ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იგავნი სოლომონისა

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ისმინეთ, შვილებო, მამის შეგონება! ყურადღებით იყავით, რომ ჭკუა ისწავლოთ.

1

ისმინეთ ყრმათა სწავლაჲ მამისაჲ და ერჩდით ცნობად გულისჴმის-ყოფასა,

2 რადგან სასიკეთო დარიგებას გაძლევთ; ჩემი რჯული არ მიატოვოთ. 2 რამეთუ ნიჭსა კეთილსა მიგანიჭებ თქუენ, შჯულსა ჩემსა ნუ დაუტეობთ,
3 რადგან მამაჩემის შვილი ვიყავი მეც, დედის ნებიერი და ნანინანატრი. 3 რამეთუ შვილი ვიყავ მეცა მამისა მორჩილი, და საყუარელ წინაშე პირსა დედისასა.
4 მასწავლიდა მამაჩემი და მეუბნებოდა: მიირქვას შენმა გულმა ჩემი სიტყვები, ჩემი მცნებები დაიმარხე და იცოცხლებო. 4 რომელნი მასწავებდეს მე და მეტყოდეს: დაჰჯერდინ სიტყუაჲ ჩუენი გულსა შენსა; დაიცვენ მცნებანი ჩემნი და ნუ დაივიწყებ და ნუცა უგულებელს-ჰყოფ სიტყუათა პირისა ჩემისათა,
5 შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გონიერება, არ დაივიწყო, არ გადაუხვიო ჩემს ნათქვამ სიტყვებსო. 5 ნუცა გარდააქცევ თქუმულთაგან პირისსა ჩემისათა,
6 არ დააგდო და შეგინახავს; შეიყვარე და დაგიფარავსო. 6 ნუცა დაუტეობ მას და შეგეწიოს შენ; ეტრფიალე მას და დაგიცვას შენ.
7 მთავარი სიბრძნე სიბრძნის მოხვეჭაა, ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა მოიხვეჭეო. 7 დასაბამად სიგრძნისა მოიგე სიბრძნე და ყოველთა საუნჯეთა წილ მოიგე გონიერებაჲ.
8 დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავო. 8 გარემოიზღუდე იგი და აღგამაღლოს შენ; პატივ-ეც, რათა შეგიტკბოს შენ,
9 ლამაზ გვირგვინს მოგცემს თავზე დასარქმელად, დიდების შარავანდს გიბოძებსო. 9 რათა მოსცეს თავსა შენსა გჳრგჳნი მადლისაჲ და გჳრგჳნითა საშუებელისათა შეგეწიოს შენ.
10 ისმინე, შეილო, მიიღე ჩემი ნათქვამი და გაგიგრძელდება სიცოცხლის წლები. 10 ისმინე, შვილო, და შეიწყნარენ სიტყუანი ჩემნი, და განმრავლდენ წელნი ცხორებისა შენისანი, რათა იყუნენ შენდა მრავალ გზაჲ ცხორებისაჲ,
11 სიბრძნის გზა მიმისწავლებია შენთვის, სწორ ბილიკზე დამიყენებიხარ. 11 რამეთუ გზანი ცხორებისანი გასწავენ შენ და გულისჴმა-გიყვენ შენ ალაგნი მართალნი.
12 გაივლი, ნაბიჯი არ დაგიმოკლდება; გაიქცევი, არ წაიფორხილებ. 12 უკუეთუ ხჳდოდი, არა დაიჴსნენ სლვანი შენნი, და ჰრბიოდი თუ, არა დაჰშურე.
13 ჩაეჭიდე შეგონებას, ნუ დააგდებ; დაიმარხე იგი, რდგან ის არის შენი სიცოცხლე. 13 შეეკრძალე სწავლასა ჩემსა და ნუ დაუტეობ, არამედ დაიმარხე თავისა შენისა ცხორებად იგი შენდა.
14 ბოროტეულთა კვალზე არ იარო, უკეთურთა გზას არ დაადგე. 14 გზასა უღმრთოთასა ნუ მიხუალ, ნუცა ჰბაძავ ალაგთა უშჯულოთასა.
15

ჩამოსცილდი, ნუ გაჰყვები; გვერდზე გადადექი და გაიარე.

15

რომელსა ადგილსა განეწყვებოდიან, ნუ მიხუალ მუნ. მიაქციენ მისგან ფერჴნი შენნი და დაუტევე იგი,

16 რადგან არ ეძინებათ, თუ არ იბოროტეს; ძილი ეფრთხებათ, თუ არ შეაცდინეს ვინმე. 16 რამეთუ არა დაიძინიან, ვიდრე არა ბოროტი ქმნიან. მიღებულ არს ძილი მათგან და არა დაიძინიან,
17 რადგან ბოროტეულის პურს ჭამენ და ძალადობის ღვინოსა სვამენ. 17 რომელნი იზარდებიან საჭმლითა უღმრთოებისათა, და ღჳნითა უშჯულოებისათა დაითრვნიან.
18 მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე. 18 ხოლო გზანი მართალთანი, ვითარცა ნათელნი, ბრწყინვიდენ; წინაუძღოდიან და განანათლებდენ, ვიდრე წარმოემართოს დღე.
19 ბოროტეულთა გზა წყვდიადივითაა: არ იციან, სად წაიფორხილებენ. 19 ხოლო გზანი უღმრთოთანი ბნელ არიან და არა უწყიან, სადა წარახეთქონ ფერჴი.
20 შვილო, შეისმინე ჩემი სიტყვები, ჩემს ნათქვამს ყური მოაპყარი. 20 შვილო, თქუმულთა ჩემთა ეკრძალე, და სიტყუათა ჩემთა მოეც გონებაჲ შენი,
21 არ მიეფარონ შენს თვალს, გულის სიღრმეში დაიმარხე. 21 რათა არა მოგაკლდენ შენ წყარონი ცხორებისანი, დაიმარხენ იგინი გულსა შენსა,
22 რადგან სიცოცხლეა მათი მპოვნელისთვის და ჯანმრთელობა, 22 რამეთუ ცხორებაჲ არს, რომელთა პოონ იგი, და ყოველთა ჴორცთა მათთა ლხინებაჲ.
23 შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო. 23 და ყოველი საცოჲ დაიმარხე გულსა შინა, რომლისაგან არიან გამოსავალნი ცხორებისანი.
24 განიგდე ბაგიდან უკუღმართობა, ცბიერი სიტყვები მოიშორე. 24 მოისპე შენგან პარვაჲ ზაკული და ცრუნი ბაგენი განიშორე შენგან.
25 პირდაპირ იცქირონ შენმა თვალებმა და შენი წამწამები გასწორდეს შენს პირდაპირ. 25 თუალნი შენნი მართლ ხედვენ და წამნი შენნი სიმართლესა წამებენ.
26 გამართე ნაბიჯები და მტკიცე იქნება შენი სავალი. 26 მართალ-ყვენ ალაგნი ფერჴთა შენთანი და გზანი შენნი წარიმართენ.
27 ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ; ბოროტებას ფეხი მოარიდე. 27 ნუ მიაქცევ მარჯუენით, გინა თუ მარცხენით; მოაქციე ფერჴი შენი გზისაგან ბოროტისა, რამეთუ გზანი იგი მარჯუენითნი იცნის უფალმან, ხოლო გულარძნილ არიან გზანი იგი მარცხენითნი, და მან მართალ-ყვნეს ალაგნი შენნი და სლვანი შენნი მშჳდობით წარგემართნენ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე