ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მალაქია წინასწარმეტყველი

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს და გაამზადებს გზას ჩემს წინაშე; უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ, და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის, ამბობს ცაბაოთ უფალი.

1

აჰა, გამოვავლინო ანგელოზი ჩემი და მოიხილოს გზაჲ პირისა ჩემისაჲ. და მეყსა შინა მოვიდეს ტაძრად თჳსსა უფალი, რომელსა თქუენ ეძიებთ და ანგელოზი აღთქმისაჲ, რომელი თქუენ გნებავსყე. აჰა, მოვალს, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,

2 ვინ აიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოცხადებას? რადგან ის გამომდნობელის ცეცხლივით არის და მრეცხავთა მტუტესავით. 2 და ვინ დაითმინოს დღე შემოსლვისა მისისა, ანუ ვინ დაუდგეს გამოცხადებასა შორის მისსა? მით, რამეთუ შემოვიდეს იგი, ვითარცა ცეცხლი სადნობელისაჲ და ვითარცა მდელოჲ მრცხელთაჲ?
3 დაჯდება ვერცხლის გამომდნობელი და განმწმედელი; განწმედს ლევიანებს და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რომ სიმართლით მიუძღვნიან უფალს შესაწირავი. 3 და დაჯდეს დნობად და განწმედად ვითარცა ოქროსა და ვეცხლსა და გამოწმიდნეს ძენი ლევისნი და შთაასხნეს იგინი ვითარცა ოქროჲ და ვითარცა ვეცხლი და ყვნენ უფლისა შემწირველ მსხვერპლსა სიმართლისა მიერ.
4 მაშინ საამო იქნება უფლისათვის იუდას და იერუსალიმის შესაწირავი, როგორც ძველ დროში და გარსულ წელიწადებში. 4 და სთნდეს უფალსა მსხუერპლი იუდაჲსი და იერუსალჱმისაჲ, ვითარცა დღენი საუკუნოჲსანი და ვითარცა წელიწადნი წინაპარნი.
5 მოვალ თქვენთან განსაკითხავად და ვიქნები ფიცხელი მოწმე ჯადოქართა და მემრუშეთა წინააღმდეგ ცრუმოფიცართაა მოჯამაგირეთა და ქვრივ-ობლების მჩაგვრელთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებელთა და ჩემს უშიშთა წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი. 5 და მოვიყუანნე თქუენდამი მსჯავრისა მიერ და ვიყო მე მოწამე მსწრაფლ მწამლველთა ზედა, და მემრუშეთა ზედა, წამლვათა ზედა, და მრუშებათა ზედა, და მფუცავთა ზედა სახელისა ჩემისათა, ცრუსა ზედა, და დამაკლებელთა ზედა სასყიდელსა მოსასყიდლისასა, და მძლავრთა ზედა ქურივთასა, და დამქენჯნელთა ობოლთასა და განმდრეკელთა მსჯავრსა მწირისასა, და არმოშიშთა ჩემთა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,
6 რადგან მე, უფალი, არ ვიცვლები, თქვენც არ დაილევით იაკობის ძენო. 6 მით, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, და არა ვიცვალები, და თქუენ ძენი იაკობისნი.
7 თქვენი მამა-პაპის დღეებიდან მოყოლებული გადადიოდით ჩემს წესებს და არ იცავდით მათ. ახლა მოიქეცი ჩემკენ და მეც მოვიქცევი თქვენკენ, ამბობს ცაბაოთ უფალი. თქვენ კი ამბობთ: რისთვის მოვიქცეთო? 7 არ განეყენებით ცოდვათაგან მამათა თქუენთაჲსა, მისდრიკენით საშჯულონი ჩემნი და არ დაიმარხენით. მოიქეცით ჩემდა და მოვიქცე თქუენდა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი და სთქუთ: რაჲთა მოვიქცეთ?
8 განა ადამიანი მოატყუებს ღმერთს, რომ მატყუებთ მე და ამბობთ: რაში გატყუებთო? მეათედში და შესაწირავში. 8 უკეთუ ეცრუოს კაცი ღმერთსა? მით, რამეთუ თქუენ მეცრუენით მე, და სთქუთ: რაჲთა გეცრუეთ შენ? რამეთუ ათეულის ზედანი და დასაბამნი თქუენ თანა არიან.
9 წყევლითა ხართ დაწყევლილნი და მაინც მატყუებთ მთელი ხალხი. 9 და უგულებელსმყოფელნი უგულებელს-ჰყოფთ თქუენ და თქუენ ჰმწიხნელობთ ჩემდამო.
10 მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით, ამბობს ცაბაოთ უფალი, თუ არ გაგიხსნათ ცის საქანელნი და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აუწყველად. 10 წელწადი დასრულდა და შეიხუენით ყოველნი ნაყოფნი საუნჯეთა მიმართ, და არს ნატაცები სახლთა შინა თქუენთა. მოიქეცით უკუე ამისგან, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, უკუეთუ არა განგიხუნე თქუენ საქანელნი ცისანი მოგფინო თქუენ კურთხევაჲ ჩემი, ვიდრე კმაჲ ყოფამდე?
11 შენთვის დავაკავებ მჭამელს, რომ არ წაგიხდინოთ მიწის ნაყოფი და არ გაგიპარტახდეთ მინდორში ვაზი, ამბობს ცაბაოთ უფალი. 11

და დაგაწესნე თქუენ ჭამად მიმართ და არა განგიხრწნა თქუენ ნაყოფი ქუეყანისაჲ და არა მოუძლურდეს ვენაჴი თქუენი, ანუ ველსა შორის, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.

12 ნეტარად ჩაგთვლით ყოველი ხალხი, რადგან სანუკვარ ქვეყანაში იცხოვრებთ, ამბობს ცაბაოთ უფალი. 12 და გნატრიდენ თქუენ ყოველნი წარმართნი მით, რამეთუ იყვნეთ თქუენ ქუეყანაჲ ნებებითი, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,
13

მძლავრობენ ჩემზე თქვენი სიტყვები, ამბობს უფალი; თქვენ კი ამბობთ: რა გვითქვამს შენზეო?

13 და სთქუთ: რაჲ ძჳრვსიტყუეთ ძჳნად შენდა, - იტყჳს უფალი,
14 თქვენ ამბობთ: ფუჭია ღვთის მორჩილება, რას გვარგებსო მისი სამსახური და მწუხარედ სიარული ცაბაოთ უფლის წინაშე? 14 სთქუთ: რაჲ ამაო არს მმონებელი ღმრთისაჲ და რაჲ უმეტესი, რამეთუ დავიცვენით დასაცველნი მისნი და რამეთუ ვიდოდეთ მრწემნი წინაშე პირსა უფლისასა, ყოვლისა მპყრობელისასა.
15 ბედნიერები არიან ამპარტავნებიო, აშენდნენ კიდეც ბოროტმოქმედნი, ღმერთიც კი გამოსცადეს და გადარჩნენო! 15 და აწ ჩუენ ვჰნატრით უცხოთა. და აღეშენებიან მოქმედნი უსჯულოთანი და წინა აღუდგეს ღმერთსა და ცხონდეს.
16 როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობენ ერთმანეთში, ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლის მოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის. 16 ამათ ძჳრ-სიტყჳდეს მიშიშნი უფლისანი თითოეული მოყუსისა მიმართ თჳსსა. და მიიხილა უფალმან და შეისმინა. და დაწერა წიგნი მოსაჴსენებელისაჲ წინაშე მისსა, მოშიშთა უფლისაჲთა და მკრძალავთა სახელისა მისისათა.
17 ჩემი იქნებიან ისინი, ამბობს უფალი, იმ დღისთვის, როცა უნჯად გავამზადებ მათ და შევიბრალებ, როგორც კაცი შეიბრალებს თავის შვილს, რომელიც მას მორჩილებს. 17 და იყვნენ ჩემდა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - დღედ მიმართ, რომელსა ყოფილ იყოს მოურნედ და უყუაოდეს მას ვითარსახედ უყუავინ კაცი ძესა თჳსსა მსახურეულად მისსა.
18 კვლავ განარჩევთ მართალსა და ბოროტეულს, ღვთის მორჩილსა და მის ურჩს. 18 და მოიქეცით და იხილეთ საშუალ მართლისა და საშუალ უსჯულოჲსა, და საშუალ მსახურისა ღმრთისაჲსა და არმსახურისა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე