ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მიქა წინასწარმეტყველი

თავი მეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ისმინეთ, რას ამბობს უფალი: აღდეგ, დავა გაუმართე მთებს და ასმინე შენი ხმა გორაკებს!

1

ისმინენით აწ, რომელნი უფალმან თქუნა აღდეგით და განისაჯენით მთათა მიმართ და ისმინეთ ბორცუთა ჴმისა შენისაჲ

2 ისმინეთ, მთებო, უფლის დავა, და თქვენც, დედამიწის მყარო საფუძვლებო, რადგან დავა აქვს უფალს თავის ერთან და უჩივის ისრაელს. 2 ისმინეთ ბორცუთა მსჯავრი უფლისაჲ და ღელეთა საფუძველთა ქუეყანისათა, რამეთუ საშჯელ არს უფლისაჲ ერისა მიმართ მისისა და ისრაჱლისა თანა პაექრობა ყოს.
3 ჩემო ერო, რა გაგიკეთე და რითი დაგაღონე? გამეცი პასუხი. 3 ერო ჩემო, რაჲ გიყავ შენ, ანუ რაჲთა შეგაწუხე შენ, ანუ რაჲთა აღგაშფოთე შენ? მომიგე მე
4 ხომ გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან და მონობის სახლიდან გამოგისყიდე; წინ წაგიძღოლე მოსე, აარონი და მირიამი. 4 მით, რამეთუ აღმოგიყვანე შენ ქუეყანისაგან ეგჳპტისა და სახლისაგან მონებისა განგათავისუფლე შენ, და განვავლინენ წინაშე პირსა შენსა მოსე და აჰრონ და მარიამი.
5 ჩემო ერო, გაიხსენე, რას განიზრახავდა ბალაკი, მოაბის მეფე, და რა პასუხს სცემდა მას ბალაამ ბეყორის ძე შიტიმიდან გილგალამდე, რათა გცოდნოდა უფლის წყალობანი. 5 ერო ჩემო, მოიჴსენე, რაჲ იზრახა ძჳნად შენდა ბალაკ, მეფემან მოაბისმან და რაჲ-იგი მიუგო მას ბალაამ, ძემან ბეორისამან, საზომელთაჲთგან ვიდრე ბალგალამდე, რათა საცნაურ იქმნეს სიმართლე უფლისაჲ
6 რით წარვდგე უფალთან და თაყვანივსცე მაღალ ღმერთსო? აღსავლენებით - წელგამოვლილი ხბოებით ხომ არ წავრდგეო? 6 რაჲსა მიერ ვეწიო უფალსა, და შევეწიო ღმერთსა ჩემსა მაღალსა? უკუეთუ მე ვეწიო მას ყოვლად დასაწუელთა მიერ ზუარაკთა მიერ წელიწდეულთა?
7 ეამება კი უფალს ათასი ვერძი, ზეთის ათიათასი მდინარეო? ხომ არ მივცე ჩემი პირმშო ჩემი დანაშაულის წილ, ნაყოფი ჩემი წიაღისა ჩემი საკუთარი ცოდვის წილო? 7 უკეთუ შეიწყნარებს უფალი ათასეულთა შორის ვერძთა, ანუ ბევრეულთა შორის ვაცთა მსუქანთა, უკეთუ მივსცნე პირმშონი ჩემნი უთნოობისათჳს, ნაყოფი მუცლისა ჩემისაჲ ცოდვისათჳს სულისა ჩემისა?
8 ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე. 8 მიგეთხრა შენ, ჵ კაცო, რაჲ კეთილ, ანუ რასა ეძიებს შენგან უფალი, არამედ ქმნასა მსჯავრისასა და შეყუარებასა წყალობისასა და მზად-ყოფასა სლვად უფლისა თანა ღმრთისა შენისა.
9 უფლის ხმა მოუწოდებს ქალაქს და ვინც ნაცადია, შეეშინდება შენი სახელის; გაუგონეთ კვერთხს და მის დამდგენელს. 9 ჴმაჲ უფლისაჲ ქალაქსა ზედა იწოდოს, და აცხოვნნეს მოშიშნი სახელის მისისანი, ისმინენ ტომმან და ვინ შეამკოს ქალაქი.
10 თუ არის კიდევ ბოროტეულის სახლში ბოროტეული განძი და დამცრობილი საწყაო, დაწყევლილი? 10 არა ცეცხლმანა? და სახლი უსჯულოთასა, რომელი იუნჯებს, საუნჯეთა უსჯულოთა და გინებისა თანა უსამართლოჲსა.
11 როგორ გავამართლო ბოროტეული სასწორი და ქისა მატყუარა საწონით? 11 და უკეთუ გამართლდეს უფლისა შორის უსჯულოჲ და ვაშკარანსა შორის საწონისა ზაკულისა
12 რადგან ქალაქის მდიდრები აივსნენ დატაცებულით; მისი მცხოვრებნი ტყუილებს ლაპარაკობენ და ცრუა მათი ენა მათ პირში. 12 რომელთაგან სიმდიდრე მათი უთნოობითა აღავსეს, და დამკჳრებულნი მისნი იტყოდეს ცრუსა, და ენაჲ მათი ამაღლდა პირისაგან მათისა
13 და მეც სასტიკად დაგცხებ, გაგატიალებ შენი ცოდვების გამო. 13 და მე ვიწყებ დაცემად შენდა და უჩინო გყოფ შენ ცოდვათა შენთათჳს.
14 შეჭამ და ვერ გაძღები; შიმშილი გექნება მუცელში; გადამალავ, მაგრამ ვერ შეინარჩუნებ; რასაც შეინარჩუნებ, მახვილს მივცემ. 14 შენ სჭამო და არა განსძღე. და დაბნელდეს შენ შორის, და შეპყრობილ-იქმნე და შენ ვერ განერე და რაოდენიცა განერნენ, მახჳლსა მიეცნენ.
15 დათესავ და ვერ მოიმკი; ზეთს გამოხდი და ვერ გაიპოხები; ღვინოს დაწურავ და ვერ შესვამ. 15 შენ სათესო და ვერ მოიმკო შენ სწნეხდე ზეთსა, და შენ ვერ იცხო ზეთი. და ჰქმნა ღჳნოჲ, და ვერ ჰსუა.
16 შენახული გაქვთ ყომრის ზნე და ყოველი საქმე ახაბის სახლისა; მისდეევთ მათ თათბირს, რომ გაგატიალოთ და სასაცილოდ გავხადო თქვნი მცხოვრებნი. თქვენ კი ჩემი ერის სირცხვილი დაგეკისროთ. 16 და უჩინო იქმნეს შჯული ერისა ჩემისაჲ და ყოველნი საქმენი სახლსა აქაბისნი. და ვიდოდენ ნეგათა შინა მათთა, რათა მგცე შენ უჩინო სიქმნელად და შორი^ს დამკჳდრებულნი მისნი დასასტჳნველად და ყუედრება ერისაჲ მიიღოთ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე