ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ქებათა-ქება სოლომონისა

თავი მეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სად წავიდა მეტრფე შენი, უმშვენიერესო ქალთა შორის? საით მიიქცა მეტრფე შენი?

   
2 თავის ბაღში ჩავიდა მეტრფე ჩემი, სურნელოვან კვლებში, ბაღებში სამწყესად, შროშანთა დასაკრეფად. 1 მიმგებელმა თქუა: ძმისწული ჩემი შთავიდა მტილსა თჳსსა წედთა მათ საკუმეველისა, მწყსად შორის მტილთა დაკრებად შროშნისა.
3 მე ჩემი მეტრფისა ვარ და ჩემია მეტრფე ჩემი, რომელიც მწყესავს შროშანთა შორის. 2 მე ძმისწულისა ჩემისა და ძმისწული ჩემი ჩემდა, რომელი ჰმწყსის შორის შროშანთა.
4 მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, თირცასავით და სანატრელი - იერუსალიმივით! საშინელი - ბაირაღებით მორთული ბანაკივით! 3 სიძე ეტყჳს სძლისა მიმართ: კეთილ ხარ, მახლობელო ჩემო, ვითარცა სათნოებაჲ, შუენიერ ხარ, ვითარცა იერუსალიმი, საკჳრველ, ვითარცა დაწესებულნი.
5 მიაქციე თვალები ჩემგან, რადგან მატყვევებენ! შენი თმები თხათა არვეა, გალაადიდან დაშვებული. 4 მიდრკენ თუალნი შენნი წინაშე ჩემსა, რამეთუ ამათ ფრთოვან- მყვეს მე. თმაჲ შენი, ვითარცა სამწყსოჲ თხათაჲ, რომელნი გამოჩნდეს გალადით;
6 კბილები შენი ცხვრის ფარაა, საბანელით ამომავალი; ყველანი ტყუბტყუბად მსხმელნი არიან და ბერწი არ არის მათ შორის. 5 კბილნი შენნი, ვითარცა არვე მორისულთა, რომელნი აღმოვიდეს საბანელით, ყოველნი ორთმსხმელ და ბერწი არა არს მათ შორის;
7 ღაწვები შენი ბროწეულის ლებნებია შენს პირბადის ქვეშ. 6 ვითარცა საბელი ძოწეული, ბაგენი შენნი, და სიტყუაჲ შენი შუენიერ, ვითარცა ნაქურცენი ბროწეულისაჲ, სიკეთენი შენნი გარეშე დუმილისა მაგის შენისა.
8 სამოცი დედოფალია, ოთხმოცი ხარჭა და ურიცხვი ქალწული; 7 სამეოცნი არიან დედოფალნი და ოთხმეოც ხარჭნი, და ქალწულნი, რომელთა არა არს რიცხჳ.
9 ეს კი ერთადერთია, მტრედი ჩემი, უბიწო ჩემი; ეს ერთადერთია დედამისისთვის, გამორჩეულია მისი მშობლისათვის. იხილეს ქალწულებმა და ბედნიერად შერაცხეს იგი. 8 ერთ არს ტრედი ჩემი, სძალი ჩემი, ერთ არს დედისა თჳსისა. რჩეულ არს მშობლისა თჳსისა. იხილეს იგი ასულთა და ჰნატრეს მას. დედოფალთა და ხარჭთა აქეს იგი.
10 ვინ არის იგი, ცისკარივით აღმომჭვრეტელი, მთვარისებრ მშვენიერი და მზისებრ ნათელი? და საშინელი როგორც ბაირაღებით მორთული ბანაკი? 9 ასულთა და დედოფალთა იხილეს სძალი და ჰნატრეს მას: ვინ არს ესე, რომელი ბრწყინავს, ვითარცა ცისკარი, შუენიერ, ვითარცა მთოვარე, რჩეულ, ვითარცა მზე, საკჳრველ, ვითარცა განწესებულნი?
11 ჩავედი ნიგვზნარში, რომ მენახა მწვანე ჭალები; მენახა, თუ აყვავდა ვაზი, თუ გაიფურჩქნა ბროწეული. 10 სიძე ეტყჳს სძალსა: მტილსა ნიგუზოვანთასა შთავედ ნაშობი ღუარისაჲ ხილვად, უკუეთუ აღყუავნა ვენაჴი, აღყვავნეს ბროწეულნი.
12 არ მეგონა, თუ გამიწევდა გული ჩემი ხალხის დიდებულთა ეტლებისკენ. 11 სძალი ეტყჳს სიძესა: მუნ მოგცნე ძუძუნი ჩემნი შენ. ვერ ცნა სულმან ჩემმან, დამდვა მე ეტლად ამინადაბისა.
    12 ასულნი და დედოფალნი ეტყჳან სძალსა: მოაქციე, მოაქციე, სულამიტელო! მოაქციე, მოაქციე და გიხილოთ შენ!

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე