ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ოსია წინასწარმეტყველი

თავი მეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ნუ მხიარულობ ისრაელო, ნუ ილხენ სხვა ხალხებივით, რადგან ბოზობ შენი ღმერთისგან განმდგარი; საჩუქრები გირჩევნია ყველა კალოს პურს.

1

ნუ იხარებ, ისრაჱლ, ნუ იშუებ, ვითარცა ერნი შენნი, რამეთუ განჰმეძვენ ღმრთისაგან შენისა. შეიყუარენ საცემელნი ყოველთა ზედა კალოსა იფქლისასა.

2 კალო და საწნახელი არ გამოკვებავს მათ და ღვინო უმტყუნებს მათ. 2 კალომან და საწნეხელმან არა იცნნა იგინი და ღჳნომან უტყუა მათ.
3 არ იცხოვრებენ უფლის ქვეყანაში; ეფრემი ეგვიპტეში დაბრუნდება და უწმიდურს შეჭამენ აშურში. 3 არა დაემკჳდრნეს ქუეყანასა შინა უფლისასა. დაემკჳდრა ეფრემ ეგჳპტესა და ასსურასტანელთა შორის, არაწმიდათა ჭამდენ,
4 არ დაუღვრიან უფალს ღვინოს და თავიანთი მსხვერპლით არ აამებენ მას; მათი პური მგლოვიარეთა პურივით იქნება; ყოველი მისი მჭამელი გაუწმიდურდება, რადგან ეს პური მხოლოდ მათთვის არის, და არ შედის საუფლო სახლში. 4 არ აღუფქურიეს უფალსა ღჳნოჲ და არა დაუტკბნეს მათ მსხვერპლნი მათნი, ვითარცა პურთა გლოისა მათისათა. ყოველნი მჭამელნი მათნი შეიგინნენ მით, რამეთუ პურნი მათნი სულთა მათთანი არა შევიდენ სახიდ უფლისა.
5 რას იზამთ დღესასწაულის დღეს და საუფლო ზეიმის დღეს? 5 რაჲ ჰყო დღესა შინა კრებისასა და დღესა შინა დღესასწაულისა უფლისასა?
6 რადგან, აჰა, წაუვლენ აოხრებას, მაგრამ ეგვიპტე თავს მოუყრის მათ და მოფი დამარხავს მათ; მისი ვერცხლეულის საგანძურს ეკალ-ბარდები დაიმკვიდრებენ და ნარ-ეკალი ამოვა მის კარვებში. 6 ამისთჳს, აჰა, ვიდოდიან საარებისაგან ეგჳპტედ და ელოდის მათ მემფი. და დაფლნეს იგინი მაქმამან. ვეცხლი მათი მოსასრველმან დაიმკჳდროს, ეკალნი კარვებთა შორის მათთა.
7 დადგა განკითხვის დღეები, დადგა ნაცვალგების დღეები. იცოდეს ისრაელმა! ბრიყვი იყო წინასწარმეტყველი, შეშლილი იყო სულის კაცი, შენს დიდ ცოდვებზე და დიდ მტრობაზე რომ ლაპარაკობდა? 7 მოიწინეს დღენი შურის-გებისანი, მოიწინეს დღენი ნაცვლის-გებისა შენისანი და შეჰავნეს ისრაჱლნი, ვითარცა წინაწარმეტყუელი განკთომილი, კაცი სულშემოსილი, სიმრავლისაგან სიცრუეთა შენთასა განმრავლდა სიცბილი.
8 ეფრემის - ჩემი ღმერთის ერის მცველი წინასწარმეტყველია. ყველა გზაზე ხაფანგია დაგებული და მხოლოდ მტრობაა მისი ღმერთის სახლში. 8 მსტუარი ეფრემ ღმრთისა თანა წინაწარმეტყუელი, მახე გულარძნილი ყოველთა ზედა გზათა მისთა, ბორგაჲ სახლსა შინა ღმრთისასა დაამტკიცეს.
9 ღრმად გაირყვნენ, როგორც გიბყას დღეებში; მაგრამ ის გაიხსენებს მათ უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს. 9 განიხრწნნეს დღეთა მათებრ ბორცჳსათა, მოიჴსენნეს უსამართლოებანი მათნი, შურ-იგოს ცოდვათა მათთა,
10

ყურძენივით ვიპოვე უდაბნოში ისრაელი; როგორც პირველი ნაყოფი ლეღვის ხეზე, როგორც მისი ნათავარი, ისე მივიჩნიე თქვენი მამა-პაპა; მაგრამ ბაყალ-ფეღორთან წავიდნენ ისინი, სირცხვილს შესწირეს თავი და ვინც შეიყვარეს, მათსავით საძაგლები შეიქნენ.

10

ვითარცა ყურძენი უდაბნოს ზედა, ვიპოე ისრაჱლი და, ვითარცა მსტუარი ლეღუსა მსთუადი, მამანი მათნი ვიხილენ. იგინი შევიდეს ბეელფეგორის მიმართ, და უცხო იქმნეს სირცხჳლად და იქმნნეს მოძულებულნი, ვითარცა შეყუარებულნი.

11 ეფრემი - ჩიტივით გაფრინდება მისი დიდება! არც შობა, არც ორსულობა, არც მუცლადღება! 11 ეფრემ, ვითარცა მფრინველი, განფრინდა, დიდებანი მათნი შობისაგან და ლმობათა და მიდგომილებათა
12 თუმცა გაზრდიან შვილებს, მაგრამ წავართმევ მათ; ერთი კაციც აღარ დარჩება; და ვაი მათ, თუ მივატოვე! 12 მით, რამეთუ, უკუეთუ განზარდნენ შვილნი მათნი, უშვილო იქმნენ კაცთაგან. ამისთჳს ვაჲ მათდა არს ჴორცი ჩემი მათგან.
13 ეფრემი ვიხილე როგორც მდელოზე დარგული ტვიროსი; მაგრამ ეფრემი მკვლელს გაუყვანს თავის შვილებს. 13 ეფრემ, ვითარსახედ ვიხილე, სანადიროდ წარმოუდგა ყრმათა მათთა, და ეფრემ განყუანებად განსაწერტელად შვილთა მისთა
14 მიეცი მათ, უფალო, რაც უნდა მიგეცა; მიეცი მოწყვეტილი მუცელი და გამშრალი მკერდი. 14 მიეც მათ, უფალო, რაჲ მისცე მათ? მიეც მათ საშოჲ უშვილოჲ და ძუძუნი ჴმელნი.
15 გილგალშია მთელი მათი ბოროტება; იქ შევიძულე ისინი მათი ავი საქმეების გამო; ჩემი სახლიდან გავყრი მათ და აღარასოდეს შევიყვარებ; განდგომილია ყველა მისი მთავარი. 15 ყოველი უკეთურებაჲ მათი გალგალას შინა, რამეთუ მუნ მოვიძულნე იგინი, უკეთურებათათჳს სიმარჯუეთა მათთაჲსა სახლისაგან ჩემისა განვჴადნე იგინი, არღარა შევსძინო შეყუარებად მათდა. ყოველნი მთავარნი მათნი ურჩ არიან.
16 დაჩეხილია ეფრემი, გამხმარია მისი ფესვები, აღარ გამოიღებს ნაყოფს; კიდეც რომ შობონ, მოვაკვდინებ მათი საშოს სანატრელ ნაშიერს. 16 ელმოდეს ეფრემს ძირნი მისნი. განჴმა არღა მერმე არგამოღებად ნაყოფი მით, რამეთუ უკეთუ შვნენ, მო-ვე-ვსწყუედ გულისსათქმელთა მუცლისა მათისათა.
17 მოიშორებს მათ ჩემი ღმერთი, რადგან არ გაუგონეს მას; და ხალხთა შორის ხეტიალს მოჰყვებიან. 17 განიშორებს მათ ღმერთი, რამეთუ არ შეისმინეს მისი, და იყუნენ ცთომილებ წარმართთა შორის.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე