ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ქებათა-ქება სოლომონისა

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ვეძებე ღამით ჩემს სარეცელზე ჩემი სულის შეყვარებული, ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე.

1

სარეცელთა ჩემთა ზედა ღამე ვეძიებდ, რომელი შეიყუარა სულმან ჩემმან, ვეძიებდ მას, და არა ვპოვე იგი. ვხადოდე მას, და არა ჴმა-მცა მე.

2 ავდგები-მეთქი და მოვივლი ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს. მოვძებნი-მეთქი ჩემი სულის შეყვარებულს. ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე. 2 აღვდეგ და მოვლენ ქალაქნი, უბანნი და ურაკპარაკნი და ვეძიებდ, რომელმან შეიყუარა სული ჩემი, ვეძიებდი და არა ვპოე.
3 შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი. ხომ არ გინახავთ ჩემი სულის შეყვარებული? 3 მპოვეს მე მცველთა, რომელნი მოჰვლიდეს ქალაქსა. სიძე ეტყჳს მცველთა ქალაქისათა: ნუუკუე იხილეთა, რომელი შეიყუარა სულმან ჩემმან?
4 ოდენ განვშორდი, ვიპოვე ჩემი სულის შეყვარებული; დავიჭირე იგი და აღარ გავუშვი, ვიდრე არ შევუძეღ დედაჩემის სახლში და ჩემი მშობლის გალიაკში. 4 ვითარცა კნინ წარვლე მათგან, ვპოვე, რომელი შეიყუარა სულმან ჩემმან. პოვა სიძემან და ეტყჳს სძალსა: შევიპყარ იგი და არა განუტევე იგი, ვიდრემდის შევიყვანე იგი სახლსა დედისა ჩემისასა და საუნჯეთა მშობელისა ჩემისათა.
5 გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს! 5 ქალწულთა აფუცა მეორედ სძალმან და ეტყჳს: გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალიმისანო, ძალთა და სიმტკიცეთა აგარაკისათა, და უკუეთუ აღადგინოთ და განაღჳძოთ სიყუარული, ვიდრემდისცა ინებოს.
6 ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, ვით სვეტი კვამლისა, მურრითა და გუნდრუკით კმეული და მენელრცხებელთა ყოველი სურნელით? 6 სიძე იტყჳს სძლისათჳს: ვინ არს, რომელი აღმოვალს უდაბნოთ, ვითარცა რტოჲ, კუამლი საკუმეველისა, მური და გუნდრუკი ყოველთაგან მტუერთა მენელსაცხებლეთასა?
7 აჰა, სოლომონის სარეცელი: სამოცი ძლიერი მის გარშემოა, ძლიერთაგან ისრაელისა. 7 ასულნი იტყჳან: ესერა, აჰა, ესერა, ცხედარი სოლომონისი და სამეოცნი ძლიერნი გარემოს მისსა ძლიერთაგან ისრაჱლისათა.
8 თითოეულს მახვილი უპყრია, გაწვრთნილნი არიან საბრძოლველად, გვერდზე ჰკიდია თითოეულს მახვილი ღამეული შიშის გამო. 8 ყოველთა უპყრიეს მახჳლნი, წურთილნი ბრძოლასა. კაცი და მახჳლი მისი წელთა მისთა შიშისათჳს და განკრთომისა ღამესა შინა.
9 ტახტრევანი გაიკეთა მეფე სოლომონმა ლიბანის ძელთაგან. 9 გავალაკი იქმნა მეფემან სოლომონ ძელთაგან ლიბანისათა.
10 სვეტები მისი ვერცხლისგან შექმნა. სანიდაყვენი - ოქროსაგან, საყდარი - მეწამული ქსოვილისაგან, შიგნიდან სიყვარულით მოქარგეს იერუსალიმის ასულებმა. 10 სუეტნი შექმნნა ვეცხლისანი და კამარა მისი დრეკილი ოქროჲსა, აღსავალი მისი - პორფირი, იატაკი მისი - ქვაფენილ, სიყუარული ასულთაგან იერუსალიმისათა.
11 გამოდით, ასულნო სიონისა, და იხილეთ მეფე სოლომონი გვირგვინითურთ, რომლითაც დედამ დააგვირგვინა იგი მისი ქორწილისა და გულის სიხარულის დღეს. 11 განვედით და იხილეთ, ასულნო სიონისანო, მეფე სოლომონ გჳრგჳნითა მით, რომლითა გჳრგჳნოსან-ყო იგი დედამან მისმან დღესა მას სიძობისა მისისასა და დღესა სიხარულისა გულისა მისისასა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე