ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

რიცხვნი

თავი ოცდამეთოთხმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

1

და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2 დაარიგე ისრაელიანები და უთხარი მათ: როცა შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, აი, საზღვრები ამ ქვეყნისა, ქანაანის ქვეყნისა, რომელიც წილად შეგხვდებათ თქვენ: 2 ამცენ ძეთა ისრაჱლისათა და ეტყოდე მათ და არქუ: თქუენ შეხვალთ ქუეყანად ქანანისა. იგი იყოს სამკჳდრებელად თქუენდა ქუვყანაჲ ქანანისაჲ - საზღურითურთ მათით.
3 სამხრეთ მხარედ გექნებათ ცინის უდაბნოდან, ედომის მახლობლად; გექნებათ სამხრეთი საზღვარი მარილოვანი ზღვის კიდიდან აღმოსავლეთის მიმართულებით. 3 და იყოს ერთკერძოჲ იგი, რომელ არს ბღუარით კერძო უდაბნოჲთგან სინაჲთ მიმახლობელადმდე ედომისა. და იყუნენ საზღუარნი თქუენნი ბღუარითნი ზღჳთ კერძო მარილოვნით და აღმოსავალით კერძო.
4 გაუხვევს თქვენი საზღვარი სამხრეთიდან ყაკრაბიმის ზეგანისკენ, გაივლის ცინზე, მიებჯინება სამხრეთით კადეშ-ბარნეას, გავა ხაცერ-ადართან და გაივლის ყაცმონზე. 4 და გამოგესხნენ თქუენ საზღვარნი ბღუარით აღმოსავალსა აკრაბინისასა და გარეწამოვლოს სენაკი. და იყოს გამოსავალი მისი ბღუარით კერძო კადეს ბარნესა და მიიწიოს ბანაკსა არადისსა და გარეწარვლოს ასემონაჲ.
5 გაუხვევს საზღვარი აცმონიდან ეგვიპტის ხევისკენ და მიებჯინება ზღვას. 5 და გარეშევლოს საზღვარმან ასემონაჲთ ნაღუარევი ეგჳპტისაჲ და იყოს გამოსავალი მისი ზღუაჲ.
6 დასავლეთის საზღვარი: დიდი ზღვა გექნებათ საზღვრად. ეს გქონდეთ სამხრეთის საზღვრად. 6 და საზღვარნი ზღჳსანი იყუნენ თქუენდა, ზღუაჲ დიდი ეზღუანდეს, ესე იყუნენ თქუენდა საზღვარნი ზღჳსანი.
7 ეს გქონდეთ ჩრდილოეთის საზღვრად: დიდი ზღვიდან გაატარეთ საზღვარი ჰორის მთაზე. 7 და ესე იყუნენ თქუენდა საზღვარნი ჩრდილოჲსანი ზღჳთ დიდითგან და მოიზომოთ თქუენ მთისპირი.
8 ჰორის მთიდან გაატარეთ ხამათის მიმართულებით; მიებჯინება საზღვარი ცედადას. 8 და მთითგან მთადმდე და მოიზომოთ თქუენდამი შესავალადმდე ემათისა. და იყოს გამოსავალი მისი საზღვართა სარადისათა.
9 გავა საზღვარი ციფრონისკენ და მიებჯინება ხაცარ-ყენანს. ეს გქონდეთ ჩრდილოეთის საზღვრად. 9 და განვლნეს საზღვარნი ზეფრონაჲსნი. და იყოს გამოსავალი მისი ასერანას. ესე იყოს თქუენდა საზღვრად ჩრდილოჲ.
10 აღმოსავლეთით გაავლეთ საზღვარი ხაცარ-ყენანიდან შეფამასკენ. 10 და დაიზომნეთ საზღვარნი თქუენდა აღმოსავალით კერძო ასარინაჲთ სეფამად.
11

შეფამიდან ეშვება საზღვარი რიბლასკენ, ყაინის აღმოსავლეთით. ეშვება საზღვარი და ეკვრის ქინერეთის ზღვის ნაპირს აღმოსავლეთით.

11

და შთავლოს საზღვარმან სენაფამაჲ არბელად აღმოსავალით წყაროდ კერძო. და შთავიდეს საზღვარი და მივიდეს ბელად ბღუარით კერძო ზღუასა ქენერეთისასა აღმოსავალით.

12 ეშვება საზღვარი იორდანეზე და ებჯინება მარილოვან ზღვას. ეს იყოს თქვენთვის ქვეყნად თავისი გარეშემო საზღვრებითურთ. 12 და შთავიდეს საზღვარი იორდანედ კერძო. და იყოს გამოსავალი მისი ზღუაჲ მარილოვანი ესე იყოს თქუენდა ქუეყანაჲ და საზღვარნი მისნი გარემოჲს.
13 ასე გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს: აჰა, ქვეყანა, რომელიც უნდა დაინაწილოთ წილისყრით, რომელზეც ბრძანა უფალმა, რომ მისცემოდა ცხრა შტოს და ნახევარ შტოს. 13 და ამცნო მოსე ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: ესე არს ქუეყანაჲ იგი, რომელ დაიმკჳდროთ წილითა, ვითარცა ბრძანა უფალმან მიცემად იგი ცხრათა ნათესავთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა,
14 რადგან მიიღეს რეუბენიანთა შტომ მამისსახლების მიხედვით და გადიანელთა შტომ მათი გვარეულობების მიხედვით და მენაშეს ნახევარმა შტომ. მათ მიიღეს თავიანთი წილი. 14 რამეთუ მიიღო ნათესავმან ძეთა რუბენისთამან და ნათესავმან ძეთა გადისთამან, სახლად-სახლად ტომთა მათთა მიიღეს ნაწილი მათი.
15 ორმა შტომ და ნახევარმა შტომ მიიღეს თავიანთი წილი იორდანეს გაღმა, იერიხონის მახლობლად, აღმოსავლეთით. 15 ორთა ნათესავთა, ზოგმან ნათესავმან მანასესმან მიიღეს ნაწილი მათი წიაღ იორდანესა იერიქოჲთ კერძო ბღუარით აღმოსავალსა.
16 ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: 16 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
17 ეს არის იმ კაცთა სახელები, რომლებიც დაიმკვიდრებენ თქვენთვის ქვეყანას: ელეაზარ მღვდელი და იესო ნავეს ძე. 17 ესე არს სახელები კაცთაჲ მათ, რომელთა დაგიმკჳდრონ თქუენ ქუეყანაჲ იგი - ელიაზარ მღდელმან და ისუ ნავესმან.
18 ყოველი შტოდან თითო თავკაცი გამოარჩიეთ ქვეყნის დასანაწილებლად. 18 და მთავარი ერთი ნათესავისაგან მოიყვანოთ დამკჳდრებად თქუენდა ქუეყანისა მის.
19 აი, მათი სახელები: იუდას ტომიდან: ქალებ იეფუნეს ძე; 19 და ესე არს სახელები კაცთაჲ მათ:
20 სიმონიანთა შტოდან: სამუელ ამიჰუდის ძე; 20 ნათესავისა იუდაჲსა - ქალებ, ძე იეფონესი.
21

ბენიამინის შტოდან: ელიდად ქისლონის ძე;

21

ნათესავი ძეთა სჳმეონისთაჲ - სალამიელ, ძე სემიუდისი, ელიად, ძე ქესლონისი,

22 დანიანთა შტოდან: თავკაცი ბუკი იოგლის ძე; 22 ნათესავთა ძეთა დანისთაჲ - მთავარი ბოკკი, ძე იოგლისი.
23 იოსებიანთა შტოდან: მანასიანთა შტოდან - თავკაცი ხანიელ ეფოდის ძე; 23 ძეთა იოსებისთაჲ - ნათესავისა ძეთა მანასესთაჲ - მთავარი ანელ, ძე ეფოდისი.
24 ეფრემიანთა შტოდან: თავკაცი კემუელ შიტფონის ძე; 24 ნათესავისა ძეთა ეფრემისთაჲ - მთავარი კამუელ, ძე საფტანისი.
25 ზებულონიანთა შტოდან: თავკაცი ელიცაფან ფარნაქის ძე; 25 ნათესავისა ძეთა ზაბულონისთაჲ - მთავარი ელისაფან, ძე ფარნაქისა.
26 ისაქარიანთა შტოდან: თავკაცი ფალტიელ ყაზანის ძე; 26 ნათესავისა იზაქარისთაჲ - მთავარი ფალტიელ, ძე უზაჲსი.
27 აშერიანთა შტოდან: თავკაცი ახიჰუდ შელომის ძე; 27 ნათესავისა ძეთა ასერისთაჲ - მთავარი აქიურ, ძე სელიმისი.
28 ნაფთალიანთა შტოდან: თავკაცი ფედაელ ყამიჰუდის ძე. 28 ნათესავისა ძეთა ნეფთალემისთაჲ - მთავარი ფადაელ, ძე ამიუდისი.
29 ესენი იყვნენ, ვისაც უბრძანა უფალმა ქანაანის ქვეყნის განაწილება ისრაელიანთათვის. 29 ესე არიან, რომელთა ამცნო უფალმან განყოფად ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანასა ქანანისასა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე