ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ივდითი

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ნაბუქოდონოსორის მეფობის მეთორმეტე წელს, რომელიც მეფობდა აშურელებზე დიდ ქალაქ ნინევეში, არფაქსადის მეფობისას, რომელიც მეფობდა მიდიელებზე ეკბატანაში,

1

წელსა მეათორმეტესა მეფობისა ნაბოქოდონოსორისასა, რომელი მეფობდა ასურასტანს, ქალაქსა დიდსა ნინევის, დღეთა არფაქსადისთა, რომელი მეფობდა ხუჟიკეთსა ზედა,

2 და ირგვლივ შემოავლო ეკბატანას გათლილი ქვებისგან ზღუდე სამი წყრთა სისქისა და ექვსი წყრთა სიგრძისა, და ქმნა მისი სიმაღლე სამოცდაათი წყრთა, სიგანე კი - ორმოცდაათი, 2 და აღაშენა ქალაქი ეკბატანს და მოადგა ზღუდე გარემო მისა ლოდთაგან თლილთა სიზრქითა სამ წყრთა და სიგრძითა ექუს წყრთა. და იყო სიმაღლე ზღუდისა მის სამეოცდაათ წყრთითა, სივრცე მისი ერგასის წყრთა.
3 და აღმართა ასწყრთიანი გოდლები მის კარიბჭეებთან და სამოცწყრთიანი საძირკველი ჩაუყარა, 3 და გოდოლნი მისნი აღმართნა ბჭეთა მისთა ზედა ას-ას წყრთა და სივრცე მისი დააფუძნა სამეოცსა წყრთასა.
4 ააშენა მისი კარიბჭენი, სიმაღლით სამოცდაათი წყრთა და სიგანით ორმოცი წყრთა, მისი ძლევამოსილი ლაშქრის გასასვლელად და ფეხოსანთა განსაწყობად, 4 და ქმნა ბჭენი მისნი აღმართებულნი სიმაღლით სამეოცდაათ წყრთა და სივრცე მისი ორმეოც წყრთა განსლვად ძალთა ძლიერებისა მისისათა და განწესებულთა მკჳრცხლთა მისთა.
5 იმხანად ბრძოლა გადაიხადა ნაბუქოდონოსორ მეფემ არფაქსად მეფის წინააღმდეგ დიდ ველზე (ეს არის ველი რეღუს საზღვრებში). 5 და ყო ბრძოლა მათ დღეთა შინა ნაბოქოდონოსორ მეფემან ასურასტანისამან მეფისა თანა არსაქსადისა ველსა მას დიდსა ზედა, ესე არს საზღვართა რაგავისთა.
6 მასთან შეიკრიბა მთის ყოველი მცხოვრები და ყველანი, ვინც ცხოვრობდნენ ევფრატის, ტიგროსის და ჰიდასპეს გაყოლებაზე და ველზე, სადაც არიოქი ელიმაელებზე მეფობდა. შეუერთდა ქალდეველთა ლაშქარს მრავალი ტომი. 6 და შეემთხჳნეს მას ბრძოლად ყოველნი მკჳდრნი მთით კერძონი და ყოველნი მკჳდრნი ევფრატისნი. და ტიგრისისნი და ვიდასპესანი და ველისა არეოქისანი, რომელნი არიან მეფისა ელვიმელთასა. და შეკრბა თესლები მრავალი ფრიად განწყობად ძეთა ქელეუდისთა.
7 დაუგზავნა აშურის მეფემ, ნაბუქოდონოსორმა, მოციქულები სპარსეთის ყველა მცხოვრებს, დასავლეთის ყველა მცხოვრებს, კილიკიის, დამასკოს, ლიბანისა და ანტილიბანის მცხოვრებთ და ზღვისპირეთის ყველა მცხოვრებს, 7 და წარავლინა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ასურასტანის-მან, ყოველთა მიმართ მკჳდრთა სპარსეთისათა და ყოველთა მკჳდრთა მზისა დასავლისათა და მკჳდრთა კილიკიასათა, დამასკისათა და ლიბანისათა და ყოველთა დამკჳრებულთა ზღჳსპირისათა,
8 ქარმელის, გალაადის, ზემო გალილის და ესდრელონის დიდი ველის ხალხებს, 8 თესლებსა კარმელისასა და გალადისთა და ზენა გალილეასათა და დიდველსა იეზრაელისასა,
9

ყველას, ვინც იყვნენ სამარიაში და მის გარშემო ქალაქებში, იორდანეს გაღმა იერუსალიმამდე, ბეთანიამდე, ხელუსიამდე, კადეშამდე, ეგვიპტის მდინარემდე, თახაფნეხესამდე, რამსესამდე და მთელ გოშენის ქვეყნამდე,

9

და ყოველთა მკჳდრთა სამარიასთა და ქალაქთა მისთა და წიად იორდანესა ვიდრე იერუსალჱმადმდე და ბეტენედ და ქილუსად და კადედ და მდინარედ ეგჳპტისა და ტაფნად და რამესედ,

10 ზემო ტანისისა და მემფისის მისასვლელამდე, ეგვიპტის ყველა მცხოვრებს ეთიოპიის საზღვრებამდე. 10 და ყოველსა ქუეყანასა გესემისასა ვიდრე მოსლვადმდე ზემო მემფისა და ტანეოსა, და ყოველთა მკჳდრთა ეგჳპტისათა ვიდრე საზღვართა ეთიოპისათა.
11 ყურად არ იღეს ყველა ქვეყნის მცხოვრებლებმა აშურის მეფის, ნაბუქოდონოსორის, სიტყვა და არ შეუერთდნენ მას საბრძოლველად, რადგან არ ეშინოდათ მისი, მათი მოწინააღმდეგე ერთი კაცისა, და ლანძღვა-გინებით გააბრუნეს უკან მისი გაწბილებული მოციქულები. 11 და განაქიქეს ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა სიტყუაჲ ნაბოქოდონოსორისი, მეფისა ასურასტანისა, და არა შეერთნეს მას ბრძოლასა, რამეთუ არა ეშინოდა მისა, ერთის კაცისა, და წარაქცივნეს, მოციქულნი მისნი ცალიერნი გინებით წინაშე პირსა მათსა.
12 ძლიერ განურისხდა ნაბუქოდონოსორი ყველა იმ ქვეყანას და დაიფიცა თავისი ტახტი და მეფობა, რომ შურს იძიებდა კილიკიის, დამასკოსა და არამის საზღვრებზე, მახვილით მოსრავდა მათ და მოაბის ყოველ მცხოვრებს, ყამონიანებს, ყველა იუდაელსა და ყველა ეგვიპტელს ორი ზღვის საზღვრამდე. 12 და განრისხნა ნაბოქოდონოსორ ჟამსა მას ქუეყანასა ზედა ფრიად ,და ფუცა საყდარსა და სუფევასა თჳსა უკუეთუ არა შური ვიძიო ყოველთა საზღვართა კილიკიასათა და დამასკესათა და ასურეთისა მოწყუედად მახჳლითა ჩემითა და ყოველთა მკჳდრთა მოაბისათა, ძეთა ამონისათა, და ყოველსა იდუმიასა და ყოველთა ეგჳპტისათა ვიდრე მოსლვამდე საზღვართა ორთა ზღჳსათა.
13 მეჩვიდმეტე წელს წაუძღვა იგი თავის ლაშქარს არფაქსად მეფის წინააღმდეგ, სძლია მას ბრძოლაში და უკუაქცია არფაქსადის მთელი ლაშქარი, მთელი მისი მხედრობა და საბრძოლო ეტლები. 13 და ეწყო თჳსითა ერითა არფაქსად მეფესა უჟიკეთასა წელსა მეჩჳდმეტესა. განძლიერდა ბრძოლასა მისსა და მოიქცა ყოველი ერი არფაქსადისი, ყოველი ცხენები მისი და ყოველი ეტლები მისი.
14 დაეუფლა მის ქალაქებს, მიაღწია ეკბატანამდე, დაიპყრო ციხე-სიმაგრეები, გაძარცვა მისი ბაზრები და საგინებლად გახადა მისი მშვენიერება. 14 და ეუფლა ქალაქებსა მისსა და მიიწია ვიდრე ეგბატანამდე. და დაიპყრა გოდოლი იგი და წარმოტყუენა უბანნი მისნი და სამკაული მისი და დადვა საყუედრელად.
15 არფაქსადი კი შეიპყრო რეღუს მთებში და თავისი ჰოროლით განგმირა, იმავე დღეს მოუღო ბოლო. 15 და წარმოიყვანა არფაქსად და ოროლსა აღაცვა მთათა ზედა რაგავისათა და ლახურებით, თჳსით მოსრა იგი ვიდრე დღევანდელად დღედმდე.
16 გამობრუნდა ნინევეში მათთან ერთად - თავად იგი და მთელი მისი ლაშქარი - მეომართა აურაცხელი სიმრვლე. ისვენებდა და ილხენდა იგი ასოცი დღე თავის ლაშქართან ერთად. 16 და მოიქცა იგი მათ თანა ნინევად და ყოველი განწყობილი მისი და ყოველი ნადი მისი, სიმრავლე ერისა მბრძოლისა დიდძალი ფრიად. და იყო მუნ უზრუნველ და ყოველი ერი მისი ასდაოც დღე.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე