ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე სოლომონისა

თავი მეთვრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ხოლო შენს წმიდათათვის დიდი იყო ნათელი. მათ მტრებს ესმოდათ ხმები, თუმცა სახეებს ვერ ხედავდნენ; ნეტარად რაცხდნენ მათ, რადგან არ იტანჯებოდნენ:

   
2 ადრე მათგან ვნებულნი შურს არ იძიებდნენ, მხოლოდ მადლიერნი იყვნენ და წყალობას ითხოვდნენ იმისათვის, რაც დაითმინეს.    
3 ამიტომაც გააყოლე მათ ცეცხლის სვეტი უცნობ გზაზე და უვნებელი მზე უცხოობაში.    
4 ისინი ღირსნი იყვნენ სინათლის მოკლებისა და წყვდიადში ჩამწყვდევისა, რადგან დამწყვდეული ჰყავდათ შენი შვილები, რომელთა წყალობით რჯულის უხრწნელი ნათელი საუკუნეს უნდა მისცემოდა.    
5 როცა მათ წმინდა ჩვილების გაჟლეტა განიზრახეს და ერთი ყრმა, რომელიც მიგდებული იყო და გადარჩა, სასჯელად შვილთა სიმრავლე წაართვი მათ და ბობოქარი წყლებით დაღუპე, ერთიანად.    
6 ეს ღამე წინასწარ ეუწყათ ჩვენს მამა-პაპას, რათა შეგონებულთ მტკიცედ სცოდნოდათ აღთქმები, რომლებიც ირწმუნეს.    
7 მოლოდინი ჰქონდათ შენი ერის ხალხს მართალთა ხსნისა და მტერთა დაღუპვისა.    
8 რადგან რითაც ჩვენი წინააღმდგომნი დასაჯე, იმითვე განგვადიდე ჩვენმა მშობელმა.    
9 კეთილთა წმიდა შვილები ფარულად სწირავდნენ მსხვერპლს და საღვთო რჯულად ერთხმად დაადგინეს, რომ წმიდებს თანაბრად წილხვდომოდათ კეთილიც და ბოროტიც და უკვე გალობდნენ მამათა საგალობლებს.    
10 ხოლო გამოძახილად ისმოდა მტრების არეული ხმები და გულისშემძვრელი მოთქმა დასატირებელ ყრმათა გამო.    
11 ერთი სასჯელით დაისაჯნენ მონა და ბატონი, მდაბიოც ისევე დაიტანჯა, როგორც მეფე.    
12 ყველას მრავლად ჰყავდა ერთნაირი სიკვდილით მკვდარი და მათ დასამარხავად ცოცხალნი არ კმაროდნენ, რადგან წამში დაიღუპა ურჩეულესი მათი მოდგმა.    
13 ყველამ, ვინც კი იყო ურწმუნო ჯადოქრობის მიზეზით, პირმშოთა გაწყვეტისას ღვთის შვილად აღირა ეს ხალხი.    
14

რადგან, როცა ყოველივე მყუდროებამ მოიცვა და მალე განახევრდა ღამე,

   
15 დასაღუპად განწირული ქვეყნის შუაგულში ზეცათა სამეუფო ტახტებიდან გადმოვიდა შენი ყოვლისშემძლე სიტყვა, როგორც მრისხანე მგომარი და შენი უცვალებელი ბრძანება - ალესილი მახვილი მოიტანა.    
16 დადგა და ყოველივე სიკვდილით აღავსო და ზეცას სწვდებოდა მიწაზე მდგარი.    
17 მაშინ უეცრად შეაძრწუნეს ისინი საზარელ სიზმართა აჩრდილებმა და მოულოდნელი შიშისზარი დაეცათ.    
18 ვინ სად დაცემული, ნახევრადმკვდარი, აღიარებდა მიზეზს, რისთვისაც კვდებოდა.    
19 შემაძრწუნებელმა სიზმრებმა წინასწარ აუწყეს ეს რათა არ დაღუპულიყვნენ იმის უცოდინარნი, თუ რისთვის იტანჯებოდნენ ასე მწარედ.    
20 თუმცა სიკვდილის განსაცდელი მართალთაც შეეხო და უდაბნოში მრავალი დაიღუპა, მაგრამ რისხვა დიდხანს არ გაგრძელებულა,    
21 რადგან ისწრაფა უბიწო კაცმა მათ შესაწევად და მოიღო ფარი თავისი მსახურებისა - ლოცვა და საკმეველი შეწყალების გამოსათხოვად. წინ აღუდგა რისხვას და ზღვარი დაუდო უბედურებას, რითაც ცხადჰყო, რომ შენი მსახური იყო.    
22 მან სძლია ბრბოს, მაგრამ არა სხეულის ძალით და არც იარაღის აღმართვით, არამედ მხოლოდ სიტყვით დაიმორჩილა დამსჯელი, როცა გაახსენა მამა-პაპისთვის მიცემული ფიცი და აღთქმები.    
23 რადგან როცა გვამები ერთმანეთზე ხროვად ეყარა, შუაში ჩამდგარმა რისხვა შეაჩერა და ცოცხლებისკენ გზა გადაუღობა.    
24 რადგან მის გრძელ კაბაზე მთელი სამყარო ეხატა; მამა-პაპათა დიდებანი იყო ამოკვეთილი ოთხმწკრივად ჩაყოლებულ ქვებზე და შენი სიდიადე - მისი შუბლის ჯიღაზე.    
25 ყოველივე ამის წინაშე დაიხია შემმუსვრელმა და შეუშინდა, რადგან ეს ერთი მრისხანე განსაცდელიც სკმარისი იყო.    

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე