ღმრთისანი რჩეულ არიან და მგულებელ არს იგი მოშიშთა მისთა,
6 ნურას მიუმატებ მის სიტყვებს, თორემ გამხილებს და მატყუარა გამოხვალ. 6 რათა არა შეგატყუას შენ და ცრუდ იპოო შენ.
7 ორ რამესა გთხოვ და უარს ნუ მეტყვი, სანამ მოვკვდებოდე: 7 ორსა ამას ვითხოვ შენგან: ნუ მიმიღებ ჩემგან მადლსა, ვიდრე არა მომკუდარ ვარ.
8 სიცრუე და ტყუილი მაშორე, ნურც სიღარიბეს მიმცემ და ნურც სიმდიდრეს, საარსებო პურით მასაზრდოვე, 8 სიტყუათა ცრუთა, ამაოთა განმაშორე ჩემგან, სიმდიდრესა და უპოვარებასა ნუ მომცემ მე, არამედ აღწონით ყავ წესი,
9 რომ გამაძღარმა არ უარგყო და არა ვთქვა, ვინ არის უფალიო? ხოლო გაღატაკებულმა არ ვიქურდო და ჩემი ღვთის სახელს არ შევცოდო. 9 რათა არა განვმდიდრდე და განვცრუვდე და თუ უპოვარი ვიყო, ვიპარო და ცილი ვფუცო სახელსა ღმრთისა ჩემისასა,
10 მონას ცილს ნუ დასწამებ თავისი ბატონის წინაშე, თორემ დაგწყევლის და დადანაშაულდები. 10 ნუ მისცემ მონასა ჴელთა უფლისა თჳსისათა, რათა არა გწყეოს შენ და განირყუნეს.
11 არის ხალხი, რომელიც წყევლის თავის მამას და საკუთარ დედას არ ლოცავს. 11 ნაშობი უკეთური მამასა თჳსსა სწყევნ და დედასა თჳსსა არა აკურთხევნ.
12

არის ხალხი, რომელსაც თავი სუფთა ჰგონია, მაგრამ სიბინძურისგან არ განბანილა.

12

ნაშობსა უკეთურსა მართალთა თანა შეურაცხიეს თავი თჳსი და საგმობელობა მისი არა განიწმიდის.

13 არის ხალხი - და როგორი ამპარტავანი და ქედმაღლად მომზირალი! 13 ნაშობსა უკეთურისანი ამპარტავან არიან თვალნი მისნი და წამწამითა თჳსითა მაღლოინ.
14 არის ხალხი, რომლის კბილები მახვილებია, რომლის ღოჯები დანებია, ქვეყნად ღვთისმოსავთა და კაცთა შორის ღარიბ-ღატაკთა შესაჭმელად. 14 ნაშობისა უკეთურისანი, ვითარცა ჴრმალნი, ლესულ არიან კბილნი მისნი და შუანი მისნი, ვითარცა მკუეცელნი, შემუსრვად და შეჭმად მდაბალთა ქუეყანისათა და კაცთა გლახაკთა.
15 წურბელას ორი ასული ჰყავს: მომე, მომე! ეს სამნი გაუმაძღარნი არიან და ოთხნი არ იტყვიან: კმარა! 15 წურბელსა სამ ასულ ესხნეს სიყვარულითა, საყუარელნი და სამთავე მათ ვერ განაძღეს იგი, და მეოთხესა მას ვერ კმა-ეყო თქუმად, ვითარმედ: კმა არს.
16 შავეთი, უნაყოფო საშო, წყლით გაუმაძღარი მიწა და ცეცხლი არ იტყვიან: კმარა! 16 ჯოჯოხეთი და ტრფიალება დედათა, და ტარტაროზი და ქუეყანა ვერ განმაძღარი წყლითა. წყალმან და ცეცხლმან არა თქუეს, ვითარმედ: კმა არს.
17 მამის დამცინავ და დედის ურჩ თვალებს ხევის ყვავები ამოკორტნიან და არწივის მართვენი შეჭამენ. 17 თვალნი, რომელნი ეკიცხევედ მამასა და შეურაცხ-ჰყოფედ სიბერე დედისასა აღმოჰჴადნედ იგინი ყორანთა ჴევისათა და შეჭამნედ იგინი მართუეთა ორბისათა.
18 სამი რამ მაოცებს და ოთხი რამ არის, რომ ვერ გამიგია: 18 სამ არს შეუძლებელი ჩემდა და მეოთხე იგი ვერ გულისჴმა-ვყავ:
19 ცაში არწივის კვალი, კლდეზე გველის კვალი, შუაგულ წყალში ხომალდის კვალი და ქალწულში კაცის კვალი. 19 კუალი ორბისა მფრინველისა, და გზა გუელისა კლდესა ზედა, ალაგნი სლვისა ნავისანი და გზანი კაცისანი სიჭაბუკესა შინა.
20 ბოზი ქალის ზნე ასეთია: შეჭამს, პირს მოიწმენდს და იტყვის, ცუდი არაფერი ჩამიდენიაო. 20 ესევითარი გზა არს დედაკაცისა მომრუშისა, რომელმან-იგი, რაჟამს ქმნის, დაიბანის და ეგრეთ თქჳს, ვითარმედ: არა უჯერო ვქმენ.
21 სამი რამე არყევს ქვეყანას, ოთხი რამე ვერ აუტანია: 21 სამისაგან იძლევის ქუეყანა და მეოთხესა მას ვერ შემძლებელ ვარ დათმენად.
22 გამეფებული მონა, პურით გამძღარი არამზადა, 22 უკუეთუ მეფობდეს მონა, და უგუნური თუ განძღეს პურითა,
23

საძულველი ქალი, როცა გათხოვდება, და მონაქალი, რომელიც თავისი ქალბატონის ადგილს იჭერს.

23

და მჴევალმან თუ გამოაძოს დედოფალი და საძულელი თუ ცოლი შეემთხჳოს ქმარსა კეთილსა.

24 აჰა, ოთხნი მცირენი დედამიწის ზურგზე, მაგრამ ბრძენთა ბრძენნი: 24 ოთხი არს უმცირეს ქუეყანასა ზედა და იგინი არიან უბრძნეს ბრძენთასა.
25 ჭიანჭველები ძლიერნი არ არიან და თავიანთ საზრდოს ზაფხულობით აგროვებენ; 25 ჯინჭველთა, რომელთა არა აქუს ძალი და განიმზადიან ზაფხულის საზრდელ,
26 კურდღლები მაგრები არ არიან და თავიანთ სახლებს კლდეზე დგამენ; 26 და მაჩუთა ნათესავი უძლური, რომელთა შინა იქმნიან კლდეთა ბუდენი თჳსნი;
27 კალიებს მეფე არა ჰყავთ და ყველანი მწყობრად გამოდიან. 27 უმეფო არს მკალი და მრავალი განეწყობის, ვითარცა ერთისაგან ბრძანებისა წესიერად.
28 ხვლიკი ხელით შეიპყრობა, მაგრამ მეფის სასახლეებშია. 28 მსუენი ჴელითა ემტკიცებინ კედელსა, დაღათუ ადვილად შესაპყრობელ არს, არამედ დამკჳდრებულ არს იგი ტაძართა შინა სამეუფოთა.
29 ეს სამნი თამამად დააბიჯებენ, ეს ოთხნი თამამად დადიან: 29 სამი არს, რომელი კეთილად ვალს, და მეოთხე იგი კეთილად თანაწარჰვალს.
30 ლომი - ცხოველთა მეუფე, გზაზე რომ არავის ჩამოეცლება; 30 ლეკჳ ლომისა უძლიერესი მჴეცთა, რომელი არა გარემოიქცვვის, არცა შეძრწუნდების ნადირისაგან,
31 დარახტული ცხენი, ჯიხვი და მეფე თავისი ამალით. 31 მამალი, რომელი იქცევინ დედალთა შორის განსუენებულად, და ვაცი, წინამძღუარი სამწყსოთა, და მეფე, რომელი იზახებნ თესლთა ზედა.
32 თუ შენ შენი ამპარტავნობით სისულელე ჩაიდინე ან თუ ავი განიზრახე, პირზე მიიფარე ხელი. 32 უკუეთუ მისცე თავი შენი შუებასა და მიჰყო ჴელი შენი ლალვით პირად შენდა, შეურაცხ იქმნე.
33 რძის ჯანჯღარით კარაქი გამოდის, ცხვირში ჯანჯღარით სისხლი გამოდის, ბრაზის ჯანჯღარით ჩხუბი გამოდის. 33 მოიწუელე სძე და იქმნეს ერბო, უკუეთუ გამოზიდვიდე დრყილსა, გამოჰჴდეს სისხლი, უკუეთუ დამოჰზიდვიდე სიტყუათა ამაოთა, გამოვიდენ სასჯელნი და ლალვანი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე