ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ლევიანნი

თავი ოცდამეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 არ შეიქმნათ კერპები და ქანდაკები, არ აღმართოთ სვეტები, არ ჩადგათ თქვენს ქვეყანაში მოხატული ქვები სათაყვანოდ, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. 1 არა ჰქმნე თავისა თჳსისა ჴელითქმნული, არცა გამოქანდაკებული, არცა ძეგლი არა აღმართოთ თქუენ, არცა ლოდი სასტრად აღსდგათ ქუეყანასა თქუენსა თაყუანის-საცემელად თქუენდა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
2 ჩემი შაბათები დაიცავით და ჩემი საწმიდარების გეშინოდეთ. მე ვარ უფალი. 2 შაბათნი ჩემნი დაიმარხენით და წმიდათა ჩემთაგან გეშინოდენ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
3 თუ ივლით ჩემს წესზე და დაიცავთ ჩემს მცნებებს და შეასრულებთ მათ, 3 უკუეთუ ბრძანებათა ჩემთა ხჳდოდით, და მცნებათა ჩემთა იმარხჳდეთ და ჰყოფდეთ მათ, მოგცე თქუენ წჳმაჲ ჟამსა თჳსსა.
4 თავის დროზე მოგცემთ წვიმას და მიწაც მოგცემთ თავის მოსავალს, მინდვრის ხეები მოგცემენ თავიანთ ნაყოფს. 4 და ქუეყანამან გამოსცეს ნაყოფი თჳსი და ხეთა ველისათა მოსცენ ხილი მათი.
5 ლეწვა თესვაზე ადრე დაგიდგებათ, რთველი თესვაზე ადრე, ძღომაზე შეჭამთ თქვენს პურს, თქვენს ქვეყანაში მშვიდად იცხოვრებთ. 5 და მიიწიოს სალეწავი თქუენი ვიდრე სთულებადმდე და სთველი მიიწიოს თესვადმდე და ჰჭამდეთ პურსა თქუენსა მაძღრივ და დაემკჳდრნეთ კრძალულებით ქუეყანასა თქუენსა.
6 მშვიდობას ჩამოვაგდებ ქვეყანაზე და მოსვენებული იქნებით. აღარ იქნება დამაფრთხობელი, მიწისგან აღვგვი სასტიკ მხეცებს და მახვილი არ გაივლის თქვენს ქვეყანაზე. 6 და მოვსცე მშჳდობაჲ ქუეყანასა თქუენსა და დაიძინოდით უზრუნველად და არა ვინ იყოს მაშინებელ თქუენდა, და წარვწყმიდო მჴეცი ბოროტი ქუეყანისაგან თქუენისა და ბრძოლა არა იყოს ქუეყანასა თქუენსა.
7 გარეკავთ თქვენს მტრებს და მახვილით დაეცემიან თქვენს წინაშე. 7 და სდევნიდეთ მტერთა თქუენთა და დაეცნენ წინაშე თქუენსა მომწყდარნი მახჳლითა.
8 ასს გარეკავს ხუთი თქვენგანი და ასი თქვენგანი ათიათასს გარეკავს. მახვილით დაეცემიან თქვენი მტრები თქვენს წინაშე. 8 და წარიქციოს ხუთმან თქუენგანმან ასი და ასმან თქუენგანმან წარიქციოს ბევრეული და დაეცნენ მტერნი თქუენნი წინაშე თქუენსა მახჳლითა.
9 მოგხედავთ და ნაყოფიერს გაგხდით, გაგამრავლებთ და შევასრულებ თქვენთვის მოცემულ აღთქმას. 9 და მოვიხილო თქუენ ზედა და გაკურთხნე თქუენ და აღგაორძინნე თქუენ და განგამრავლნე თქუენ და დავამტკიცო აღთქმაჲ ჩემი თქუენ თანა.
10 შეჭამთ ძველისძველს და ახლის წინაშე გამოიტანთ ძველს. 10 და ჰჭამდეთ ძუელსა და ძველისძველსა და ძუელი წინაშე პირსა ახალთასა გამოსდვათ.
11 ჩემს სავანეს დავიდებ თქვენს შორის და არ შეგიზიზღებთ ჩემი სული. 11 და აღუმართო კარავი ჩემი თქუენ შორის და არა მოგიძაგნეს თქუენ სულმან ჩემმან.
12 ვივლი თქვენს შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი ჩემი ერი იქნებით. 12 და ვიქცეოდი მე თქუენ შორის, და ვიყო მე თქუენდა ღმერთ და თქუენ იყუნეთ ჩემდა ერად.
13 მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ, რომ მონებად არ დარჩენილიყავით; დავწყვიტე თქვენი უღლის აპეურები და შემართულნი წამოგიყვანეთ. 13 მე ვარ ღმერთი, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით, რამეთუ იყვენით თქვენ მონა და განვხეთქენ საკრველნი უღლისა თქუენისანი და მოგიყვანენ თქუენ განცხადებულად.
14 თუ არ დამიჯერებთ და არ შეასრულებთ ამ ჩემს მცნებებს, 14 უკუეთუ არა ისმინოთ ჩემი და არცა ჰყოფდეთ ბრძანებათა ჩემთა,
15 თუ არად ჩააგდებთ ჩემს წესებს, თუ ისე შეიძულებთ ჩემს სამართალს, რომ არ შეასრულებთ არცერთ ჩემს მცნებას და დამირღვევთ აღთქმას, 15 არამედ ურჩ ექმნნეთ მათ და სამართალნი ჩემნი მოიწყინნეს სულმან თქუენმან და არა ჰყოფდეთ ბრძანებათა ჩემთა და განაქარვნეთ აღთქუმანი ჩემნი.
16 მაშინ ამგვარად მოგექცევით: მოგივლენთ შიშისზარს, ჭლექსა და ცხროებას, თვალის დამავსებელს და სულის შემაღონებელს. ფუჭი იქნება თქვენი დათესილი, რადგან მტრები შეგიჭამენ. 16 და მეცა ეგრევე გიყო თქვენ: მოვავლინო თქუენ ზედა სიმღიერე და უნაყოფოებაჲ და სიყჳთლე დანდალუკად თუალთა თქუენთა, და გული თქუენი დადნებოდეს, და სთესვიდეთ თესლსა თქუენსა ცუდად და ჭამდენ მას მტერნი თქუენნი.
17 პირს ვიზამ თქვენსკენ და დაუმარცხდებით თქვენს მტრებს, გაგიბატონდებიან მოსისხლენი; გაიქცევით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ. 17 და დავამტკიცო პირი ჩემი თქუენ ზედა და დაეცნეთ წინაშე მტერთა თქუენთა, და გდევნიდენ თქუენ მოძულენი თქვენნი და ივლტოდით თქუენ თჳნიერ მდევართა.
18 და თუ მაინც არ დამიჯერებთ, შვიდგზის მოგიმატებთ სასჯელს თქვენი ცოდვებისთვის. 18 უკუეთუ აქამომდე არა ისმინოთ ჩემი და შევსძინო სწავლად თქუენდა შჳდწილ ცოდვათა თქუენთა ზედა.
19 გავტეხავ თქვენი სიჯიუტის ძალას, რკინად ვაქცევ თქვენს ცას, სპილენძად - თქვენს მიწას, 19 და შევმუსრო გინებაჲ იგი ამპარტავნებისაჲ და ვყო ცაჲ თქუენ ზედა ვითარცა რკინაჲ და ქუეყანა ვითარცა რვალი.
20 ფუჭად დაილევა თქვენი ძალ-ღონე: არ მოგცემთ მიწა თავის მოსავალს და ქვეყნის ხეები - თავის ნაყოფებს. 20 და ცუდად იყოს ძალი თქუენი და ქუეყანამან არა მოგცეს თესლი მისი და ხემან ველისა თქუენისამან არა მოგცეს ნაყოფი მისი.
21 თუ კიდევ გამიწევთ წინააღმდეგობას და არ მოისურვებთ ჩემს ყურისგდებას, შვიდგზის დაგცხებთ თქვენი ცოდვებისათვის. 21 უკუეთუ ამისა შემდგომად ხვიდოდითღა თქუენ დრკუდ ჩემდა მომართ და არა ინებოთ სმენად ჩემი, შეგძინო თქუენ ტანჯვაჲ შჳდი ცოდვათა თქუენთაებრ.
22 მოგისევთ გარეულ მხეცებს და გაგიწყვეტენ შვილებს; გაგიწყვეტენ საქონელს, თქვენც დაგლევენ და დაცარიელდება თქვენი გზები. 22 და მოვავლინო თქუენ ზედა მჴეცი მძჳნვარე ქუეყანისაჲ და შეგჭამდეს თქუენ, და აღჴოცოს საცხოვარი თქუენი და შეგამცირნეს თქუენ და ოჴერ იყუნენ გზანი თქუენნი.
23 თუ ამითაც არ ისწავლით ჭკუას და კიდევ გამიწევთ წინააღმდეგობას, 23 და უკუეთუ ამითცა ვერ განისწავლნეთ თქუენ,
24 მეც წამოვალ თქვენს წინააღმდეგ და შვიდგზის დაგცხებთ თქვენი ცოდვებისათვის. 24 არამედ ხჳდოდითღა ჩემდა მომართ გულარძნილად, ვიდოდი მეცა თქუენ თანა გულისწყრომითა გულარძნილითა და გგუემნე თქუენ შჳდ წელ ცოდვათა მათ თქუენთათჳს.
25 მოვავლენ თქვენზე შურისმგებელ მახვილს აღთქმის შურისგებად და თქვენ შეიხვეტებით თქვენ-თქვენს ქალაქებში. ჭირს შეგყრით და მტრის ხელში ჩაცვივდებით. 25 და მოვჴადო თქუენ ზედა მახჳლი და შურისმეძიებელი საშჯელად შჯულისა და შეევედრნეთ თქუენ ქალაქებსა თქუენსა და მოვავლინო სიკუდილი თქუენ ზედა და მიეცნეთ ჴელთა მტერთა თქუენთასა.
26 როცა გაგიწყვეტ პურის სახსარს, ათი დედაკაცი ერთ თონეში დაიწყებს თქვენი პურის ცხობას. წონით გამოგიგზავნიან თქვენს პურს, შეჭამთ და ვერ გაძღებით. 26 და გჭირდეს თქუენ იფქლისა და პურისათჳს და აცხობდენ ათნი დედანი თქუენგანნი პურსა ერთსა შიდა თორნესა და მოგცემდენ თქუენ პურსა თქუენსა სასწორით, ჰჭამდეთ და ვერ განძღებოდით.
27 თუ მაშინაც არ დამიგდებთ ყურს და გამიწევთ წინააღმდეგობას, 27 უკუეთუ ამათ ზედაცა არა ისმინოთ ჩემი, არამედ ხჳდოდითვე დრკუდ.
28 მეც გამოვალ თქვენს წინააღმდეგ რისხვით და შვიდგზის დაგსჯით თქვენი ცოდვებისთვის. 28 მეცა ვიდოდე თქუენ თანა გულისწყრომითა დრკუჲთა და გასწავლნე თქუენ შჳდ წელ ცოდვათა თქუენთათჳს.
29 თქვენი ვაჟების ხორცს დაუწყებთ ჭამას და თქვენი ასულების ხორცს შეჭამთ. 29 და ჰჭამდეთ თქუენ ჴორცთა ძეთა თქუენთასა და ჴორცთა ასულთა თქუენთასა.
30 გაგინადგურებთ ბორცვებს და ამოგიყრით მზის სვეტებს, დავახვავებ თქვენს გვამებს თქვენი კერპების ნანგრევებზე და შეგიძულებს თქვენ ჩემი სული. 30 და მოვიხუნე ძელისანი ჴელითქმნილნი თქუენნი და დავსხნე გუამნი თქუენნი გუამთა თანა კერპთა თქუენთასა, და მოგიწყინნეს თქუენ სულმან ჩემმან
31 გავაუდაბურებ თქვენს ქალაქებს და დავაცარიელებ თქვენს საწმიდარებს; აღარ ვიყნოსავ თქვენგან ნაკმევ კეთილსურნელებას. 31 და დავსხნე ქალაქნი თქუენნი ოჴრად და მოვაოჴრო სიწმიდე თქუენი, და არა ვიყნოსო სულნელებაჲ მსხუერპლთა თქუენთაჲ.
32 დავაცარიელებ ქვეყანას თქვენი მტრების განსაცვიფრებლად, რომლებიც იქ დასახლდებიან. 32 და მოვაოჴრო ქუეყანა თქუენი და უკჳრდეს ამას ზედა მტერთა თქუენთა, რომელნი მკჳდრ იყუნენ მას ზედა.
33 მიმოგფანტავთ ხალხებში და გაშიშვლებულ მახვილს დაგადევნებთ. დაცარიელდება თქვენი ქვეყანა და გაუდაბურდება თქვენი ქალაქები. 33 და მიმოდაგთესნე თქუენ წარმართთა შორის, და აღგჴოცნეს თქუენ მომავალმან მან მახჳლმან თქუენ ზედა და იყოს ქუეყანა თქუენი უდაბნო და ქალაქნი თქუენნი - ოჴერ.
34 მაშინ ამოიგებს მიწა თავის შაბათებს მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც დაცარიელებული იქნება. როცა თქვენი მტრების ქვეყანაში იქნებით, მაშინ იუქმებს მიწა, ამოიგებს თავის შაბათებს. 34 და მაშინ სათნო იყოს ქუეყანამან შაბათი თჳსი ყოველთა მათ დღეთა ოჴრებისა მისისათა.
35 იუქმებს მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც არ უუქმია თქვენს შაბათებში, როცა იქ ცხოვრობდით. 35 და თქუენ იყუნეთ ქუეყანასა მტერთა თქუენთასა. და მაშინღა შაბათობდეს ქუეყანა და სათნო იყოს შაბათი მისი. ყოველსა ჟამსა ოჴრებისა მისისასა შაბათობდეს, რომელ არა შაბათობდა შაბათთა მათ შინა თქუენთა, რაჟამს მკჳდრ იყვენით მას ზედა.
36 დანარჩენებს გულს გაგილაჩრებთ მტრების ქვეყნებში. გაფრენილი ფოთლის ხმა შეგაშინებთ და გაიქცევით, თითქოს მახვილს გაურბოდეთ. დაეცემით, მდევარი კი არავინ იქნება. 36 და დაშთომილთა მათ ზედა თქუენგანთა მოვავლინო შიში გულთა მათთა ქუეყანასა მტერთა მათთასა და სდევნიდეს მათ ჴმაჲ ფურცლისაჲ მოღებული ქარითა. და ივლტოდიან, ვითარცა ვინ ივლტინ მბრძოლისაგან და დაეცნენ თჳნიერ მდევართა.
37 წაიფორხილებენ ერთმანეთზე, თითქოს მახვილს გაურბოდნენ. მდევარი კი არავინ იქნება. ღონე არ გეყოფათ, რომ მტრებს აღუდგეთ. 37 და უგულებელ-ყოს ძმამან ძმაჲ, ვითარცა ბრძოლასა შინა, დაღათუ არა ვინ სდევნიდეს მათ და ვერ გეძლოს წინადადგომად მტერთა თქუენთა.
38 დაიღუპებით ხალხებში და შეგჭამთ თქვენი მტრების მიწა. 38 და წარსწყმდეთ თქუენ წარმართთა შორის და შეგჭამდეს თქუენ ქუეყანაჲ იგი მტერთა თქუენთაჲ.
39 დანარჩენები დაილევით თქვენი ცოდვების გამო მტრების ქვეყნებში. თქვენი მამა-პაპის ცოდვების გამოც დაილევით. 39 და რომელნი დაშთნენ თქუენგანნი, განიჴრწნენ ცოდვითა თქუენითა და დადნებოდიან ქუეყანასა მტერთა მათთასა.
40 თუ გამოტყდებიან თავიანთ ცოდვებში და მამა-პაპის ცოდვებში, რომ მიმტყუნეს და ჩემს წინააღმდეგ გამოდიოდნენ, 40 და მიუთხრობდენ ცოდვათა მათთა და ცოდვათა მამათა მათთასა, რამეთუ გარდაჰჴდეს შჯულსა და დამივიწყეს მე, და ვიდოდეს წინაშე ჩემსა დრკუდ.
41 მეც რომ წავედი მათ წინააღმდეგ და მათი მტრების ქვეყანაში გადავასახლე ისინი, თუ მოეთრგუნებათ დაუცვეთავი გულები, მაშინ გამოისყიდიან თავიანთ ცოდვებს. 41 და მეცა ვიდოდე მათა მიმართ დრკუდ და წარვწყმიდნე იგინი ქვეყანასა მას მტერთა მათთასა. და მაშინ ჰრცხუენოდის გულსა მათსა წინადაუცუეთელსა, და მაშინ სათნო იყუნენ ცოდვანი მათნი.
42 და მეც გავიხსენებ ჩემს აღთქმას იაკობთან. ისაკთან დადებულ აღთქმასაც და აბრაამთან დადებულ აღთქმასაც გავიხსენებ; ქვეყანასაც გავიხსენებ. 42 და მაშინ მოვიჴსენო მე აღთქმა იგი იაკობის თანა, და აღთქმაჲ იგი ისაკის თანა და აღთქმაჲ იგი აბრაჰამის თანა მოვიჴსენო და ქუეყანისაჲ მის მოვიჴსენო.
43 მიწა მიტოვებული იქნება მათგან და გამოისყიდის თავის შაბათებს, როცა მათგან დაცარიელდება. ისინი კი გამოისყიდიან თავიანთ ცოდვებს, რომ შეიძულეს ჩემი სამართალი და ჩემი წესები შეიზიზღა მათმა სულმა. 43 და ქუეყანა იგი თქუენი დაშთეს. და მაშინ შეიწყნაროს ქუეყანამან შაბათი მისი მოოჴრებითა მით მისითა ამისთჳს და მათ მოიხუნენ თჳსნი იგი უშჯულოებანი ამისთჳს, რამეთუ სამართალნი ჩემნი უგულებელს-ყუნეს, ბრძანებანი ჩემნი მოიწყინნა გულმა მათმან.
44 და მაინც, მტრის ქვეყანაში მათი ყოფნის დროსაც კი არ შევიძულებ მათ და არ შევიზიზღებ მოსასპობად, მათთან დადებული აღთქმის დასარღვევად. რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი. 44 და იყუნეს ღათუ ქუეყანასა მტერთა მათთასა, არა უგულებელ-ვყვენ იგინი და არცა მოვიწყინე მოჴოცად მათა და განქარვებად აღთქმათა ჩემთა მამათა მიმართ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი მათი.
45 მათთვის გავიხსენებ ჩემს აღთქმას წინაპრებთან, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ხალხების თვალწინ, რათა მათი ღმერთი ვყოფილიყავი. მე ვარ უფალი. 45 და მოვიჴსენო მე აღთქმაჲ იგი პირველი, რაჟამს გამოვიყვანენ იგინი ქუეყანით ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისა წინაშე ყოველთა ნათესავთა, რაჲთა ვიყო მე მათა ღმერთ. მე ვარ უფალი. ესე სამართალნი და მშჯავრნი და შჯული, რომელ მოსცა უფალმან შორის მისსა და შორის ძეთა ისრაჱლისათა მთასა სინასა ჴელითა მოსესითა.
46 აჰა, წესები, სამართალი და რჯული, რომელიც დადო უფალმა თავისსა და ისრაელიანთა შორის სინაის მთაზე, მოსეს ხელით.    

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე