ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

რიცხვნი

თავი ოცდამეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როდესაც შიტიმში ცხოვრობდა ისრაელი, გარყვნილებას ეწეოდა ერი მოაბელ ქალებთან.

1

და დაიბანაკა ისრაჱლმან სატინს ასულთა თანა მოაბელთა.

2 იწვევდნენ ის ქალები ხალხს თავიანთ ღმერთების დღეობებზე და ჭამდა ხალხი მათ საკლავს და თაყვანს სცემდა მათ ღმერთებს. 2 და ხადეს მათ ნაგებთა ზედა კერპთა მათთასა და ჭამა ერმან მან ნაზორევთა მათთაჲ და თაყუანი-სცეს კერპთა მათთა.
3 შეეთვისა ისრაელი ბაალ-ფეღორს და რისხვით აინთო უფალი ისრაელის მიმართ. 3 და შეეჩუენა ისრაჱლი ბეელფეგორს და განრისხნა უფალი გულისწყრომით ისრაჱლსა ზედა.
4 უთხრა უფალმა მოსეს: აიღე და ჩამოუკიდე უფალს მზისით ხალხის ყველა თავკაცი და გადავა უფლის რისხვა ისრაელისგან. 4 და ჰრქუა უფალმან მოსეს: მოიყვანენ ყოველნი მთავარნი ერისანი და განაქიქენ იგინი უფლისა მიერ წინაშე მზესა და უკუნიქცეს რისხვაჲ იგი გულისწყრომისა უფლისა ისრაჱლისაგან.
5 უთხრა მოსემ ისრაელის მსაჯულებს: მოკლას თითოეულმა თავისი კაცები, ვინც კი ბაალ-ფეღორს ან შეთვისებულები. 5 და ჰრქუა მოსე ნათესავთა ისრაჱლისათა: მოკალნ კაცად-კაცადმან სახლეული თჳსი, რომელ შეჩუენებულ არს ბეელფეგორისა.
6 აი, მოვიდა ერთ-ერთი ისრაელიანი და მოიყვანა თავის ძმებთან მიდიანელი ქალი მოსეს თვალწინ ისრაელიანთა მთელი საზოგადოების თვალწინ, როცა სადღესასწაულო კარავთან იდგნენ ისინი და ტიროდნენ. 6 და აჰა, ესერა, კაცი ძეთა ისრაჱლისათაჲ მოვიდა, მიიყვანა ძმაჲ თჳსი მადიანიტელისა წინაშე მოსესა და წინაშე ყოვლისა კრებულისა ძეთა ისრაჱლისათაჲსა, ხოლო იგინი ტიროდეს წინაშე კართა კარვისა მის საწამებელთაჲსა.
7 დაინახა ეს აარონ მღვდლის ძის, ელეაზარის ძემ ფინხასმა, წამოდგა საზოგადოებაში და ხელში შუბი იპყრა. 7 და იხილა ფინეეზ, ძემან ელიაზარისმან, ძისა აჰრონ მღდელისამან, და აღდგა იგი შორის კრებულსა, მოიღო ლახუარი ჴელთა.
8 შეჰყვა იმ ისრაელიანს ოთახში და უგმირა შუბი ორთავეს - ისრაელიანს და ქალს - მუცელში. და შეწყდა ისრაელიანთა განადგურება. 8 და შევიდა უკანა კაცისა მის ისრაიტელისა საცხობელსა კეცისასა და დაგურიმნა ორნივე იგი: კაცი იგი ისრაიტელი და დედაკაცი იგი საშოჲთ მისით. და დასცხრა გუემაჲ იგი ძეთაგან ისრაჱლისათაჲსა.
9 გაწყდა განადგურების დროს ოცდაოთხი ათასი კაცი. 9 და იყუნეს მოსრულნი გუემასა მას შინა ოცდაოთხ ათას.
10

ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

10

და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

11 ფინხასმა, აარონ მღვდლის ძის, ელეაზარის ძემ, აარიდა ჩემი რისხვა ისრაელიანებს, რადგან მათ შორის შური აღეძრა ჩემს გამო, და მე არ გავწყვიტე ისრაელიანები ჩემი შურით. 11 ფინეეზ, ძემან ელიაზარისმან, ძისა აჰრონ მღდელისამან, დააცხრვო რისხვაჲ ჩემი ძეთაგან ისრაჱლისათა აღშურვებასა შურისა ჩემისასა მათ შორის და არა მოვსპენ ძენი ისრაჱლისანი შურსა შინა ჩემსა.
12 ამიტომ უთხარი: აჰა, მე ვაძლევ მას ზავის აღთქმას. 12 ესრე არქუ:
13 იყოს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის სამარადისო მღვდლობის აღთქმად იმის სანაცვლოდ, რომ შურით აღივსო თავისი ღმერთის გამო და გამოითხოვა ისრაელის პატიება. 13 აჰა, ესერა, მე მივსცემ მას აღთქუმასა მშჳდობისასა და იყოს მისა და ნათესავისა მისისა შემდგომად მისსა აღთქმა მღდელობისაჲ საუკუნე, რამეთუ შური იძია ღმრთისა მისისა და ლხინება-ყო ძეთათჳს ისრაჱლისათა.
14 სახელი მოკლული ისრაელიანისა, რომელიც მოიკლა მიდიანელ ქალთან ერთად, იყო ზიმრი, სალუს ძე, სიმონიანთა მოდგმის თავკაცი. 14 ხოლო სახელი კაცისა მის ისრაიტელისაჲ მის, რომელ მოკუდა მადიანიტელისა თანა, ზამბრი, ძე სალომისი, მთავარი სახლისა ტომისა სჳმეონისი.
15 სახელი მოკლული მიდიანელი ქალისა იყო ქოზბი, ასული ცურისა, უბოთის მეთაურის. მიდიანის მოდგმისა იყო იგი. 15 და სახელი დედაკაცისა მის მოკლულისაჲ, მადიანიტელისაჲ - ქასბი, ასული სურისი, მთავრისა ნათესავისა სომმოთისი, სახლისა ტომთა მადიამელთაჲ არს.
16 ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: 16 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
17 ემტერეთ მიდიანელებს და მუსრი ავლეთ, 17 ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: ემტერენით მადიამელთა და მოსრენით იგინი.
18 რადგან მტრულად მოგექცნენ, როცა გაცთუნეს ფეღორით და ქოზბით, მიდიანელთა თავკაცის ასულით, თავიანთი დით, რომელიც მოიკლა ფეღორის გამო თავსდამტყდარი განადგურების დღეს. 18

რამეთუ გემტერებიან თქუენ იგინი ზაკჳთ, რავდენსა გზაკვენ იგინი თქუენ ფოგორისთჳს და ქაზბისთჳს, ასულისა მთავრისა მადიამელისა, დისს მათისათჳს, რომელ მოკუდა დღესა მას გუემისა ფოგორისთჳს.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე