ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მსაჯულნი

თავი მერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

უთხრეს მას ეფრემიანებმა: რას გვერჩოდი, რატომ ჩვენც არ გვიხმე, როცა მიდიანთან საომრად მიდიოდი? და მაგარი ჩხუბი აუტეხეს.

1

ჰრქუეს გედეონს მთავართა ეფრემისთა: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელი მიყავ ჩუენ, რამეთუ არა მხადენ ჩუენ, რაჟამს განხჳდოდე შენ წყობად მადიამისა? და ესჯოდეს მას ფრიად.

2 გედეონმა მიუგო: მე რა გამიკეთებია თქვენი ფასი? ეფრემის ნამცვრევი არ სჯობია აბიყეზერის რთველს? 2 და ჰრქუა მათ გედეონ: რაჲ ვქმენ მე აწ, ვითარ-ეგე თქუენ? ანუ არა უმჯობეს არს საკუფხლებელი ეგე ეფრემისი ვიდრეღა სასთულებელი აბიეზერისი?
3 ღმერთმა ხელში ჩაგიგდოთ მიდიანის მთავრები ყორები და ზეები. მე სად შემეძლო გამეკეთებინა თქვენდენი? მაშინ კი მოუბრუნდათ გული მასზე, როცა ეს სიტყვები უთხრა. 3 რამეთუ ჴელსა ოქუენსა მოსცნა უფალმან მთავარნი იგი მადიამისანი: ორვბ და ზებ. და რაჲ შევსძინე მე ყოფად, ვითარ-ესე თქუენ? მაშინ დააცხრვნა გულნი მათნი სიტყჳთა ამით მისითა.
4 მიადგა გედეონი იორდანეს და გადალახა, მან და მასთან მყოფმა სამასმა კაცმა, დევნით დაღლილმა. 4 და მოვიდა გედეონ იორდანედ და წიაღჴდა იგი და სამასნი იგი კაცნი მის თანა სულშემოკლებულნი და მშიერნი.
5 უთხრა მან სუქოთელებს: დამიპურეთ ჩემთან მყოფი ხალხი, რადგან დაღლილი არიან. არადა, მიდიანის მეფეებს მივდევ, ზებასს და ცალმუნაყს. 5 და ჰრქუა გედეონ კაცთა მათ სოქოთისათა: ეცით პური საზრდელად ერსა ამას ჩემსა, რომელ არს ჩემ თანა, რამეთუ ჰშის. და მე ვსდევნი ზეებს და სალმანას, მეფეთა მადიამისათა.
6 უთხრეს სუქოთის თავკაცებმა: განა ზებახი და ცალმუნაყი უკვე ხელში გყვანან, რომ ჯარი დაგიპუროთ? 6 და ჰრქუეს მას მთავართა მათ სოქოთისათა: აწ ნუ თავი ზებესი და სალმანასი ჴელსა შენსა არს? და ვსცეთ ერსა შენსა პური.
7 გედეონმა მიუგო: კეთილი. როცა ღმერთი ხელში ჩამაგდებინებს ზებახს და ცალმუნაყს, უდაბნოს ნარეკლით დაგაფლეთთ ხორცს. 7 და ჰრქუა გედეონ: არა ეგრე, არამედ რაჟამს მომცნეს უფალმან ზებეე და სალმა ჴელთა ჩემთა, მე დავწერტნე ჴორცნი თქუენნი ეკლითა უდაბნოჲსაჲთა და კუროჲსთავითა.
8 იქიდან ფენუელში მივიდა და იქაურებსაც იგივე სთხოვა, მაგრამ მათაც ისევე გამოისტუმრეს, როგორც სუქოთელებმა. 8 და წარმოვიდა მიერ და მოვიდა ფანუელდ და ეტყოდა მათ ეგრევე. და მიუგეს მას კაცთა მათ ფანუელისათა, ვითარცა-იგი ეტყოდეს კაცნი იგი სოქოთისანი.
9 ფენუელებსაც იგივე უთხრა: როცა მშვიდობით დავბრუნდები, დავანგრევ ამ გოდოლს. 9 და ჰრქუა გედეონ კაცთა მათ ფანუელისთა: რაჟამს მოვიქცე მე მშჳდობით ბრძოლისა ამისგან, დავარღჳო გოდოლი ესე.
10 ზებახი და ცალმუნაყი კარკორში იდგნენ თავიანთი ლაშქრით, თხუთმეტ ათასამდე კაცით, კედემიანთა ლაშქრიდან რაც გადარჩა, დაღუპვით კი ასოცი ათასი კაცი დაიღუპა, მახვილის შემბმელი. 10 და ზებეე და სალმანა იყვნეს კარკარას შინა და ბანაკი მათი მათ თანა, ვითარ ათხუთმეტ ათას ოდენ, რომელნი განრინებულ იყუნეს ყოვლისა მისგან ბანაკისა, ძეთა მზისაღმოსავლისათა, და რომელნი დაცემულ იყვნეს მახჳლითა. იყვნეს ას და ოც ათას კაცნი მახჳლოსანნი.
11

გედეონმა აღმოსავლეთიდან შემოუარა ნობახს და იოგბეჰას კარვებში მცხოვრებთა გზით და იმ დროს დაეცა ბანაკს, როცა უზრუნველად იყო ბანაკი.

11

და აღვიდა გედეონ გზასა მას დამკჳდრებულთა კარვებისათა მზისაღმოსავალით ნაბაისა და წინაშე ნაბესა და დაესხა ბანაკსა მას და მოსრა იგი, ხოლო ბანაკი იგი მათი უზრუნველ იყო მიერითგან, და მეყსეულად დაესხნეს იგინი

12 გაიქცნენ ზებახი და ცალმუნაყი. დაედევნა და შეიპყრო მიდიანის ორივე მეფე, ზებახიცა და ცალმუნაყიც, ხოლო მათი ლაშქარი გაფანტა. 12 და ევლტოდეს ზებეე და სალმანა, და დევნა-უყო გედეონ, და შეიპყრნა ორნი იგი მეფენი მადიამისანი, ზვბეე და სალმანა და ყოველი ბანაკი მათი განიბნია.
13 გედეონ იოაშის ძე უკან გამობრუნდა ბრძოლის შემდეგ ქერესის ზეგნიდან. 13 და მოიქცა გედეონ. ძე იოასისი, ბრძოლისა მისგან [აღ]მართსა მას თანა არერისასა.
14 შეიპყრო ერთი ჭაბუკი სუქოთელი, გამოჰკითხა და ჩამოაწერინა სუქოთის სამოცდაჩვიდმეტი თავკაცისა და უხუცესის სახელი. 14 და შეიპყრა ყრმაჲ ერთი კაცთაგან სოქოთისათა და ჰკითხა მას სახელები კაცთა სოქოთისათა და აღწერნა გედეონ მიავარნი და მოხუცებულნი იგი სოქოთისანი სამეოცდათჩჳდმეტნი კაცნი.
15 მივიდა სუქოთელებთან და უთხრა: აჰა, ზებახი და ცალმუნაყი! ამათ გამო იყო, რომ დამცინოდით და მეუბნებოდით: განა ზებახი და ცალმუნაყი უკვე ხელში გვყვანან, დაღლილი ხალხი რომ დაგიპუროთო? 15 და მოვიდა გედეონ მთავართა მათ ზედა სოქოთისათა და ჰრქუა მათ: აჰა, ზებეე და სალმანა ჴელთა ჩემთა არიან, რომელთათჳს მაყუედრეთ მე და სთქუთ: ნუ თავი ზებეესი და სალმანასი ჴელთა შენთა არიან? და ვსცეთ ერსა შენსა პური მაშინ.
16 მოიყვანა ქალაქის უხუცესები, მოიტანა უდაბნოს ნარ-ეკალი და იმით დასაჯა სუქოთელები. 16 შეიპყრნა გედეონ მთავარნი იგი და მოხუცებულნი ქალაქისანი, და მოიღო ეკალი და კუროჲსთავი და ტანჯნა იგინი მით, კაცნი იგი სოქოთისანი.
17 ფანუელის გოდოლიც დაანგრია და დახოცა იმ ქალაქის მკვიდრნი. 17 და გოდოლი იგი ფანოველისაჲ დაარღჳა და კაცნი იგი მის ქალაქისანი მოწყჳდნა.
18 უთხრა ზებახს და ცალმუნაყს: რანაირები იყვნენ ისინი, თქვენ რომ ხალხი დახოცეთ თაბორში? მათ მიუგეს: შენნაირები იყვნენ, ყველანი მეფისწულებს ჰგავდნენ თვალტანადობით. 18 და ჰრქუა ზებეეს და სალმანას: ვირე. ადგენით კაცნი იგი, რომელ მოსწყჳდენით ბათორს შინა? და ჰრქუეს მას: ვითარცა-ეგე შენ, ეგრეცა იგინი იყვნეს მსგავს და შენ მსგავს მათა ხარ, ხატნი მათნი ეგრე იყვნეს, ვითარცა ძენი მეფეთანი.
19 გედეონმა უთხრა: ჩემი ძმები იყვნენ ისინი, ჩემი დედის შვილები. უფალს გეფიცებით, ისინი რომ ცოცხალი დაგეტოვებინათ, არც თქვენ დაგხოცავდით. 19 და ჰრქუა მათ გედეონ: ძმანი ჩემნი იყვნეს და ძენი დედისა ჩემისანი. ცხოველ არს უფალი, უკუეთუმცა არა მოგეწყჳდნეს იგინი, არამცა მოგწყჳდენ თქუენ.
20 უბრძანა იეთერს, თავის პირმშოს: ადექი და დახოცე ესენი! მაგრამ ბიჭმა ვერ გაბედა მახვილის ამოღება, რადგან ჯერ ყმაწვილი იყო. 20 და ჰრქუა გედეონ იეთერს, ძესა თჳსსა: აღდეგ და მოწყჳდენ ეგენი! და ვერ იჴადა ყრმამან მახჳლი შიშითა, რამეთუ ყრმაღა იყო.
21

უთხრეს ზებახმა და ცალმუნაყმა: ადექი და შენ თვითონ დაგვხოცე, რადგან სხვა არის ვაჟკაცის ღონე. ადგა გედეონი, დახოცა ზებახი და ცალმუნაყი და კისრიდან ჩამოხსნა ნახევარმთვარეები მათ აქლემებს.

21

და ჰრქუა მას ზებეე და სალმანა: აღდეგ შენ და მომწყჳდენ ჩუენ! რამეთუ ვითარცა კაცი, ეგრეცა ძალი მისი არს და აღდგა გედეონ და მოწყჳდნა ზებეე და სალმანა. და მოიღო მანიაკები იგი, რომელ იყო ყელსა აქლემებსა მათსა.

22 უთხრეს ისრაელიანებმა გედეონს: იბატონე ჩვენზე შენც, შენმა შვილმაც და შენმა შვილთაშვილმაც, რადგან შენ გვიხსენი მიდიანის ხელთაგან. 22 ჰრქუეს კაცთა ისრაჱლისათა გედეონს: მთავრობდ შენ ჩუენ ზედა და ძენი შენნი, და ძენი ძეთა შენთანი, რამეთუ შენ განმარინენ ჩუენ ჴელთაგან მადიამისათა.
23 გედეონმა უთხრა: მე ვერ ვიბატონებ თქვენზე და ვერც ჩემი შვილი იბატონებს თქვენზე, უფალმა იბატონოს თქვენზე! 23 და ჰრქუა მათ გედეონ: არა გმთავრობდე მე თქუენ ზედა, არცა გმთავრობდეს თქუენ ძე ჩემი, არამედ უფალი გმთავრობდეს თქუენ.
24 უთხრა მათ გედეონმა: ოღონდ ერთსა გთხოვთ, ყველამ თითო საყურე მომეცით თქვენი დავლიდან. რადგან ოქროს საყურეებს ატარებდნენ, რადგან ისმაელიანები იყვნენ. 24 და ჰრქუა მათ გედეონ: ვითხოვ მე თქუენგან თხოვასა ერთსა: მომეცინ კაცად-კაცადმან თქუენმან საყური ერთი ნატყუენავისაგანი! რამეთუ საყური ოქროსაჲ ესხა მათ, რამეთუ ისმაიტელ იყვნეს.
25 მათ უთხრეს: მოგცემთ. გაშალა წამოსასხამი და ყველამ თითო საყურე დააგდო ზედ თავისი დავლიდან. 25 და ჰრქუეს მათ: მიცემით მიგცეთ და განიპყრნა გედეონ სამოსელნი თჳსნი და შთაუგდებდა კაცად-კაცადი მუნ საყურსა ოქროჲსასა ნატყუენავისა მისგან.
26 ათას შვიდას შეკელს იწონიდა გამოთხოვილი ოქროს საყურეები. მიდიანის მეფეებისათვის ართმეული ნახევარმთვარეები, ბალთები და ძოწეული, მათი აქლემების კისრებიდან ჩამოხსნილი ოქროს ძეწკვები კიდევ სხვა იყო. 26 და იყო სასწორი საყურებისაჲ მის ოქროჲსა, რომელ ითხოვა მათგან ათას და შჳდას სასწორ, თჳნიერ მანიაკებისა მის და მძივისა და სამოსლისა ძოწეულისა. და რაჲ-იგი იყო მეფეთა მათ მადიამისათაჲ, გარნა ფარიელებისა მის, რომელ-იგი იყო ყელსა აქლემებსა მათსა.
27 ამათგან ეფოდი გააკეთა გედეონმა და თავის ქალაქში, ყოფრაში გამოფინა. უზნეობდა იქ მთელი ისრაელი მის კვალზე და მახედ ექცა იგი გედეონსა და მის სახლს. 27 და შექმნა იგი გედეონ ევფუთად და დადგა იგი ქალაქსა თჳსსა ეფრაას, და მიიქცა ყოველი ისრაჱლი მსახურებად მუნ და ექმნა იგი გედეონს სახლსა მისსა საცთურ დიდ.
28 დაემორჩილა მიდიანი ისრაელიანებს, თავი აღარ წამოუწევია მას მერე და დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი გედეონის სიცოცხლეში. 28 და დამდაბლდა მადიამი წინაშე ძეთა ისრაჱლისათა. და ვერღარა შესძინეს აღებად თავისა მათისა. და დამშჳდნა ქუეყანაჲ ორმეოც წელ დღეთა გედეონისთა.
29 წავიდა იერუბაალი, იოაშის ძე, და ცხოვრობდა თავის სახლში. 29 და წარვიდა იერობოალ, ძე იოასისი, ესე თავადი არს გედეონ, და დაემკჳდრა სახლსა თჳსსა.
30

სამოცდაათი ვაჟი ჰყავდა გედეონს, მისი საზარდულიდან გამოსული, რადგან მრავალი ცოლი ესვა.

30

და გედეონისნი იყუნეს ძენი სამეოცდაათ, რომელნი გამოსრულ იყუნეს წყჳლთაგან მისთა, რამეთუ ცოლნი მრავალნი ესხნეს მას.

31 შექემელი ხარჭისგანაც შეეძინა ვაჟი და დაარქვა აბიმელექი. 31 და ხარჭმან მისმან, რომელი იყო საკიმას, უშვა მას მანცა ძე და უწოდა სახელი მისი აბიმელექ.
32 მოკვდა გედეონი, იოაშის ძე, კეთილ სიბერეში და დაიმარხა მამამისის, იოაშის სამარხში, აბიყეზერის ყოფრაში. 32 და მოკუდა გედეონ, ძე იოასისი, სიბერითა კეთილითა და დაეფლა საფლავსა იოასისსა მამისა თჳსისასა ეფრაას, მამისა ეზრისსა.
33 გედეონის სიკვდილის შემდეგ უზნეობდნენ ისრაელიანები ბაალის კვალზე და ღმერთად დაისახეს ბაალბერითი. 33 და იყო, ვითარცა მოკუდა გედეონ, გარდაიქცეს ძენი ისრაჱლისანი, და ისიძვიდეს კუალსა ბაალიმისსა და დაიდვეს თავისა თჳსისა ბალბერეთის თანა აღთქმაჲ, რათა იყოს იგი მათდა ღმერთად.
34 აღარ გაიხსენეს ისრაელიანებმა უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც იხსნა ისინი ყველა გარეშემო მტრის ხელიდან. 34 და არა მოიჴსენეს ძეთა ისრაჱლისათა უფალი ღმერთი მათი, რომელმან იჴსნნა იგინი ჴელთაგან მტერთა მათთასა გარემოჲს.
35 არც იერუბაალ-გედეონის სახლს მიაგეს მადლი ყველა იმ სიკეთისთვის, რაც მან გაუკეთა ისრაელს. 35 და არა ყვეს წყალობაჲ სახლსა იერობოალისსა, ესე იგი არს გედეონ ყოვლისა მისებრ, რომელ ყო კეთილი ისრაჱლსა თანა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე