ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

რიცხვნი

თავი მეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

1

და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2 გაიკეთე ორი ვერცხლის საყვირი, ჭედური გააკეთე ისინი, საზოგადოების შესაკრებად და ბანაკების ასაყრელად გქონდეს. 2 იქმნენ თავისი შენისა ორნი ნესტუნი, ჭედილნი ვეცხლისანი ჰქმნე იგინი და იყუნენ შენდა მოწოდებად კრებულისა და ტრვად ბანაკისა.
3 დააყვირებენ და შენთან შეიყრება მთელი საზოგადოება, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან. 3 და დაჰბეროს მით და შემოკრბეს ყოველი კრებული კარად კარვისა საწამებელისა.
4 როცა ერთხელ დააყვირებენ, შეიყრებიან შენთან თავკაცები - ისრაელიანთა ათასისთავები. 4 უკუეთუ ერთსა დაჰბეროთ, მოვიდოდიან შენდა მთავარნი იგი წინამძღუარნი ისრაჱლისანი.
5 დააყვირებენ საგანგაშოს და დაიძრებიან ბანაკები, აღმოსავლეთით დაბანაკებულნი. 5 და დაჰბეროთ საუწყებელად და იტრას ბანაკი იგი, რომელი დაბანაკებულ იყოს მზის აღმოსავალით,
6 მეორედ დააყვირებენ საგანგაშოს და დაიძრებიან ბანაკები, სამხრეთით დაბანაკებულნი; მათი დაძვრისათვის საგანგაშო დააყვირონ. 6 და დაჰბეროთ საუწყებელსა მას მეორესა და იტრას ბანაკი იგი, რომელი დაბანაკებულ იყოს ჩრდილოჲთ; და დაჰბერეთ საუწყებელითა მესამითა, იტრას ბანაკი იგი, რომელი დაბანაკებულ იყოს ზღჳთ კერძო; და დაჰბეროთ საუწყებელსა მას მეოთხესა და იტრას ბანაკი იგი, რომელი დაბანაკებულ იყოს ბღუარით. და საუწყებელსა დაჰბეროდიან ტრვასა მას მათსა.
7 საზოგადოების შესაყრელადაც დააყვირე, ოღონდ არა საგანგაშო. 7 და რაჟამს შეჰკრიბოთ კრებული, დაჰბეროთ და ნუ საუწყებელად.
8 აარონის შვილებმა, მღვდლებმა უნდა დააყვირონ საყვირებს. ეს იყოს სამარადისო წესი თქვენს თაობებში. 8 და ძეთა აჰრონისთა, მღდელთა, დაჰბეროდიან ნესტუებითა მით და იყოს იგი თქუენდა შჯულად საუკუნოდ ნათესავთა შორის თქუენთა.
9 როცა გახვალთ თქვენს ქვეყანაში მომხდურ მტერთან საბრძოლველად, ასტეხეთ განგაში საყვირებით და გახსენებული იქნებით უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე და გადაურჩებით თქვენს მტრებს. 9 უკუეთუ განხჳდეთ ბრძოლად მტერთა მათ თქუენთა ქუეყანასა მას თქუენსა და აუწყოდით ნესტუებითა მით და მოიჴსენნეთ წინაშე უფლისა და განერნეთ მტერთაგან თქუენთა.
10 სიხარულის დღეებში, დღესასწაულებზე და ახალმთავრობისას, როცა აღსავლენ და სამადლობელ მსხვერპლს სწირავთ, დააყვირეთ საყვირებს. თქვენს გასახსენებლად იქნება ეს თქვენი ღმერთის წინაშე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. 10 და დღესა სიხარულისა თქუენისათა და დღესასწაულთა და თთჳსთავთა თქუენთა დაჰბერით ნესტუებითა მით მსხუერპლთა თქუენთა ზედა და შესაწირავთა ცხორებისა თქუენისათა და იყოს თქუენდა მოსაჴსენებელ წინაშე ღმრთისა თქუენისა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
11

მეორე წლის მეორე თვეს, თვის მეოცე დღეს ასცილდა ღრუბელი მოწმობის სავანეს.

11

და იყო, წელსა მას მეორესა და თთუესა მეორესა, ოცსა თთჳსასა, აღიმაღლა ღრუბელმან კარვისა მისგან წამებისა.

12 დაიძრნენ ისრაელიანები სამგზავროდ სინაის უდაბნოდან და დადგა ღრუბელი ფარანის უდაბნოში. 12 და წარიტრნეს ძენი ისრაჱლისანი კარვითურთ მათით უდაბნოჲსა მისგან სინაჲსა და დადგა ღრუბელი იგი უდაბნოსა მას ფარანისასა.
13 დაიძრნენ პირველად უფლის ბრძანებისამებრ მოსეს წინამძღოლობით. 13 და იტრნეს პირველად სიტყჳთა უფლისათა ჴელითა მოსესითა.
14 იუდიანთა ბანაკის დროშა დაიძრა პირველად მათი ლაშქრებისდა მიხედვით. ლაშქარს სათავეში ედგა ნახშონ ყამინადაბის ძე. 14 და იტრა განწესებული ბანაკი ძეთა იუდაჲსთაჲ ძალითურთ მათით და ერსა მას ზედა მათსა - ნაასონ, ძე ამინადაბისი,
15 ისაქარიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ნათანიელ ცუყარის ძე. 15 და ერსა ზედა ტოჰმისა ძეთა ისაქარისთასა - ნათანიელ, ძე სოგარისი.
16 ზებულონიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ელიაბ ხელონის ძე. 16 და ერსა ზედა ტოჰმისა ძეთა ზაბულონისთა ელიაბ, ძე ქერონისი.
17 დაშალეს სავანე და დაიძრნენ გერშონიანები და მერარიანები, სავანის მზიდველნი. 17 და დაჴსნენ კარავი იგი და იტრნენ ძენი გეთსონისნი და ძენი მერარისნი და აღიღონ კარავი იგი.
18 დაიძრა რეუბენის ბანაკის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით. მის ლაშქარს სათავეში ედგა ელიცურ შედეურის ძე. 18 და წარიძრა განწესებული იგი ბანაკი ძეთა რუბენისთაჲ ძალითურთ მათით და ერსა მას ზედა - ელისურ, ძე სედეორისი, და ერსა მას ზედა ნათესავისა.
19 სიმონიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა შელუმიელ ცურაშადის ძე. 19 ძეთა სჳმეონისთა - სალამიელ, ძე სურისადაჲსი.
20 გადიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ელიასაფ რეღუელის ძე. 20 და ერსა ზედა ნათესავისა ძეთა გადისთასა - ელისაფან, ძე რაგუელისი.
21

დაიძრნენ კეჰათელები, საწმიდარის მზიდველნი. სავანე მათ მოსვლამდე იყო აღმართული.

21

და იტრნეს ძენი კაათისნი და აღიღონ სიწმიდე იგი და აღმართონ კარავი იგი ვიდრე მისლვად მათთამდე.

22 დაიძრა ეფრემიანთა ბანაკის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით. ლაშქარს სათავეში ედგა ელიშამაყ აბიჰუდის ძე. 22 და იტრას განწესებული ბანაკი ეფრემისი და ერსა მას ზედა მათსა - ელისამა, ძე სემიუდისი.
23 მენაშეანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა გამალიელ ფედაცურის ძე. 23 და ერსა ზედა ტომისა ძეთა მანასესთასა - გამალიელ, ძე ფადასურისი,
24 ბენიამინთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა აბიდან გედეონის ძე. 24 და ერსა ზედა ტომისა ძეთა ბენიამისთასა - აბიდან, ძე გედეონისი.
25 დაიძრა დანიანთა ბანაკის დროშა ყველა ბანაკის ჩამკეტად მათი ლაშქრებისდა მიხედვით. ლაშქარს სათავეში ედგა ახიეზერ ყამიშადის ძე. 25 და იტრას განწესებული ბანაკი ძეთა დანისთაჲ შემდგომად ყოველთა ბანაკთა ძალითურთ მათით და ერსა მას ზედა - აქეზურ, ძე ამინადაჲსი.
26 აშერიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ფაგიელ ყაქრანის ძე. 26 და ერსა მას ზედა ტოჰმისა ასერისთასა - ფაგელ, ძე ექრანისი.
27 ნაფთალიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ახირაყ ყენანის ძე. 27 და ტომსა მას ზედა ძეთა ნეფთალემისთასა - აქირე, ძე ენანისი.
28 ასეთი იყო ისრაელიანთა სვლის რიგი მათი ლაშქრებისდა მიხედვით. ასე დაიძრნენ ისინი. 28 ესე ბანაკი ძეთა ისრაჱლისათაჲ, რომელნი წარიძრნეს ძალითურთ მათით.
29 უთხრა მოსემ ხობაბს, რეღუელ მიდიანელის, მოსეს სიმამრის ძეს: მივემართებით იმ ადგილისკენ, რომელზედაც გვითხრა უფალმა, თქვენ გაძლევთო მას. წამოგვყევი და სიკეთეს გწევთ, რადგან სიკეთე უბრძანებია უფალს ისრაელზე. 29 და ჰრქუა მოსე იუბიბას, ძესა რაგუელისსა, მადიამელსა, სიმამრსა მოსესა: წარვიძრვით ჩუენ ადგილსა მას, რომელი მრქუა ჩუენ უფალმან. ესე მიგცე თქუენ, აწ მოვედ ჩუენ თანა და კეთილი გიყოთ შენ, რამეთუ უფალმან თქვა კეთილი ისრაჱლისათჳს.
30 მიუგო: ვერ წამოვალ, რადგან ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში მივდივარ. 30 და მან ჰრქუა მას: არა მივიდე, არამედ ქუეყანად ჩემდა და ნათესავისა ჩემისა წარვიდე.
31

უთხრა: ნუ დაგვტოვებ, რადგან შენ იცი ჩვენი ცხოვრება უდაბნოში და თვალი იქნები ჩვენთვის.

31

და ჰრქუა მას მოსე: ნუ დამიტევებ ჩუენ, ვინაჲთგან იყავ ჩუენ თანა უდაბნოსა ამას და იყო ჩუენ შორის მოხუცებულად.

32 თუ წამოგვყვები, თქვენც გაზიარებთ იმ სიკეთეს, რასაც მოგვმადლებს ღმერთი. 32 და უკუეთუ მოხჳდე ჩუენ თანა, იყოს კეთილი იგი, რაოდენი კეთილი გჳყოს ჩუენ უფალმან, შენცა კეთილ გიყოთ და მან არა ინება.
33 იარეს უფლის მთიდან სამი დღის სავალზე და უფლის აღთქმის კიდობანი მათ წინ მიდიოდა სამი დღის სავალზე, რათა ეჩვენებინა მათთვის დასავანებელი ადგილი. 33 და წარიძრნეს იგინი მთისაგან უფლისა გზასა სამისა დღისასა და კიდობანი იგი უფლისა წინავიდოდა უწინარეს მათსა გზასა სამისა დღისასა,
34 უფლის ღრუბელი იყო მათზე დღისით, როცა ისინი ბანაკიდან დაიძრნენ. 34 განხილვად მათთჳს განსასუენებელისა.
35 როცა დაიძრებოდა კიდობანი, იტყოდა მოსე: აღიმართე, უფალო, და გაიფანტებიან შენი მტრები, გაიქცევიან შენი პირისაგან შენი მოძულენი. 35 და იყო, რაჟამს წარიძრვოდა კიდობანი და თქუა მოსე: აღდეგ, უფალო, და განიბნინედ ყოველნი მტერნი შენნი და ივლტოდედ ყოველნი მოძულენი შენნი პირისა შენისაგან.
36 დავანებისას იტყოდა: დაბრუნდი, უფალო, ისრაელის ბევრათასეულთან. 36 და დადგრომასა თქუა: მოაქციე, უფალო, ათასეული და ბევრეული ისრაჱლსა შორის. და ღრუბელი იგი აგრილობდა მათ ზედა დღისი ტრვასა მას მათსა ბანაკით.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე