ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

რიცხვნი

თავი მეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

1

ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: უბრძანე ძეთა ისრაჱლისათა:

2 უბრძანე ისრაელიანებს, გაიყვანონ ბანაკიდან ყველა კეთროვანი, ყველა წიდოვანი და მკვდრისგან გაუწმიდურებული. 2 და განასხნედ გარეშე ბანაკსა ყოველი კეთროვანი და ყოველი თესლმდინარე და ყოველი არაწმიდაჲ სულითა.
3 გაიყვანეთ მამროვანიც და მდედროვანიც; ბანაკის გარეთ გაიყვანეთ, რომ არ გააუწმიდურონ თავიანთი ბანაკები, რომელთა შორისაც დავანებული ვარ. 3 მამაკაცითგან ვიდრე დედაკაცადმდე, განავლინენ გარეშე ბანაკსა და არა შეაგინონ ბანაკი მათი, რომელთა შორის მე გარდამოვალ მათა.
4 ასეც მოიქცნენ ისრაელიანები: გაიყვანეს ისინი ბანაკის გარეთ. როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ ისრაელიანები. 4 და ყვეს ეგრე ძეთა ისრაჱლისათა და განავლინნეს იგინი გარეშე ბანაკსა, ვითარცა ეტყოდა უფალი მოსეს, ეგრეთ ყვეს ძეთა ისრაჱლისათა.
5 ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: 5 ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
6 უთხარი ისრაელიანებს: თუ კაცი ან ქალი ჩაიდენს რაიმე ცოდვას ადამისას, რითაც უღალატებს უფალს და დადანაშაულდება, 6 ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: მამაკაცმან, გინა დედაკაცმან, რომელმან ყოს ყოველთაგან ცოდვათა კაცობრივთა და უგულებელით უგულებელ-ყოს და ცოდოს სულმან მან
7 აღიარონ თავიანთი ცოდვა, რაც ჩაიდინეს, მთლიანად ზღონ, რაც დააშავეს, მეათედიც დაუმატონ და მისცენ მას, ვის წინაშეც დანაშაული აქვთ. 7 და აღიაროს ცოდვაჲ იგი, რომელი ქმნა და მისცეს ცოდვისა მისთჳს იგი თავადი და მეხუთე მისი დასძინოს მას ზედა და მისცეს, ვის-იგი შესცოდა.
8 თუ კაცს არა ჰყავს ნათესავი, რომელსაც შეუძლია მისი დანაშაულის ანაზღაურება, დანაშაულის საზღაური უფალზეა, მღვდელზეა, შენდობის ვერძის გარდა, რომლითაც შეუნდობს მას. 8 უკუეთუ არა იყოს კაცისაჲ მის ნათესავი, რათამცა მისცა მას შეცოდებისა მისთჳს მისაცემელი იგი უფალსა, მღდლისა იყოს იგი თჳნიერ ვერძისა მის ლხინებისაჲსა, რომლითა-იგი ლხინება-ყო მისთჳს მას შინა.
9 მთელი ძღვენი ისრაელიანთა შეწირულებიდან, რომელიც მღვდელთან მოაქვთ, მას ეკუთვნის. 9 და ყოველივე პირველნაყოფი და ყოველი განწმედილი ძეთა შორის ისრაჱლისათა და რაოდენ-რაჲ მოართვან უფალსა, მღდელისა იყოს იგი.
10 ვინმეს მიერ შემოწირული მას ეკუთვნის; რასაც მღვდელს მისცემენ, მღვდელს ეკუთვნის. 10 და კაცად-კაცადისა შეწირული მისა იყოს და კაცმან, რომელმან მისცეს მღდელსა, მისა იყოს.
11

ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

11

ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

12 ელაპარაკე ისრაელიანებს, უთხარი მათ: თუ ვინმეს ცოლი შეცდება, უღალატებს თავის ქმარს, 12 ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ [მათ]: კაცისაჲ, რომლისაჲ გარდაჴდეს ცოლი მისი და უგულებელ-ყოს ქმარი იგი თჳსი უგულებლებით
13 ვინმე დაწვება მასთან თესლის მიღვრით და ეს დაფარული იქნება მისი ქმრის თვალთაგან, ქალი კი მალულად წაბილწულია, მაგრამ მოწმე მის წინააღმდეგ არ ყოფილა და არ წაუსწრიათ, 13 და და-ვინმე-წვეს მის თანა საწოლითა თესლისაჲთა და დაეფაროს თუალთაგან ქმრისა თჳსისაჲთა და დაუმალოს, და იგი დედაკაცი იყოს შეგინებულ და მოწამე არა ვინ იყოს მისა და მიდგომილ არღა იყოს.
14 ქმარს ეჭვი შეიპყრობს და იეჭვიანებს თავის ცოლზე, რომელიც წაბილწულია, ან ეჭვი შეიპყრობს და იეჭვიანებს თავის ცოლზე, რომელიც არ არის წაბილწული, 14 და მოუჴდეს ქმარსა მისსა სული შურობისაჲ და ეშურობდეს ცოლსა თჳსსა, და იგი იყოს შეგინებულ, ანუ მოუჴდეს მას სული მოშურნეობისაჲ, და ეშურობდეს ცოლსა თჳსსა და იგი არა იყოს შეგინებულ.
15 მიიყვანოს ქმარმა თავისი ცოლი მღვდელთან და მიიტანოს მისი გულისთვის შესაწირავად მეათედი ეფა ქერის ფქვილი; ზეთი არ დაღვაროს ზედ და არც გუნდრუკი დაადოს, რადგან ეს ეჭვიანობის შესაწირავია, დახსომების შესაწირავი, უკეთურობის დასახსომებელია. 15 და მოიყვანოს კაცმან მან ცოლი თჳსი მღდელისა და შეწიროს მსხუერპლი მისთჳს მეათე წილი სათველისაჲ. ფქვილი ქრთილისაჲ და არა დაასხას მას ზედა ზეთი და არცა დასდვას მას ზედა გუნდრუკი, რამეთუ არს იგი შესაწირავი შურისსახისაჲ, შესაწირავი მოსაჴსენებელისაჲ, შესაწირავი მოსაჴსენებელი ცოდვისაჲ.
16 მიიყვანს ქალს მღვდელი და უფლის წინაშე დააყენებს. 16 და მოიყვანოს მღდელმან მან და დაადგინოს დედაკაცი იგი წინაშე უფლისა.
17 აიღებს მღვდელი წმიდა წყალს თიხის ჭურჭლით და მიწას სავანის ნიადაგიდან, აიღებს ამას მღვდელი და წყალში ჩაყრის. 17 და მოიღოს მღდელმან მან წყალი წმიდაჲ ცხოველი ჭურჭრითა კეცისაჲთა და მიწისა მისგან ეატაკისა კარვისა საწამებელისა, და მოიღოს მღდელმან მან და შთაასხას იგი წყალსა მას.
18 დააყენებს მღვდელი ქალს უფლის წინაშე და თავს გაუშიშვლებს ქალს, მუჭში ჩაუდებს დახსომების შესაწირავს; ეს ეჭვიანობის შესაწირავია. ხოლო მღვდელს ხელში ექნება მწარე წყალი, დამაწყევარი. 18 და დაადგინოს იგი დედაკაცი წინაშე უფლისა და აღსძარცოს თავსა დედაკაცსა მას და მისცეს ჴელთა მისთა შესაწირავი იგი მოჴსენებისაჲ, რომელ-იგი არს შურისსახისა, და ჴელსა მღდელისასა იყოს წყალი იგი მხილებისაჲ დაწყეული.
19 დააფიცებს მღვდელი ქალს და ეტყვის მას: თუ არავინ დაწოლილა შენთან და არ შეცთენილხარ და არ წაბილწულხარ შენი ქმრისთვის, არას გავნებს ეს მწარე წყალი, დამაწყევარი. 19 და აფუცოს იგი მღდელმან მან და ჰრქუას დედაკაცსა მას:
20 ხოლო თუ უღალატე შენს ქმარს და წაბილწული ხარ, ვინმეა ნაწოლი შენთან ქმრის გარდა, 20 უკეთუ და-ვინმე-წოლილ არს შენ თანა? უკუეთუ გარდაჴედ შეგინებად თჳნიერ ქმრისა შენისა, უბრალო იყო შენ წყლისა ამისგან მხილებისა დაწყლეულისა, უკუეთუ გარდაჰჴედ შენ, რამეთუ ქმრისცოლი იყავ, გინათუ შეგინებულ ხარ შენ და მო-ვინმე-გცა შენ თესლი თჳსი თჳნიერ ქმრისა შენისა?
21

დააფიცებს მღვდელი ქალს წყევის ფიცით და ეტყვის მღვდელი ქალს: უფალმა მიგცეს წყევას და ფიცს შენს ხალხში, რომ საზარდული დაგიდნეს და მუცელი გაგისივოს,

21

და აფუცოს მღდელმან მან დედაკაცი იგი ფიცსა ამას წყევისასა და ჰრქუას მღდელმან მან დედაკაცსა მას: მიგეცინ შენ უფალმან წყევასა და ფიცსა ერსა შორის შენსა მოცემად შენდა უფლისა მიერ ბარკალი შენი გარდავრდომად და მუცელი შენი განსივებად. და შევიდეს წყალი ესე დაწყეული მუცელსა შენსა, რათა გარდაგივარდეს ბარკალი შენი და განასიოს მუცელი შენი. და თქუას დედაკაცმან მან: იყავნ, იყავნ.

22 შევიდეს ეს დამაწყევარი წყალი შენს ნაწლავებში, რომ გაგისივდეს მუცელი და დაგიდნეს საშო. იტყვის ქალი: ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად! 22  
23 დაწერს მღვდელი ამ წყევლას გრაგნილზე და მწარე წყლით გადარეცხავს. 23 და დაწეროს მღდელმან მან წყევაჲ ესე წიგნსა და აღჴოცოს იგი წყალსა მას შიდა მხილებისა მის დაწყეულისა.
24 დაალევინებს ქალს მწარე წყალს, დამაწყევარს, და შევა მასში დამაწყევარი წყალი გამამწარებლად. 24 და ასუას დედაკაცსა მას წყალი იგი მხილებისა მის დაწყეულისაჲ. და შევიდეს მისა წყალი იგი მხილებისაჲ დაწყეული.
25 გამოართმევს მღვდელი ქალს ეჭვიანობის შესაწირავს, შეარხევს ამ შესაწირავს უფლის წინაშე და მიიტანს სამსხვერპლოზე. 25 და მოიღოს მდღელმან მან ჴელთაგან მის დედაკაცისათა შესაწირავი იგი შურისსახისაჲ და დადვას შესაწირავი იგი წინაშე უფლისა, დადგას იგი საკურთხეველსა თანა.
26 აიღებს მღვდელი პეშვით ამ შესაწირავიდან გამახსენებელ ნაწილს და დაწვავს სამსხვერპლოზე; მერე წყალს დაალევინებს ქალს. 26 და მოიღოს მჭელითა მღდელმან მან შესაწირავისა მისგან საჴსნებელისა მისისა და შეწიროს იგი საკურთხეველსა ზედა. და ამისა შემდგომად ასუას დედაკაცსა მას წყალი იგი.
27 დაალევინებს წყალს და თუ წაბილწულია და ნაღალატევი აქვს ქმრისათვის, შევა მასში დამაწყევარი წყალი გასამწარებლად და გაუსივდება მუცელი და დაუდნება საშო. შეიქნება ეს ქალი დასაწყევლი თავის ხალხში. 27 და იყოს, უკეთუ შეგინებულ იყოს დედაკაცი იგი, დავიწყებით დაავიწყდა ქმარსა მისსა, შევიდეს მისა წყალი იგი მხილებისაჲ დაწყეული, და განსივნეს მუცელი მისი და გარდაჰვარდეს ბარკალი მისი. და იყოს დედაკაცი იგი წყეული ერსა შორის.
28 თუ ქალი არ არის წაბილწული და სუფთა იყო, ვნება არ მოუვა და განაყოფიერების უნარი შერჩება. 28 უკუეთუ არა შეგინებულ იყოს დედაკაცი იგი და წმიდა იყოს, უბრალო არს და თესლი გამოიღოს.
29 ეს არის ეჭვიანობის რჯული, როცა ქალი უღალატებს თავის ქმარს და წაიბილწება, 29 ესე არს შჯული შურისსახისაჲ, რიმლისა გარდაუჴდეს ცოლი ქმრისცოლ-ყოფილი და შეიგინოს.
30 ან როცა ქმარს შეიპყრობს ეჭვიანობის სული და იეჭვიანებს თავის ცოლზე: დააყენოს თავისი ცოლი უფლის წინაშე და მღვდელი მოექცევა მას ამ რჯულის თანახმად. 30 გინათუ მამაკაცსა, რომელსა მოუჴდეს სული მოშურნეობისაჲ და ჰშუროდეს ცოლისა თჳსისაჲ და დაადგინოს ცოლი იგი თჳსი წინაშე უფლისა და უყოს მას მღდელმან მან ყოველივე შჯული ესე.
31 ქმარი გათავისულდება დანაშაულისგან და ამ ქალს დაეკისრება დანაშაული. 31 და უბრალო იყოს კაცი იგი ცოდვისაგან და დედაკაცმან მან მოიღოს ცოდვაჲ თჳსი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე