ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მსაჯულნი

თავი მეთოთხეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ჩავიდა სამსონი თიმნათში და იქ ერთი ქალი ნახა, ფილისტიმელი, და მოეწონა.

1

და შთავიდა სამსონ თამნთად და იხილა მუნ დედაკაცი ასულთაგან უცხოთესლთასა. და სათნო-უჩნდა იგი წინაშე მისსა.

2 აბრუნდა და გამოუცხადა თავის მამას და დედას: ერთი ქალი ვნახე თიმნათში, ფილისტიმელი, მომიყვანეთ იგი ცოლად. 2 და მოვიდა და უთხრა მამასა და დედასა თჳსსა და ჰრქუა მათ: ვიხილე დედაკაცი თამნათას ასულთაგან უცხოთესლთაჲსა, და აწ მომგუარეთ მე იგი ცოლად.
3 უთხრეს მამამ და დედამ: ქალი დაილია შენს საგვარტომოში და მთელს შენს ერში, წინდაუცვეთელ ფილისტიმელთაგან რომ თხოულობ ცოლს? უთხრა სამსონმა მამამისს: ის უნდა მომიყვანო, რადგან ის მომეწონა. 3 და ჰრქუეს მას მამამან და დედამან: არა ნუ არიანა დედანი ძმათა შორის შენთა და ერსა შორის შენსა. და აწ შენ მიხუალ მოყვანებად ცოლად ასულთაგან უცხოთესლთაჲსა წინადაუცუეთელთა? და ჰრქუა მამასა თჳსსა სამსონ: იგი მომგუარეთ, რამეთუ იგი სთნავს თუალთა ჩემთა.
4 რა იცოდნენ მისმა მამამ და დედამ, რომ ეს უფლისგან იყო და რომ იგი შემთხვევას ეძებდა ფილისტიმელთა წინააღმდეგ, რადგან ისრაელზე ბატონობდნენ ფილისტიმელები იმჟამად. 4 ხოლო მამასა და დედასა მისსა ვერ გულისჴმა-ეყო, რამეთუ უფლისა მიერ არს. რამეთუ შურისგებასა ეძიებდა უფალი უცხოთესლთაგან, ხოლო მათ ჟამთა შინა უფლებდეს ისრაჱლთა ზედა.
5 წავიდა სამსონი თიმნათში თავის მამასთან და დედასთან ერთად. როცა თიმნათის ზვრებს მიუახლოვდნენ, აჰა, ლომის ბოკვერი ბუხუნით მოდის მისკენ. 5 და შთავიდა სამსონ და დედაჲ და მამაჲ მისი თამნათად და მიაქციეს ვენაჴოანსა მას თამნათაჲსსა, და აჰა ესერა, ლეკჳ ლომისა იზახებდა და მოეგებვოდა მას.
6 მოიცვა იგი უფლის სულმა და თიკანივით შუაზე გახლიჩა ლომი, ისე რომ ხელში არაფერი სჭერია. მამისთვის და დედისთვის არ უთქვამს, რაც ჩაიდინა. 6 და წარიმართა მის ზედა სულმან უფლისმან და დააკუეთა იგი, ვითარცა თიკანი თხათაჲ და არა რაჲ იყო ჴელთა შინა. ხოლო მან არა უთხრა მამა-დედასა მისსა, რაჲ-იგი ყო.
7 მივიდა, ელაპარაკა ქალს და თვალში მოუვიდა იგი სამსონს. 7 და შთავიდეს და ეტყოდეს დედაკაცსა მას და სათნო-უჩნდა იგი წინაშე თუალთა სამსონისთა.
8 რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ ჩააკითხა, რომ ცოლად მოეყვანა, მოკლული ლომის სანახავადაც შეუხვია და, აჰა, ფუტკრის გუნდი და თაფლია ლომის ჩონჩხში. 8 და მოვიდეს შემდგომად დღეთა მათ მოყვანებად მისსა და მიაქცია სამსონ ხილვად ლომის ლეკჳ, ესერა, ფუტკარი შეკრებილ იყო პირსა მის ლომისასა და გოლი თაფლისა.
9 პეშვით გამოიღო, მიდიოდა და გზადაგზა ჭამდა. როცა მამას და დედას წამოეწია, მისცა და მათაც ჭამეს, მაგრამ არ უთქვამს, რომ ეს თაფლი ლომის ჩონჩხიდან იყო გამოღებული. 9 გამოიღო პირისა მის ლომისაგან და ვიდოდა სლვით და ჭამდა და სცა მამა-დედასა თჳსსაცა და ჭამეს და არა უთხრა, ვიდრე მოიღო თაფლი იგი.
10 მივიდა მამამისი ქალთან და სამსონმა იქვე გადაიხადა ლხინი, როგორც სასიძოები იქცევიან ხოლმე. 10 და შთავიდეს იგინი დედაკაცისა მის და ყო მუნ სამსონ სუმაჲ შჳდ დღე, რამეთუ ესრეთ ყჳან ჭაბუკთა.
11

როცა იგი ნახეს, ოცდაათი მაყარი ამოურჩიეს, და ისინიც იყვნენ მასთან.

11

და იყუნეს შეძრწუნებულ მისგან და დაადგინნეს მის თანა გმირნი ოცდაათნი, და იყოფოდენ მის თანა.

12 უთხრა მათ სამსონმა: ერთ გამოცანას გეტყვით, თუ ამ შვიდ დღეში გამოიცნობთ, სანამ ლხინი გრძელდება, ოცდაათ ხელ საცვალს და ოცდაათ ხელ ტანსაცმელს მოგცემთ. 12 და ჰრქუა მათ სამსონ: დაგიდვა თქუენ იგავი და, უკუეთუ მითხრათ მე შჳდთა ამათ დღეთა სუმისათა, მოგცე თქუენ ოცდათი არდაგი და ოცდათი კუართი.
13 თუ ვერ გამოიცნობთ, მაშინ თქვენ მომეცით ოცდაათი ხელი საცვალი და ოცდაათი ხელი ტანსაცმელი. მათ უთხრეს: თქვი შენი გამოცანა და მოგისმენთ. 13 და უკუეთუ ვერ მითხრათ მე, თქუენ მომეცით ოცდაათი არდაგი კუართი. ხოლო მათ ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ იგავი შენი და ვისმინოთ იგი.
14 უთხრა: მჭამელიდან საჭმელი გამოვიდა, ძლიერიდან ტკბილი გამოვიდა. სამი დღის განმავლობაში ვერ გამოიცნეს გამოცანა. 14 და ჰრქუა მათ სამფსონ: მჭამელისაგან გამოჴდა ჭამადი და ძლიერისგან გამოჴდა ტკბილი. და ვერ უძლეს მათ თხრობად იგავი იგი სამთა მათ დღეთა.
15 მეოთხე დღეს უთხრეს სამსონის ცოლს დაიყოლიე შენი ქმარი, რომ გვითხრას გამოცანის ახსნა, თორემ შენც დაგწვავთ და მამაშენის სახლსაც. ნუთუ გასაძარცვავად მოგვიპატიჟეთ? 15 და ჰრქუეს ცოლსა სამსონისსა: გამოჰკითხე შენ ქმარსა შენსა და გითხრას შენ იგავი იგი, რათა არა დაგწუათ შენ და სახლი მამისა შენისა ცეცხლითა.
16 შესტირა ცოლმა სამსონს და უთხრა: გძულებივარ, კი არ გყვარებივარ. გამოცანა მიგიცია ჩემიანებისათვის, ახსნას კი არ მეუბნები. მან უთხრა: ჩემი მამისთვის და დედისთვისაც არ მითქვამს მისი ახსნა, შენ როგორ გეტყვი? 16 და მიერითგან იწყო ტირილად ცოლმან სამსონისმან და ეტყოდა მას: მომიძულე მე. რამეთუ იგავი იგი, რომელ უთხრა ძეთა დედისა ჩემისათა, არა მითხარ მე. და ჰრქუა მას სამსონ: მამასა ჩემსა და დედასა ჩემსა არა უთხარ იგი და შენ გითხრა იგი?
17 შვიდი დღე შესტიროდა ქალი სამსონს, რამდენ ხანსაც ლხინი გრძელდებოდა. ბოლოს, მეშვიდე დღეს, თავი რომ მოაბეზრა, უთხრა ახსნა. 17 და ტიროდა იგი შჳდთა მათ დღეთა, რომელთა შინა იყო სუმაჲ იგი. და იყო, დღესა მას მეშჳდესა უთხრა მას იგავი იგი, რამეთუ შეაურვა მას და მოაწყინა. და მან უთხრა ძეთა დედისა თჳსისათა.
18 მეშვიდე დღეს, მზის ჩასვლამდე, უთხრეს მას თიმნათელებმა: რა არის თაფლზე ტკბილი და ლომზე ძლიერი? უთხრა: ჩემი ფურით რომ არ გეხნათ, ვერ გამოიცნობდით ჩემს გამოცანას. 18 და თქუეს კაცთა მათ მის ქალაქისათა დღესა მას მეშჳდესა ვიდრე დასლვად მზისა: რაჲ უტკბილეს არს თაფლისა, ანუ რაჲ უძლიერეს არს ლომისა? მიუგო სამსონ და ჰრქუა მათ: არა თუმცა დასაჯეთ დიაკეული ჩემი, ვერმცა ჰპოეთ იგავი ჩემი.
19 მოიცვა იგი უფლის სულმა, წავიდა ასკალონში, დახოცა ოცდაათი კაცი, გახადა ტანსაცმელი და ჩამოურიგა თითო-თითო ხელი გამოცანის გამომცნობლებს. მერე გაცეცხლებული მამის სახლში დაბრუნდა. 19 და წარიმართა მის ზედა სულმან უფლისამან, და შთავიდა ასკალონდ და დაესხა მუნ ოცდაათსა კაცსა. და მოიღო და მისცა მათ სამოსელი იგი, რომელთა უთხრეს მას იგავი იგი მისი. და განრისხნა გულისწყრომით სამსონ და წარვიდა სახიდ მამისა თჳსისა.
20 სამსონის ცოლი კი ერთ-ერთ მექორწინეს მისთხოვდა, ქმრის მაყარს. 20 ხოლო ცოლი იგი სამსონისი შეირთო ძმამან მისმან, რომელ-იგი იყო მოყუასი მისი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე