ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მსაჯულნი

თავი მეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და უფალმა მიდიანის ხელში ამყოფა ისინი შვიდ წელიწადს.

1

და უყვეს ბოროტი ძეთა ისრაჱლისათა წინაშე უფლისა და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა მადიამისასა შჳდ წელ.

2 დამძიმდა მიდიანის ხელი ისრაელზე, იხიზნებოდნენ ისრაელიანები მიდიანისგან მთებში, გამოქვაბულებში და მიუვალ ადგილებში. 2 და განძლიერდა ჴელი მადიამისაჲ ისრაჱლსა ზედა, და იქმნეს თავისა თჳსისა ძეთა ისრაჱლისათა პირისაგან მადიამისა საყოფლები მთათა შინა, და ქუაბთა და ძნელოვანთა.
3 როგორც კი მოამთავრებდა ისრაელი ხვნა-თესვას, მოვიდოდნენ მიდიანი, ყამალეკი, კედემიანები და მოედებოდნენ ისრაელს. 3 და იყო, რაჟამს სთესის თესლი კაცმან ისრაჱლისამან, აღმოვიდის მადიამი და ამალეკი და ყოველნივე ძენი მზის აღმოსავალითისანი.
4 ჩამოსახლდებოდნენ მათ მიწაზე, გააჩანაგებდნენ მთელ მოსავალს ღაზამდე, აღარაფერს უტოვებდნენ ისრაელს თავის სარჩენად, არც ცხვარს, არც ძროხას, არც სახედარს. 4 და მოვიდეს და დაიბანაკეს მათ ზედა, და განრყუნიან ჯეჯილი ქუეყანისა ვიდრე მოსლვადმდე გაზად. და არა დაუტევიან ძალი ცხორებისაჲ ისრაჱლისა შორის, რამეთუ იგინი და სამწყსოჲ და ზროხაჲ და ცხოვარი მათი.
5 მოდიოდნენ ჯოგებიან-კარვებიანად, მოდიოდნენ კალიასავით ურიცხვნი, თვლა აღარ ჰქონდათ არც მათ და არც მათ აქლემებს. შეესეოდნენ და აჩანაგებდნენ ისრაელის ქვეყანას. 5 აღმოვიდიან და კარვები მათი მოიწინიან, ვითარცა მკალნი სიმრავლითა და რემაკები მათი და აქლემებისა მათისა არა არნ რიცხჳ, და მოვიდიან ქუეყანასა ისრაჱლისასა და განხრწნიან იგი.
6 მთლად გაღატაკდა ისრაელი მიდიანის გამო და შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს. 6 და დაგლახაკნა ისრაჱლი ფრიად პირისაგან მადიამისა და ძეთა ისრაჱლისათა ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ.
7 და როცა შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს მიდიანის გამო, 7 და იყო, რაჟამს ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ მადიამისთჳს.
8 მოუვლინა უფალმა ისრაელიანებს წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან, გამოგიყვანეთ მონობის სახლიდან, 8 და მოავლინა უფალმან კაცი წინასწარმეტყუელი ძეთა ისრაჱლისა და ჰრქუა მათ: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: მე ვარ, რომელმან აღმოგიყუანენ თქუენ ვგჳპტით, და გამოგიყვანენ თქუენ სახლისა მისგან კირთებისა.
9 დაგიხსენით ეგვიპტელის ხელთაგან და ყველა თქვენი მჩაგვრელის ხელთაგან, განვდევნე ისინი თქვენგან და მათი ქვეყანა თქვენ მოგეცით. 9 და განგარინენ თქუენ ჴელთაგან მეგჳპტელთასა და ჴელთაგან ყოველთა მაჭირვებელთა თქუენთასა, და განვასხენ იგინი პირისაგან თქუენისა და მიგეც თქუენ მათი.
10 თან გითხარით: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. არ იწამოთ ღმერთები ამორეველებისა, ვის მიწაზეც ცხოვრობთ, მაგრამ არ შეისმინეთ ჩემი. 10 და გარქუ თქუენ: მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი: და არა გეშინოდის თქუენ ღმერთთათჳს ამორეველთასა, რომელთა შორის თქუენ დამკჳდრებულ ხართ ქუეყანას მათსა! და ისმინეთ ჴმისა ჩემისაჲ.
11

მოვიდა უფლის ანგელოზი და დაჯდა აბიყეზრელი იოაშის ბელეკონქვეშ, ყოფრაში. მისი ვაჟი გედეონი საწნახელში ცეხვავდა ხორბალს, მიდიანისგან ფარულად.

11

და მოვიდა ანგელოზი უფლისა და დაჯდა იგი მუხასა მას ქუეშე, რმელი-იგი იყო ეფრაასიოსისსა, მამისა ეზრისსა, და გედეონ, ძე მისი, გამოძეგუდა იფქლსა კუერთხითა საწნეხელსა შინა, რათა მოსტაცოს წინაშე პირსა მადიამისასა.

12 გამოეცხადა უფლის ანგელოზი და უთხრა: უფალი შენთანაა, მაგარო ვაჟკაცო! 12 და ეჩუენა მას ანგელოზი უფლისა და ჰრქუა მას: უფალი შენ თანა ძლიერი ძალითა!
13 უთხრა გედეონმა: ვაგლახ, ჩემო ბატონო, უფალი რომ ჩვენთან იყოს, ეს უბედურება რატომ დაგვემართებოდა. სადღაა მთელი მისი სასწაულები, ჩვენი მამები რომ გვიყვებოდნენ და გვეუბნებოდნენ: უფალი იყო, ეგვიპტიდან რომ გამოგვიყვანაო. ახლა მიგვატოვა უფალმა და მიდიანის ხელში ჩაგვაგდო. 13 და ჰრქუა მას გედეონ: ჩემდა მოიხილე, უფალო, და უკუეთუ არს უფალი ჩუენ თანა, რაჲსათჳს მპოვნა ჩუენ ყოველმანვე ამან ბოროტმან? და სადა არიან ყოველნი იგი საკჳრველებანი მისნი, რავდენთა მითხრობდეს ჩუენ მამანი ჩუენნი? და თქუან, ვითარმედ: ეგჳპტით გამომიყვანნა ჩუენ. ხოლო აწ განგჳშორნა ჩუენ და მიგუცნა ჩუენ ჴელთა მადიამისათა.
14 მიუბრუნდა მას უფალი და უთხრა: წადი მაგ შენი ძალით და იხსენი ისრაელი მიდიანის ხელთაგან. ხომ მე გაგზავნი! 14 და მოიხილა მისსა ანგელოზმან მან უფლისამან და ჰრქუა მას: წარვედ ძლიერებითა შენითა და იჴსენ ისრაელი: აჰა ეგერა, წარგავლინე შენ.
15 უთხრა გედეონმა: ვაგლახ, ბატონო, მე როგორ უნდა ვიხსნა ისრაელი! ჩემი საგვარეულო ყველაზე მცირეა მენაშეში, მე კი მამაჩემის სახლში ყველაზე უმცროსი ვარ. 15 და ჰრქუა მას გედეონ: ჩემდა მოიქეც, უფალო, რათა ვიჴსნე მე ისრაჱლი. აჰა ესერა, ათასეული ჩემი უმდაბლეს არს მანასესა შორის და მე უმცირეს ვარ სახლსა შინა მამისა ჩემისასა.
16 უთხრა უფალმა: მე ვიქნები შენთან და ისე სძლევ მიდიანს, როგორც ერთ კაცს. 16 და ჰრქუა მას: უფალი შენ თანა! და მოსრა შენ მადიამი, ვითარცა ერთი კაცი.
17 უთხრა გედეონმა: თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, ნიშანი რამ მომეცი, რომ შენ მელაპარაკები. 17 და ჰრქუა მას გედეონ: და უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე თუალთა შენთა.
18 ნუ წახვალ აქედან ჩემს მოსვლამდე, ვიდრე ძღვენს გამოვიტანდე და მოგართმევდე. უთხრა: შენს დაბრუნებამდე აქ მოვიცდი. 18 ნუ განმეშორები ამიერ ვიდრე მოსლვამდე ჩემდა წინაშე შენსა და მოგართუა მსხუერპლი ჩემი, დავაგო წინაშე შენსა. და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: მე ვარ, გგებდე შენ ვიდრე მოსლვადმდე შენდა.
19 წავიდა გედეონი, თიკანი და ერთი ეფა ფქვილის ხმიადები დაამზადა, ხორცი კალათაში ჩააწყო, წვენი ქოთანში ჩაასხა, მიიტანა ბელეკონქვეშ და მიართვა. 19 და გედეონ შევიდა და შეაგბო თიკანი თხათა და საწყაული ერთი ფქჳლი უცომოთა. და ჴორცი იგი დააგო ლანკლასა ზედა. და წუენი იგი მისი შთაასხა ქოთანსა და გამოართუა მას მუხასა მას ქუეშე და თაყუანის-სცა მას.
20 უთხრა უფლის ანგელოზმა: აიღე ხორცი და ხმიადები, მანდ, ქვაზე დააწყვე და ზედ წვენი გადაასხი. ასეც მოიქცა. 20 და ჰრქუა მას ანგელოზმან მან უფლისამან: მოიღე ჴორცი ეგე და უცომონი ეგე პურნი და დააგენ კლდესა იმას ზედა, და წუენი ეგე, დაასხ, ხოლო მან ყო ეგრე.
21

გაიშვირა უფლის ანგელოზმა კვერთხი, რომელიც ხელთ ეპყრა, და მისი წვერი ხორცსა და ხმიადებს შეახო, ავარდა ქვიდან ცეცხლი და შთანთქა ხორცი და ხმიადები. მერე თვალს მიეფარა უფლის ანგელოზი.

21

და განირთხა ანგელოზმან მან უფლისამან წუერი იგი კუერთხისაჲ, რომელ იყო ჴელსა მისსა, და შეახო ჴორცსა მას და უცომოთა მათ პურთა. და ააღატყდა ცეცხლი კლდისა მისგან და შეჭამა ჴორცი იგი და უცომონი იგი და პურნი. და ანგელოზი იგი უფლისაჲ წარვიდა და მიეფარა თუალთაგან მისთა.

22 მიხვდა გედეონი რომ ეს უფლის ანგელოზი იყო. თქვა გედეონმა: ვაი ჩემს თავს, უფალო, რადგან უფლის ანგელოზი პირისპირ ვიხილე! 22 და გულისჴმა-ყო გედეონ, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ არს. და თქუა: აჰა, უფალო, რამეთუ ვიხილე ანგელოზი უფლისაჲ პირისპირ.
23 უფალმა უთხრა: მშვიდობა შენდა, ნუ გეშინია, არ მოკვდები. 23 და ჰრქუა მას უფალმან: მშჳდობაჲ შენ თანა! ნუ გეშინინ, არა მოჰკუდე.
24 სამსხვერპლო აუგო იქ უფალს გედეონმა და უწოდა მშვიდობის უფალი. იგი დღემდე დგას აბიყეზრელის ყოფრაში. 24 და უშენა მუნ გედეონ საკურთხეველი უფალსა. და უწოდა მას „მშჳდობაჲ უფლისაჲ“ ვიდრე დღეინდელად დღედმდე. და ვიდრე იყოღა იგი მუნ იეფორას მამისა ეზრისსა.
25 უთხრა უფალმა იმ ღამით გედეონს: წამოიყვანე მამაშენის ჯოგიდან მოზვერი და მეორე მოზვერი, შვიდწლიანი. დაანგრიე ბაალის სამსხვერპლო, რომელიც მამაშენს უდგას, და მის გვერდით რომ აშერაა, აჩეხე. 25 იყო მას ღამესა მისა მიმართ სიტყუაჲ უფლისაჲ და ჰრქუა მას: მოიბ ზუარაკი იგი ჭამებული მამისა შენისა და ზუარაკი სხუაჲ შჳდ წელისაჲ, დაარღჳე საკურთხეველი იგი ბაალისი, რომელ არს მამისა შენისა და სერტყები იგი მისი მოკაფე.
26 აუგე უფალს, შენს ღმერთს, რიგიანი სამსხვერპლო ამ კვრივის თავში. მერე აიღე და დაწვი მეორე მოზვერი აღსავლენ მსხვერპლად იმ აშერას ხით, რომელსაც აჩეხავ. 26 და აღაშენე საკურთხეველი უფლისა ღმრთისა შენისაჲ თხემსა მას ზედა მანოზ მთისასა განსაწყობელსა; და მოიბ ზუარაკი იგი და შეწირე მსხუერპლად შეშითა მით მის სერტყებისაჲთა, რომელ მოჰკაფო.
27 წამოიყვანა გედეონმა ათი კაცი თავის მსახურთაგან და ისე მოიქცა, როგორც უფალმა უბრძანა, მაგრამ თავის შინაურთა და ქალაქის მკვიდრთა შიშით ვერ გაბედა დღისით გაეკეთებინა ეს საქმე და ღამით გააკეთა. 27 და წარიყუანა გედეონ ათი კაცი მონათაგან თჳსთა ყოფად ეგრე, ვითარცა ეტყოდა მას უფალი; და რამეთუ ეშინოდა მას, სახლისათჳს მამისა თჳსისა და კაცთათჳს მის ქალაქისათა, არა ყო დღისი, არამედ ღამე.
28 აღდგნენ დილით ქალაქის მკვიდრნი და რას ხედავენ: ბაალის სამსხვერპლო დანგრეულია, გვერდით რომ აშერა იყო, აჩეხილია და აღსავლენი მოზვერი იწვის ახალაგებულ სამსხვერპლოზე. 28 და აღიმსთუეს კაცთა მის ქალაქისათა განთიად და იხილეს, რამეთუ დარღუეულ იყო საკურთხეველი იგი ბაალისი და სერტყები იგი მისი მოკაფულ იყო და ზუარაკი იგი ჭამებული შეიწირა საკურთხეველსა მას ზედა, რომელი ეშენა.
29 უთხრეს ერთმანეთს: ვინ ჩაიდინა ეს საქმე? მიმოდგნენ, გამოიკითხეს და თქვეს: გედეონს ჩაუდენია, იოაშის ძეს. 29 და ჰრქუა კაცად-კაცადმან მოყუასსა თჳსსა ვინმე ქმნა საქმე ესე? და გამოიკითხეს და გამოიძიეს და უთხრეს, ვითარმედ გედეონ, ძემან იოასისმან, ქმნა საქმე ესე.
30 უთხრეს ქალაქის მკვიდრებმა იოაშს: გამოგვიყვანე შენი ვაჟი, სიკვდილით უნდა დაისაჯოს, რადგან დაუნგრევია ბაალის სამსხვერპლო და გვერდით რომ აშერა იყო, აუჩეხავს. 30 და ჰრქუეს კაცთა მის ქალაქისათა იოასს: გამოიყვანე ძე შენი და მოკუედინ რამეთუ დაარღჳა საკურთხეველი ბაალისი და მოჰკაფა სერტყები იგი მას ზედა.
31

უთხრა იოაშმა ყველას, ვინც მას მიუხდა: რა თქვენი დასაცავია ბაალი, რა თქვენი საპატრონოა? მისი დამცველი ამ დილითვე სიკვდილით დაისჯება. თუ ღმერთია, თავად დაიცვას თავი, რადგან გედეონის დანგრეულია მისი სამსხვერპლო.

31

და ჰრქუა იოას კაცთა მათ, რომელნი აღდგომილ იყვნეს მის ზედა: აწ თქუენ უშჯითა ბაალსა? ანუ თქუენმე იჴსნეთა იგი, რომელმან-იგი ავნო მას? მოკუდეს იგი განთიადმდე, უკუეთუ ღმერთი არს, შურ-აგოს თავსა თჳსსა, რამეთუ დაამჴუა საკურთხეველი მისი.

32 უწოდეს იმ დღიდან იერობაალი, რადგან თქვეს: თავად გაუსწორდეს ბაალი თავისი სამსხვერპლოს დანგრევისთვის. 32 და უწოდა მას სახელი მას დღესა შინა სამშჯავროჲ ბაალისი, რამეთუ დაარღჳა გედეონ საკურთხეველი მისი.
33 შეიყარა იმჟამად მთელი მიდიანი, ყამალეკი და კედემიანები, გადმოლახეს მდინარე და იზრეყელის ველზე დაბანაკდნენ. 33 და ყოველი მადიამი და ამალეკი და ძენი იგი მზისაღმოსავალისათანი შეკრებილ იყუნეს ერთბამად, და მოვიდეს და დაიბანაკეს ღელესა მას იეზრაელისასა.
34 უფლის სულმა მოიცვა გედეონი, ბუკსა ჰკრა და გამოვიდნენ აბიყეზერელები მის დაძახილზე. 34 და სულმან უფლისამან განაძლიერა გედეონ, დაჰბერა ნესტუსა რქისასა, და აღიზახა აბიეზერ შემდგომად მისა.
35 კაცები დაგზავნა მთელ მენაშეს ტომში და გამოვიდნენ ისინი მის დაძახილზე. კაცები გაუგზავნა აშერს, ზებულონსა და ნაფთალისაც და ისინიც გამოვიდნენ მათ შესახვედრად. 35 და მოციქულნი წარავლინნა ყოველსა მანასესა, და აღიზახეს მათცა შემდგომად მისა და მოციქულნი წარავლინნა ასერისა და ზაბულონისა და ლეფთალემისა; და გამოვიდეს და მიეგებვოდეს მას.
36 უთხრა გედეონმა ღმერთს: თუ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მეუბნებოდი, 36 და ჰრქუა გედეონ უფალსა: უკუეთუ იჴსნე ჴელითა ჩემითა ისრაჱლი, ვითარცა-იგი იტყოდე.
37 მაშინ საწმისს გავშლი კალოზე: თუ ცვარი მხოლოდ საწმისზე იდება, მთელი მიწა კი მშრალი იქნება, ვირწმუნებ, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მეუბნებოდი. 37 აჰა ესერა, მე დავდვა საწმისი ერთი მატყლისაჲ კალოსა ზედა; და უკუეთუ იყოს ცუარი საწმისსა მას ხოლო ზედა და ყოველი ქუეყანაჲ ჴმელი იყოს, უწყოდი, რამეთუ ჴელითა ჩემითა იჴსნე შენ ისრაჱლი, ვითარცა-იგი იტყოდის უფალი.
38 ასეც მოხდა: მეორე დღეს დილაადრიან ადგა, გაწურა საწმისი და მთელი თასი წყალი გამოადინა. 38 და იყო ეგრე. და აღიმსთო გედეონ განთიად და გამოწურა სასმისი იგი, და გამოჴდა ცუარი საწმისისა მისგან და აღავსო ფიალი წყლითა მით.
39 უთხრა გედეონმა უფალს: ნუ შემრისხავ, მინდა ამ ერთხელ კიდევ მოგმართო და ამ ერთხელ კიდევ ვსინჯო საწმისი. მხოლოდ საწმისი იყოს მშრალი, მთელ მიწაზე კი ცვარი იდოს. 39 და ჰრქუა გედეონ ღმერთსა: ნუ განრისხნებინ გულისწყრომაჲ შენი ჩემ ზედა და ვიტყოდიღა ერთგზის; და გამოვცადოღა ერთგზის საწმისითა ამით და თქუა: იყავნ სიჴმელე საწმისსა ამას ხოლო ზედა და ყოველსა ქუეყანასა ზედა იყავნ ცუარი.
40 ასეც მოახდინა იმ ღამით ღმერთმა: მხოლოდ საწმისი იყო მშრალი, მთელ მიწაზე კი ცვარი იდო. 40 და ყო ღმერთმან ეგრეთ მას ღამესა შინა, და იყო ჴმელი საწმისსა მას ხოლო ზედა და ყოველსა ქუეყანასა ზედა იყო ცუარი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე