ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ქებათა-ქება სოლომონისა

თავი მეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მობრუნდი, მობრუნდი, სულამით, მობრუნდი, მობრუნდი, რომ გიცქერდეთ შენ! რად უცქერით სულამითს როგორც მახანაიმის ფერხისაის?

1

ასულნი და დედოფალნი ეტყჳან სიძესა: რასა ჰხედავთ, სულამიტელნო? შორის მომავალი, ვითარცა მწყობრი ბანაკთა.

2 როგორ გამშვენდნენ შენი ფეხები შენს ხამლებში: ზეპურო ასულო! თეძოთა სიმრგვალე მანიაკს გიგავს, შექმნილს ხელოვანის ხელით. 2 რაჲსა განშუენდეს კუალნი შენნი საჴამლობითა, ასულო ამინადიბისო? ნაწევრებულებაჲ წვივთა შენთაჲ, მსგავსი მელევანდისაჲ, ნაქმარ ჴელოვნისა.
3 შენი ჭიპი მრგვალი თასია, ღვინისაგან მოუკლებელი; შენი მუცელი ხორბლის ხვავია, შროშანთაგან გრემოცული. 3 უპე შენი - ტაკუკ წახნაგებულ, არამოკლებულ ზავებულისაგან; მუცელი შენი - ხუავი იფქლისაჲ, მოკრძალული შროშნითა;
4 ორი ძუძუ შენი ორი თიკანია ნიამორისა. მარჩბივნი. 4 ორნი ძუძუნი შენნი, ვითარცა ორნი მარჩბივნი თიკანნი ქურციკისანი;
5 შენი ყელი სპილოსძვლის გოდოლია; შენი თვალები ხეშბონის ტბორებია ბათ-რაბიმის კარიბჭეებთან; შენი ცხვირი ლიბანის გოდოლია, დამასკოს მიმართ მიქცეული. 5 კისერი შენი, ვითარცა გოდოლი პილოსძუალისაჲ; თუალნი შენნი, ვითარცა ტბანი ესებონისანი, ცხჳრნი შენნი, ვითარცა გოდოლი ლიბანისაჲ პირისპირ დამასკისა;
6 შენი თავი ქარმელის მთაა და ნათხზენი შენს თავზე სმეფო ძოწეული, კავებით შეკრული. 6 თავი შენი შენ ზედა, ვითარცა კარმელი და ნათხზენი თავისა შენისა, ვითარცა პორფირი, მეფე შეკრული თანაწარმვლელთა შორის.
7 რა მშვენიერი ხარ, რა სანატრელი, საყვარელო, მენი სიტკბოებით! 7 სიდიდე შენი ემსგავსა ფინიკსა და ძუძუნი შენნი ტევანთა.
8 შენი ტანი ფინიკის ხეა, შენი ძუძუნი - ვაზის მტევნები. 8 რაბამ განშუენდი და რაბამ დასტკბა სიყუარული შუებათა შენთა?!
9 ვთქვი: ავალ ფინიკზე და მის რტოებს მოვეჭიდები; შენი ძუძუნი იქნებოდნენ ვით ვაზის მტევნები და შენი ნესტოების სურნელი ვით ვაშლის სურნელი. 9 და ვთქუ: აღვიდე ფინიკსა და ვიპყრა სიმაღლე მისი. და იყვნენ ძუძუნი შენნი, ვითარცა ტევანნი ვენაჴისანი, და ორთქლი ცხჳრთა შენთა, ვითარცა ვაშლი,
10 შენი სასარჩეული ღვინოა, ჩემი მეტრფისკენ მიღვარული, მძინარეთა ბაგეების დამატკბობელი. 10 სასა შენი, ვითარცა ღჳნო კეთილი. მომვლელი ძმისწულისა მიერ ჩემისა სიწრფოებად, კმასაყოფელად ბაგეთა ჩემთა და კბილთა.
11 მე ჩემი მეტრფისა ვარ და ჩემკენ მოილტვის ისიც. 11 მე ძმისწულისა ჩემისა და ჩემდა მომართ მოქცევაჲ მისი.
12 მოდი, მეტრფევ ჩემო, გავიდეთ ველად, სოფლებში ვათიოთ ღამე; 12 მოვედ, საყუარელო ჩემო, განვიდეთ აგარაკად, ვიქცეოდეთ დაბათა შინა;
13 ავდგებოდით დილით სისხამზე ვენახთა მოსახილვად; ვნახავდით, თუ ყვავის ვაზი, თუ იშლება ვაზის კვირტები, თუ ყვავის ბროწეული; ჩემს ალერსს იქ მოგცემდი. 13 ვიმსთოთ ვენაჴთა შინა, ვიხილოთ, უკუეთუ აღყვავნა ვენაჴი, უკუეთუ აღყუავნა ბუტკოვნებაჲ, უკუეთუ აღყუავნეს ბროწეულნი. მუნ მოგცნე ძუძუნი ჩემნი შენ.
14 სურნელებით ფშვიან მანდრაგორები, ყოველგვარი ხილია ჩვენი კარის წინ - ახალი და ძველი. შენთვის მაქვს შენახული, მეტრფევ ჩემო. 14 მანდრაგორთა შენთა გამოსცეს სულნელებაჲ და კართა ზედა ჩუენთა შენნი მწუერვალნი ხეთანი, ახალნი ძუელთა თანა, რომელი მომცა დედამან ჩემმან, ძმისწულო ჩემო, დაგიმარხო შენ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე