ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

რიცხვნი

თავი ოცდამესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

უთხრა ბალაამმა ბალაკს: ამიშენე აქ შვიდი სამსხვერპლო და გამიმზადე აქ შვიდი ხბო და შვიდი ცხვარი.

1

და ჰრქუა ბალამ ბალააკს: მიქმნენ მე აქა შჳდნი ბომონნი და დამიმზადე მე აქა შჳდი ზუარაკი და შჳდი ვერძი.

2 შეასრულა ბალაკმა ბალაამის ნათქვამი და ბალაკმა და ბალაამმა აღავლინეს თითო ხბო და თითო ცხვარი სამსხვერპლოზე. 2 და ყო ეგრე ბალაკ, ვითარცა ჰრქუა მას ბალაამ, და შეწირა ზურაკი და ვერძი ბომონსა მას ზედა.
3 უთხრა ბალაამმა ბალაკს: დაუდექი შენს მსხვერპლს, მე კი წავალ, იქნებ შემომხვდეს უფალი და, რასაც გამომიცხადებს, შეგატყობინებ. და წავიდა წყნარად. 3 და ჰრქუა ბალაამ ბალააკს. დადეგ მსხუერპსა ზედა შენსა და წარვიდე. გამო-ძი-მე-ცხადოს მე ღმერთი შემთხუევით და სიტყუაჲ, რომელ გამოაჩინოს, გითხრა შენ. და დადგა ბალაკ შესაწირავსა ზედა მისსა და ბალაამ მივიდა კითხვად ღმრთისა და მივიდა მართლ.
4 შეხვდა ღმერთი ბალაამს და უთხრა მას ბალაამმა: შვიდი სამსხვერპლო გავაწყვე და თითო ხბო და თითო ცხვარი აღვავლინე თითო სამსხვერპლოზე. 4 და გამოეცხადა ღმერთი ბალაამს და ჰრქუა მას ბალაამ: შჳდნი ბომონნი დამიმზადებიან და შემიწირავს ზუარაკი და ვერძი ბომონსა ზედა.
5 ჩაუდო უფალმა სიტყვა ბალაამს ბაგეში და უთხრა: დაბრუნდი ბალაკთან და ასე და ასე ელაპარაკე. 5 და მოსცა ღმერთმან სიტყუაჲ პირსა ბალაამისსა და ჰრქუა: მიიქეც ბალააკისსა და ესრე თქუ.
6 დაბრუნდა მასთან და, აჰა, უდგას თავის მსხვერპლს მოაბელ თავკაცებთან ერთად. 6 და მოიქცა მისა, ხოლო იგი დგა მრგულიად დასაწველთა ზედა მისთა და ყოველნი მთავარნი მოაბისანი მის თანა.
7 წარმოთქვა თავისი იგავი: არამიდან მომიყვანა ბალაკმა, მოაბის მეფემ, აღმოსავლეთის მთებიდან: მოდი, დამიწყევლე იაკობი, მოდი, შემიჩვენე ისრაელი. 7 და იყო სული ღმრთისა მის თანა და აღიღო იგავი იგი თჳსი და თქუა: შუვამდინარით მომხადა მე ბალაკ, მეფემან მოაბისამან, მთათაგან აღმოსავალთაჲთ და თქუა: მოვედ და სწყევე იაკობი, და მოვედ და წყევე ისრაჱლი.
8 როგორ დაგიწყევლო? ღმერთს არ დაუწყევლია. როგორ შევაჩვენო? უფალს არ შეუჩვენებია. 8 რაჲ ვსწყევო, რომელსა არა სწყევე უფალი, ანუ რათა დავწყეო, რომელ არა უწყევიეს ღმერთსა?
9 რადგან კლდის თავიდან ვხედავ მას და გორაკებიდან ვუყურებ მას: აჰა, ცხოვრობს ერი განმარტოებით და ხალხებში არ ირიცხება. 9 არამედ თავთაგან მთათაჲსა ვიხილო იგი და ბორცუთაგან განვიცადო იგი. აჰა, ესერა, ერი მარტოჲ დაეშენოს და შორის წარმართთა არა შეირაცხოს.
10 ვინ აღრიცხავს იაკობის ქვიშას და ისრაელის მეოთხედის სათვალავს? მოვკვდე მართალთა სიკვდილით და იყოს ჩემი აღსასრული, როგორც მათი! 10 ვინ გამოიძია ნათესავი იაკობისი და ვინ აღრაცხოს დასები ისრაჱლისაჲ. მოკუედინ სული ჩემი სულთა თანა მართალთა. და იყავნ ნათესავი ჩემი ვითარცა ნათესავი ამათი.
11

უთხრა ბალაკმა ბალაამს: რას მიშვრები? ჩემი მტრების დასაწყევლად წამოგიყვანე, შენ კი აქ ლოცავ მათ.

11

და ჰრქუა ბალაკ ბალაამს: რაჲ მიყავ მე ესე? წყევად მტერთა ჩემთა მოგხადე შენ და, აჰა, ესვრა, აკურთხე კურთხევით?

12 მიუგო პასუხად: განა რაც უფალმა ჩამიდო ბაგეებში, ზუსტად ის არ უნდა ვილაპარაკო? 12 და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: არა ვთქუა, ვითარმედ რომელი მომცეს ღმერთმან პირსა ჩემსა, ამას ვეკრძალო სიტყუად?
13 უთხრა მას ბალაკმა: წამომყევი სხვა ადგილას, საიდანაც დაინახავ მას, ოღონდ მის ნაწილს დაინახავ, მთელს კი - ვერა. იქიდან დამიწყევლე ის. 13 და ჰრქუა მას ბალაკ: მოვედ მერმეცა ჩემ თანა ადგილსა სხუასა, ვინაჲ არა იხილო იგი მიერ, არამედ მცირედი რაჲმე მისი იხილო. ხოლო ყოველი არა იხილო და დაწყევე იგი მიერ.
14 წაიყვანა იგი მოთვალთვალეთა ადგილსამყოფელში, ფისგას წვერზე, ააგო შვიდი სამსხვერპლო და აღავლინა თითო ხბო და თითო ცხვარი თითოეულ სამსხვერპლოზე. 14 და წარიყვანა იგი აგარაკით ებგურთაჲთ თავად გამოთლილისად. და აღქმნნა მუნ შჳდნი ბომონნი და შეწირა ზუარაკი და ვერძი ბომონსა მას ზედა.
15 უთხრა ბალაამმა ბალაკს: დაუდექი აქ შენს მსხვერპლს, მე კი იქ წავალ შესახვედრად. 15 და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: დადეგ მსხუერპლსა ამას ზედა შენსა და მე მივიდე კითხვად ღმრთისა.
16 შეხვდა უფალი ბალაამს და ჩაუდო სიტყვა ბაგეებში და უთხრა: აბრუნდი ბალაკთან და ასე და ასე ელაპრაკე. 16 და შეემთხჳა ღმერთი ბალაამს და მოსცა სიტყუაჲ პირსა მისსა და ჰრქუა: მიიქეც ბალააკისა და ესრე თქუა.
17 მივიდა მასთან და, აჰა, უდგას თავის მსხვერპლს მოაბელ თავკაცებთან ერთად. უთხრა ბალაკმა: რა ილაპარაკა უფალმა? 17 და მოიქცა მისა, სადა-იგი დგა მრგუალიად დასაწველსა ზედა მისსა და ყოველნი მთავარნი მის თანა და ჰრქუა მას ბალაკ: რაჲ გრქუა უფალმან?
18 წარმოთქვა თავისი იგავი: ადექი, ბალაკ, და გაიგონე, ყური მიგდე, ციფორის ძევ! 18 და აღიღო იგავი იგი თჳსი და ჰრქუა: აღდეგ, ბალაკ, და ისმინე, ყურად-იღე მოწამემან ძემან სეფორისმან.
19 ღმერთი კაცი არ არის, რომ ცრუობდეს და არც ადამიანია, რომ გადათქვამდეს. თქვას და არ გააკეთოს? ილაპარაკოს და არ შეასრულოს? 19 არა თუ ვითარცა კაცი არს ღმერთი განღჳძებად და არცა ვითარცა ძე კაცისაჲ რიცხვად. შენ სთქუ: არა ყოს, თქჳს და არა დაადგრის.
20 აჰა, დალოცვა მებრძანა. მან დალოცა და მე ვერ გადავთქვამ. 20 აჰა, ესერა, კურთხევად მიწყიეს, ვაკურთხო და არა მოვაქციო.
21

არ არის სიცრუე იაკობში და არ ჩანს მზაკვრობა ისრაელში. უფალი მათი ღმერთია მასთან და სამეუფო ბუკის ხმაა მასში.

21

არა იყოს შრომაჲ შორის იაკობსა, არცა იხილო სალმობაჲ შორის ისრაჱლსა. უფალი ღმერთი მისი მის თანა და დიდებულნი მთავართანი შორის მისსა.

22 ღმერთია მისი გამომყვანებელი ეგვიპტიდან, მარტორქის ძალაა იგი მისთვის. 22 ღმერთი არს, რომელმან გამოიყვანნა იგინი ეგჳპტით, ვითარცა დიდებაჲ მარტორქისაჲ მის.
23 არ არის გრძნეულება იაკობში და არ არის ჯადოქრობა ისრაელში. თავის დროზე გამოეცხადება იაკობს და ისრაელს, რა მოიმოქმედა ღმერთმა. 23 რამეთუ არა არს ზმნა შორის იაკობსა, არცა მისნობა შორის ისრაჱლსა. ჟამად-ჟამად ეთხრას იაკობსა და ისრაჱლსა, რაჲცა ქმნას ღმერთმან.
24 აჰა, ხალხი ძუ ლომივით იმართება და ხვადი ლომივით ტორებზე დგება; არ დაწვება, ვიდრე ნანადირევს არ შეჭამს და მოკლულთა სისხლს არ შესვამს. 24 აჰა, ესერა, მან, ვითარცა ლეკუმან ლომისამან, განიღჳძოს და ვითარცა ლომი იბედღუენდეს, არა დაიძინოს ვიდრემდის არა ჭამოს ნადირი და სისხლი წყლულთაჲ სუას.
25 უთხრა ბალაკმა ბალაამს: ნურც შეაჩვენებ მას და ნურც დალოცავ. 25 და ჰრქუა ბალაკ ბალაამს: ნუცა წყევით სწყევ მას, ნუცა კურთხევით აკურთხევ.
26 მიუგო ბალაამმა და უთხრა ბალაკს: ხომ გითხარი, რასაც უფალი მეტყვის, იმას ვიზამ-მეთქი? 26 და მიუგო ბალამ და ჰრქუა ბალაკს: არა გეტყოდე შენ და გარქუ, ვითარმედ: სიტყუაჲ, რომელი მრქუას ღმერთმან, ესე ვყო.
27 უთხრა ბალაკმა ბალაამს: წამოდი, სხვა ადგილას წაგიყვან. იქნებ ინებოს ღმერთმა, რომ იქიდან დამიწყევლო იგი. 27 და ჰრქუა ბალაკ ბალაამს: მოვედ და მიგიყვანო შენ ადგილსა სხუასა, სთნდეს ხოლო თუ ღმერასა, და დაწყევე იგი მიერ.
28 აიყვანა ბალაკმა ბალაამი ფეგორის თავზე, რომელიც უდაბნოს გადაჰყურებდა. 28 და წარიყვანა ბალაკ ბალაამი თავსა ზედა ფუგორისასა, რომელ მიაწევს უდაბნოდ.
29 უთხრა ბალაამმა ბალაკს: ააგე აქ შვიდი სამსხვერპლო და გამიმზადე შვიდი ხბო და შვიდი ცხვარი. 29 და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: მიქმნენ მე აქა შჳდნი ბომონნი და დამიმზადე მე აქა შჳდ ზუარაკი და ვერძი.
30 შეასრულა ბალაკმა ბალაამის ნათქვამი და აღავლინა თითო ხბო და თითო ცხვარი თითოეულ სამსხვერპლოზე. 30 და ყო ბალაკ, ვითარცა ჰრქუა მას ბალამ, და შეწირა ზუარაკი და ვერძი ბომონსა მას ზედა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე