ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მსაჯულნი

თავი მეთხუთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გამოხდა ხანი, და პურისმკის დროს წავიდა სამსონი თავისი ცოლის სანახავად და ერთი თიკანი წაიყვანა. თქვა: შევალ ჩემს ცოლთან სანთიობოშიო, მაგრამ ქალის მამამ არ შეუშვა.

1

და იყო, შემდგომად დღეთა რავდენთამე დღეთა მკისა იფქლისათა მივიდა სამსონ ცოლისა თჳსისა და მიართუა მას თიკანი თხათაჲ და თქუა: შევიდე მე ცოლისა ჩემისა სასუენებელად. 

2 უთხრა ქალის მამამ: მეგონა, გული აიყარე მასზე, და შენს მაყარს მივათხოვე. აი, უმცროსი და მასზე ლამაზია, ეგ წაიყვანე მის ნაცვლად. 2 ხოლო მამამან მის დედაკაცისამან არა უტევა იგი შესლვად და ჰრქუა მას: მე ვჰგონებდ და ვთქუ, ვითარმედ სიძულილით მოიძულე იგი. და მივეც იგი მოყუასსა შენსა! აწ, ესერა, დაჲ მისი უმრწემესი უმჯობეს მისა არს, იგი იყავნ შენდა ცოლად მის წილ!
3 უთხრა მათ სამსონმა: ხომ მართალი ვიქნები ფილისტიმელებთან, ავი საქმე რომ დავმართო? 3 და ჰრქუა მათ სამსონ: უბრალომცა ვარ მე ამიერითგან უცხოთესლთაგან, რამეთუ ყოფით ვყო მათ თანა ბოროტი!
4 წავიდა სამსონი, დაიჭირა სამასი მელა, აიღო ჩირაღდნები, ორ-ორ მელას კუდები ერთმანეთზე გადაუსკვნა და ზედ თითო ჩირაღდანი მიაბა. 4 და წარვიდა სამსონ და შეიპყრა სამასი მელი და მოიღო ლამპრები, და შეუკრა კუდი კუდსა თანა და გამოაბა ლამპარი ერთი შორის ორთა კუდთა და შეკრა მაგრად.
5 აანთო ჩირაღდნები და შეუშვა ფილისტიმელების ყანებში. გადაუწვა ძნებიცა და სამკალიც, ვენახებიცა და ზეთისხილის ბაღებიც. 5 და აღუდვა ცეცხლი ლამპრებსა მას და განუტევნა იგინი შორის მჭელეულებსა მას უცხოთესლთასა. და მოწუა ჴუვილი ზჳნითგან ვიდრე უმკალადმდე და ვენაჴი და ზეთისხილი.
6 თქვეს ფილისტიმელებმა: ვინ ჩაიდინა ეს საქმე? მიუგეს: სამსონმა, თიმნათელის სიძემ, რადგან ამ თიმნათელმა აიღო და მის მაყარს მიათხოვა მისი ცოლი. წავიდნენ ფილისტიმელები და ცეცხლში ამობუგეს მამა-შვილი. 6 და ჰრქუეს უცხოთესლთა მათ: ვინმე ქმნა საქმე ესე? და თქუეს: სამსონ, ძემან მანოელისმან, რამეთუ მოუღო ცოლი მისი, და მისცა მოყუასსა მისსა. და აღმოვიდეს უცხოთესლნი იგი და დაწუეს იგი და სახლი მამისა მისისა ცეცხლითა.
7 უთხრა მათ სამსონმა: რაკი ასე მომექეცით, ვერ მოვისვენებ, სანამ თქვენს ჯავრს არ ამოვიყრი. 7 და ჰრქუა მათ სამსონ: დაღათუ ჰყავთ ესე, არავე სათნო-მიჩნს მე, არამედ შურისგებაჲ ჩემისა კაცად-კაცადისაგან ვიძიო თქუენისა.
8 მაგრად ურტყა მათ წვივებზე და თეძოებზე. მერე წავიდა და ყეტამის კლდეში ეხს შეაფარა თავი. 8 და მოსრნა იგინი წყლვითა ბარკალსხჳლითა გუემითა დიდითა ფრიად და წარვიდა იგი და დაემკჳდრა ჴევსა მას ქუაბსა ეტამისასა.
9 წავიდნენ ფილისტიმელები, იუდაში დაბანაკდნენ და განივრცნენ ლეხამდე. 9 და აღმოვიდეს უცხოთესლნი და დაიბანაკეს იუდასა შორის და მოიწინეს ლექიდმდე.
10 უთხრეს იუდიანებმა: რატომ წამოხვედით ჩვენზე? მიუგეს: სამსონის შესაპყრობად წამოვედით, ის უნდა დავმართოთ, რაც ჩვენ დაგვმართა. 10 და ჰრქუა კაცმან იუდაჲსმან უცხოთესლთა მათ: რაჲსათჳს აღმოსრულ ხართ ჩუენდა? და თქუეს უცხოთესლთა მათ: შეპყრობად და შეკრვად სამსონისა აღმოსრულ ვართ, რათა უყოთ მას, ვითარცა იგი ჩუენ მიყო მან.
11

მივიდა სამასი კაცი იუდადან ყეტამის კლდის ეხთან და უთხრა სამსონს: ვითომ არ იცი, რომ ფილისტიმელები ბატონობენ ჩვენზე? ეს რა ჭირში ჩაგვყარე?

11

და წარვიდეს სამათასნი კაცნი იუდაჲსაგანნი ჴურელსა მას კლდისა ეტამისასა. და ჰრქუეს სამსონს: არა უწყია, რამეთუ უცხოთესლნი უფლებენ ჩუენ ზედა? რაჲსათჳს მიყავ ჩუენ ესე? და ჰრქუა მათ სამსონ: ვითარცა-იგი მათ მიყუეს მე, ეგრეცა მე უყავ მათ.

12 უთხრეს: მოვედით, რომ შეგიპყროთ და ხელთ მიგცეთ ფილისტიმელებს. უთხრა სამსონმა: შემომფიცეთ, რომ არ მომკლავთ. 12 ხოლო მათ ჰრქუეს მას: შეკრვად შენდა მოსრულ ვართ და მიცემად ჴელსა უცხოთესლთასა! ხოლო სამსონ ჰრქუა მათ: მეფუცენით, რათა არა მომკლათ მე თქუენ! და მიმეცით ჴელთა მათთა, ნუუკუე თქუენ მემთხჳნეთ მე.
13 უთხრეს: არა, მხოლოდ შეგიპყრობთ და ხელთ მიგცემთ ფილისტიმელებს. მოკვლით არ მოგკლავთო. ორი ახალი თოკით გაკოჭეს და წაიყვანეს ეხიდან. 13 და ეფუცნეს მას და ჰრქუეს: არა! არამედ შე-ხოლო-გკრათ შენ და მიგცეთ ჴელთა მათთა, ხოლო სიკუდილითა არა მოგკლათ შენ! და შეკრეს იგი ორითა საბლითა ახლითა მანქანისათა და წარიყვანეს იგი კლდისა მისგან ეტამისა.
14 ლეხთან რომ მივიდა, ყიჟინით შემოეხვივნენ ფილისტიმელები. უფლის სული გადმოვიდა მასზე, თოკები, რომლებითაც ხელები ჰქონდა შეკრული, დამწვარი სელივით შეიქმნა და დასცვივდა ბორკილები ხელებიდან. 14 და მოვიდა იგი ვიდრე ადგიდმდე მის ღაწჳსა, ხოლო უცხოთესლთა მათ აღიზახეს და მოიმართეს შეპყრობად მისა, და წარიმართა მის ზედა სულმან უფლისამან. და იქმნნეს საბელნი იგი მანქანისანი მკლავთა შინა მისთა, ვითარცა ნაძეძი, რაჟამს ეცის ცეცხლი, ეგრეთ დადნეს საკრველნი იგი მკლავთაგან მისთა.
15 ვირის ახალი თავყბა იპოვა, ხელით დასწვდა, აიღო და ათასი კაცი დახოცა იმით. 15 და პოვა ღაწჳ ვირისა მდებარე, მიყო ჴელი მისი და მოიღო იგი და მოსრა მით ათასი კაცი.
16 თქვა სამსონმა: ვირის თავყბით ვირთა დასიო, ვირის ყბით ვხოცე ათასიო. 16 და თქუა სამსონ: ღაწვითა ვირისაჲთა აღჴოცით აღვჴოცნე იგინი, რამეთუ ღაწჳთა ვირისაჲთა მოვსარ ათასი კაცი.
17 ეს რომ თქვა, გააგდო ვირის თავყბა ხელიდან და უწოდა იმ ადგილს რამათ-ლეხი. 17 და იყო, რაჟამს აღასრულნა სიტყუანი ესე, დააგდო ღაწჳ იგი ჴელისაგან მისისა და უწოდა აღგილსა მას მუსრვაჲ ღაწჳთა.
18 ძალიან მოსწყურდა და შეევედრა უფალს: ეს დიდი საქმე ხომ ჩაიდინე შენი მორჩილის ხელით, ნუთუ ახლა წყურვილმა უნდა მომკლას და წინდაუცვეთელებს ჩავუვარდე ხელში? 18 და შეეწყურა, მას ფრიად, და ღაღად-ყო უფლისა მიმართ და თქუა: შენ წარუმართე ჴელსა მონისა შენისასა ცხოვრებაჲ ესე დიდი; და აწ, ესერა, მოვკუდები წყურილითა, დავვარდი მე ჴელთა წინადაუცუეთელთასა?
19 გააჩინა ღმერთმა ლეხში ნაპრალი და ამოხეთქა იქიდან წყალმა. დალია სამსონმა, სული მოიბრუნა და გამოცოცხლდა. ამიტომაც ეწოდა იმ ადგილს ვედრების წყარო, რომელიც დღემდეა ლეხში. 19 და განაღო ღმერთმან წყლული იგი ღაწჳსაჲ მის და გამოეცა მისგან წყალი, და სუა და მოიქცია სული თჳსი და განისუენა. ამისთჳს ერქუა სახვლი მისი წყაროჲ წოდებული ღაწჳსაჲ ვიდრე აქა დღედმდე.
20 იგი ოცი წელი იყო ისრაელის მსაჯული ფილისტიმელების დროს. 20 და შჯიდა ისრაჱლსა სამსონ დღეთა მათ უცხოთესლთასა ოც წელ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე