ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იობი

თავი ოცდამეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

რატომ არ არის დაფარული ყოვლადძლიერისთვის განკითხვის ჟამი, მისი შემცნობელნი კი ვერ ხედავენ მის დღეებს?

1

რაჲსათჳსმე უფალი დაავიწყდა ზუავთა.

2 ბოროტეულნი მიჯნებს ანაცვლებენ, ფარას და მწყემსებს იტაცებენ; 2 და უღმრთონი საზღვართა გარდაჴდეს, სამწყსოჲ [!] მწყემსითურთ წარიტაცეს.
3 ობლებს ვირს ართმევენ, ქვრივოხერისგან ხარს იხუთავენ; 3 და კარაული ობლისაჲ წარიბეს და ჴარი ქურივისაჲ დაიჴუთეს.
4 გაჭირვებულებს გზიდან აგდებენ; მიიმალნენ ქვეყნის ჩაგრულნი ერთიანად. 4 გარდაადგინეს უძლურნი გზისაგან სიმართლისა. და ერთბამად დაეფარნეს მშჳდნი ქუეყანისანი.
5 აჰა, კანჯრებივით უდაბნოში გადიან საქმეზე ნადავლის საძებრად; ტრამალი საზრდოა მისი ბავშვებისთვის; 5 და იქმნნეს იგინი, ვითარცა კანჯარნი ველსა. ჩემთჳს გამოვიდეს მათნი იგი საქმენი; დასტკბნა მას პური ჭაბუკთა მიმართ.
6 სხვის ყანაში მკიან და ბოროტეულთა ვენახებს იმცვრევენ; 6 ყანაჲ უწინარეს ჟამისა, რომელ არა მათი იყო, მოიმკეს. უძლურნი იგი უღმრთოთა მათ ვენაჴსა უსასყიდლოდ და უზომობით იქმნევდეს.
7 შიშვლად ათევს ღამეს უმოსასხამოდ, არა აქვს ყინვაში გადასახური. 7 და მრავალნი შიშუელნი დააწვინნეს თჳნიერ სამოსლისა და საფარველი გუამისა მათისაჲ მოუღეს.
8 მთის ნიაღვარში ილუმპებიან და შესაფარებლად კლდეებს ეკვრიან; 8 ცუარისაგან მთათასა დაელტნენ და, რამეთუ არა აქუნდა მათ საფარველი, კლდეთა შინა დაეყუდნეს.
9 მკერდიდან გლეჯენ ობოლს და ღარიბ-ღატაკისგან იხუთავენ; 9 წარიტაცნეს ობოლნი ძუძუთაგან და დავრდომილნი დაამდაბლნეს,
10 შიშველი დაწანწალებს უპერანგოდ და მშივრები დაათრევენ ძნებს; 10 შიშუელნი დააწვინნეს იგინი სიცრუვით, მშიერთა პური მოუღეს.
11 მათ შემორაგულში ხდიან ზეთს, საწნახლებში სწურავენ ღვინოს, თავად კი სწყურიათ; 11 იწროთა შინა სიცრუვით უმზირდეს და გზაჲ სიმართლისაჲ არა იცოდეს.
12 ქალაქიდან მომაკვდავთა კვნესა ისმის და დაჭრილთა სული შველას ითხოვს; ღმერთი კი უყურებს ვედრებას. 12 რომელნი ქალაქთაგან და სახლთაგან გამოასხნეს, სულთა ყრმათა ჩჩჳლთ სულ-შეითქუნეს დიდად და თავადმან რასათჳს ამათი მოხედვა არა ყო?
13 ზოგნი ნათლის მოჯანყენი არიან, არ ცნობენ მის გზებს და არ ჩერდებიან მის ბილიკებზე. 13 ქუეყანასა ზედა ვიდრე იყვნეს იგინი და არა იცნნეს გზანი სიმართლისანი, არცა ალაგთა მისთა ვიდოდეს.
14

დილიდანვე მზადაა კაცისმკვლელი, ჩაგრულის და ღატაკის მოსაკლავად, ღამით კი ქურდივითაა.

14

იცნოდა საქმენი მათნი და მისცნა იგინი ბნელსა. და ღამე იყოს ვითარცა მპარავი.

15 მემრუშე ბინდის მოლოდინში ფიქრობს, არავინ მომკრასო თვალი, და სახეზე საფარველს იფარებს. 15 და თუალთა მრუშეთამან იხილოს ბნელი, თქუას: არამე იხილოსმე თუალმან, რამეთუ საფარველი პირისაჲ დადვა?
16 ბნელში ტეხენ სახლებს, დღისით თავისთვის იკეტებიან, არ უწყიან ნათელი; 16 დათხარა ღამე გუერდი სახლისა, დღისი დაჰბეჭდნეს თავთა თჳსთა, ვერ გულისჴმა-ყვეს ნათელი,
17 რადგან დილა ბნელეთია მისთვის, რადგან შეეთვისნენ ბნელეთის საშინელებებს. 17 რამეთუ ერთბამად განთიად მათ ზედა მოიწია აჩრდილი სიკუდილისაჲ.
18 მსუბუქად წაიღებს მათ წყალი; დაწყევლილია მათი ხვედრი მიწაზე, არავინ გაუხვევს ვენახებისკენ. 18 სულმცირე არს იგი წინა პირსა წყლისასა. წარწყმედილ იყავნ ნაწილი მისი ქუეყანასა ზედა გამოჩნდინ ნერგი მათი ქუეყანასა ზედა განჴმელი,
19 გვალვა და სიმხურვალე შთანთქავს თოვლის წყალს. შავეთი კი - ცოდვილებს; 19 რამეთუ მჭელეული ობლისაჲ მისტაცეს, ამისთჳს მოიჴსნნეს ცოდვანი მათნი და, ვითარცა არმური ცუარისაჲ უჩინო იქმნა.
20 დაივიწყებს მას საშო, ჭიაღუები ატკბარუნებენ მას. უკვე აღარავინ გაიხსენებს; ხესავით გადატყდება უკეთურება; 20 მოეგენ მას, რაჲცა-იგი ქმნა, შეიმუსრენ ყოველნი ცრუჲ, ვითარცა ხე, უკურნებელად,
21 ვინც ძარცვავს ბერწ ქალს, შვილდაუბადებელს, და ქვრივოხერს სიკეთეს არ უკეთებს! 21 რამეთუ ბერწსა მას არა კეთილი უყვეს და უცოლოჲ იგი არა შეიწყალეს.
22 სიცოცხლეს უხანგრძლივებს მოძალადეს თავისი ძალით; აჰა, ფეხზე დგას იგი და არ სჯერა, რომ ცოცხალია. 22 გულისწყრომით დაამჴუნა უძლურნი იგი, აღ-ღა-თუ-დგეს, ნუვე ჰრწამნ ცხორებაჲ თჳსი.
23 აძლევს სიმშვიდეს და იმედს, და თვალს არ აშორებს მის გზებს; 23 და-რაჲ-სნეულდეს, ნუ ესავნ სიცოცხლესა, არამედ დაეცნეს სენითა, რამეთუ მრავალთა ბოროტი უყო სიმაღლემან მისმან.
24 მცირე ხანს აღზევდებიან და, აჰა, აღარ არიან! დაჭკნებიან, როგორც ბალბა და გახმებიან, თავთავებივით მოიცელებიან! 24 და დაჭნა, ვითარცა მოლოქი სიცხესა და ვითარცა თავი ჴუვილისაჲ წუელისაგან, რომელი თჳთ დავარდეს.
25 თუ ასე არ არის, ვინ გამამტყუნებს და ვინ გამიარაფრებს სიტყვებს? 25 უკუეთუმცა იყოს, რომელმან ჰრქუას, ვითარმედ: ნაცილად ვიტყოდე მე ამას, და დასხენინ ცუდად სიტყუანი ჩემნი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე