ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ქებათა-ქება სოლომონისა

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! შენი თვალები ორი მტრედია შენს პირბადის ქვეშ. შენი თმა არვეა თხათა, გალაადის მთიდან დაშვებული.

1

სიძე იტყჳს სძლისა მიმართ: აჰა, ეგერა, შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო; აჰა, ეგერა, შუენიერ ხარ. თუალნი შენნი ტრედ არიან გარეშე დუმილისა მაგის შენისა. თმა შენი - ვითარცა არვე თხათაჲ, რომელნი გამოჩნდეს გალადით,

2 შენი კბილები გაპარსული ცხვარია, საბანელით ამომავალი, თითოეული ტყუბ-ტყუბად მსხმელი და ბერწი არ არის მათ შორის. 2 კბილნი შენნი - ვითარცა არვე მორისულთაჲ, რომელნი აღმოჴდეს საბანელით, ყოველნივე ორთმსხმელნი და ბერწი არა არს მათ შორის.
3 შენი ბაგეები ძოწის ძაფია და შენი პირი - საამური. შენი ღაწვები ბროწეულის ლებნებია შენს პირბადის ქვეშ. 3 ვითარცა საბელი ძოწემული, ბაგენი შენნი და სიტყუაჲ შენი შუენიერ, ვითარცა ნაქურცენი ბროწეულისა, საკეთენი შენნი გარეშე დუმილისა მაგის შენისა;
4 შენი ყელი დავითის გოდოლია, აგებული საჭურველთათვის. ათასი ფარი ჰკიდია მასზე, ძლევამოსილთა ყოველი ფარი. 4 ვითარცა გოდოლი დავითისი - ქედი შენი, რომელი-იგი აღშენებულ არს თალპიოდს, ათასი ფარი დამოკიდებულ არს ზედა და ყოველი ისარი ძლიერთაჲ.
5 ორი ძუძუ შენი ორი თიკანია ნიამორისა, მარჩბივი, მძოვარი შროშანთა შორის. 5 ორნი ძუძუნი შენნი, ვითარცა ორნი თიკანნი მარჩბივნი ქურციკისანი, რომელნი ძოვედ შორის შროშანთა.
6 ვიდრეღა სუნთქავს დღე და იძვრიან ჩრდილები, ავალ მურრის მთაზე და გუნდრუკის ბორცვზე. 6 ვიდრე დღისა შერიჟუებადმდე და აჩრდილთა შეძრვად მე თჳთ მივიდე მთასა მურისასა და ბორცუსა გუნდრუკისასა.
7 ყოვლად მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, და უბიწო! 7 ყოვლად შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო, და ბიწი არა არს შენ თანა.
8 წამო, ლიბანიდან, სძალო! წამო ლიბანიდან ჩემთან! წამოდი ამანას მწვერვალით, სენირისა და ჰერმონის მწვერვალით, ლომთა ბუნაგთაგან, ვეფხთა მთებიდან. 8 მოვედ, სძალო, ლიბანით, მოვედ ლიბანით. მოხჳდე და წარმოჰვლო დასაბამით სარწმუნოებისათ თხემსა ზედა სანარისა და ერმონისასა საყოფელთაგან ლომთასა და მთათაგან ვეფხთასა.
9 შენ დაატყვევე ჩემი გული, ო, სძალო, დაო ჩემო! ერთი შეხედვით, შენი ყელსაბამის ერთი მძივით! 9 გუასურვე ჩუენ, დაო ჩუენო, სძალო, გული. გუალმე ჩუენ ერთითა თუალთა შენთათა და ერთითა მძივითა ყელისა შენისათა.
10 რაოდენ საამოა შენი ალერსი, სძალო, დაო ჩემო! რაოდენ ტკბილია შენი ალერსი, ღვინის უმჯობესი! 10

რაბამ განშუენდეს ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა, დაო ჩემო, სძალო. რავდენ განშუენდეს ძუძუნი შენნი ღჳნისაგან და სული მიჰრონთა შენთა უფროს ყოველთა ნელსაცხებელთა.

11 გოლი მოსწვეთს შენს ბაგეებს, სძალო! თაფლი და რძეა შენი ენის ქვეშ; შენი სამოსელის სურნელი ლიბანის სურნელია! 11 თაფლი დამოსწუთის ბაგეთა შენთა, სძალო, თაფლი და სძე ქუეშე ენასა შენსა და სულნელებაჲ სამოსელთა შენთა, ვითარცა სულნელებაჲ ლიბანისა.
12 ბაღი ხარ დახშული, სძალო, დაო ჩემო, ჭა დაგმანული, წყარო დაბეჭდილი. 12 მტილი მოკრძალულ არს დაჲ ჩემი, სძალი, მტილი დაჴშული და წყაროჲ დაბეჭდული.
13 შენი ნარგავები ბროწეულის ბაღია, რჩეული ნაყოფებით - ქოფერითა და ნარდიონით, 13 მოციქულებანი შენნი - სამოთხე ბროწეულთა ნაყოფისა თანა ხეთა ხილნარისასა, კჳპარი ნარდიონითურთ.
14 ნარდით და ზაფრანით, ლერწმით და კინამოთი, ყოველგვარი გუნდრუკის ხითურთ, მურრით და ალოეთი, ყოველგვარი რჩეული სურნელებით. 14 ნარდიონი და ქურქუმაჲ, საკუმეველი, ლერწმისა და კინამოჲ, ყოველთა თანა ხეთა ლიბანისათა, მური და ალოჲ ყოველთა თანა პირველთა ნელსაცხებელთა.
15 ბაღების წყარო, ჭა ცხოველი წყლისა და ნაკადულნი, ლიბანიდან მომდინარენი. 15 წყაროჲ, მტილი და ჯურღმული წყლისა ცხოველისა და მსწრაფლგამომავალისა ლიბანით.
16 აღდეგ ჩრდილოდან, ქარო, მოვედ სამხრით, ქარო, მოჰბერე ბაღსა ჩემსა, დაე, სურნელებით ფშვენდნენ! მოვიდეს თავის ბაღში მეტრფე ჩემი და იგემოს მისი სანატრელი ხილი! 16 სძალი იტყჳს: აღდეგ, ჩრდილოო, და მოვედ, ბღუარო, მოჰბერე მტილსა ჩემსა და დიოდენ ნელსაცხებელნი ჩემნი. სძალი ევედრების სიძესა და ეტყჳს: შთაჴედინ ძმისწული ჩემი მტილსა თჳსსა და ჭამენ ხილნარი ნაყოფთა თჳსთა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე