ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იობი

თავი ოცდამეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

აღთქმა მივეცი ჩემს თვალებს, რომ ქალწულისთვის არ შემეხედა;

1

აღთქმაჲ აღუთქუ თუალთა ჩემთა და არა გულისჴმა-ვყო ქალწულსა ზედა. 

2 რა არის ღვთის წილი მაღლიდან და ხვედრი ყოვლადძლიერისა ზესკნელიდან? 2 და გან-რა-უყო უფალმან ზეგარდამო და სამკჳდრებელი უნაკლულოჲ მაღლით გამო.
3 განა დაღუპვა არ არის უკეთურთათვის და სატანჯველი ბოროტმოქმედისთვის? 3 ვაჲ წარწყმედასა ცრუსასა და უცხოსა საქმესა, რომელნი იქმან უსჯულოებასა.
4 განა არ ხედავს ის ჩემს გზებს და არ ითვლის ყოველ ჩემს ნაბიჯს? 4 ანუ არა თავადმან იხილნეს გზანი ჩემნი და ყოველნი გზანი ჩემნი აღრაცხნეს?
5 თუკი სიცრუით მივლია და სამზაკვროდ აჩქარებულა ჩემი ფეხი, 5 უკუეთუ სრულ ვიყავ მე მლაღობელთა თანა, გინათუ ისწრაფა ფერჴმან ჩემმან ზაკუასა?
6 ამწონოს მართალ სასწორზე და გაიგოს ღმერთმა ჩემი უმწიკვლოება; 6 რამეთუ ვდეგ უღელსა ზედა მართალსა, და იცის უფალმან უმანკოებაჲ ჩემი.
7 თუკი ოდესმე გზიდან გადაეხვიოს ჩემს ნაბიჯებს, თვალებს აჰყოლოდეს ჩემი გული და ბიწი მოსცხებოდეს ჩემს ხელებს, 7 უკუეთუ გარდა-სადა-აქცია ფერჴმან ჩემმან გზისაგან მისისა, გინათუ მისდევდა თუალთა ჩემთა გული ჩემი, ანუ თუ ჴელითა ჩემითა შევახე ქრთამსა?
8 მაშინ სხვამ ჭამოს ჩემი დათესილი და ამოიძირკვოს ჩემი მონაგარი! 8 მითესავსმცა და სხუანი ჭამენ, და უძირომცა ვარ ქუეყანასა ზედა.
9 თუკი ოდესმე ჩემი გული მოცთუნებულიყოს დედაკაცით ან ჩემი მეზობლის კართან მეთვალთვალოს, 9 უკეთუ მისდევდა გული ჩემი ცოლსა სხჳსასა, ანუ თუ და-სადა-ვჯედ მზირად კართა მისთა?
10 მაშინ სხვას უფქვას ჩემმა დედაკაცმა და სხვებმა ჩაიმუხლონ მასზე! 10 სათნომცა ეყოფის ცოლიცა ჩემი სხუათა და ყრმანი ჩემნი დამდაბლდენ,
11 რადგან ეს გარყვნილებაა და სამსჯავრო დანაშაული; 11 რამეთუ გულისწყრომაჲ რისხვისაჲ არს დაუპყრობელი შეგინებაჲ ქმრისცოლისაჲ.
12 რადგან ცეცხლია ეს, რომელიც ჭამს საბოლოო გაცამტვერებამდე, და ამოძირკვავს მთელს ჩემს საბადებელს. 12 რამეთუ ცეცხლი არს აღგზებული ყოვლით კერძოვე, ვიდრეცა ვიდეს, რამეთუ, რომელმან თუალ-აგნეს ქალწულსა, ძირითურთ წარწყმიდა,
13 თუკი ოდესმე აბუჩად ამეგდოს ჩემი მონისა და მხევლის სამართალი, როცა დავა ჰქონიათ ჩემთან, 13 ანუ თუ ვდრიკე სასჯელი მონისა ჩემისაჲ და მჴევლისა ჩემისაჲ, იშჯიედ რაჲ ჩემ წინაშე?
14 რა ვქნა მაშინ, როცა ადგება ღმერთი? როცა დამკითხავს, რა ვუპასუხო? 14 რაჲმე ვყო, უკუეთუ განკითხვასა ჩემსა ჰყოფდეს უფალი? გინათუ მოხედვას ჰყოფდეს, რაჲმე სიტყუა-უგო?
15 განა ვინც მე შემქმნა მუცელში, მანვე არ შექმნა იგი? განა ერთმა არ გამოგვსახა საშოში? 15 ანუ არა, ვითარცა მე, ეგრეცა იგინი იყუნეს საშოსა შინა? ვიყუენით მასვე შინა მუცელსა.
16

თუ ოდესმე მეთქვას უარი ღარიბ-ღატაკის სათხოვარზე და ქვრივის თვალები მოლოდინით დამექანცოს?

16

უძლურთა, ოდეს სადა რაჲ უჴმდა, არარაჲ დააკლდა, და თუალნი ქურივთანი არა დავაურვენ.

17 ანთუ მარტოს გამეტეხოს ლუკმა და ობოლს არ ეჭამოს ჩემთან ერთად? 17 აღვიღე პური ჩემი, ვჭამე მარტომან და ობოლსა არა ვეც,
18 (რადგან ჩემი ყრმობიდანვე ჩემთან იზრდებოდა, როგორც მამასთან, და დედაჩემის მუცლიდანვე ვუძღვებოდი). 18 რამეთუ სიჭაბუკითგან ჩემით ვზრდი მათ, ვითარცა მამაჲ და დედის მუცლითგან უძღოდე მათ.
19 თუკი ოდესმე დამენახოს სიკვდილს მიწურვილი კაცი უსამოსლოდ და საპყარი უმოსასხამოდ, 19 ანუ თუ უგულებელს-ვყავ შიშუელი და დავრდომილი და არა შევმოსე?
20 და არ დაელოცოს ჩემი საზარდული, არ გამთბარიყოს ჩემი ცხვრის მონაპარსით? 20 უძლურნი მაკურთხევდეს მე, რამეთუ ნარისუევითა ტარიგთა ჩემთათა განტფებოდეს ბჭენი მათნი.
21 თუკი ოდესმე ხელი აღმემართოს ობოლზე, მსაჯულთა მხარდაჭერის მოიმედეს? 21 ანუ გან-სადა-ვირთხ ობოლსა ზედა ჴელი ჩემი გულპყრობით, ვითარმედ მრავალი შეწევნაჲ არს ჩემ თანა?
22 ზურგს მოწყდეს ჩემი მხრები და იდაყვში გადამიტყდეს მკლავი! 22 წარ-მცა-ვარდების მკლავი ჩემი მჴრითგან, და ჴელი ჩემი იდაყჳთგან შეიმუსრენ,
23 რადგან მაშინებს ღვთის რისხვა და მის სიდიადეს ვერ გავუძლებდი. 23 რამეთუ შიშსა უფლისასა შევეპყარ მე, და სიტყუათა მისთა ვერ დაუთმო.
24 თუ ოდესმე მიმეჩნიოს ოქრო ჩემს სასოდ და ბაჯაღლო ჩემს იმედად დამესახოს! 24 გინათუ დავფალ ოქროჲ ჩემი მიწასა ქუეშე, ანუ ანთრაკთა პატიოსანთა ვესევდ?
25 თუ ოდესმე მეამაყოს, რომ დიდძალი მაქვს სიმდიდრე და ბევრი მოიხვეჭა ჩემმა ხელმა! 25 ანუ თუ ვიხარებდ დიდძალსა ზედა სიმდიდრესა ჩემსა, ანუ ურიცხუთა ზედა დავსდევ ჴელი ჩემი?
26 თუ ოდესმე მზის ხილვისას მის ბრწყინვალებაში და დიდებულად მოარული მთვარისა 26 ანუ ვხედევდ მზესა აღმოსავალსა და დამავალსა, მთუარესა აღსავსესა და მოკლებულსა?
27 იდუმალ მოცთუნებულიყოს ჩემი გული და მეკოცნოს ჩემი ხელისთვის! 27 რამეთუ არა ამათ ზედა არს, ანუ თუ სცთა სადა იდუმალ გული ჩემი, ანუ თუ ჴელი ჩემი დავიდევ პირსა ჩემსა და ვაკოცე?
28 ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგან მაღლა ღვთის უარმყოფელი ვიქნებოდი. 28 და ესეცამცა უსჯულოებად დიდად შემერაცხების, რამეთუ ვტყუე წინაშე უფლისა მაღლისა.
29 თუ ოდესმე გამხარებოდეს ჩემი მოძულის უბედურება და მეზეიმოს მის ცუდ ამბავზე! 29 ანუ თუ მომცხრებოდა მე დაცემაჲ მტერთა ჩემთაჲ და თქუა გულმან ჩემმან: ვაშა?
30 არ ჩავადენინე ცოდვა ჩემს ენას, რომ წყევლით მოესწრაფა მისთვის სიცოცხლე. 30 ესმისმცა ყურთა ჩემთა წყევაჲ ჩემი, სათხრობელმცა ვარ ერისაგან ძჳრ-ძჳრად.
31

თუ არ ეთქვას ჩემი კარვის ხალხს, ვინ არ გამძღარაო მისი ხორცით?

31

უკუეთუმცა მრავალგზის თქუეს სადამე მჴევალთა ჩემთა: ვინ მომცეს ჩუენ ჴორცთაგან მისთა განძღებად? რამეთუ ფრიად ტკბილ ვიყავ მე.

32 მწირს გარეთ არ გაუთევია ღამე, კარი ღია მქონდა მგზავრისათვის. 32 გარეშე უცხოჲ არა სადა დაადგრა სახლსა ჩემსა და კარი ჩემი ყოვლისათჳს მომავალისა განღებულ იყო.
33 თუ ოდესმე დამეფაროს ადამივით ჩემი შეცოდება, რომ საიდუმლოდ შემენახა ჩემი დანაშაული! 33 გინათუ ვცოდე სადამე არა ნებსით და დავმალე ცოდვა ჩემი?
34 რადგან მზარავდა ხალხის სიმრავლე და ნათესავთა ზიზღი მაშინებდა; ვდუმდი, კარში არ გავდიოდი. 34 რამეთუ არა შევიკდიმე სიმრავლესა წინაშე ერისასა, ვითარმცა არა აღვიარე წინაშე [!] მათსა, ანუ თუ უძლური განუტევე განსლვად წიაღითა ცალიერითა?
35 ნეტავ მომისმენდეს ვინმე! აჰა, ჩემი ნიშანიც! მიპასუხოს ყოვლადძლიერმა და დაწეროს საბუთი ჩემმა მოსარჩლემ. 35 ვინმცა მასმინა მე ესე? რამეთუ ჴელისათჳს უფლისა მე შენდა ჴელითწერილი თუ ვისიმე მაქუნდა,
36 ზურგით ვატარებდი, გვირგვინივით შემოვიხვევდი! 36 მჴართა ჩემთა ზედა დავიდევ, ვითარცა გჳრგჳნი და აღმოვიკითხე.
37 გავუმხელდი ჩემს ყოველ ნაბიჯს და, როგორც მთავარს ვისმე, მივეახლებოდი. 37 და განვხეთქე იგი და მივსცი. და არარაჲ მოვიღო თანამდებისაგან.
38 თუკი ოდესმე მიწას დაეჩივლოს ჩემზე და მისი თუნდაც ერთი ხნული ატირებულიყოს, 38 არცა ქუეყანამან სადამე სულთ-ითქუნა ჩემ ზედა, ანუ თუ ორნატნი მისნი ტიროდეს ერთბამად?
39 თუკი ოდესმე მუქთად მეჭამოს მისი დოვლათი და მისი მუშაკნი შემეწუხებინოს, 39 გინა თუ ძალი მისი შევჭამე მარტომან, ანუ თუ და-ვისი-ვიპყარ ქუეყანაჲ, და სული მის უფლისა ქუეყანისაჲ შევაწუხე?
40 ხორბლის ნაცვლად ეკალი ამოვიდეს და ქერის ნაცვლად ღვარძლმა იხაროს! დასრულდა იობის სიტყვები. 40 იფქლისა წილმცა აღმომიცენდების ჯინჭარი და ქრთილისა წილ მაყუალი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე