ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მსაჯულნი

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მოვიდა უფლის ანგელოზი გილგალიდან ბოქიმში და ბეთელში ისრაილის სახლთან და თქვა: ასე ამბობს უფალი: გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან და მოგიყვანეთ ამ ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამა-პაპას აღვუთქვი. ვუთხარი, არ დავარღვევ-მეთქი თქვენთან დადებულ აღთქმას უკუნისამდე.

1

და აღმოვიდა ანგელოზი უფლისა გალგად და ადგილსა მას ტირილისასა და ბეთელდ და სახლსა მას ისრაჱლისასა და ჰრქუა მათ. ამას იტყჳს უფალი: უფალმან აღმოგიყუანნა თქუენ ეგჳპტით და შემოგიყუანნა თქვენ ქუეყანასა ამას, რომლისათჳს ეფუცა მამათა თქუენთა მოცემად თქუენდა. და თქუა: არა განვაქარვო აღთქუმაჲ ჩემი, რომელ არს თქუენდა მიმართ უკუნისამდე.

2 ოღონდ ნუ შეკრავთ-მეთქი კავშირს ამ ქვეყნის ხალხთან, ნუ იწამებთ მათ ღმერთებს, დაამსხვრიეთ მათი კერპები, დაანგრიეთ-მეთქი მათი სამსხვერპლოები. თქვენ კი არ ისმინეთ ჩემი. ეს რა ჩაიდინეთ! 2 და თქუენ არა აღუთქუათ აღთქუმაჲ მკჳდრთა მათ ამის ქუეყანისათა, არცა თაყუანის-სცვმდეთ კერპთა მათთა, არამედ გამოქანდაკებულნი იგი კვრპნი მათნი შეჰმუსრენით და საკურთხეველები მათი დაარღჳეთ. და თქუენ არა ისმინეთ ჴმისა ჩემისა და ესე ყოველი ჰყავთ.
3 ამიტომაც გეუბნებით: მათ, ვის აყრასაც ვაპირებდი, აღარ ავყრი. აღარ ავყრი მათ თქვენგან, რომ ხუნდებად გექცნენ ისინი, მახედ გექცნენ მათი ღმერთები. 3 და მე ვთქუ: არღარა შევსძინო განსხმად ერისა მის, რომლისა-იგი ვთქუ განსხმაჲ არა აღვჴოცნე იგინი პირისაგან თქუენისა და იყვნენ იგინი თქუენდა მაჭირვებელ და ღმერთნი იგი მათნი იყვნენ თქუენდა საცთურ.
4 როცა უფლის ანგელოზები ამ სიტყვებს ეუბნებოდა ისრაელიანებს, ხმამაღლა ატირდა ხალხი. 4 და იყო, ვითარცა იტყოდა ანგელოზი იგი უფლისა სიტყუათა ამათ ყოველთა მიმართ ძეთა ისრაჱლისათა, და აღიღო ერმან მან ჴმაჲ მათი და ტიროდეს.
5 ამიტომ უწოდეს იმ ადგილს სახელად ბოქიმი (მოტირალნი). მსხვერპლი შესწირეს იქ უფალს. 5 ამისთჳს ეწოდა სახელი ადგილსა მას ტირილისა და შეწირეს მუნ მსხუერპლი უფლისა.
6 დაითხოვა იესომ ხალხი და წავიდ-წამოვიდნენ ისრაელიანები თავ-თავიანთ სახლებში, თავ-თავიანთ წილხვდომილ ქვეყნებში, რათა დაემკვიდრებინათ იგი. 6 და წარავლინა ისო ერი იგი და წარვიდეს ძენი ისრაჱლისანი კაცად-კაცადი სამკჳდრვბელსა თჳსსა დაპყრობად ქუეყანისა.
7 უფალს ემსახურებოდა ერი იესოს მთელ სიცოცხლეში და უხუცესთა მთელ სიცოცხლეში, რომლებიც იესოს შემდგომ იყვნენ და ნანახი ჰქონდათ ყველა დიადი საქმე, ისრაელისათვის რომ აღასრულა უფალმა. 7 და ჰმონებდა ერი იგი უფალსა ყოველთა დღეთა მათ მოხუცებულთასა, რომელნი დღეგრძელ იყვნეს ისოჲს თანა, და რომელთა იცნოდეს ყოველნი საქმენი უფლისანი, და დიდნი, რომელ იყო ისრაჱლსა თანა.
8 მოკვდა იესო, ნავეს ძე, უფლის მორჩილი, ას ათი წლისა, 8 და აღესრულა ისო, ძე ნავესი, მონაჲ უფლისაჲ, ასდაათისა წლისა.
9 და დამარხეს თავის წილხვდომილში, თიმნათ-სერახში, ეფრემის მთაზე, გაყაშის მთის ჩრდილოეთით. 9 და დაჰფლეს იგი მთასა მას სამკჳდრებელისა თჳსისასა თამნასაქარს, მთასა მას ეფრემისსა, ბღუარით კერძოჲ მთისა მის გაასისსა. და ყოველი ნათესავი წარჴდა და შეეძინნეს მამათა მათთა.
10 მთელი ის თაობაც გადავიდა მამა-პაპასთან. მოვიდა სხვა თაობა რომელსაც არ გაეგონა უფალი, არც მისი საქმენი, ისრაელისთვის რომ აღასრულა. 10 და აღდგა ნათესავი სხუაჲ შემდგომად მათსა, რომელთა არა იცოდეს [უფალი] და საქმენი. რომელ ქმნნა ისრაჲლსა თანა.
11 უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და ემსახურებოდნენ ბაალებს. 11 და ქმნეს ძეთა ისრაჱლისათა ბოროტი წინაშე უფლისა და ჰმსახურებდეს ბაალიმსა.
12

დაივიწყეს უფალი, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი, მიიქცნენ უცხო ღმერთებისკენ, მეზობელ ხალხთა ღმერთებისაკენ და თაყვანს სცემდნენ მათ.

12

და დაუტევეს უფალი ღმერთი მამათა მათთა, რომელმან გამოიყუანნა იგინი ქუეყანით ეგჳპტით და ვიდოდეს იგინი შემდგომად ღმერთთა უცხოთა, ღმერთთა მათ ერისათა, რომელნი იყვნეს გარემო მათსა, და თაყუანისცემდეს მათ და განარისხეს უფალი.

13 დაივიწყეს უფალი და ემსახურებოდნენ ბაალებსა და აშთორეთებს. 13 და დაუტევეს იგი და ჰმსახურებდეს ბაალსა და ასტარტესა.
14 აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელიანთა მიმართ, ხელში ჩაუგდო ისინი მძარცველებს და აძარცვინა. ხელში ჩაუგდო გარშემორტყმულ მტერს და ვეღარ უმკლავდებოდნენ მათ. 14 და განრისხნა გულისწყომით უფალი და მისცნა იგინი ჴელთა წარმტყუენველთა მათთასა. და წარტყუენნეს იგინი გარემოჲს და ვერ ეძლო დადგომად წინაშე პირსა მტერთა მათთასა ყოველთავე მით, რომელსა იქმოდეს.
15 სადაც არ უნდა წასულიყვნენ, ავბედითად წარმართავდა მათ უფლის ხელი, როგორც უთხრა მათ უფალმა და დაემუქრა მათ უფალი. დიდად შეაჭირვა ისინი. 15 და ჴელი უფლისა იყო მათ ზედა ბოროტისა საქმედ, ვითარცა ეტყოდა უფალი, და ვითარცა-იგი ფუცა უფალმან, და აჭირებდა მათ ფრიად
16 დაუდგინა მათ უფალმა მსაჯულები, რომლებიც მძარცველებისაგან იფარავდნენ მათ. 16 და აღადგინნის უფალმან მსაჯულნი, და განარინნის იგინი უფალმან ჴელთაგან წარმტყუენველთა მათთასა და მათცა არავე ისმინეს.
17 მაგრამ არც მსაჯულებს უჯერებდნენ, უზნეობდნენ უცხო ღმერთების კვალზე, თაყვანს სცემდნენ მათ და მალევე უხვევდნენ იმ გზიდან, რომლითაც დადიოდა მათი მამა-პაპა, უფლის მცნებათა მორჩილი. ესენი იმათ მსგავსად არ იქცეოდნენ. 17 და ისიძვიდეს შემდგომად ღმერთთა უცხოთა და თაყუანის-სცემდეს მათ. და განარისხეს უფალი და გარდაჴდეს ადრე გზისა მისგან, რომელსა ვიდოდეს მამანი მათნი არა სმენად მცნებათა უფლისათა, არცა ყვეს ეგრეთ.
18 მას შემდეგ, რაც მსაჯულები დაუდგინა მათ უფალმა, უფალი იყო მსაჯულთან და მტრებისაგან იფარავდა მათ მსაჯულის სიცოცხლეში. რადგან ებრალებოდა ისინი უფალს, როცა ესმოდა, როგორ გმინავდნენ მჩაგვრელთა და შემავიწროებელთა ხელში. 18 და რამეთუ აღუდგინის მათ უფალმან მსაჯული და არნ უფალი მსაჯულისა მის თანა. და იჴსნეს იგი ჴელთაგან მტერთა მისთასა ყოველთა დღეთა მის მსაჯულისათა: და ნუგეშინის-სცის უფალმან სულთქუმისათჳს მათისა პირისაგან მათისა, რომელთა გარემოიცვნიან იგინი და ბოროტსა უყოფედ მათ.
19 მაგრამ მოკვდებოდა თუ არა მსაჯული, მამებზე უარესს ჩადიოდნენ, მიიქცეოდნენ უცხო ღმერთებისკენ, ემსახურებოდნენ და თაყვანს სცემდნენ მათ. არ ეშვებოდნენ თავიანთ ბოროტ საქმეს და ურჩობის გზას არ სტოვებდნენ. 19 და არნ, ვითარცა მოკუდის მსაჯული იგი, გარდაიქციან და კუალად განიხრწნიან უფროს მამათა მათა მისლვად კუალსა მათსა ღმერთთა უცხოთასა. და ჰმსახურებედ და თაყუანის-სცემედ მათ და არა განიშორნეს სლვანი გზისა მისგან მათისა.
20 აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის მიმართ და თქვა მან: რაკი ამ ერმა უღალატა ჩემსა და მათ მამაპაპას შორის დადებულ აღთქმას და აღარ მიჯერებს, 20 და განრისხნა გულის წყრომით უფალი ისრაჱლსა ზედა და თქუა: ამისთჳს, რამეთუ დაუტევა ნათესავმან ამან შჯული ჩემი, რომელ ვამცენ მამათა მათთა, და არა ისმინეს ჴმისა ჩემისა.
21 აღარ ავყრი მათგან აღარცერთ ამ ხალხს, რომელიც აუყრელი დარჩა იესოს, როცა მოკვდა, 21 და მე არღარა შევსძინო აღჴოცად კაცისა პირისაგან მათისა წარმართთა მათგანი, რომელნი დაუტევა ისო, ძემან ნაჱესმან.
22 რათა გამოვცადო ისრაელი მათით, დაადგებიან თუ არა უფლის გზას და ივლიან თუ არა იმ გზით, როგორც მათი მამა-პაპა დადიოდა. 22 და დააცადა გამოცდად მათ შორის ისრაჱლისა, და-თუ-იმარხნენ გზანი უფლისანი, და ვიდოდიან მას, ანუ თუ არა, ვითარცა-იგი დაიმარხნეს მამათა მათთა.
23 ამიტომ იყო, აუყრელი რომ დატოვა ეს ხალხები უფალმა, თავიდანვე რომ არ აჰყარა და არ ჩაუგდო ხელში იესოს. 23 და დაუტევნა უფალმან ნათესავნი ჱსე და არა აღჴოცნა ადრე, არა მისცნა იგინი ჴელთა ისოჲსსთა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე