ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იობი

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იყო ერთი კაცი ყუცის ქვეყანაში, სახელად იობი. ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული იყო ეს კაცი.

1

კაცი ვინმე იყო სოფელსა მას შინა ავსიტისსა, რომელსა სახელი ერქუა იობ. და იყო კაცი იგი ჭეშმარიტ, უბიწო, მართალ, ღმრთისმსახურ, განყენებულ და განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა.

2 ჰყავდა მას შვიდი ვაჟი და სამი ასული. 2 და იყვნეს ძენი მისნი შჳდ და ასულნი მისნი სამ.
3 ჰყავდა საქონელი - შვიდიათასი სული ცხვარი, სამიათასი აქლემი, ხუთასი უღელი ხარი, ხუთასი დედალი ვირი, უამრავი მსახური. აღმოსავლელთა შორის ყველაზე სახელოვანი იყო ეს კაცი. 3 და იყო საცხოვარი მისი ცხოვარი შჳდ ათას, აქლემები სამ ათას, უღლეული ჴარი ხუთას, ვირი ჴდალი მძოვარი ხუთას, და მსახურთა სიმრავლე ფრიად. და საქმენი მისნი დიდ იყვნეს ქუეყანასა ზედა. და იყო კაცი იგი აზნაური მზისა აღმოსავალისათაგანი.
4 სტუმრობდნენ ერთმანეთთან მისი ვაჟები და მორიგეობით მართავდნენ ლხინს, იწვევდნენ თავიანთ სამ დას, რომ ერთად ეჭამათ და ესვათ. 4 და შეკრბიან ძენი მისნი ერთად ურთიერთას და ყვიან ტაძრობაჲ დღითი დღედ. და მიიყვანნიან სამნიცა იგი დანი მათნი ჭამად და სუმად მათ თანა.
5 როცა ჩამოთავდებოდა ლხინის დღეები, გაგზავნიდა იობი და განწმედდა მათ; ადგებოდა დილაადრიანად, აღავლენდა აღსავლენ მსხვერპლს მათი რიცხვისდა მიხედვით, რადგან ფიქრობდა იობი, ვაითუ რამე შესცოდესო ჩემმა ვაჟებმა და დაჰგმესო ღმერთი თავიანთ გულში. მუდამ ასე იქცეოდა იობი. 5 და ვითარცა აღესრულნიან დღენი იგი სუმისა მათისანი, მიავლინის იობ და განწმიდნის იგინი და აღდგის განთიად და შეწირის მათთჳს მსხუერპლი რიცხჳსაებრ მათისა და ზუარაკი ერთი ცოდვათათჳს სულთა მათთასა, რამეთუ თქჳს იობ: ნუსადა ძეთა ჩემთა გონებასა მათსა ბოროტი მოიჴადეს უფლისათჳს. და ამას ჰყოფდა იობ ყოველთა დღეთა მისთა.
6 ერთ დღეს მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინაშე წარსადგომად. სატანაც მივიდა მათ შორის. 6 და ვითარცა იქმნა დღე ესევითარი და მოვიდეს ანგელოზნი ღმრთისანი წარდგომად წინაშე ღმრთისა, და ეშმაკიცა მოვიდა და დადგა მათ თანა.
7 უთხრა უფალმა სატანას: საიდან მოდიხარ? მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: ქვეყნად წანწალიდან და ხეტიალიდან. 7 და ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: ვინა მოხუალ შენ? მიუგო ეშმაკმან მან და ჰრქუა: მომივლიეს ყოველი ქუეყანაჲ და განმივლიეს ცასა ქუეშე და აწ აქა ვარ.
8 უთხრა უფალმა სატანას: თუ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. 8 და ჰრქუა მას უფალმან მიჰხედეა გონებითა შენითა მონასა ჩემსა იობს, რამეთუ არავინ არს მისებრ ქუეყანასა ზედა კაცი უბრალო, ჭეშმარიტ, ღმრთისმსახურ, განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა.
9 მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: მერედა ტყუილუბრალოდ არის იობი ღვთისმოშიში? 9 მიუგო ეშმაკმან და თქუა წინაშე უფლისა: ნუუკუე მედად ჰმსახურებსა იობ უფალსა?
10 განა შენ არ გყავს დაცული მთელი მისი სახლ-კარითა და საბადებლითურთ? მისი ხელით ნაქმნარი შენგან არის კურთხეული, მისი საქონელი გამრავლებულია ქვეყნად. 10 ანუ არა შენ მოზღუდეა გარემო მისა და შინაგანი სახლისა მისისაჲ? და გარეშე ყოველივე რაჲ არს მისი, მოიცევ, საქმენი ჴელთა მისთანი აკურთხენ და საცხოვარი მისი მრავალ-ჰყავ,
11 აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე მთელს მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა. 11 არამედ მიავლინე ჴელი შენი და შეახე ყოველსა, რავდენი-რაჲ აქუს. პირითა ღათუ გაკურთხევდეს.
12

უთხრა უფალმა სატანას: აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი! ოღონდ თავად მას ნუ შეეხები. და გავიდა სატანა უფლისგან.

12

მაშინ ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: აჰა ეგერა, ყოველი, რაცა არს მისი, მიგეც ჴელთა შენთა, არამედ მას ნუ შეახებ. და გამოვიდა ეშმაკი პირისაგან უფლისა.

13 ერთ დღეს, როცა მისი ვაჟები და ასულები ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში, 13 და იყო დღე ესევითარი და ძენი იობისნი და ასულნი მისნი სუმიდეს სახლსა შინა ძმისა მათისა უხუცესისასა.
14 მოვიდა მაცნე იობთან და უთხრა: ხარები ხნავდნენ, სახედრები კი ძოვდნენ მის გვერდით; 14 და აჰა ესერა, ღაღადისი მოვიდა იობისა და ჰრქუა მას: უღლეული იგი ჴართა ჴნვიდა და რემაკი იგი ვირთა მათ ჴდალთა ძოვდა მახლობელად მათსა.
15 დაეცნენ შებაელები და გაირეკეს, მსახური ბიჭები კი მახვილით ამოხოცეს. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი. 15 და მოვიდეს მტყუენველნი და წარიტყუენვეს იგი, და მონანი იგი მოსრნეს მახჳლითა და განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.
16 ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს: ღვთის ცეცხლი ჩამოვარდა ციდან, გადაწვა ცხვარი და მსახური ბიჭები; შთანთქა ისინი. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი. 16 ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ, მოვიდა სხუაჲ ღაღადისი და ჰრქუა იობს: ცეცხლი გარდამოვარდა ზეცით და დაწუა ცხოვარი იგი, მწყემსნი იგი შეჭამნა, ეგრევე მე განვერი მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.
17 ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს: ქალდეველები დაეწყვნენ სამ რაზმად, დაეცნენ აქლემებს და წაასხეს, და მახვილით ამოხოცეს. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი. 17 და ვიდრე იგი ამას იტყოდა, მოვიდა სხუაჲ ღაღადისი და ჰრქუა იობს: მჴედრები განიყო სამად გუნდად და გარემოადგეს აქლემებსა მას და წარტყუენეს იგი და მონანი იგი მოსწყჳდნეს მახჳლითა და განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.
18 ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს: შენი ვაჟები და ასულები ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში. 18 და ვიდრე იგი ამას იტყოდა, მოვიდა სხუაჲ ღაღადისი და ჰრქუა იობს: ძენი შენნი და ასულნი შენნი ჭამდეს და სუმიდეს ძმისა მათისა თანა უხუცესისა.
19 ამ დროს დაბერა უდაბნოდან დიდმა ქარმა, ეძგება სახლის ოთხსავე კუთხეს, ჭერი თავზე დაემხო ყმაწვილებს და დაიხოცნენ. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი. 19 და მეყსეულად ქარი დიდი მოჴდა უდაბნოჲთ და ეკუეთა ოთხთავე კიდეთა სახლისათა. და დაეცა სახლი იგი ყრმათა შენთა ზედა და მოწყდეს. განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.
20 ადგა იობი, შემოიხია მოსასხამი, გადაიპარსა თავი, დაეცა მიწაზე და თაყვანი სცა. 20 და ესრეთ აღდგა იობ და დაიპო სამოსელი თჳსი და აღიპარსა თმაჲ თავისა თჳსისაჲ და დავარდა ქუეყანასა ზედა და აღდგა და თაყუანის-სცა უფალსა პირსა ზედა თჳსსა.
21 თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი. 21 და თქუა: მე შიშუელი გამოვედ მუცლისაგან დედისა ჩემისა, შიშუელივე მივიქცე მუნვე ქუეყანად, უფალმანცა მომცა, უფალმანცა მიმიღო, ვითარცა უნდა, ეგრეცა ქმნა. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ.
22 მაინც არ შეუცოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასცდენია. 22 ამას ყოველსა ზედა, რომელი შეემთხჳა მას, არარაჲ შესცოდა იობ წინაშე უფლისა და არარაჲ თქუა უგნურებაჲ ღმრთისა მიმართ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე