ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ლევიანნი

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 მოუწოდა მოსეს უფალმა და ელაპარაკა მას სადღესასწაულო კარვიდან: 1 და უწოდდა ღმერთი მოსეს. და ეტყოდა მას უფალი კარვისა მისგან საწამებელისა და ჰრქუა: ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ:
2 ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი მათ: თუ თქვენ შორის ვინმე შესწირავს უფალს, შინაური პირუტყვი იყოს თქვენი შესაწირავი - საქონელი და ცხვარი. 2 კაცი თქუენგანი უკეთუ შემოსწირვიდეს შესაწირავსა მსხუერპლად ღმრთისა, საცხოვართაგან და ზროხათაგან და ცხოვართაგან შეწირეთ მსხუერპლი თქუენი.
3 თუ აღსავლენია მისი შესაწირავი, საღი ხარი შესწიროს; სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან შესწიროს იგი უფლის წინაშე მისი წყალობის მოსაპოვებლად. 3 უკუეთუ მრგულიად მწუარი იყოს მსხუერპლი იგი მისი: ჴარი ჴბოჲ უბიწოჲ ზროხათაგან, მოიბას იგი კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა და შეწიროს იგი სათნოდ წინაშე უფლისა.
4 დაადოს ხელი აღსავლენს თავზე და მიეცემა წყალობა, რომ შეენდოს ცოდვა. 4 და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა მის შესაწირავისასა სათნოდ მისა და სალხინებელად მისთჳს.
5 დაკლას ხბო უფლის წინაშე და შესწირონ აარონიანმა მღვდლებმა სისხლი და გარშემო ასხურონ სისხლი სამსხვერპლოს, რომელიც სადღესასწაულო კარვის შესასელელთანაა. 5 და დაკლან ჴბოჲ იგი წინაშე უფლისა. და შეწირონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მისი და მოაპკურონ სისხლი იგი მისი გარემოს საკურთხეველსა მას, რომელ-იგი არს კართა მათ თანა კარვისა საწამებელისათა.
6 გაატყაონ აღსავლენი და წილობებად დაანაწილონ. 6 და განჰჴადოს მრგულიად შესაწირავი იგი, და განაგონ იგი ასოდ-ასოდ.
7 დაანთონ ცეცხლი აარონიანმა მღვდლებმა სამსხვერპლოზე და შეშა დააწყონ ცეცხლზე. 7 და დადგან ძეთა აჰრონისთა მღდელთა ცეცხლი საკურთხეველსა მას ზედა და დაასხან შეშაჲ ცეცხლსა მას ზედა.
8 დააწყონ აარონიანმა მღვდლებმა წილობები, თავი და ქონი შეშაზე, რომელიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე. 8 და დააგონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა დრონეული იგი, და თავი და ცმელი შეშასა მას ზედა, რომელი იყო საკურთხეველსა მას ზედა.
9 მისი შიგნეული და კიდურები წყალში გარეცხოს და დაწვას მღვდელმა ყველაფერი სამსხვერპლოზე. ეს არის აღსავლენი, საცეცხლო მსხვერპლი კეთილსურნელებად უფლისათვის. 9 ხოლო ნაწლევნი და ფერჴნი განჰრცხნე წყლითა და დააგოს მღდელმან მან ყოველი ესე საკურთხეველსა ზედა, ნაყოფი არს ესე შესაწირავი სული სულნელებისაჲ უფლისა.
10 თუ მისი შესაწირავი ცხვარი ან თხა იქნება აღსავლენად, მამალი, საღი შესწიროს. 10 უკუეთუ ცხოვართაგანი იყოს შესაწირავი იგი მისი ღმრთისა კრავთაგან და თიკანთაგან მრგულიად მწუარად, ვერძი უბიწოჲ მოიბას იგი.
11 დაკლას იგი სამსხვერპლოს ჩრდილო მხარეს უფლის წინაშე და გარშემო ასხურონ აარონიანმა მღვდლებმა მისი სისხლი სამსხვერპლოს. 11 და დასდვან ჴელი მისი თავსა მისსა ზედა და დაკლან იგი გუერდით საკურთხეველსა მას, ბღუარით კერძო წინაშე უფლისა და მოაპკურონ მღდელთა, ძეთა აჰრონისთა, სისხლი მისი გარემო საკურთხეველსა მას.
12 დაანაწილოს წილობებად და დააწყოს მღვდელმა მისი თავი და ქონი შეშაზე, რომელიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე. 12 და განყონ იგი ასოდ-ასოდ, თავი და ცმელი დააგონ მღდელთა მათ შეშასა მას ზედა.
13 ხოლო შიგნეული და კიდურები წყალში გარეცხოს, შესწიროს მღვდელმა ყველაფერი და სამსხვერპლოზე დაწვას. ეს არის აღსავლენი, საცეცხლე მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის. 13 ხოლო ნაწლევნი და ფერჴნი განრცხნეს წყლითა, შეწიროს მღდელმან მან ყოველი ესე და დადგას საკურთხეველსა მას ზედა, ნაყოფი არს შესაწირავი სული სულნელებისა უფლისა.
14 თუ უფლისათვის აღსავლენი შესაწირავი ფრინველი იქნება, გვრიტი ან მტრედის ხუნდები, შეწიროს შესაწირავად. 14 უკუეთუ მფრინველთაგან ნაყოფი მსხუერპლად შეწიროს ღმრთისა, და შეწიროს გურიტთაგან, ანუ მართუეთაგან ტრედთაჲსა შესაწირავი მისი.
15 შესწიროს მღვდელმა სამსხვერპლოზე; თავი აცალოს და დაწვას სამსხვერპლოზე, მისი სისხლი კი სამსხვერპლოს კედელს მიაწუროს. 15 და მოიღოს მღდელმან მან საკურთხეველსა თანა და წარჰკუეთოს მღდელმან მან თავი და დადვას საკურთხვველსა ზედა და დასწრიდოს სისხლი მისი ხარისხსა მას საკურთხეველისასა.
16 ბუმბულიანად მოაცალოს ჩიჩახვი და სამსხვერპლოსთან დააგდოს, აღმოსავლეთით, სადაც ნაცარია. 16 და წარჰკუეთნეს შეწებულად ფრთითურთ და გამოიხუნეს იგი საკურთხეველისაგან აღმოსავალად ადგილსა მსხუერპლისასა.
17 ფრთები გადაუმტვრიოს, არკი მოაშოროს და დაწვას მღვდელმა სამსხვერპლოზე, შეშაზე, რომელსაც ცეცხლი უკიდია. ეს არის აღსავლენი, საცეცხლი მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის. 17 და მოსტეხნეს იგი ფრთეთა მათგან, და არა განყოს და დასდვას იგი მღდელმან მან საკურთხეველსა მას ზედა შეშასა მას და ცეცხლსა. ნაყოფი არს შესაწირავი სული სულნელებისა ღმრთისა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე