ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მალაქია წინასწარმეტყველი

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ახლა თქვენთვის არის ეს მცნება, მღვდლებო:

1

და აწ მცნებაჲ ესე თქუენდა მიმართ არს მღდელთა:

2 თუ არ გაიგონებთ და გულში არ ჩაიდებთ მას, რომ პატივი მიაგოთ ჩემს სახელს, ამბობს ცაბაოთ უფალი, მოვავლენ თქვენზე წყევლას და დავწყევლი თქვენს კურთხევებს. დავწყევლე კიდეც, რადგან არ ჩაგიდევთ გულში. 2 უკეთუ არა ისმინოთ და უკეთუ არა დაიდვათ გულსა შინა თქუენსა მიცემად დიდება სახელსა ჩემსა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და გამოვავლინო თქუენ ზედა წყევაჲ და დავწყეო კურთხევა თქუენი და დავწყეო იგი და განვიქარვო კურთხევა თქუენი და არა იყოს თქუენ შორის, რამეთუ თქუენ არ დაიდევით გულსა შინა თქუენსა.
3 აჰა, დაგიკავებთ თესლს და პირისახეზე დაგაყრით საკლავის განავალს, თქვენი დღესასწაულების განავალს, და თან წაიღებთ მას. 3 აჰა, ესერა, მე მიგიღებ თქუენგან მჴარსა და განვჰყოფ ქუსეტსა პირთა თანა თქუენსა, ქუსეტსა დღესასწაულისა თქუენთასა და მიგიხუნე თქუენ მისდამი.
4 მიხვდებით, რომ მე გამოგიგზავნეთ ეს მცნება ლევიანებთან ჩემი აღთქმის შესანარჩუნებლად, ამბობს ცაბაოთ უფალი. 4 და შეემეცნნეთ, ვითარცა მე მოვავლინე თქუენდა მცნება ესე ყოფად აღთქმა ჩემი ლევიტელთა მიმართ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,
5 ჩემი აღთქმა მასთან სასიცოცხლოდ და სამშვიდობოდ იყო და მე მივეცი ეს მათ ჩემი შიშისათვის; რიდი ჰქონდათ ჩემი და ეკრძალვოდნენ ჩემს სახელს. 5 აღთქმაჲ ჩემი იყოს მის თანა სიცოცხლისა და მშჳდობისაჲ და მივეც მას შიშისა მიერ შეშინებად ჩემგან და პირისაგან სახელისა ჩემისა შეკდემულ-ყოფად მისდა.
6 ჭეშმარიტი რჯული იყო მის პირში და უკეთურება არ იპოვებოდა მის ბაგეებში; მშვიდობით და სიმართლით დადიოდა ჩემს წინაშე და მრავალი მოაქცია ბოროტებისგან. 6 შჯული ჭეშმარიტებისაჲ იყო პირსა შინა მისსა და უსამართლოებაჲ არა იპოვა ბაგეთა შორის მისთა. მშჳდობაჲ წარმმართებელი ვიდოდა ჩემ თანა და მრავალნი მოვაქციენ უსამართლოებისაგან,
7 რადგან მღვდლის ბაგეები უნდა იმარხავდეს ცოდნას და მისი პირიდან უნდა მოელოდნენ რჯულს, რადგან ცაბაოთ უფლის მოციქულია იგი. 7 რამეთუ ბაგენი მღდელისანი დაიცვენ მეცნიერებასა და შჯული გამოიძიონ პირისაგან მისისა, რამეთუ ანგელოზი უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, არს.
8 თქვენ კი გადაუხვიეთ გზიდან, ბევრი ააცდინეთ რჯულს და დაარღვიეთ ლევიანთა აღთქმა, ამბობს ცაბაოთ უფალი. 8 ხოლო თქუენ მისდერკით გზისგან და უძლურ-ჰყვენით მრავალი შჯულსა შინა და განხრწენით აღთქმაჲ ლევისი, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,
9 მეც საძულველად გაგხდით და დაგამცირებთ ყოველი ხალხის თვალში, რადგან არ დაიცავით ჩემი გზები და მიკერძოებას იჩენდით რჯულში. 9 და მე მიგცენ თქუენ შეურაცხ-ქმნილად და უგულებელს-ყოფილად ყოველთა შორის წარმართთა. მით, რამეთუ თქუენ არ დაიცვენით გზანი ჩემნი, არამედ მიიღებდით პირთა შჯულსა შინა.
10 განა ერთი მამა არა გვყავს ყველას? განა ერთმა ღმერთმა არ გაგვაჩინა? მაშ, რატომ ვმუხანათობთ ერთმანეთს? რომ შევლახოთ ჩვენი მამა-პაპის აღთქმა? 10 არა ღმერთმან ერთმან აღგაგნაა თქუენ, არა მამაჲ ერთი არსა თქუენ ყოველთა? რად, რამეთუ დაუტევეთ თითოეულმან ძმაჲ თჳსი, შეგინებად აღთქმასაცა მამათა თქუენთასა?
11

მუხანათობს იუდა და სისაძაგლე ხდება ისრაელში და იერუსალიმში, რადგან შელახა იუდამ უფლის სიწმიდე, რომელიც უყვარდა, და უცხო ღმერთის ასულს ექმრო.

11

დატევებულ იქმნა იუდაჲ და საძაგელი იქმნა ისრაჱლსა შორის და იერუსალჱმსა შორის მით, რამეთუ შეაგინნა იუდამან წმიდანი უფლისანი, რომელნი შეიყუარნა მათ შორის და მომარჯუე იქმნა ღმერთთა მიმართ უცხოთა.

12 მოიკვეთს უფალი იაკობის კარვებიდან ამის ჩამდენს - მღვიძარს და ხმისგამცემს და ძღვენის მიმტანს ცაბაოთ უფლისადმი. 12 მოსპობს უფალი კაცსა მოქმედსა ამათსა. ვიდრემდის დამდაბლდესცა კარვებთაგან იაკობისათა და შემწირველთაგან მსხუერპლსა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა,
13 აჰა, კიდევ რას აკეთებთ: ცრემლით აფარვინებთ სამსხვერპლოს, ტირილითა და კვნესით, ისე რომ ვეღარ ხედავს ძღვენს და კეთილგანწყობით ვეღარ იღებს თქვენი ხელიდან. 13 და ამათ, რომელნი მძულდეს, ჰყოფდით. დაჰფარეთ ცრემლითა მსხუერპლისსაცავი ჩემი და ტირილითა და სულთქმითა შრომათაგან, რამეთუ ღირს არს მიხედვა მსხუერპლისა მიმართ ანუ მიღებად მისათუალველი ჴელთაგან თქუენთა.
14 თქვენ ამბობთ: რისთვისო? იმისთვის, რომ მოწმე იყო უფალი შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე; ის კი შენი მეგობარი და შენი აღთქმის ცოლი იყო. 14 და სთქუ: რაჲთა უფლისათჳს გელმა შორის შენსა და შორის ცოლისა სიჭაბუკისა შენისაჲსა, რაჲთ დაუტევე და ესე ზიარი შენი და ცოლი აღთქმისა შენისაჲ?
15 არავინ ჩაიდენს ამას, ვისაც კი სულის ნატამალი შერჩენია. რას ითხოვს კაცი? შთამომავლობას ღვთისაგან. თქვენც გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ უღალატებთ სიყრმის ცოლს. 15 და არა სხუამან ქმნა და ქუემინაღებ სულისა მისისა? და სთქუთ რასა სხუასა, გარნა თესლსა ეძიებს უფალი. და დაიცევით სულთა შორის თქუენთა და ცოლსა სიჭაბუკისა შენისასა ნუ დაუტევებ,
16 რადგან მძულს გაყრა, ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, და თავისი სამოსელის ძალადობით დამფარველი, ამბობს ცაბაოთ უფალი, გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ იქნებით ღალატიანი. 16 არამედ უკუეთუ მომძულებელი განავლენ, - იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისაჲ, - და დაფაროს უთნოობაჲ გულისზრახვათა შენთა ზედა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და დაიცევით სულისა შორის თქუენისა და არდატევებულ იქმნეთ
17 დაღალეთ უფალი თქვენი სიტყვებით და ამბობთ: რითი დავღალეთო? იმით, რომ ამბობთ: ყოველი ბოროტმოქმედი კეთილად უჩნსო უფალს და ისინი უყვარსო მას, ან სად არისო სამართღის ღმერთი? 17 განმაძჳნებელნი უფლისანი, სიტყუათა მიერ თქუენთა და სთქუთ: რასათჳს განვაძჳნეთ? თქუმასა შორის თქუენსა: ყოველი მოქმედი ბოროტთაჲ კეთილ წინაშე უფლისა და მათ შორის სათნო იყო მან, და სადა არს ღმერთი სიმართლისაჲ?

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე