ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მსაჯულნი

თავი მეცხრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იმ ხანებში, როცა ისრაელს მეფე არ ჰყავდა, ერთი ლევიანი მდგმურობდა ეფრემის მთის კალთაზე. ხარჭა მოიყვანა ცოლად იუდას ბეთლემიდან.

1

და ამათ დღეთა შინა არა იყო მეფე ისრაჱლსა შორის. და იყო კაცი ლევიტელი, რომელი მწირობდა ადგილთა მთისა ეფრემისათა და მოიყვანა თავისა თჳსისა ცოლად დედაკაცი ბეთლემელი, რომელ არს იუდაჲსი.

2 გაშორდა მას ხარჭა, მამის სახლში წაუვიდა, იუდას ბეთლემში, და ოთხი თვე იქ იყო. 2 და განურისხნა მას ცოლი იგი მისი და წარვიდა იგი მისგან და მივიდა სახიდ მამისა თჳსისა ბეთლემდ. და იყო იგი მუნ ოთხ თუე.
3 ადგა მისი ქმარი და ჩააკითხა, რომ შემოერიგებინა და შინ დაებრუნებინა. მსახური ბიჭი და ორი ვირი ახლდა თან. ხარჭამ იგი მამის სახლში შეიწვია. დაინახა ის ყმაწვილი ქალის მამამ და გახარებული შეეგება. 3 და აღდგა ქმარი იგი მისი და წარვიდა შედგომად მისა სიტყუად მისა მსგავსად ნებისაებრ გულისა მისისა, რათა დაიგოს იგი მუნ, და მონაჲ იგი მისი თანა და ორი კარაული და მოვიდა იგი სახლსა მამისა მის დედაკაცისასა. და იხილა იგი მამამან მის ქალისამან და გამოვიდა შემთხუევად მისა.
4 არ გაუშვა იგი სიმამრმა, ყმაწვილი ქალის მამამ, და დარჩა იქ კაცი სამი დღე. ჭამდნენ, სვამდნენ და იქვე ათევდნენ ღამეს. 4 და შეიყვანა იგი სიმამრმან მისმან, მამამან მის ქალისამან, და იყოფოდა იგი მის თანა სამ დღე. და ჭამეს და სუეს და დაიძინეს მუნ.
5 მეოთხე დღეს დილაადრიანად ადგნენ. ადგა კაციც შინ წასასვლელად. უთხრა ყმაწვილი ქალის მამამ თავის სიძეს: ჯერ პური გატეხე, დანაყრდი და მერე წადი. 5 და იყო, დღესა მეოთხესა აღიმსთუეს განთიად და აღდგა და განემზადა წარსლვად. და ჰრქუა მამამან მის ქალისამან სიძესა თჳსსა: განიმაგრე გული შენი პურითა და ამისა შემდგომად წარვედით.
6 დასხდნენ ერთად ორივენი, ჭამეს და სვეს. უთხრა კაცს ყმაწვილი ქალის მამამ: დარჩი ამაღამ და მოილხინოს შენმა გულმა. 6 და დასხდეს, ყოველნი ერთბაშად და ჭამეს და სუეს. და ჰრქუა მამამან მის ქალისამან კაცსა მას: აღდეგ და მიმოვლე და განსცხერ და განმხიარულდინ გული შენი!
7 ადგა წასასვლელად, მაგრამ არ მოეშვა სიმამრი და იმ ღამითაც დარჩა კაცი. 7 და აღდგა კაცი იგი და წარემართა, რათამცა წარვიდა გზასა თჳსსა, ხოლო სიმამრმან მისმან აღიძულა და დაიყენა იგი და დაადგრა იგი და იყო მუნ.
8 მეხუთე დღეს დილაადრიან ადგა წასასვლელად. უთხრა ყმაწვილი ქალის მამამ: ჯერ დანაყრდით, შეიცადეთ, ვიდრე დღე გადაიხრებოდეს. ჭამეს ორთავემ და სვეს. 8 და აღიმსთო იუალისგან დღესა მას მეხუთესა, რათამცა წარვიდა. ჰრქუა მას მამამან მის დედაკაცისამან: განიმაგრე გული შენი პურითა და იქცეოდე, ვიდრემდის მოდრკეს მზე დღეს! და მერმეცა ჭამეს და სუეს ყოველთავე.
9 ადგა კაცი, რომ შინ წასულიყო თავის ხარჭასთან და მსახურ ბიჭთან ერთად. უთხრა სიმამრმა, ყმაწვილი ქალის მამამ: აჰა, დღე საღამოსკენ გადაიხარა, ამაღამაც დარჩით, დამდეთ ხათრი. დღე სადაცაა მიილევა. ეს ღამეც აქ გაითიე და მოილხინოს შენმა გულმა. დილით ადრიანად გაუდგებით გზას და მიხვალთ შინ. 9 და აღდგა კაცი იგი და წარვიდეს იგინი და ცოლი იგი მისი და მონაჲ იგი მისი და ჰრქუა მას სიმამრმან მისმან, მამამან მის ქალისამან, აჰა ესერა, მიდრკა მზე და მწუხრ არს. დაადგერ აქა და უმხიარულეს იყოს გული შენი და აღიმსთუეთ ხვალისაგან და წარვედით გზასა თქუენსა და მივედით საყოფელად თჳსა!
10 მაგრამ კაცმა აღარ ისურვა ღამით დარჩენა, ადგა და წავიდა. იარა იებუსამდე, ახლა რომ იერუსალიმია. მიჰყავდა წყვილი კეხდადგმული ვირი და თავისი ხარჭა. 10 და არა ინება კაცმან მან დადგრომად, და აღდგა და წარვიდა და მოვიდა მახლობელად წინაშე იებუსსა, ესე იგი არს იჱრუსალემი, და მის თანა ორნი იგი კარაულნი დასხმულნი, და ცოლი იგი მისი მის თანა.
11

იებუსს რომ მიადგნენ, კარგა შესაღამოებული იყო. უთხრა მსახურმა ბიჭმა თავის ბატონს: შევიდეთ იებუსეველთა ქალაქში და ღამე მანდ გავათიოთ.

11

და იგინი მი-ოდენ-იწინეს იებუსად და დღე მიდრეკილ იყო ფრიად, ჰრქუა მონამან მან უფალსა თჳსსა: მოვედ და მივაქციოთ ქალაქსა ამას იებუსელთასა, და დავადგრეთ მუნ!

12 უთხრა ბატონმა: არა, ნუ შევალთ უცხო ქალაქში, სადაც ისრაელიანები არ სახლობენ. გიბყამდე მივიდეთ. 12 და ჰრქუა მას უფალმან მისმან: არა შევიდეთ ჩუენ ქალაქსა მას უცხოთესლთასა, სადა-იგი არავინ არს ძეთაგან ისრაჱლისათა, არამედ თანაწარვჰჴდეთ და მივიდეთ ვიდრე გაბადმდე.
13 უთხრა თავის მსახურ ბიჭს: რომელიმე სხვა ადგილამდე მივიდეთ, გიბყაში ან რამაში გავათიოთ ღამე. 13 და ჰრქუა მონასა მას თჳსსა: მოგუალე და მივეახლნეთ ერთსა ადგილთაგანსა ჩუენსა და ვიყუნეთ გაბაას გინა რამას!
14 განაგრძეს გზა, იარეს და ბენიამინის გიბყის მახლობლად დაუღამდათ. 14 და თანაწარჴდეს და წარვიდეს და დაუჴდა მათ მზე მახლობელად გაბაასა, რომელ არს ბენიამენისი.
15 გაუხვიეს, რომ გიბყაში შესულიყვნენ და ღამე იქ გაეთიათ. მივიდა და ქალაქის მოედანზე დაჯდა, მაგრამ არავინ შეიპატიჟა შინ ღამის გასათევად. 15 და მიაქციეს და შევიდეს მუნ და დაადგრეს გაბაას. და შერ-რაჲ-ვიდა იგი, სხდეს უბანთა ზედა ქალიქისათა და არავინ იყო კაცი, რომელმანცა შეიყვანა იგი სახიდ და და-მცა-ადგინა.
16 აჰა, ერთი ბერიკაცი საღამოხანს ბრუნდება სამუშაოდან, ყანიდან; ეფრემის მთაში იყო დაბადებული და გიბყაში ცხოვრობდა. იმ ადგილის მკვიდრნი კი ბენიამინიანები იყვნენ. 16 და აჰა, კაცი მოხუცებული შემოვიდოდა ველით სიქმისაგან თჳსისა მწუხრი და კაცი იგი იყო მთისაგან ეფრემისი, მკჳდრობდა იგი გაბაას შინა, ხოლო კაცნი იგი მის ადგილისანი იყვნვს ძენი ბენიამენისნი.
17 გაიხედა და ქალაქის მოედანზე მგზავრი დაინახა. ჰკითხა ბერიკაცმა: საიდან მოსულხარ და სად მიდიხარ? 17 და აღიხილნა თუალნი მოხუცებულმან მან და იხილა კაცი იგი მოგზაური უბანთა ზედა ქალაქისათა. და ჰრქუა მოხუცებულმან მან: ვინაჲ მოხუალ, ანუ ვიდრე ხუალთ?
18 მან მიუგო: იუდას ბეთლემიდან ეფრემის მთაში მივდივართ, იქაური ვარ. სტუმრად ვიყავი იუდას ბეთლემში, ახლა კი უფლის სახლისაკენ მიდევს გზა, მაგრამ არავინ შემიპატიჟა შინ. 18 ხოლო მან ჰრქუა მას: მოვალთ ჩუენ ბეთლემით, რომელ არს იუდაჲსი, და მოვალთ ვიდრე ადგილმდე მთისა ეფრემისა, რამეთუ მე მიერ ვალ და წარსრულ ვიყავ ვიდრე ბეთლემდმდე იუდაჲსსა, და აწ წარვალ სახლად ჩემდა და არა ვინ არს, რომელმანცა ჩუენ სახლსა შემიყვანნა და დამადგინნა.
19 ჩალაც გვაქვს და საჭმელიც ჩვენი სახედრებისთვის. აგრეთვე პურ-ღვინო ჩემთვისაც და ამ შენი მხევლისთვისაც და ამ მსახური ბიჭისთვისაც, რომელიც შენს მორჩილთ გვახლავს. არაფერი გვჭირდება. 19 და ბზე და საზრდელი მაქუს ჩუენ კარაულთა ჩუენთათჳს და პური და ღჳნოჲ, ჩუენთჳს, და მჴევლისა შენისა და ჭაბუკისა მისთჳს და მონათა შენთა, არა რაჲ არს ნაკლულევანებაჲ ყოვლისაგან საჴმრისა.
20 ბერიკაცმა უთხრა: მშვიდობა შენდა! ჩემზე იყოს, რაც გჭირდება, ოღონდ ქუჩაში ნუ გაათევ ღამეს. 20 და ჰრქუა მას კაცმან მან მოხუცებულმან: მშჳდობაჲ იყავნ! დაღათუ რაჲმე გაკლს შენ, ჩემდამო იყავნ, გარნა უბანთა ზედა ნუ იყოფი.
21

შინ შეიყვანა და სახედრებს საკვები დაუყარა. მათ კი ფეხი დაიბანეს, ჭამეს და სვეს.

21

და შეიყვანა იგი სახიდ თჳსა და დაუდვა კარაულთა მათთა; და დაჰბანნა ფერჴნი მათნი, და ჭამდეს და სუმიდეს.

22 როცა გუნებაზე მოვიდნენ, აჰა, ქალაქის მცხოვრებნი, გარყვნილი ხალხი, გარს შემოერტყნენ სახლს, კარზე აბრახუნებდნენ და ეუბნებოდნენ ბერიკაცს, სახლის პატრონს: გამოგვიყვანე, შენს სახლში რომ კაცია მოსული, უნდა შევიცნოთო. 22 და ვითარცა გა-ოდენ-მხიარულდეს გულითა მათითა, და აჰა ესერა, კაცნი იგი მის ქალაქისანი ძენი უსჯულოებისანი გარემოადგეს სახლსა მას მისსა, ჰრეკდეს კარსა მას და ეტყოდეს კაცსა მას მოხუცებულსა უფალსა მის სახლისასა და ჰრქუეს: გამოიყვანე კაცი იგი, რომელი შევიდა სახლსა შენსა, რათა ვიცნათ იგი!
23 გავიდა მათთან სახლის პატრონი და უთხრა: არა, ძმებო, ნუ უზამთ ბოროტებას. ეს კაცი ჩემს სახლში სტუმრად შემოვიდა, ნუ ჩაიდენთ ამ უზნეობას. 23 და გამოვიდა კაცი იგი უფალი მის სახლისაჲ და ჰრქუა მათ: ნუსადა ნურას ბოროტსა იქმთ, ვინაჲთგან ერთვე შემოვიდა კაცი ესე სახლსა ჩემსა, ნუ იქმთ უგუნურებასა მაგას.
24 აჰა, გასათხოვარი ქალი მყავს შინ, ამ კაცსაც ხარჭა ახლავს. გამოგიყვანთ, დაიმორჩილეთ და უყავით, რაც გენებოთ. ამ კაცთან ნუ ჩაიდენთ ამ უზნეობას. 24 აჰა ესერა, ასული ჩემი ქალწული და ხარჭი მისი, გამოგგუარნე იგინი თქუენ, და დამდაბლენით იგინი თქუენ, და ყავთ, რაჲ-იგი სათნო არს წინაშე თუალთა თქუენთა, ხოლო კაცსა მას ნურას უყოფთ სიტყუასა უგნურებისასა!
25 მაგრამ მათ მისი გაგონებაც არ უნდოდათ. მაშინ ადგა კაცი და გამოუყვანა ქუჩაში თავისი ხარჭა. შეიცნეს იგი, მთელი ღამე დილამდე აუპატიურებდნენ მას. და ცისკარზე გაუშვეს. 25 ხოლო მათ არა ინებეს სმენად მისი. და კაცმან მან უპყრა ჴელი ცოლსა თჳსსა და გამოჰგუარა იგი მათ გარე; და იცნეს და დაამდაბლეს იგი და მოკიცხეს იგი ღამე ყოველ ვიდრე განთიადმდე, და განუტევეს იგი აღმოსლვასა ოდენ ცისკრისასა.
26 წამოვიდა ქალი დილით, დაეცა იმ კაცის სახლის კართან, ვისთანაც მისი პატრონი იდგა, და დილამდე ეგდო. 26 და მოვიდა დედაკაცი იგი განთიად და დაეცა იგი კართა ზედა სახლისა მის კაცისათა, სადაცა იყო უფალი იგი მისი, და სულნი წარჰჴდეს.
27 ადგა დილით მისი პატრონი, გააღო სახლის კარი, გამოვიდა, რომ გზას გასდგომოდა, და, აჰა, კართან მისი ხარჭა აგდია, ზღურბლზე ხელებდაყრილი. 27 და აღდგა უფალი იგი მისი განთიად, განახუნა კარნი მის სახლისანი და გამოვიდა, რათამცა წარვიდა გზასა თჳსსა და, ესერა, დედაკაცი იგი ცოლი მისი დაცემულ იყო კართა ზედა და ჴელნი მისნი დაესხნეს წინაშე კართა.
28 უთხრა: ადექი, წავიდეთო. მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. გადაჰკიდა სახედარს, ადგა და შინ წავიდა. 28 და ჰრქუა მას: აღდეგ და წარვიდეთ! და არა რაჲ მიუგო მას სიტყუაჲ, რამეთუ მომკუდარ იყო და აღიღო იგი და აღჰკიდა კარაულსა. და აღდგა კაცი იგი და წარვიდა სახიდ თჳსა.
29 შინ რომ მივიდა, აიღო თავისი ხარჭა, თორმეტ ნაწილად, ასო-ასო დაჭრა და დაგზავნა ისრაელის ყველა კუთხეში. 29 და მოიღო მახჳლი და უპყრა ცოლსა მას მისსა და განყო იგი ასოდ-ასოდ ათორმეტად ნაწილად და მიუძღუანა იგი ყოველსა ტომსა ისრაჱლისასა.
30 ყოველი, ამის მნახველი, ამბობდა: მსგავსი არაფერი მომხდარა და არაფერი ნახულა ისრაელში იმ დღიდან მოკიდებული, რაც ისრაელიანები ეგვიპტიდან გამოვიდნენ, დღევანდელ დღემდეო. ჩაუკვირდით, ითათბირეთ და თქვით. 30 და იყო, ყოველმან, რომელმან იხილის იგი, თქჳს: არცა ყოფილ სადა იყო და არცა ეხილვა ესრეთ, ვინაჲთგან გამოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ქჳეყანით ეგჳპტით და ვიდრე აქა დღედმდე! აწ ყავთ ზრახვაჲ ამისთჳს და თქუთ: რაჲ ვყოთ?

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე