ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ლევიანნი

თავი მეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ეს არის დანაშაულის გამოსასყიდის წესი; ეს წმიდათა წმიდაა. 1 და ესე არს შჯული ვერძისაჲ მის, რომელი იყოს ცოდვისათჳს: რამეთუ წმიდაჲ წმიდათა არს.
2 სადაც აღსავლენი იკვლის, იმ ადგილზე უნდა დაიკლას დანაშაულის გამოსასყიდიც და მისი სისხლი ირგვლივ მოესხუროს სამსხვერპლოს. 2 ადგილსა მას, სადაცა დაკლიან ყოვლად დასაწველები იგი და დაკლან ვერძი იგი ცოდვისაჲ წინაშე ღმრთისა და სისხლი მისი მოაპკურონ ხარისხსა თანა საკურთხეველისასა.
3 შესწიროს მისგან მთელი ქონი, დუმა და ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია. 3 და ცმელი მისი მოიღოს მისგან მუცლისა და ყოველივე ცმელი, გარდაბურვილი შინაგან, და ყოველივე ცმელი, რომელ არს ნაწლევთაჲ.
4 ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცალოს ქონის ფენა ღვიძლსა და თირკმლებს. 4 და ორნი იგი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა, რომელ არს ბარკალთაჲ, და ღჳძლის ყური იგი თირკუმლითურთ მოჰჴადოს.
5 დაწვას ისინი მღვდელმა სამსხვერპლოზე საცეცხლო მსხვერპლად უფლისათვის. ეს არის დანაშაულის გამოსასყიდი. 5 და შეწიროს მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა ნაყოფად სულად სულნელად ღმრთისა, რამეთუ ცოდვისაჲ არს.
6 ყოველმა სამღვდელო მამაკაცმა ჭამოს იგი; წმიდა ადგილზე ჭამონ. ეს წმიდათა წმიდაა. 6 ყოველივე წული მღდელთაგანი ჭამდეს მას, ადგილსა წმიდასა ჭამდენ მას, რამეთუ წმიდაჲ წმიდათა არს.
7 ერთი წესი აქვს ცოდვის გამოსასყიდს და დანაშაულის გამოსასყიდს: იგი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც მისი მეოხებით გამოითხოვს შენდობას. 7 ვითარცა-იგი ცოდვისაჲ, ეგრეცა ბრალისაჲ შჯული ერთისა მათგანისა: მღდელისა, რომელმან ყოს ლხინებაჲ, მისა იყავნ იგი.
8 აღსავლენის ტყავი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სწირავს აღსავლენს. 8 მღდელი იგი, რომელი შესწირვიდეს მსხუერპლსა მას კაცისასა, ტყავი იგი ყოვლად დასაწველისაჲ მის, რომელი მან შეწიროს, მისაცა იყოს.
9 ყოველი საძღვნო შესაწირავი, რომელიც ცხვება თონეში და ყველაფერი, რაც მაყალზე ან ტაფაზე მზადდება, ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სწირავს მას. 9 და ყოველივე შესაწირავი, რომელი იქმნეს თორნესა და ყოველივე, რომელი იქმნეს ლანძუსა, გინა ტაპაკსა, მღდელისა მის შემწირველისა იყოს იგი.
10 ყოველი საძღვნო შესაწირავი, ზეთში აზელილი თუ მშრალი ყველას ეკუთვნის აარონიანთაგან, როგორც ერთს, ისე მეორეს. 10 და ყოველივე შესაწირავი ქმნილი ზეთითა, გინა უქმნელი ზეთითა, ყოველთავე კაცად-კაცადისა სწორად.
11 ეს არის წესი სამადლობელი მსხვერპლისა, რომელსაც სწირავს კაცი უფალს. 11 ესე არს შჯული შესაწირავისა ცხორებისაჲ, რომელი შეწიროს ღმრთისა.
12 თუ მადლობისთვის სწირავს, უნდა შესწიროს ზეთში აზელილი უსაფუარო ნამცხვრები, ზეთწაცხებული უფუარი კვერები, გამტკიცული ფქვილი და ზეთში აზელილი. ნამცხვრები. 12 უკუეთუ ქებისათჳს შესწირვიდე მას და შეწიროს მსხუერპლსა მას ზედა ქებისასა პურნი სამინდოჲსაგან შესუარული ზეთითა და ლელანგოჲ უცომოჲ, ცხებული ზეთითა, და სამიდოჲ აღდგინებული ზეთითა,
13 საფუარიან ნამცხვრებთან ერთად შესწიროს თავისი შესაწირავი თავის სამადლობელ მსხვერპლთან ერთად. 13 პურთა თანა ცომოვანთა შეწიროს შესაწირავი იგი მისი მსხუერპლსა მას ზედა ქებისასა. და მოართუას მისგანი თითოჲ ყოვლისა ამისგან შესაწირავისა მისისა ნაყოფად პირველად უფალსა ღმერთსა.
14 ერთი ნაწილი თითოეული შესაწირავიდან უფლისადმი აღსამართავი იყოს. იგი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც ასხურებს სამადლობელის სისხლს. 14 მღდელმან მან, რომელმან აპკუროს სისხლი იგი ცხორებისაჲ, მისა იყოს იგი და მსხუერპლი იგი და ჴორცი ქებისა ცხორებისა მისავე იყოს
15 სამადლობელის ხორცი შეწირვის დღეს უნდა შეიჭმოს; დილისთვის არ უნდა დარჩეს. 15 და რომელსა დღესა შეწიროს იგი, შეჭამოს, არა დაუტეონ იგი განთიადმდე.
16 თუ მისი შესაწირავი აღთქმული ან ნებაყოფლობითი მსხვერპლია, შეწირვის დღეს შეიჭმება იგი; რაც მორჩება, მეორე დღესაც შეიძლება შეიჭამოს. 16 და უკუეთუ აღთქმით, გინათუ ნეფსით შეწიროს მსხუერპლი მისი, რომელსაცა დღესა შეწიროს მსხუერპლი იგი მისი, შეჭამონ ხვალისაგანცა.
17 მსხვერპლის ხორციდან რაც მესამე დღეს მორჩება, ცეცხლში უნდა დაიწვას. 17 შესაწირავისაჲ, რომელი დაშთეს მესამედ დღედმდე, ცეცხლითა დაიწუეს.
18 თუ სამადლობელი მსხვერპლის ხორციდან მესამე დღეს შეჭამს, არ იქნება სათნო: არაფრად ჩაეთვლება მის შემწირველს, სიბილწე იქნება ეს და ცოდვა დაეკისრება მის მჭამელს. 18 უკუეთუ ჭამით ჭამოს დღესა მას მესამესა ჴორცისა მისგანი, არა შეიწირა იგი, რამეთუ შეგინება არს, ხოლო კაცმან, რომელმან ჭამოს მისგანი, ცოდვაჲ მოიღოს თავისა თჳსისა.
19 ხორცი, რომელიც რამე უწმიდურს მიეკარა, არ იჭმევა, ცეცხლში უნდა დაიწვას. ვინც განწმენდილია, იმას შეუძლია შეჭამოს. 19 და ჴორცსა, რომელმან შეახოს ყოვლისა არაწმიდებისასა, არა იჭამოს, ცეცხლითა დაიწონ! ყოველი არაწმიდაჲ ჭამდეს ჴორცსა.
20 თუ ვინმე უწმიდურობაში შეჭამს უფლის სამადლობელ მსხვერპლის ხორცს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან. 20 ხოლო კაცმან, რომელმან ჭამოს ჴორცისაგან შესაწირავისა ცხორებისაჲ, რომელ არს ღმრთისა, არაწმიდებაჲ მისი მის ზედაცა იყოს, წარწყმდეს სული იგი ერისაგან თჳსისა.
21 თუ ვინმე უწმიდურს რასმე შეეხება, იქნება ეს ადამიანის უწმიდურება, უწმიდური პირუტყვი, გინა რაიმე უწმიდური ქვემძრომი, და შეჭამს უფლის სამადლობელი მსხვერპლის ხორცს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან. 21 და კაცი, რომელი შეეხოს საქმესა არაწმიდასა, არაწმიდებითგან კაცისაჲთ, გინა თუ ოთხფერჴთა არაწმიდათა, გინა საძაგელსა, ყოველსა არაწმიდასა და ჭამოს შესაწირავისაგან მის ჴორცისა ცხოვრებისა, რომელ არს უფლისა, წარწყმდეს კაცი იგი ერისაგან თჳსისა.
22 ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 22 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
23 უთხარი ისრაელიანებს: არ ჭამოთ არც ხარის, არც ცხვრის, და არც თხის ქონი. 23 ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: ყოველივე ცმელი ზროხათაჲ და ცხოვართაჲ და თხათაჲ არა ჰჭამოთ!
24 ლეშის ქონი და ნამხეცავის ქონი შეიძლება გამოიყენოთ ყველა საქმეში, ჭამით კი არ ჭამოთ. 24 და ცმელი მკუდრისაჲ და ნამჴეცავისაჲ არა ემსახუროს ყოველსა საქმესა, ჭამით არა იჭამოს.
25 რადგან ვინც შეჭამს პირუტყვის ქონს, რომელიც შეწირულია საცეცხლოდ უფლისადმი, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან. 25 ყოველმან რომელმან ჭამოს ცმელისა ცხოვართაგან, რომელთა შესწირვიდეთ მსხუერპლად ღმრთისა, წარწყმდეს კაცი იგი, რომელმან ჭამოს ერისაგან თჳსისა.
26 არსად არ ჭამოთ თქვენს საცხოვრებლებში არავითარი სისხლი, არც ფრინველისა და არც პირუტყვისა. 26 ყოველი ესე სისხლი არა ჰჭამოთ ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა მფრინველისაჲთგან ვიდრე საცხოვართამდე.
27 ყველა, ვინც კი შეჭამს რაიმე სისხლს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან. 27 ყოველმან კაცმან, რომელმან ჭამოს სისხლი, წარწყმდეს სული იგი ერისაგან თჳსისა.
28 ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 28 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
29 უთხარი ისრაელიანებს: უფლისადმი სამადლობელი მსხვერპლის შემწირველმა მიუტანოს თავისი შესაწირავი უფალს სამადლობელი მსხვერპლიდან. 29 ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: რომელი შესწირვიდეს მსხუერპლსა ცხორებისასა ღმრთისა, მოართუის შესაწირავი იგი მისი ღმერთსა მსხუერპლისაგან ცხორებისა.
30 საკუთარი ხელით მიუტანოს უფალს საცეცხლო მსხვერპლი: ქონი მკერდთან ერთად მიუტანოს, რომ შეარხიოს მკერდი შესარხეველ მსხვერპლად უფლის წინაშე. 30 ჴელითა თჳსითა მოართუას ნაყოფი იგი მისი ღმერთსა: ესე არს, ცმელი მკრდისაჲ და ღჳძლის ყური. მოართვას იგი, რათა დადვას დასადებელად წინაშე ღმრთისა.
31 დაწვას მღვდელმა ქონი სამსხვერპლოზე, მკერდი კი აარონისა და მისი შვილებისაა. 31 და შეწიროს მღდელმან ცმელი იგი საკურთხეველსა ზედა და მკერდი იგი იყოს აჰრონისა და ძეთა მისთა.
32 მარჯვენა ბეჭი თქვენი სამადლობელი შესაწირავიდან მიეცი მღვდელს აღსამართავად. 32 და მჴარი იგი მარჯუენე მისცეთ შესაწირავისათჳს მღდელსა მას შესაწირავთაგან ცხორებისა თქუენისათა.
33 ვინც სამადლობელი მსხვერპლის სისხლს და ქონს სწირავს აარონიანთაგან, მას ეკუთვნის წილად მარჯვენა ბეჭი. 33 რომელი შესწირვიდეს სისხლსა მას ცხორებისასა და ცმელსა, ძეთაგანი აჰრონისთაჲ, მისა იყოს მჴარი იგი მარჯუენე ნაწილად.
34 რადგან შესარხეველი მკერდი და აღსამართავი ბეჭი გამოვართვი ისრაელიანებს მათი სამადლობელი მსხვერპლიდან და დავუწესე აარონს და მის შვილებს სამარადისო არჩივად ისრაელიანთაგან. 34 რამეთუ მკერდი იგი დაგებისაჲ და მჴარი იგი შესაწირავისაჲ მოვიღე ძეთაგან ისრაჱლისათა მსხუერპლთაგან ცხორებისა თქუენისათა და მივეც იგი აჰრონს და ძეთა მისთა შჯულად საუკუნედ ძეთაგან ისრაჱლისათა.
35 ეს არის წილი აარონისა და წილი მისი შვილებისა უფლისადმი შეწირული საცეცხლოდან მას შემდეგ, რაც წარდგენილ იქნენ ისინი სამღვდელოდ უფლის წინაშე; 35 ესე არს ცხებაჲ აჰრონისი და ცხებაჲ ძეთა მისთაჲ შესაწირავთაგან ღმრთისათა დღესა მას, რომელსა მოიყვანნა იგინი მღდელობად ღმრთისა, ვითარცა-იგი ამცნო ღმერთმან მიცემად მათა
36 რომელიც დააწესა უფალმა მათთვის მისაცემად ისრაელიანთაგან მათი ცხების დღეს. ეს არის სამარადისო წესი მათ თაობებში. 36 დღესა მას, რომელსა ეცხო მათ ძეთაგან ისრაჱლისათა, შჯულად საუკუნედ ნათესავსა შორის მათსა.
37 ეს არის რჯული აღსავლენისთვის, საძღვნოსთვის, ცოდვისთვის, დანაშაულისთვის, ხელავსებისთვის და სამადლობელი მსხვერპლისთვის, 37 ესე არს შჯული ყოვლად დასაწუელთაჲ მათ და შესაწირავთაჲ და რომელ ცოდვათათჳს არნ და ბრალისათჳს და სრულებისათჳს და მსხუერპლთათჳს ცხორებისა.
38 რომელიც დაუწესა უფალმა მოსეს სინაის მთაზე, როდესაც უბრძანა ისრაელიანებს სინაის უდაბნოში მსხვერპლი შეეწირათ უფლისათვის. 38 ვითარცა ამცნო ღმერთმან მოსეს მთასა სინასა დღესა მას, რომელსა უბრძანა ძეთა ისრაჱლისათა შეწირვად მათა მსხუერპლები მათი წინაშე ღმრთისა უდაბნოსა მას სინაჲსასა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე