ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იგავნი სოლომონისა

თავი მეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

შვილო, დაიმარხე ჩემი ნათქვამი და ჩემი ანდერძი დაიუნჯე.

1

შვილო, დაიმარხენ სიტყუანი ჩემნი და მცნებანი ჩემნი დაიფარენ შენ თანა.

2 დაიმარხე ჩემი ანდერძი და იცოცხლებ, და ჩემი რჯული - თვალისჩინივით. 2 შვილო, პატივ-ეც უფალსა და განსძლიერდე და მისსა გარეშე ნურავისსა გეშინის სხჳსა. დაიცვენ მცნებანი ჩემნი და სცხონდე და სიტყუანი ჩემნი, ვითარცა გუგანი თვალთანი.
3 მიიბი შენს თითებზე და გულის ფიცარზე დაიწერე. 3 და იგინი გამოიწერენ თითითა შენითა ფიცართა გულისა შენისათა.
4 უთხარი სიბრძნეს: ჩემი და ხარ-თქო და ჭკუა-გონებას მეგობარი უწოდე. 4 მოხადე სიბრძნესა დად-ყოფად შენდა, და მოუწოდე გულისხმის-ყოფასა შემეცნებად შენდა.
5 რომ თავი დაიფარო უცხო ქალისგან, სხვისი ცოლისგან, მისი ლაქარდიანი ენისგან. 5 შეიკრძალე თავი შენი დედაკაცისა უცხოსაგან და ბოროტისა, რაჟამს სიტყვითა საცთურსა შთაგთხევდეს.
6 როცა სახლის სარკმლიდან, ცხაურს იქით გადავიხედე, 6 არდაბაგითა სახლისათა იხედავნ უბანთა მიმართ,
7 დავინახე ბრიყვთა შორის, გავარჩიე ყმაწვილებს შორის ერთი ბიჭი, ჭკუათხელი. 7 რათამცა მოიხილნეს ჭაბუკნი უთმინონი და ყრმანი უგულისხმონი,
8 ქუჩაში მიდიოდა, იმის კუთხესთან, იმის სახლის გზით მიაბიჯებდა. 8 რომელნი ვლიედ უბანთა მიერ სიახლესა სახლისა მისისათა და ზრახავნ,
9 მიმწუხრზე, დღის მიწურულზე, ღამის ბნელში და უკუნეთში. 9 სიბნელესა ღამისასა, ოდესცა არღარა განსცხრებოდიან სიჴშოსაგან ბინდისა,
10 და აჰა, ქალი გამოდის მის შესახვედრად, მეძავის საბურველში, გულმზაკვარი. 10 დედაკაცი იგი შეემთხვევა პირითა საროსკიპოთა, რომელმან შესულიბნის გულნი ჭაბუკთანი, ეითარცა მთრვალთა მოუძლურებულთანი,
11 ხმაურიანია და თავნება, შინ ფეხი არ უდგება; 11 ფრინვალობს უძღებად და სახლსა შინა თვისსა არა დააცადნის ფერჴნი თვისნი,
12 ხან ქუჩაშია, ხან მოედანზე - ყოველ კუთხეშია ჩასაფრებული; 12 არამედ ოდესმე ვალნ უბანთა და ოდესმე ყოვლით კერძო იმსტრობნ,
13 აჰა, ჩაიჭირა იგი, კოცნის და ურცხვად ეუბნება: 13 რათამცა პოვა ჭაბუკი და დაიპყრას, აკოცებს ურცხვინოდ და ლიქნით ეტყჳნ:
14 სამადლობელი მსხვერპლი მქონდა შესაწირავი, დღეს გადვიხადეო საღმრთო. 14 მზეგრძელობისა შენისათვის მსხვერპლისა შეწირვად პაემანი და მეც აწ დღეს აღვასრულე პაემანი.
15

ამიტომაც გამოვედი შენს შესახვედრად, შენის სასის საძებრად და აჰა, გიპოვე კიდეც.

15

ამისთვის მოგეგებვი შენ ტრფიალი პირისა შენისა და სანატრელი გპოვე.

16 ხალიჩები მაქვს დაფენილი ჩემს სარეცელზე, ეგვიპტური ჭრელი ნაქსოვი. 16 შემითხზნავს ცხედარი ჩემი და გარდამიგია ფიჩვითა ეგვიპტურებ ჭრელებულითა.
17 დავაფრქვიე მური ჩემს საწოლზე. 17 საგებელთა ჩემთა უკმიე მური, შტახსი და კასია.
18 წამო, დილამდე დავთვრეთ სიყვარულით, ალერსით ვინეტაროთ. 18 მოვედ და ვიშვებდეთ სიყვარულითა განთიადამდე; მოვედ და განვსცხრებოდეთ ტრიობითა.
19 რადგან შინ არ არის ქმარი, შორ გზაზეა წასული; 19 რამეთუ არა არს ქმარი ჩემი სახლსა შინა, არამედ წარსრულ არს გზასა შორესა.
20 ვერცხლის ქისა წაიღო თან, სრულმთვარობისას დაბრუნდებაო შინ. 20 ვაშკარანი ვეცხლითა წარიღო, აღიღო ჴელითა და შემდგომად დღეთასა მომავალ არს სახიდ თვისად.
21 შეაცდინა თავისი ლაქლაქით, ლაქარდიანი ენით შეიტყუა. 21 მრავალმეტყველებითა და მაცთურითა ბაგითა რა შეაცთუნის,
22 იმწამსვე უკან გაჰყვა, როგორც დასაკლავი ხარი, როგორც შებორკილი გიჟი დასასჯელად. 22 შეუდგის, ვითარცა უსხი საკლველი და ვითარცა ვერძი მნერბავი და ვითარცა სულელი უმეცარი,
23 ვიდრე ისარს არ გაუგლეჯია მისი ღვიძლი; როგორც ფრინველი, ხაფანგისკენ რომ ისწრაფვის და არ იცის, რომ სიცოცხლეს წააგებს. 23 და იწყლა, ვითარცა ირემი ღვიძლგანგვრემული, და მოიფრინვა, ეითარცა ფრინველმან, მახედ და არა უწყის, წარწყმედად სულისა თჳსისად ვალს.
24 ახლა მისმინეთ შვილებო, და ყური ათხოვეთ ჩემს ნათქვამს. 24 აწ, შვილო ჩემო, ისმინე ჩემი და ყურად-იხვენ სიტყვანი პირისა ჩემისანი.
25 ნუ გაიმრუდებს თავის გზას თქვენი გული, ნუ აერევა თავისი ბილიკები. 25 ნუ მოსდრეკ გულსა შენსა გზათა მისთა, და ნუცა შეუდგები კვალთა მისთა,
26 რადგან ბევრი დაეცა მისგან სასიკვდილოდ, ბევრი ძლევამოსილია მისგან დახოცილი. 26 ვინადგან მრავალნი იგვემნეს და მოიწყლნეს და უამრავნი მჴნენი შეიმუსრნეს მის მიერ,
27 მისი სახლი შავეთის გზაა, სიკვდილის სამყოფელში ჩამავალი. 27 რამეთუ სახლი მისი გზა არს ჯოჯოხეთისა, რომელი შთაიყვანებს საუნჯედ სიკუდილისად.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე