ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

რიცხვნი

თავი მეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წელს, პირველ თვეში, უთხრა:

1

და ეტყოდა უფალი მოსეს უდაბნოსა მას სინაჲსასა წელსა მას მეორესა გამოსლვასა მას მათსა ქუეყანით ეგჳპტით, თთუესა მას პირველსა, და ჰრქუა:

2 მოამზადონ ისრაელიანებმა პასექი დათქმულ დროს. 2 არქუ და ყონ ძეთა ისრაჱლისათა ვნებაჲ ჟამსა თჳსსა.
3 ამ თვის მეთოთხმეტე დღეს, დაღამებისას, მოამზადეთ იგი დათქმულ დროს; ყველა წესისა და რიგის დაცვით მოამზადეთ იგი. 3 მეათოთხმეტესა დღესა თთჳსა მის პირველისასა, მიმწუხრი, ყონ იგი ჟამისაებრ და შჯულისა მისისა, მეტყველებისაებრ მისისა ყონ იგი.
4 ელაპარაკა მოსე ისრაელიანებს, რომ დაემზადებინათ პასექი. 4 და ეტყოდა უფალი ძეთა ისრაჱლისათა ყოფად ვნებისა.
5 დაამზადეს პასექი პირველ თვეში, თვის მეთოთხმეტე დღეს, დაღამებისას, სინაის უდაბნოში; ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანებმა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. 5 დასაბამისა მეათოთხმეტესა დღესა თთჳსა მის პირველისასა უდაბნოსა მას სინაჲსასა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ეგრეთ ყვეს ძეთა ისრაჱლისათა.
6 იყვნენ ისეთები, რომლებიც გაუწმიდურდნენ მკვდრის შეხებით და ვერ შეძლეს პასექის დამზადება იმ დღეს. მივიდნენ ისინი მოსესთან და აარონთან იმ დღეს. 6 და მოვიდეს კაცნი იგი, რომელნი იყუნეს არაწმიდა სულითა კაცისაჲთა და ვერ ეძლო ყოფად ვნებისა მას დღესა შინა: და მოვიდეს წინაშე მოსესა და აჰრონისსა მას დღესა.
7 უთხრა ამ ხალხმა მას: გაუწმიდურებული ვართ მკვდრის შეხებით. რისთვის უნდა აგვეკრძალოს საუფლო შესაწირავის მიტანა დათქმულ დროს ისრაელიანებთან ერთად? 7 და ჰრქუეს მათ კაცთა მათ: ჩუენ არაწმიდა ვართ სულითა კაცისაჲთა, ნუ დააკლებთ შეწირვად მსხუერპლსა უფლისასა ჟამსა თჳსსა შორის ძეთა ისრაჱლისათა.
8 უთხრა მათ მოსემ: მოითმინეთ, მოვისმენ, რას მამცნობს თქვენზე უფალი. 8 და ჰრქუა მათ მოსე: დეგით მანდა და ვისმინო, რაჲ მათ უბრძანოს უფალმან თქუენთჳს.
9 ელაპარაკა უფალი მოსეს: 9 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
10 ელაპარაკე ისრაელიანებს: თუ ვინმე გაუწმიდურდება მკვდრის შეხებით ან შორ გზაზე იქნება წასული თქვენს შორის ან თქვენს შთამომავლობაში, მანაც უნდა დაამზადოს უფლის პასექი. 10 ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: კაცი, რომელი იყოს არაწმიდა სულითა კაცისაჲთა, გინათუ შორსა გზასა იყოს თქვენგანი ნათესავთა შორის თქუენთა და ყოს ვნებაჲ უფლისა,
11

მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს დაღამებისას დაამზადონ იგი, უფუარი პური და მწარა ბალახები შეატანონ.

11

თთუესა მას მეორესა, მეათოთხმეტესა დღესა, მიმწური, ყონ იგი, უცომოსა თანა ველისყრდელითა ჭამონ იგი.

12 ნუ მოირჩენენ დილისათვის, ძვლებს ნუ დაამტვრევენ, პასექის ყველა წესის დაცვით შეასრულონ იგი. 12 და არა დაუტეონ მისგანი განთიადმდე და ძუალი არა განტეხონ მისგანი, შჯულისა მისებრ ვნებისა ყონ იგი.
13 თუ კაცი გაწმიდავებულია და არც გზაშია, მაგრამ მაინც არ დაამზადებს პასექს, უნდა მოიკვეთოს იგი თავისი ხალხისგან, რადგან საუფლო შესაწირავი არ მიიტანა დათქმულ დროს. ცოდვა დაედება იმ კაცს. 13 და კაცი, რომელი წმიდა იყოს და გზასა შოვრსა არა იყოს და დააკლოს ყოფად ვნებაჲ, მოიჴოცოს სული იგი შორის ერისა თჳსისა, რამეთუ მსხუერპლი უფლისა არა შეწირა ჟამსა თჳსსა, ცოდვაჲ მოიღოს კაცმან მან.
14 თუ მდგმური გყავთ, მანაც უნდა დაამზადოს უფლის პასექი პასექის წესისა და რიგის მიხედვით. ერთი წესი უნდა გქონდეთ მდგმურსაც და ქვეყნის მკვიდრსაც. 14 უკუეთუ მოვიდეს მწირი ქუეყანასა თქუენსა და ყოს ვნებაჲ უფლისა შჯულისა მისებრ ვნებისა, მსგავსად ბრძანებისა მისისა ყოს იგი. შჯული ერთი იყავნ თქუენი მწირისაჲ და მსოფლელისა მის ქუეყანისაჲ.
15 სავანის აღმართვის დღეს ღრუბელმა დაფარა მოწმობის კარვის სავანე და საღამოდან დილამდე, თითქოს ცეცხლი ჩანდა სავანეზე. 15 დღესა მას, რომელსა აღემართა კარავი იგი, დაფარა ღრუბელმან კარავი იგი სახლი წამებისაჲ და მწუხრად-მწუხრად არნ კარავსა მას ზედა, ვითარცა ხილვაჲ ცეცხლისაჲ ვიდრე განთიადადმდე.
16 ასე იყო მუდამ: ღრუბელი ფარავდა მას და ცეცხლი ჩანდა ღამით. 16 ესრეთ იყო მას, ღრუბელი ჰფარვიდა მას დღისი და ხილვაჲ იგი ცეცხლისაჲ - ღამე.
17 როგორც კი ასცილდებოდა ღრუბელი კარავს, დაიძრებოდნენ ისრაელიანებიც; ხოლო სადაც დადგებოდა ღრუბელი, იქ დაიბანაკებდნენ ხოლმე ისრაელიანები. 17 და რაჟამს აღიმაღლის ღრუბელმან კარვისა მისგან, ამისა შემდგომად წარიტრიან ძენი ისრაჱლისანი და ადგილსა მას, რომელსა დადგის ღრუბელი იგი, მუნ დაიბანაკიან ძეთა ისრაჱლისათა.
18 უფლის ბრძანებაზე დაიძრებოდნენ და უფლის ბრძანებაზე დაიბანაკებდნენ ხოლმე ისრაელიანები. მთელი იმ ხანის მანძილზე, რაც ღრუბელი ეფინა სავანეს, იდგნენ ისინი. 18 ბრძანებითა უფლისაჲთა დაიბანაკიან ძეთა ისრაჱლისათა და ბრძანებითა უფლისაჲთა აღიძრნიან.
19 თუ დიდხანს დაყოვნდებოდა ღრუბელი სავანეზე, ასრულებდნენ ისრაელიანები უფლის სამსახურს და არ იძროდნენ. 19 ყოველთა დღეთა, რაოდენთა აგრილობნ ღრუბელი კარავსა მას ზედა, დაიბანაკიან ძეთა ისრაჱლისათა და ოდეს დაადგრის ღრუბელი იგი მრავალ დღე, დაიცვიან საცოჲ იგი ღმრთისა და არა აღიძრნიან.
20 ხდებოდა ხოლმე, რომ მცირე ხანს ეფინა ღრუბელი სავანეს, უფლის ბრძანებაზე დაიბანაკებდნენ და უფლის ბრძანებაზე დაიძრებოდნენ. 20

და იყოს, ოდეს აგრილობნ ღრუბელი დღეთა მათ, რიცხჳთ კარავსა ზედა სიტყჳთა უფლისათა დაიბანაკიან და სიტყჳთა უფლისაჲთა აღიძრნიან.

21 ხდებოდა ხოლმე, რომ საღამოდან დილამდე იდგა ღრუბელი, დილას ასცილდებოდა ღრუბელი და ისინიც დაიძრებოდნენ, ან ერთი დღე-ღამე იდგა და, როცა ასცილდებოდა ღრუბელი, დაიძრებოდნენ. 21 და არნ, ოდეს ფგან ღრუბელი იგი მწუხრითგან და ვიდრე განთიადმდე.
22 ან ორი დღე იდგა ან ერთი თვე, ან რამდენიმე დღე; თუ დიდხანს იდგა ღრუბელი სავანეზე, იდგნენ ისრაელიანებიც და არ იძროდნენ; ასცილდებოდა და ისინიც დაიძრებოდნენ. 22 და უკუეთუ აღვიდეს ღრუბელი იგი განთიად, იტრნიან, დღისი გინა ღამე, ოდეს წარვიდეს ღრუბელი იგი, წარიტრნიან. უკუეთუ თთუეთა დღეთამდე გამრავლდის ღრუბელი იგი და აგრილობნ მას ზედა, დაადგრიან ძენი ისრაჱლისანი და არა იტრნიან.
23 უფლის ბრძანებაზე დაიბანაკებდნენ და უფლის ბრძანებაზე დაიძრებოდნენ ხოლმე. უფლის სამსახურს ასრულებდნენ და დადიოდნენ უფლის ბრძანებით, მოსეს პირით რომ იყო გამოცხადებული. 23 რამეთუ ბრძანებითა უფლისათა, იტრვოდეს და საცოსა უფლისასა იმარხჳდეს ბრძანებითა უფლისათა ჴელითა მოსესითა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე