ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ლევიანნი

თავი მეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 აიღეს აარონის შვილებმა - ნადაბმა და აბიჰუმ თავთავისი საცეცხლურები, ჩადეს შიგ ცეცხლი, ზედ საკმეველი დააყარეს და მიიტანეს უფლის წინაშე უცხო ცეცხლი, რაც არ იყო მათთვის ნაბრძანები. 1 და მიიღეს ორთა მათ ძეთა აჰრონისათა, ნადაბ და აბიუდ, კაცად-კაცადმან საცეცხური თჳსი, და დადვეს მათ ზედა ცეცხლი და დაასხეს საკუმეველი
2 გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ისინი; დაიხოცნენ უფლის წინაშე. 2 და მოიღეს ცეცხლი უცხოჲ წინაშე ღმრთისა, რომელი არა უბრძანა მათ ღმერთმან და გამოჴდა ცეცხლი ღმრთისა მიერ, და შეწუნა იგინი და მოწყდეს წინაშე ღმრთისა.
3 უთხრა მოსემ აარონს: ეს არის, რასაც ამბობდა უფალი: ჩემს ახლობლებში განვიწმიდები და მთელი ერის წინაშე განვიდიდები. დადუმდა აარონი. 3 და ჰრქუა მოსე აჰრონს: ესე იგი არს, რომელსა ეტყოდა ღმერთი და თქუა: რომელნი მომეახლებოდიან, მათ ზედა განვწმიდნე და ყოველსა კრებულსა შორის ვიდიდო. და წუხნა აჰრონ ფრიად
4 მოუხმო მოსემ მიბაელს და ელცაფანს, აარონის ბიძის, ყუზიელის შვილებს, და უთხრა: მიდით და საწმიდრიდან ბანაკის გარეთ გაიტანეთ თქვენი სახლიკაცები. 4 და მოუწოდა მოსე მისადეს და ელისაფანს, ძეთა ოზიელისთა, ძეთა მამის ძმისა აჰრონისთა, და ჰრქუა მათ: მოდით და აღიხუენით ძმანი თქუენნი პირისაგან სიწმიდეთაჲსა და განიხუენეთ გარეშე ბანაკსა.
5 მივიდნენ და კვართიანად გაიტანეს ისინი ბანაკის გარეთ, როგორც ბრძანა მოსემ. 5 და მოვიდეს და აღიხუნეს იგინი სამოსლითა მათითა და განიხუნეს გარეშე ბანაკსა მას, ვითარცა-იგი უბრძანა მათ მოსე.
6 უთხრა მოსემ აარონს, და მის შვილებს - ელიაზარს და ითამარს: თავს ნუ გაიშიშვლებთ და ტანისამოსს ნუ შემოიგლეჯთ, რომ არ დაიხოცოთ. რომ რისხვა არ დაატყდეს მთელს საზოგადოებას. თქვენმა ძმებმა, მთელმა ისრაელის ხალხმა იტიროს დამწვარი, რაც დასწვა უფალმა. 6 და ჰრქუა მოსე აჰრონს, და ელიაზარს და ითამარს, ძეთა აჰრონისთა, რომელნი დაშთომილ იყვნეს: თავსა თქუენსა არა აღძარცუთ ვარშამაგი და სამოსელი თქუენი არა დაიპოთ, რაჲთა არა მოსწყდეთ და ყოველსავე კრებულსა ზედა იყოს რისხვაჲ. ხოლო ძმანი თქუენნი, ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ, ტიროდიან დაწვასა მას, რომელ დაიწუნეს ღმრთისა მიერ.
7 ნუ მოსცილდებით სადღესასწაულო კარვის შესასვლელს, თორემ დაიხოცებით, რადგან საუფლო მირონია თქვენზე. მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ. 7 და კარისაგან კარვისა საწამებელისა არა გამოხჳდეთ, რათა არა მოსწყდეთ, რამეთუ ზეთი იგი ცხებისაჲ ღმრთისამიერი არს თქუენ ზედა. და მათ ეგრე ყვეს, ვითარცა უბრძანა მოსე.
8 ელაპარაკა უფალი აარონს და უთხრა: 8 და ეტყოდა უფალი აჰრონს და ჰრქუა:
9 როცა სადღესასწაულო კარავში ხართ შესასვლელი, ნუ დალევთ - ნურც შენ და ნურც შენი შვილები ღვინოს და მათრობელ სასმელს, რომ არ დაიხოცოთ. ეს არის სამარადისო წესი თქვენს თაობებში. 9 ღჳნოჲ და თაფლუჭი არა ჰსუათ შენ და ძეთა შენთა, რაჟამს შეხჳდოდით კარავსა მას საწამებელისასა, ანუ თუ წარსდგებოდით წინაშე საკურთხეველსა და არა მოსწყდეთ: შჯულად საუკუნედ ნათესავსა შორის თქუენსა
10 რომ გაირჩეს საღვთო და საერო, უწმიდური და განწმედილი, 10 გამორჩევად შორის წმიდათა და შეგინებულთა და შორის არაწმიდათა და ღირსთა,
11 რომ ასწავლოთ ისრაელიანებს ყოველი წესი, რომელიც მოსეს პირით გამოაცხადა უფალმა. 11 რაჲთა ასწავებდენ ძეთა ისრაჱლისათა ყოველსა მას შჯულსა, რომელსა ეტყოდა ღმერთი მათ ჴელითა მოსესითა.
12 უთხრა მოსემ აარონს და მის დარჩენილ შვილებს - ელეაზარს და ითამარს: აიღეთ საძღვნო, რაც უფლის საცეცხლო მსხვერპლს გადარჩა და შეჭამეთ სამსხვერპლოს გვერდით, რადგან წმიდათა წმიდაა იგი. 12 და ჰრქუა მოსე აჰრონს და ელიაზარს და ითამარს, ნეშტთა მისთა: მოიღეთ შესაწირავი იგი, რომელი დაშთომილ არს ნაყოფად შეწირულთაგან ღმრთისათა,
13 ჭამეთ იგი წმიდა ადგილზე, რადგან ეს შენი და შენი შვილების კერძია უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან, რადგან ასეა ნაბრძანები ჩემთვის. 13 და შეჭამეთ უცომოჲ იგი წინაშე საკურთხეველსა, რამეთუ წმიდაჲ წმიდათაჲ არს და ჭამდით მას ადგილსა წმიდასა, რამეთუ შჯულად შენდა ეგე არს და შჯულად ძეთა შენთა ესე წმიდათაგან ნაყოფთა ღმრთისათა, რამეთუ ესრეთ ბრძანებულ არს ჩემდა.
14 შესარხეველი მკერდი და აღსამართავი ბეჭი ჭამეთ განწმედილ ადგილზე შენც და შენმა შვილებმაც, რადგან ეს არის შენი და შენი შვილების კერძი, რომელიც ისრაელიანთაგან შეწირული სამადლობელი მსხვერპლიდან მოგეცათ. 14

და მკერდსა მას განჩემებულსა და მჴარსა მას შესაწირავსა ჭამდით ადგილსა წმიდასა შენ, და ძენი შენნი და სახლეულნი შენნი შენ თანა, რამეთუ შჯულად შენდა და შჯულად ძეთა შენთა მოგეცა შესაწირავთაგან ცხორებისათა ძეთაგან ისრაჱლისათა.

15 აღსამართავი ბეჭი და შესარხეველი მკერდი საცეცხლო ქონთან ერთად უნდა მიიტანონ, რათა შეარხიონ უფლის წინაშე შესარხეველ მსხვერპლად. ეს იყოს შენთვის და შენი შვილებისთვის სამარადისო არჩივად, როგორც ნაბრძანები აქვს უფალს. 15 მჴარი იგი შესაწირავისაჲ და მკერდი იგი განჩემებისაჲ ნაყოფთა თანა ცმელთასა შეწიროდიან, განჩემებად განჩინებული იგი წინაშე ღმრთისა. და იყოს შენდა და ძეთა შენთა შენ თანა შჯულად საუკუნედ, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.
16 ცოდვის გამოსასყიდი თხაც მოითხოვა მოსემ და, აჰა, დაიწვა იგი. განრისხდა მოსე ელეაზარზე და ითამარზე, აარონის გადარჩენილ შვილებზე, და თქვა: 16 და ვაცსა მას ცოდვისასა ძიებით ეძიებდა მოსე და იგი დამწუარ იყო. და განურისხნა მოსე ელიაზარს და ითამარს, ძეთა აჰრონისთა, რომელ დაშთომილ იყუნეს,
17 რატომ არ შეჭამეთ ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი წმიდა ადგილზე? ეს ხომ წმიდათა წმიდაა და იმისთვის მოგეცათ, რომ გეტვირთათ საზოგადოების შეცოდება და მისთვის შენდობა გამოგეთხოვათ უფლის წინაშე? 17 და ჰრქუა მათ: რაჲსა არა შეჰჭამეთ ცოდვისაჲ ესე ადგილსა წმიდასა? რამეთუ წმიდაჲ წმიდათაჲ არს ესე, და მოგცა თქუენ ჭამად, რაჲთა მოუსპნეთ ცოდვანი ერისანი და ლხინება-ჰყოფდით მათთჳს წინაშე ღმრთისა.
18 აჰა, არ ყოფილა შეტანილი მისი სისხლი საკურთხევლის შიგნით. თქვენ უნდა გეჭამათ იგი საკურთხეველში, როგორც მე ვბრძანე. 18 რამეთუ არა შევიდა სისხლისა მისისაგანი სიწმიდესა შინა, წინაშე პირისპირ შინაგან ჭამდით მას ადგილსა წმიდასა, ვითარცა-იგი მიბრძანა მე უფალმან.
19 უთხრა აარონმა მოსეს: დღეს შესწირეს მათ ცოდვის გამოსასყიდი და აღსავლენი მსხვერპლი უფლის წინაშე და, აჰა, რა შემემთხვა. რომ შევჭამო, ვაითუ არ მოეწონოს უფალს? 19 და ეტყოდა აჰრონ მოსეს და ჰრქუა: უკუეთუ დღეს-ღა მოუღებიეს ცოდვისა მათისაჲ და მსხუერპლები იგი წინაშე ღმრთისა, და შემხუედა მე ესევითარი და ვჭამო ცოდვისაჲ ესე დღეს, ნუუკუე არა სათნო იყოს ღმრთისა?
20 მოისმინა მოსემ და მოეწონა. 20 და ესმა ესე მოსეს და სთნდა მას.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე