ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ლევიანნი

თავი მეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა მათ: 1 და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:
2 ელაპარაკეთ ისრაელიანებს: აი, ეს ცხოველებია, რომლებიც გეჭმევათ ყველა პირუტყვს შორის დედამიწაზე. 2 ეტყოდეთ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: ესე არიან საცხოვარნი, რომელსა ჰჭამდეთ ყოველთაგან საცხოვართა ქუეყანისათა:
3 ყველა პირუტყვი, რომელსაც ჩლიქი გაპობილი აქვს და იცოხნის, გეჭმევათ. 3 ყოველსა საცხოვარსა, რომელსა განყოფილ იყოს ჭლაკი და ფრჩხილითა ფრცხენდეს და აღმოიცოხნიდეს საცოხნელსა საცხოვართა შორის ესე ჭამეთ.
4 ოღონდ ისეთნი არ გეჭმევათ, რომელნიც იცოხნიან, მაგრამ ჩლიქი არა აქვთ გაპობილი: აქლემი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმიდურია თქვენთვის; 4 ხოლო მათგანი არა ჰჭამოთ, რომელნი არა აღმოიცოხნიან, და რომელთაჲ არა განყოფილ არს ჭლაკი და რომელნი ფრცხენენ ფრცხილითა: აქლემი, რამეთუ აღმოიცოხნის და ჭლაკი მისი არა განპებულ არს, არაწმიდაჲ არს ესე თქუენდა;
5 ბოცვერი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმიდურია თქვენთვის; 5 და ყურგდელი, რამეთუ აღმოიცოხნის და ჭლაკი არა განპებულ არს, არაწმიდაჲ არს ესე თქუენდა;
6 კურდღელი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმიდურია თქვენთვის; 6 და მაჩჳ, რამეთუ აღმოიცოხნის ესე და ჭლაკი არა განპებულ არს. არა არს წმიდაჲ ესე თქუენდა;
7 ღორი, რომელსაც ჩლიქი გაპობილი აქვს, მაგრამ არ იცოხნის, უწმიდურია თქვენთვის; 7 და ღორი, რამეთუ განპებულ არს ჭლაკი მისი და ფრცხენს ფრცხილითა ჭლაკისაჲთა და ესე არა აღმოიცოხნის, არაწმიდაჲ არს თქუენდა;
8 მათი ხორცი არ შეჭამოთ, მათ ლეშს არ მიეკაროთ, უწმიდურებია ისინი თქვენთვის. 8 ჴორცი მათი არა ჰჭამოთ და მძორსა მათსა არა შეეხნეთ, რამეთუ არაწმიდა არიან ესენი თქუენ შორის.
9 აი, რა გეჭმევათ წყლის არსებათაგან: ყველაფერი, რასაც კი ფარფლები და ქერეჭი აქვს წყალში - ზღვებში თუ მდინარეებში, გეჭმევათ. 9 და ამათ ჭამდით ყოველთაგან, რომელნი არიან წყალთა შინა:
10 ყველაფერი, რასაც ფარფლები და ქერეჭი არა აქვს ზღვებში თუ მდინარეებში, წყლის რა სულდგმულიც არ უნდა იყოს, უსურმაგია თქვენთვის. 10 ყოველსა, რომელსა არს მათ თანა ფრთე და ქეცი წყალთა შიდა, და ზღუათა შინა და მდინარეთა, მას ჭამდით.
11 უსურმაგი უნდა იყოს ისინი თქვენთვის, მათი  ხორცი არ უნდა ჭამოთ, მათი ლეში უნდა გძაგდეთ. 11 და ყოველსა, რომელსა არა ესხას ფრთე და არცა ქეცი წყალთა შინა, გინა თუ ზღუასა შინა, გინა მდინარეთა, რომელთა გამოსცემენ წყალნი, ყოვლისაგან სულისა ცხოველისა, რომელნი არიან წყალთა შინა, საძაგელ არს და საძაგელ იყვნენ თქუენდა
12 ყველაფერი, რასაც ფარფლები და ქერეჭი არა აქვს წყალში, უსურმაგია თქვენთვის. 12 ჴორცი მათი არა ჰჭამოთ და მძორი მათი გძაგდინ.
13 ესენი გძაგდეთ ფრინველთაგან, არ ჭამოთ, უსურმაგნი არიან: არწივი, სვავი, ფსოვი, 13 და ყოველსა, რომელსა არა არს ფრთეებ და ქეც წყალთა შინა, საძაგელ არს ესე თქუენდა.
14 ძერა, ქორი და მათი გვარისანი, 14 და ესე გძაგდინ მფრინველთაგან და არა ჰჭამოთ, რამეთუ საძაგელ არს:
15 ყოველნაირი ყორანი და მისი გვარისანი, 15 ორბი და ყანჩი, და ძერი, და ზარნასოვი, და ძერქორი და მსგავსი მათი, და ყორანი და მსგავსი მისი, და სირი და ჭაჰრი და მსგავსი მისი, და ქორი და მსგავსი მისი;
16 სირაქლემა, ბუ, თოლია, მიმინო და მათი გვარისანი, 16 ბუვი, და ღამის მჴმობარი და მინინოჲ
17 ჭოტი, ჩვამა, წერო, 17 და ძენძერუკი და დედამთრვალი
18 ბუკიოტი, ვარხვი, კოდალა, 18 და ვარჴჳ, და მღრინავი, და ტივყუავი, და ბუკიოტი და მსგავსი მისი;
19 ყარყატი, ჩანჩა და მისთანანი; ოფოფი, ღამურა; 19 და ოფოფი და მღამიობი.
20 ყოველნაირი მწერი - მფრინავი თუ ოთხზე მოსიარულე - უსურმაგი უნდა იყოს თქვენთვის. 20 და ყოველი ქუეწარმავალი ფრინველთა, რომელი ვალს ოთხითა, საძაგელ არს თქუენდა.
21 გეჭმევათ ყოველი მფრინავი თუ ოთხზე მოსიარუღე მწერი, რომელსაც მუხლიანი წვივები აქვს მიწაზე სახტომად. 21 ხოლო სჭამდეთ ფრინველთა, რომელი ვალს ოთხითა, რომელთა ასხენ წვივნი უზეშთაეს ფერჴთა მისთა ხლდომად ქუეყანასა ზედა.
22 ამათგან ესენი გეჭმევათ: კალია და მისი გვარისანი, სალყამი და მისი გვარისანი, ხარგოლი და მისი გვარისანი, ხაგაბი და მისი გვარისანი. 22 ესე არს, რომელსა სჭამდეთ მათგან: ბოცომკალი და ყოველი მსგავსი მისი, მჭრინავი და ყოველი მსგავსი მისი, [გველისმბრძოლი] და ყოველი მსგავსი მისი, მკალი და ყოველი მსგავსი მისი.
23 ყველა სხვა მწერი - ფრთიანი და ოთხფეხი - უსურმაგია თქვენთვის. 23 მფრინველთაგან, რომელთა ასხენ ოთხ ფერჴ, საძაგელ არს თქუენდა და მით არა შეიგინნეთ.
24 მათი უწმიდურობა თქვენზე გადმოვა; ყველა, ვინც კი მათ ლეშს შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 24 ყოველი რომელი შეეხოს მკუდარსა მათგანსა, არაწმიდაჲ იყოს იგი მწუხრადმდე.
25 ვისაც რამე მოედება მათი ლეშისგან, სამოსელი უნდა გარეცხოს, და გაუწმიდურებული დარჩება საღამომდე. 25 და ყოველი რომელი შეეხოს მძორსა მას მათსა, განირცხენ სამოსელი მისი და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
26 ყოველი ცხოველი, რომელსაც ჩლიქი გაპობილი აქვს, მაგრამ არა აქვს ღრმა ჭრილი და არც იცოხნება, უსურმაგია თქვენთვის; ყველა, ვინც კი მას მიეკარება, გაუწმიდურდება. 26 ყოველთა შორის პირუტუთა, რომელთა ჭლაკი განყოფილ არს და ფრცხილითა ფრცხენს და აღმოცოხნით არა აღმოიცოხნის, არაწმიდა იყოს თქუენდა. ყოველი რომელი შეეხოს მძორსა მათგანსა, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
27 ყოველი ოთხფეხი მხეცი, რომელიც თათებზე დადის, უსურმაგია თქვენთვის; ყველა, ვინც კი მას მიეკარება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 27 და ყოველი რომელი ვალს ჴელითა, ყოველთა შორის მჴეცთა, რომელი ვალს ოთხითა, არაწმიდა არს იგი თქუენდა. ყოველი რომელი შეეხოს მძორსა მათსა, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
28 ვისაც რამე მოედება მათი ლეშისგან, სამოსელი გაირეცხოს, და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. უსურმაგები არიან ისინი თქვენთვის. 28 და რომელმან აღიღოს ჴელითა მკუდარი მათგანი, განირცხეს სამოსელი მისი, და იბანენ წყლითა და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
29 ესენი არიან თქვენთვის უსურმაგები მიწაზე მძრომებში: კვერნა, თაგვი, ხვლიკი და მათი გვარისანი, 29 რამეთუ არაწმიდა არს ესე ყოველი თქუენდა. და ესეცა თქუენდა არაწმიდა არს ქუეწარმავალთაგანი, რომელნი ძურებიან ქუეყანასა ზედა:
30 ზღარბი, ბაყაყი, კუ, ლოკოკინა და თხუნელა. 30 ქურცინი, და თაგჳ, და ხჳთქი, და თაგჳ ქურცინი, და მსუენ-ლომი, და მხულივი და მსუენი და მთხუნველი. ესე ყოველი არაწმიდა არს თქუენდა ყოველთაგან ქუეწარმავალთა, რომელნი ძურებიან ქუეყანასა ზედა. ყოველი რომელი შეეხოს მათგანსა მძორსა, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
31 ესენია თქვენთვის უსურმაგნი ქვემძრომებში; ვინც კი მათ ლეშს შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 31 და ყოველსა, რომელსა შთავარდეს მკუდარი ამათგანი, არაწმიდა იყოს.
32 ყველაფერი, რაზეც კი რომელიმე მათგანი დაეცემა, ხის რაიმე ჭურჭელი იქნება, ტყავის თუ ჯვალოს სამოსელი, ნებისმიერი სახმარი ნივთი, გაუწმიდურდება; წყალში უნდა ჩაიდოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება, მერე კი გაწმიდავდება. 32 ყოველსავე ჭურჭელსა ძელისასა, გინა სამოსელსა, გინა ტყავსა, გინა ძაძასა.
33 თუ რაიმე თიხის ჭურჭელში ჩავარდება, ყველაფერი, რაც ჭურჭელშია, გაუწმიდურდება; უნდა დაამტვრიოთ. 33 ყოველივე ჭურჭელი, რომლითა იქმნების საქმე, წყლითა განირცხეს და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე და არაწმიდა იყოს. და ყოველი ჭურჭერი კეცისაჲ, რომელსა შთავარდეს მათგანი შიდა, რაოდენ-რაჲ იყოს მას შინა, არაწმიდა არს და იგი შეიმუსრენ.
34 თუ რამე საჭმელს, რასაც ჭამთ, წყალი დაესხა, გაუწმიდურდება; ყოველი სასმელი, რომელსაც რამე ჭურჭლიდან სვამთ, გაუწმიდურდება. 34 და ყოველი საჭმელი, რომელი იჭამების, რომელსა მივიდეს წყალი, არაწმიდა იყოს, და ყოველი სასუმელი, რომელი ისუმების ყოვლითა ჭურჭრითა, არაწმიდა არს იგი.
35 ყველაფერი, რასაც მათი ლეშიდან რამე მოხვდა, გაუწმიდურებულია; ღუმელი იქნება თუ კერა, უნდა დაიმტვრეს; უწმიდურია ისინი და თქვენთვისაც უწმიდური უნდა იყოს. 35 და ყოველსავე ზედა, რომელსა დავარდეს მკუდარი მათგანი, არაწმიდა იყოს: თორნენი და ყუერბნი დაირღუედ, რამეთუ არაწმიდა არს და არაწმიდა იყოს თქუენდა,
36 მხოლოდ წყარო და ჭა, წყალსატევი დარჩება სუფთა. მათი ლეშის შემხებელი კი გაუწმიდურდება. 36 თჳნიერ წყაროთა წყალთასა და ჯურღმულისა და დასაკრებელისა წყალთასა, ესე ხოლო წმიდა არს.
37 თუ მათი ლეშიდან რამე მოხვდა სათესლე მარცვალს, სუფთა დარჩება. 37 ხოლო რომელი შეეხოს მკუდარსა მათგანსა, არაწმიდა იყოს. უკუეთუ დავარდეს მძორი იგი მათგანი ყიველსავე თესლსა სათესავსა, რომელი ითესვის, არაწმიდა იყოს.
38 თუ თესლს წყალი დაესხა და მათი ლეშიდან რამე დაეცა ზედ, გაუწმიდურებული იქნება იგი თქვენთვის. 38 უკუეთუ დაესხას წყალი ყოველსა მას ზედა თესლსა და დავარდეს მათგანი მძორი მას ზედა, არაწმიდა იყოს იგი თქუენდა.
39 თუ ისეთი პირუტყვი მოკვდება, რომელიც გეჭმევათ, და მის ლეშს ვინმე მიეკარება, გაუწმიდურებული იქნება იგი საღამომდე. 39 უკუეთუ მოკუდეს პირუტყუთაგანი, რომლისა არს ესე მისა საჭმელი, რომელი შეეხოს მძორსა მას მათსა, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
40 მისი ლეშის მჭამელმა ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება; მისი ლეშის წამღებმა ტანსაცმელი გაირეცხოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება. 40 და რომელმან ჭამოს მკუდარი ამათგან, განირცხეს სამოსელი მისი და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე. და რომელმან აღიღოს მძორი ამათგანისაჲ, განირცხეს სამოსელი მისი და არაწმიდა იყოს იგი მწუხრადმდე.
41 ყველაფერი, რაც კი მიწაზე დაძვრება, უსურმაგია, არ გეჭმევათ. 41 და ყოველივე ქუეწარმავალი, რომელი ძურების პირსა ზედა ქუეყანისასა, საძაგელ არს ესე თქუენდა, არა იჭამოს. ყოველი, რომელი ვალს მუცლითა
42 არანაირი მუცელზე მხოხავი, არანაირი მრავალფეხა, არანაირი მიწაზე მძრომი არ გეჭმევათ, რადგან უსურმაგები არიან. 42 და ყოველი, რომელი ვალს ოთხითა მარადის, რომელი მრავალფერჴ არს ყოველთა შორის ქუეწარმავალთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა, არა ჰჭამოთ იგი, რამეთუ საძაგელ არს.
43 არ წაიბილწონ სული ქვემძრომით და არ გაუწმიდურდეთ მისგან. 43 და არა საძაგელ-იყვნეთ სულნი თქუენნი ყოველთა ამათგან ქუეწარმავალთა, რომელნი ძურებიან ქუეყანასა ზედა, არა შეიგინნეთ ამით და არა არაწმიდა იყუნეთ ამით.
44 რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი; გაწმიდავდით და წმიდა იქნებით, როგორც მე ვარ წმიდა. არ გაიუწმიდუროთ თავი არანაირი ქვემძრომით, რომელიც მიწაზე დაღოღავს, 44 რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, და განწმიდენით და იყვენით წმიდაჲ,
45 რადგან მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი. იყავით წმიდები, როგორც მე ვარ წმიდა. 45 რამეთუ წმიდა ვარ მე, უფალი თქუენი და არა შეაგინნეთ სულნი თქუენნი ყოველთა ამათგან ქუეწარმავალთა, რომელნი იძრვიან ქუეყანისა ზედა, რამეთუ მე ვარ ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით, რათა ვიყო მე თქუენდა ღმერთ და იყვენით წმიდაჲ, რამეთუ წმიდა ვარ მე უფალი.
46 ეს არის პირუტყვის, ფრინველის და ყოველი სულდგმულის, წყალში მცურავისა და მიწაზე მღოღავის წესი, 46 ესე შჯული არს საცხოვართათჳს და მფრინველთათჳს და ყოვლისა სულისა ქუეწარმავლისა ქუეყანასა ზედა
47 რომ ერთმანეთისგან გაირჩეს უწმიდური და წმიდა, ცხოველი, რომელიც იჭმევა და ცხოველი, რომელიც არ იჭმევა. 47 განშორებად შორის არაწმიდათა და შორის წმიდათა და სწავლად ძეთა ისრაჱლისათა შორის მაცხოვნებელთა საჭმელთა და შორის არამაცხოვნებელთა საჭმელთა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე