ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ოსია წინასწარმეტყველი

თავი მეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როცა ყრმა იყო ისრაელი და მიყვარდა იგი, ეგვიპტიდან გამოვიხმე ჩემი ძე.

1

ცისკარს განაგდეს, განიგდო მეფე ისაჱლისაჲ, რამეთუ ჩჩჳლ იყო ისრაჱლ, და მე შევიყუარე იგი და ეგჳპტით გარდამოუწოდე ძესა ჩემსა,

2 რაც უფრო ვუხმობდი მას, მით უფრო გარბოდა ჩემგან, რომ მსხვერპლი შეეწირა ბაალებისთვის და კერპებისთვის საკმეველი ეკმია. 2 ვითარცა გარდამოუწოდე მათ, ეგრეთ წარწყმდენ პირისაგან ჩემისა. იგინი ბაალიმსა უგებდეს და ქანდაკებულთა უკუმევდეს.
3 მე ვასწავლე ეფრემს სიარული; ჩემს მკლავებზე მყავდა აყვანილი, მაგრამ არ იცოდნენ, რომ ვკურნავდი 3 და მე შევაბრკოლე ეფრემ, აღვიღე იგი მკლავსა ჩემსა ზედა და არა ცნეს, ვითარმედ განვჰკურნებდ მათ.
4 ვიზიდავდი მათ ადამიანური გრძნობის საკვრელებით, სიყვარულის ძაფებით; ლაგმის ჩამომგდებივით ვიყავი მათთვის მათი ყბებიდან, მათზე ვიყავი გადმოხთილი და ვკვებავდი მათ. 4 განხრწნილებასა შინა კაცთასა, მორთხმულ ვყვენ იგინი საკრველთა მიერ შეყუარებისა ჩემისათა, და ვიყო მე მათდა, ვითარცა მყურიმლავი კაცი ღაწუთა ზედა მისთა. და მე ვიხილო მისდამი, შეუძლო მას.
5 არ გაბრუნებულან ეგვიპტის ქვეყნისკენ, მაგრამ აშური იქნება მათი მეფე, რადგან არ ინდომეს ჩემსკენ მობრუნება. 5 დაეშენა ეფრემ ეგჳპტეს შინა და ასურ იგი მეფე მათდა, რამეთუ არა ინება უკმოქცევაჲ.
6 მახვილი დატრიალდება მის ქალაქში და მუსრს გაავლებს მის მრჩევლებს. შთანთქავს მათ ავი განზრახვების გამო. 6 და მოუძლურდა მახჳლისა მიერ შორის ქალაქთა მისთა, და დასცხრა ჴელთა შინა მისთა, და ჭამდენ გულისზრახვათაგან მათთა.
7 მიდრეკილია ჩემგან განდგომად ჩემი ერი, უღლისკენ მოუწოდებენ, მაგრამ არავინ გადმოუგდებს მას. 7 და ერი მისი დამოკიდებულ მსხემობისაგან მისისა, და ღმერთი პატიოსანთა მისთა ზედა განმწყრალდეს და არ აღამაღლოს იგი.
8 როგორ გაგიმეტო, ეფრემ? როგორ გაგწირო, ისრაელ? როგორ გაგიმეტო ადმასავით? როგორ მოგექცე ცებოიმივით? გადამიბრუნდა გული, ერთიანად ამიტანა სიბრალულმა. 8 რაჲ აღგითქუა შენ, ეფრემ? შეგეწიო შენ, ისრაილ? რაჲ აღგითქუა შენ, ვითარცა ადამაჲ, და დაგდვა შენ მე, ვითარცა სევოიმი. გარდაიქცა გული ჩემი მებრ მის შორის. შეშფოთნა შენანება ჩემი.
9 აღარ ავინთები რისხვით, აღარ აღვიძრები ეფრემის დასაღუპად, რადგან ღმერთი ვარ მე და არა კაცი; მე წმიდა ვარ თქვენს შორის და რისხვით არ მოვალ. 9 არა ვყო რისხვისაებრ გულისწყრომისა ჩემის და არა დაუტეო აღჴოცად ეფრემი მით, რამეთუ ღმერთი ვარ მე, და არა კაცი შენ შორის წმიდაჲ და არა შევიდე ქალაქად.
10 უფალს გაჰყვებიან; ლომივით ბრდღვინავს ის და როცა დაიწყებს ბრდღვინვას, შიშით წამოვლენ დასავლეთიდან შვილები. 10 შემდგომად უფლისა ვიდოდი, ვითარცა ლომი იბრდღუენდეს, რამეთუ იგი მუღროოდის და განჰკრთენ შვილნი წყალთანი,
11 შიშით წამოვლენ, როგორც ჩიტები, ეგვიპტიდან და, როგორც მტრედები, აშურის ქვეყნიდან; და დავასახლებ მათ თავიანთ სახლებში, ამბობს უფალი. 11 განჰკრთენ ვითარცა მფრინველი ეგჳპტით გამო და ვითარცა ტრედი ქუეყანით გამო ასსურასტანელთაჲთ, და კუალად ვაგნე იგინი სახლთავე მათთა, - იტყჳს უფალი, - მომიცვა მე ტყუილით ეფრემ და უთნოობით სახლმან ისრაჱლისამან და იუდაჲსამან. აწ იცნნა იგინი ღმერთმან და ერი წმინდა ეწოდოს ღმრთისაჲ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე