ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

სოფონია წინასწარმეტყველი

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

უფლის სიტყვა, რომელიც გამოეცხადა სოფონიას, ძეს ქუშისა, ძისა გედალიასი, ძისა ამარიასი, ძისა ხიზკიასი, იუდას მეფის, იოშია ამონის ძის დროს:

1

სიტყუა უფლისაჲ, რომელი იქმნა სოფონიას მიმართ ხუსისისა, ძისა გოდოლიასსა, ძისა ამარიანისა, ძისა ეზეკიანისა - დღეთა შინა იოსიაჲსთა, ძისა ამმონისთა, მეფისა იუდაჲსთა.

2 ყველაფერს ავხვეტავ მიწის პირიდან, ამბობს უფალი. 2 მოკლებით მოაკლდინ პირისაგან ქუეყანისა, - იტყჳს უფალი.
3 ავხვეტავ კაცსა და პირუტყვს, გავხვეტავ ცის ფრინველს და ზღვის თევზებს, ცთუნებებს ბოროტეულებთან ერთად. მოვკვეთ კაცთა მოდგმას მიწის პირიდან, ამბობს უფალი. 3 მოაკლდინ კაცი და საცხოვარი. მოაკლდინ მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღჳსანი და მოუძლურდენ უთნონი და აღვიხუამ უსჯულოთა პირისაგან ქუეყანისა, - იტყჳს უფალი.
4 ხელს მოვუღერებ იუდას და იერუსალიმის ყველა მკვიდრს; მოვკვეთ ამ ადგილიდან ბაალის ნატამალს, ქურუმთა სახსენებელს მღვდლებთან ერთად, 4 და განვიპყრა ჴელი ჩემი იუდას ზედა და ყოეელთა დამკჳდრებულთა ზედა იერუსალიმისათა და აღვიხუნე ადგილისა ამისგან სახელნი ბაალისნი და სახელნი მღდელთანი.
5 მათ, ვინც ბანებზე თაყვანს სცემენ ციურ ლაშქარს, ვინც თაყვანს სცემენ და უფალს იფიცავენ და თავიანთ მეფეს იფიცავენ; 5 და რომელნი თაყუანის-სცემენ ბანებსა ზედა ძალსა ცისასა და რომელნი ფუცვენ სახელსა უფლისაჲსა მეფისა მიმართ მათისა და რომელნი მიდრკებიან უფლისაგან,
6 მათ, ვინც განუდგნენ უფალს და აღარ ეძიებდნენ უფალს, და აღარ კითხულობდნენ. 6 და რომელნი არ გამოეძიებენ უფალსა და რომელნი არა შეუდგან უფალსა.
7 იდუმე უფლის, ღვთის წინაშე, რადგან ახლოსაა უფროს დღე; რადგან გამზადებული აქვს მსხვერპლი უფალს, არჩეული ჰყავს სტუმრები. 7 შეშინდით პირისაგან უფლისა ღმრთისა მით, რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაჲ, რამეთუ განჰმზადა უფალმა მსხუერპლი თჳსი. წმიდა-ყუნა ჩინებულნი თჳსნი.
8 დადგება საუფლო მსხვერპლის დღე და მსჯავრს დავდებ მთავრებს და უფლისწულებს და ყველას, უცხო სამოსელით შემოსილს; 8 და იყოს დღესა შინა მსხუერპლისა უფლისასა და შურ-ვიგო მთავართა ზედა და სახლსა ზედა მეფისასა და ყოველთა შემოსილთა ზედა სამოსლებითა უცხოჲთა.
9 მსჯავრს დავდებ იმ დღეს ყველას, ზღურბლის დამლახველს და თავიანთი უფლის სახლის მძლავრობითა და სიცრუით ამვსებელს. 9 და შურ-ვიგო ყოველთა ზედა საჩინოქმნილთა წინაბჭეებთა ზედა მას დღესა შინა, აღმავსებელთა სახლისა უფლისა ღმრთისა მათისა უთნოობითა და ზაკჳთა.
10

გაისმება იმ დღეს, ამბობს უფალი, გოდების ხმა თევზთა კარიბჭიდან და მოთქმა საპირისპირო მხრიდან, დიდი უბედურების ამბავი მთაგორებიდან.

10

და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - ჴმაჲ ღაღადებისა ბჭისაგან მწერტელთაჲსა და ვალალაებისა მეორისაგან, და შემუსრვაჲ დიდი ბორცუთაგან.

11 ივალალეთ, ხეობის მკვიდრნო, რადგან გადაშენდება ყოველი მოვაჭრე, ამოწყდება ყველა ვერცხლისმტვირთველი. 11 გოდებდით დამამკჳდრებელნი დაჭრილსა, რამეთუ ემსგავსა ყოველი ერი ქანაანს, მოისპნეს ყოველნი აღმაღლებულნი ვეცხლითა.
12 მაშინ იქნება, რომ ლამპარით მოვათვალიერებ იერუსალიმს და მსჯავრს დავდებ საკუთარ საფუარზე გაფუებულთ, გულში რომ ამბობენ: არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდსო. 12 და იყოს, მას დღესა შინა გამოვიძიო იერუსალჱმი ბაზმაკითა, და შურ-ვიგო მამაკაცთა ზედა შეურაცხისმყოფელთა ნამარხევთა ზედა მათთა, რომელნი იტყჳან გულთა შინა მათთა: არა კეთილი უყოს უფალმან, არცა უბოროტოს.
13 განიავდება მათი ქონება და გაუკაცურდება მათი სახლები; ააშენებენ სახლებს და შიგ ვერ იცხოვრებენ; ჩაყრიან ვენახებს და მათ ღვინოს ვერ დალევენ. 13 და იყოს ძალი მათი დასატაცებლად და სახლნი მათნი უჩინოსაქმნელად და აშენებდენ სახლებსა და არა დაიმკჳდრონ მათ შინა. დაჰნერგვიდენ ვენაჴებსა და არა სუან ღჳნოჲ მათი.
14 ახლოს არის უფლის დიდი დღე, ახლოს არის და მოვა ძალიან მალე ხმა უფლის დღისა, და მწარედ იყვირებს მაშინ მაგარი ვაჟკაციც. 14 ახლოს არს დღე უფლისაჲ დიდი, ახლოს და მოსწრაფე ფრიად. ჴმაჲ დღისა უფლისაჲ მწარედ და ფიცხლად დაწესებულ არს ძლიერ.
15 რისხვის დღეა ის დღე, ჭირისა და სიმწრის დღე, ნგრევისა და მოოხრების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ჯანღისა და ბურუსის დღე, 15 დღე რისხვისა დღე იგი, დღე ჭირისა და სალმობისა. დღე საარებისა და უჩინოქმნისა, დღე ალმურისა და ბნელისა, დღე ღრუბლისა და ნისლისა,
16 ბუკისა და ყიჟინის დღე ციხე-ქალაქთა და მაღალ კოშკთა წინააღმდეგ. 16 დღე საყჳრისა და ღაღადებისა ქალაქთა ზედა მაგართა და ყურეთა ზედა მაღალთა.
17 ხალხს შევაჭირვებ და ბრმებივით ივლიან, რადგან შესცოდეს უფალს; მტვერივით გაიფანტება მათი სისხლი და ნეხვივით - მათი ხორცი. 17 და ვაჭირვო კაცთა და ვიღოდინ ვითარცა ბრმანი, რამეთუ შესცოდეს უფალსა და დასთხიოს სისხლი მათი მიწად, და დასთხიოს სისხლი მათი ქუეყანასა, და ჴორცნი მათნი ვითარცა სკორე.
18 ვერც ვერცხლი, ვერც ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს და მისი შურის ცეცხლი შთანთქავს მთელს ქვეყანას, რადგან ბოლოს მოუღებს უცაბედად ქვეყნის ყველა მკვიდრს. 18 და ვეცხლი მათი და ოქროჲ მათი ვერ შემძლებელ არს განრინებად მათდა დღესა შინა რისხვისა უფლისასა.
    19 და დღესა ცეცხლითა შურისა მისისასა აღისპოს ყოველი ქუეყანაჲ მით, რამეთუ მოსრულებაჲ და სიმსწრაფლე ყოს ყოველთა ზედა დამკჳდრებულთა ქუეყანისათა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე