ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ლევიანნი

თავი მეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 კაცი, რომელმაც შესცოდა იმით, რომ გაიგონა წყევლის ხმა, გინა მოწმე იყო, გინა დაინახა, გინა იცოდა, მაგრამ არ გააცხადა, დამნაშავეა. 1 უკუეთუ ცოდოს კაცმან და ესმეს ჴმაჲ ფიცისაჲ და ესე წამებდეს გინა თუ იხილა, გინა თუ თანად-იცის და უკუეთუ არა უთხრა, მოიღო მან ცოდვაჲ მისი.
2 თუ კაცი, რომელიც თავისდაუნებურად შეეხება რაიმე უწმიდურ საგანს: გინა უწმიდური მხეცის მძორს, გინა უწმიდური საქონლის მძორს, გინა უწმიდური ქვემძრომის მძორს, გაუწმიდურებულია და დამნაშავეა. 2 კაცი, რომელი შეეხოს ყოველსა საქმესა არაწმიდებისასა, გინა მძორსა, გინა ნამჴეცავსა არაწმიდასა, გინა მკუდარსა, რომელსავე საძაგელსა არაწმიდათასა,
3 ანთუ თვისდა უნებურად შეეხება ადამიანის უწმიდურობას, რა უწმიდურობანიც არ უნდა იყოს, რითაც უწმიდურდება კაცი, და გაიგებს, დამნაშავეა. 3 გინა თუ შეეხოს არაწმიდებასა რასმე კაცისასა, ყოველივე არაწმიდებასა მისსა, რომელსა შეეხოს, და შეგინებულ იქმნა და დაავიწყდა, და ამისა შემდგომად ცნა და ცოდა,
4 თუ ვისმე თავისდა უნებურად ბაგიდან წასცდება ფიცი ავზე ან კარგზე, ყველაფერზე, რაზეც კაცს წასცდება ხოლმე ფიცი, და მიხვდება, დამნაშავეა ერთ-ერთ ამათგანში. 4 და კაცმან, რომელმან ფუცოს და გან-რაჲმე-აჩინოს პირითა თჳსითა ბოროტისა ყოფად, გინა კეთილის ყოფად ყოვლისა მისებრ, რომელი აღუთქუა კაცმან ფიცით და დაავიწყდა იგი, და ესრეთ ცნა და ცოდა ერთი რაჲმე მათგანი,
5 და თუ დამნაშავეა ერთ-ერთ ამათგანში, უნდა აღიაროს, რომ ცოდვა აწევს, 5 და მიუთხრას მისთჳს ცოდვაჲ იგი, რომელ ცოდა,
6 და მიუყვანოს უფალს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდი - დედალი ცხვარი ან თხა, და მღვდელი ცოდვის შენდობას გამოითხოვს მისთვის. 6 და შეწიროს ღმრთისა, რომელთათჳს ცოდა, ნეზჳ ცხოვართაგან ტარიგი, გინა ვაცი თხათაგან ცოდვისათჳს. და ლხინება-ყოს მღდელმან მან ცოდვისა მისთჳს და მიეტეოს მას ცოდვაჲ იგი.
7 თუ ცხვარზე ხელი არ მიუწვდება, მიუყვანოს უფალს ჩადენილი დანაშაულის გამოსასყიდად ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი; ერთი ცოდვის გამოსასყიდად, მეორე - აღსავლენად. 7 უკუეთუ ვერ ეძლოს ჴელსა მისსა ყოფად ცხოვარი, შეწიროს ღმრთისა ცოდვისა მისთჳს, რომელ ცოდა, ორნი გურიტნი, გინა თუ ორნი მართუენი ტრედისანი, ერთი - ცოდვისათჳს და ერთი - ყოვლად დასაწველად.
8 მიუყვანოს ისინი მღვდელს, ხოლო მღვდელმა ჯერ ცოდვის გამოსასყიდი შესწიროს: კისერი გადაუგრიხოს, მაგრამ თავი არ მოაცალოს. 8 და მოართუნეს იგინი მღდელსა და შეწიროს იგი მღდელმან მან ცოდვისა მისისათჳს პირველად, და წარჰკუეთოს მღდელმან თავი მისი საქციელითგან და არა განახევროს.
9 მოასხუროს ცოდვის გამოსასყიდის სისხლი სამსხვერპლოს კედელს, დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში უნდა ჩაიწეროს. ეს არის ცოდვის გამოსასყიდი. 9 და აპკუროს სისხლისა მისგან, რომელ-იგი არს ცოდვისაჲ, კედელსა საკურთხეველისასა, ხოლო ნეშტი იგი სისხლი დაწრიდოს ხარისხსა თანა საკურთხეველისასა, რამეთუ ცოდვისაჲ არს.
10 მეორე აღსავლენად უნდა გაამზადოს წესისამებრ და გამოითხოვს მისთვის მღვდელი ჩადენილი ცოდვის შენდობას და მიეტევება მას. 10 ხოლო მეორე იგი ყოს ყოვლად დასაწველ, ვითარცა-იგი ჯერ-არნ და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან ცოდვისა მისისაგან, რომელ ცოდა და მიეტეოს მას.
11 თუ ხელი არ მიუწვდება ორ გვრიტზე და მტრედის ორ ხუნდზე, მიიტანოს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად ერთი მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილი; ნუ დაღვრის მასზე ზეთს და ნურც საკმეველს დადებს ზედ, რადგან ეს ცოდვის გამოსასყიდია. 11 უკუეთუ არა პოვოს ჴელმან მისმნ წყვილნი გურიტთანი, გინა მართუენი ტრედთანი, შეწიროს მსხუერპლად მისა ცოდვისა მისთჳს მეათე სათველი სამინდოჲ ცოდვისა მისისათჳს, და არა დაასხას მას ზედა ზეთი, და არა დასდვას მას ზედა გუნდრუკი, რამეთუ ცოდვისაჲ არს.
12 მიუტანოს იგი მღვდელს; აიღოს იქიდან მღვდელმა სავსე მუჭა სამახსოვროდ და დაწვას სამსხვერპლოზე უფლის საცეცხლო მსხვერპლად. ეს არის ცოდვის გამოსასყიდი. 12 და მოართუას იგი მღდელსა მას და აღიღოს მისგანი მღდელმან მან სავსე მჭელი და მოსაჴსენებელად მისა დადვას იგი საკურთხეველსა ზედა მსხუერპლთასა წინაშე ღმრთისა, ცოდვისაჲ არს.
13 გამოითხოვს მისთვის მღვდელი ჩადენილი ცოდვის შენდობას და მიეტევება მას. რაც დარჩება, მღვდელს ეკუთვნის, როგორც ძღვენი. 13 და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან ცოდვისა მისისათჳს, რომელ ცოდა, ერთი რაჲმე ამათგანი, რომელ-რაჲ პოვა და შეწირა, მიეტეოს მას; ხოლო ნეშტი იგი იყოს მღდელისა მის, ვითარცა მსხუერპლი ქებისაჲ.
14 ასე უთხრა უფალმა მოსეს: 14 ეტყდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
15 თუ ვინმე გადავა წესს და უნებურად შესცოდავს უფლის სიწმიდეთა მიმართ, დანაშაულის გამოსასყიდად შესწიროს უფალს ფარიდან გამოყვანილი საღი ვერძი, რამდენი შეკელიც ეღირება (საწმიდარის შეკელის მიხედვით). 15

კაცსა უკეთუ და-რაჲმე-ავიწყდა დავიწყებაჲ და ცოდა არა ნეფსით სწმიდეთა შინა ღმრთისათა, და შეწიროს ცოდვისა მისისათჳს ღმრთისა ვერძი უბიწოჲ ცხოვართაგან სასყიდლითა ვეცხლისაჲთა სასწორთაგან სასწორითა წმიდითა, რომლისათჳს-იგი ბრალი ქმნა.

16 რა სიწმიდესაც შესცოდა, უნდა ზღოს და მისი მეხუთედიც დაუმატოს, მისცეს მღვდელს და მღვდელი გამოითხოვს მისთვის შენდობას გამოსასყიდი ვერძით და მიეტევება მას. 16 და ცოდა, სიწმიდეთა შინა მისთა, ზღოს ესე და მეხუთე შესძინოს მას ზედა და მისცეს იგი მღდელსა მას. და მღდელმან ლხინება-ყოს მისთჳს ვერძითა მით ბრალისაჲთა და მიეტეოს მას.
17 თუ ვინმე უნებურად შესცოდავს, ჩაიდენს უფლის მცნების საწინააღმდეგოს რასმე, რისი გაკეთებაც არა ხამს, დადანაშაულდება და ცოდვა დაეკისრება, 17 და კაცმან უკუეთუ ცოდოს და ყოს ერთი რაჲმე მცნებათაგანი ღმრთისათაჲ, რომელ არა ჯერ-არს ყოფად, და ვერ ცნა, და ბრალი ქმნა და მოიღო ცოდვაჲ იგი,
18 მიუყვანოს მღვდელს ცოდვის გამოსასყიდად საღი ვერძი ფარიდან, რაც უნდა ღირდეს, და გამოითხოვს მისთვის მღვდელი ცოდვის შენდობას, რომელიც განუზრახველად და უნებურად ჰქონდა ჩადენილი, და მიეტევება. 18 მოჰგუაროს მღდელსა ვერძი უბიწოჲ ცხოვართაგან სასყიდლითა ვეცხლისაჲთა ბრალისა მისთჳს; და ლხინება-ყოს მღდელმან მან
19 ეს არის დანაშაულის გამოსასყიდი, რა დანაშაულიც უფლის წინაშე ჩაიდინა. 19 უმეცრებისა მისისათჳს, რომელ ვერ ცნა და მან არა იცოდა ცოდვაჲ წინაშე ღმრთისა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე